ვის აუნთებს "მწვანე შუქს" ივანიშვილი 2024 წლის არჩევნებზე და მოსალოდნელია თუ არა ქართულ პოლიტიკაში "რევოლუციური სურნელის" დატრიალება
სხვადასხვა პოზიციებისა და შეხედულებების მქონე ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებამ ქართული პოლიტიკაც დააზარალა და „ქართული ოცნებაც“. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, იმპიჩმენტი ისეთივე შეცდომა იყო, როგორც მარტის თვეში პარლამენტში წარმოდგენილი ე.წ აგენტების კანონი. „არც მაშინ ჰქონდათ გააზრებული, რად უნდოდათ ეს კანონი და არც ახლა იციან, რისთვის წამოიწყეს ეს პროცესი“, - ამბობს საყვარელიძე. რის ფასად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ წინასწარ განწირული იმპიჩმენტი და ამ ყველაფრის შემდეგ, ვის აუნთებს "მწვანე შუქს" 2024 წლის საარჩევნო მარათონზე, ბიძინა ივანიშვილი, ამის გარკვევა ძაბირაძესა და საყვარელიძესთან შევეცადეთ.
ვახტანგ ძაბირაძე:
- ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ორი ვერსია განვიხილოთ. პირველი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არასწორად გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება საზოგადოების ვნებათა ღელვას არ გამოიწვევდა. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა. ამან ხელი შეუწყო ზურაბიშვილის პოპულარობასა და რეიტინგის ზრდას. გარდა ამისა, წარმოიშვა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს ზურაბიშვილი ივანიშვილის კაცია და ა.შ. მეორე ვერსიით - არ არის გამორიცხული, „ქართულ ოცნების“ ლიდერებს ეფიქრათ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შედეგად ზურაბიშვილის რეიტინგი გაიზრდებოდა და ამ ფორმით სცადეს მისი ჩახშობა. ორივე ვერსიის შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილთან წააგო. სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ პროცესს სხვაგვარად ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, როგორ წაადგება ქვეყანას ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები - თუ ის ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ივანიშვილთან არის შეთანხმებული, პუტინთან თუ მაკრონთან. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიცია ქვეყნისთვის მოგებიანია. სხვათა შორის, ვერსია, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილი და ივანიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ, იმ ოპოზიციონერ ლიდერებსაც აძლევს ხელს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილში კონკურენტს ხედავენ და მისი პოლიტიკურად გააქტიურება არ აწყობთ.
- თქვენი ვერსიით, 2024 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილი ზურაბიშვილთან დამარცხებულ „ქართულ ოცნებაზე“ დადებს ფსონს თუ ახალ ფავორიტს მოძებნის?
- ჩემი აზრით, ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ გარდა, საჯაროდ მხარდაჭერას არავის გამოუცხადებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თამაშში ახალი პარტიები შემოიყვანოს, რომლებიც „ქართული ოცნების“ კოალიციაში იქნებიან მოაზრებულები. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლების დღევანდელი შემადგენლობა შეცვალოს. ახალი პარტიის შექმნა ივანიშვილს ახლა არ აწყობს, იმიტომ, რომ ისეთი ნდობა და მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორიც 2012-2015 წლებში ჰქონდა. შესაბამისად, ის შეეცდება შეინარჩუნოს ის სისტემა და განაახლოს.
- ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი?
- შეიძლება ასეთი იყოს ყიფიანი და მისი გუნდი. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს მისი ბოლოდროინდელი გააქტიურება.
რამაზ საყვარელიძე:
- მე ვერ ვხედავ ვერსიების განვრცობის აუცილებლობას, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კახური ხასიათი. თავის დროზე კარგად თქვა გია ხუხაშვილმა - ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი გახდებაო, მაგრამ არ დაუჯერეს... ზურაბიშვილმა გამოავლინა თავისი ხასიათი, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ უთხრეს, არც ჩვენ ვართ შენზე ნაკლებიო. ამ ჭიდილმა „ქართული ოცნება“ დააზარალა, მაგრამ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკურ გუნდზე დადოს ფსონი. რატომ? იმიტომ, რომ სხვა - უბრალოდ არ არის. დიახ, „ქართული ოცნება“ გაუაზრებლად მოიქცა, იმისდა მიუხედავად, რომ ბორელმა გააფრთხილა, არ გინდათ იმპიჩმენტის წამოწყება, ახლა მაგის დრო არ არისო. მართლაც, პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიეცა საბაბი ეთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას კი არა, დასავლურ კურსს მოუწყო იმპიჩმენტი. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო საქმის აქამდე მიყვანა?!
- თქვენი ვერსიით, ამის გამო არის თუ არა ახლა, გაბრაზებული ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებზე?
- მეეჭვება, მაგრამ რომც იყოს, სხვა რომელ პოლიტიკურ გუნდზე უნდა გააკეთოს ფსონი?
- რას ფიქრობთ, გახარიაზე ან იმავე სალომე ზურაბიშვილზე?
- გახარია არაფრის მომცემი ფუგურაა, არც ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ის ივანიშვილმა პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მიიყვანა და დასვა პრეზიდენტის პოსტზე. არც ერთს აქვს რეიტინგი და არც მეორეს. ამავე დროს, გახარია ბოლო დროს ძალიან გამჭირვალედ, ცალსახად დაუპირისპირდა ივანიშვილს.
- ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილისთვის უალტერნატივოა?
- მხოლოდ ივანიშვილისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვისაც უალტერნატივოა. სოციოლოგიური კვლევები მოწმობს, მოსახლეობას დიდი არჩევანი არ აქვს. ოპოზიციურ პარტიებს ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ, ადამიანებს კი არ უყვართ, თავიანთი ხმების უსარგებლოდ დაკარგვა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის იმპიჩმენტის საკითხი აღარავის ემახსოვრება და საარჩევნო მარათონის ფავორიტი ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, თუ რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში კორექტივები არ შეიტანა კანდიდატის სტატუსის საკითხმა და რევოლუციის სურნელი არ დაატრიალა ქვეყანაში.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე