ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელმაც კონტრაქტი ლოს-ანჯელესის ცნობილ პროდიუსერებთან გააფორმა
ლიზი გოგუა 2022 წლის გერმანული „ვოისის“ ქართველი ფავორიტია, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა მუსიკითაა მოცული და მთლიანად ამ სფეროზეა კონცენტრირებული. მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ პროექტში ე.წ. ბრმა კასტინგზე მას სამი მენტორი შემოუტრიალდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის პროექტში მოხვდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, ლიზი „ვოისის“ ნახევარფინალისტიც გახდა. პროექტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მისი მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო. ლიზი გოგუა წელს ბერლინის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. 10 ოქტომბერს 20 წელი შეუსრულდა და საკუთარ დაბადების დღეზე, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში პირველ ლექციაზე შევიდა...
- დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დედამ ბაღში რომ მიმიყვანა, ზეიმებზე ყველა ამჩნევდა, რომ ძალიან აქტიური ვიყავი, სულ მინდოდა წინ გამოსვლა, ცეკვა, სიმღერა. თან ეს კარგად გამომდიოდა და მასწავლებლებმა დედაჩემს ურჩიეს მუსიკის მასწავლებელთან ან სადმე სტუდიაში მივეყვანე. დედამაც რომ შეიტყო, სმენა მქონდა, 5 წლის ასაკში მეკო ქავთარაძის სტუდიაში მიმიყვანა. ასე დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერა. მქონდა კონცერტები, საერთაშორისო კონკურსები და ასე 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა. დღესაც მეკო ჩემი მასწავლებელია და მას ჩემს მეორე დედას ვეძახი (იღიმის). ბავშვობაში დედაჩემიც მღეროდა, იყო აქტიური, ჰქონდა კონცერტები, მაგრამ მერე ეს გზა ვეღარ გააგრძელა. ჩემში სიმღერის ნიჭი რომ აღმოაჩინა, ყველანაირად ხელი შემიწყო. საერთოდ, მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, იქნებოდა ეს კონცერტები, კონკურსები თუ საზღვარგარეთ გამგზავრება. თბილისში დავდიოდი მუსიკალურ სკოლაშიც, მუსიკის მხრივ ძალიან დატვირთული ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, დაახლოებით 6 წლის წინ მამაჩემი ავად გახდა; ისეთი საშინელი დაავადება დაემართა, როგორიც არის კუნთების ატროფია. გამოჯანმრთელების გზის ძიებაში, 2018 წელს ჩემი მშობლები რამდენიმე თვით გერმანიაში წავიდნენ, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მამაჩემის მდგომარეობა ძალიან გართულდა, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო და იძულებული გახდნენ დარჩენილიყვნენ. საქართველოში დედ-მამის გარეშე ყოფნამ მომიწია. რა თქმა უნდა, ნათესავების გარემოცვაში ვიყავი, მაგრამ მშობლებს ვერავინ ჩაგინაცვლებს. ძალიან მიჭირდა მეც, დედაჩემსაც და ერთხელაც გერმანიაში ჩემი მშობლების სანახავად ჩასულს, დედამ მითხრა, დარჩი, ვეღარ გაგიშვებო და მეც ძალიან სპონტანურად, 2019 წელს ეს გადაწყვეტილება მივიღე. გერმანულად სიტყვაც არ ვიცოდი, უცბად მიმიწია სკოლისა და გარემოს შეცვლამ, თან სიმღერებისა და მასწავლებლების მიტოვებამ. სტრესულ გარემოს თან მამაჩემის ავადმყოფობა ერთვოდა. ის უკვე 5 წელია ლოგინში წევს და კუნთების ატროფიის გამო ვერ ინძრევა. ყველანაირად ვცდილობ, მოტივაცია მივცე, ჩემი წარმატებებით გავახარო და დადებითი ემოციებით ავავსო.
- მესმის... როგორი იყო გერმანიასთან ადაპტაციის პირველი ეტაპი?
- ენის არცოდნის გამო, გერმანიაში სკოლაში პირდაპირ ვერ შემიყვანდნენ, ამიტომ ჯერ კურსები უნდა გამევლო. ამას დაემთხვა პანდემია, რის გამოც ენის კურსები 1 წლით ჩამივარდა. გერმანიაში სკოლაში 13-წლიანი სწავლებაა, ესეც დიდი სტრესი იყო. თბილისში ჩემმა კლასელებმა სკოლა რომ დაამთავრეს, გერმანიაში მე ისევ სკოლის მოსწავლედ ვითვლებოდი. ნელ-ნელა ინტეგრირება დავიწყე, სკოლაშიც შევედი და „ვოისიც“ ბევრ რამეში ძალიან დამეხმარა. რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე არასდროს შემეძლო. 5 წლის ასაკიდან გადავწყვიტე მომღერლობა. ყოველდღიური მუსიკის გაკვეთილებისა და კონცერტების შეწყვეტა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი გამოდგა.
- რასაკვირველია, საყვარელ სფეროს ჩამოშორება რთული იქნებოდა. როგორ გადაწყვიტეთ „ვოისში“ მონაწილეობა?
- ამ პროექტში მონაწილეობა გერმანიაში ჩასვლისთანავე მინდოდა, მაგრამ ენის არცოდნის კომპლექსი მქონდა, უცხო აუდიტორიის წინაშე წარდგომისგან თავს ვიკავებდი. როცა ეს საკითხი ცოტა დავძლიე, დედაჩემმა მითხრა, რომ თუ მინდოდა მომღერალი გავმხდარიყავი და რაიმესთვის მიმეღწია, უნდა გამერისკა და ეს ნაბიჯი გადამედგა. შესაბამისად, ეს დედაჩემის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოხდა... აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, დადებითი პასუხი დაახლოებით 3 თვეში მივიღე. ბერლინში ე.წ. ბრმა კასტინგებზე რომ დამიბარეს, შინ მარტო ვიყავი და არ ვიცოდი იმ სატელეფონო ზარისგან გამოწვეული სიხარული ვისთვის გამეზიარებინა (იღიმის).
- მოდი, ვთქვათ, რა შედეგებით დასრულდა 2022 წლის „ვოისი“, რომლის ერთადერთი ქართველი მონაწილე იყავით და მას შემდეგ გზა როგორ გაგრძელდა?
- ძალიან ვღელავდი. "ბრმა კასტინგზე" 3 მწვრთნელი შემომიტრიალდა, რომელთა შორის ერთ-ერთი გერმანული ბენდის სოლისტი ავირჩიე. ყველა ეტაპი იყო ძალიან საინტერესო. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროექტის ყველა მონაწილეს გვქონდა შეგრძნება, რომ ვარსკვლავები ვიყავით. „ვოისის“ მადლიერი ვარ. ეს იყო უდიდესი გამოცდილება. მონაწილეობა ყოველ წელს რომ შეიძლებოდეს, ამას აუცილებლად კიდევ გავაკეთებდი (იღიმის). ნახევარფინალამდე მისვლა შევძელი. მანამდეც და შემდეგაც ხალხის უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მათ შორის ქართველი ემიგრანტების. დღემდე ისევე მცნობენ ქუჩაში, როგორც პროექტის მსვლელობისას. ნახევარფინალის პერიოდში დამიკავშირდა ერთი პროდიუსერი და მენეჯერი, რომელმაც თქვა, რომ ძალიან სურდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამხმარებოდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ის ჩემი ოფიციალური მენეჯერი გახდა. ერთ დღესაც ლოს-ანჯელესიდან დამიკავშირდა პროდიუსერთა ჯგუფი, რომლებმაც მითხრეს, რომ ჩემი მენეჯერის საშუალებით მათ ჩემი ვიდეოები მოისმინეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება ისეთ არტისტებთან და შოუბიზნესის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, ემინემი, დენი ლოვატო და ა.შ. ნახევარი წლის წინ გავაფორმეთ კონტრაქტი და დავიწყეთ ჩემს 3 საავტორო სიმღერაზე მუშაობა. ტექსტისა და მუსიკის ავტორი ვარ მე და ჩემი თანაავტორია ერთი კომპოზიტორი - სიმღერები ერთად მოვამზადეთ. სექტემბერში პირველი სიმღერა სტუდიურად ჩავწერეთ და კლიპიც გადავიღეთ. საამისოდ პროდიუსერების ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან ბერლინში ჩამოვიდნენ. რამდენიმე თვეში კი ჩემი პირველი სიმღერის პრემიერაც შედგება. ნოემბერში მეორე და მესამე სიმღერის ჩაწერა და ასევე კლიპების გადაღებაა დაგეგმილი.
- ძალიან დატვირთული შემოდგომა გქონიათ... რა ჟანრის შემსრულებლად გსურთ ფართო საზოგადოებამ გაგიცნოთ?
- მართლაც დატვირთული შემოდგომა მაქვს. ამას ისიც ემატება, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარე, პოპულარული მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. საზოგადოებამ გამიცნო ჯაზით, ბლუზითა და სოულის ჟანრით. ამ მუსიკის არა მხოლოდ სიმღერა, არამედ მოსმენაც მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, ამ ჟანრში დავრჩები, რადგან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ახლანდელი ჩემი საავტორო სიმღერები არენდბის, ჯაზისა და სოულის მიქსია. ვფიქრობ, არენდბი 21-ე საუკუნის ჟანრია და მინდოდა, ჩემს სიმღერებში თანამედროვე ელემენტებიც შემეტანა. ამ სამი სიმღერაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ახალი სიმღერების შექმნაა დაგეგმილი და ალბათ, ამ ეტაპზე ისევ იმავე ჟანრში დავრჩები.
- მუსიკოსი რეპერტუართან ერთად, თავის სასცენო იმიჯზეც ზრუნავს... როგორ ირჩევთ სტილს და ამ საკითხს ვისთან ათანხმებთ?
- რა თქმა უნდა, როცა ადამიანი სცენაზე დგას და საზოგადოების წინაშე გამოჩენა უწევს, საინტერესოდ უნდა გამოიყურებოდეს და ჰქონდეს განსხვავებული სტილი. ოჯახიდან დაწყებული, ჩემი გუნდით დამთავრებული, ყველა იმაზე ვმუშაობთ, რომ მქონდეს ვარცხნილობის, ჩაცმულობისა და მუსიკის ინდივიდუალური სტილი.
ვფიქრობ, ყველა არტისტს უნდა შეეძლოს მაკიაჟის გაკეთება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაკიაჟის გაკეთება ჩემით ვისწავლე. რაც შეეხება თმას, მიყვარს ექსპერიმენტები, დღეს თუ ყავისფერი თმა მაქვს, გუშინ ქერა მქონდა (იღიმის). დედაჩემი ყოველთვის იყო და არის ჩემი დიზაინერი. ახლა კი ბოლო 6 თვეა ჩემი ჯგუფი მყავს, სამოსის სტილს მათთან ერთად განვიხილავ და შემდეგ ყველაფერი ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგია.
- დაბოლოს, თქვით, რომ 10 ოქტომბერი თქვენი დაბადების დღეა. ამ 20 წლის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღეც რომ გაიხსენოთ...
- რთული შეკითხვაა (იღიმის). ბავშვობაში ყველა დაბადების დღე დასამახსოვრებელი და გრანდიოზული მქონდა, მაგრამ ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ არა მხოლოდ მაშინ, არამედ ყოველი სხვა დღე განსაკუთრებული მქონოდა. მათი ერთადერთი შვილი ვარ და ასეც რომ არ ყოფილიყო, სულ ცდილობდნენ და ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის ყველაფერი შეესრულებინათ. თუმცა, ალბათ ერთ-ერთს მაინც გამოვარჩევ. მშობლები გერმანიაში რომ გაემგზავრნენ, რამდენიმე თვეში 16 წლის ვხდებოდი. მაშინ დედაჩემმა ბილეთი მიყიდა, რომ ამ დღეს ყველანი ერთად, ბერლინში შევხვედროდით. ამ ფაქტით აჟიტირებული ვიყავი. ბევრი მეგობარი მყავს და ისინი სულ ცდილობენ, გამორჩეული დაბადების დღე მქონდეს. ახლა კი, წელს ჩემს დაბადების დღეზე უნივერსიტეტში პირველი ლექცია მქონდა და ამ ეტაპზე ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს იქნება (იღიმის).
- იმედია თქვენი მომავალი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, კიდევ მოგვეცემა საუბრის საშუალება. წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა, რომ დაინტერესებდით და ინტერვიუს ჩაწერის სურვილი გამოთქვით. გმადლობთ!..
ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"