ქალაქის გზა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკოსის სახლის კარამდე არ მიდის - თანამედროვე სოფლები, სადაც ხიდები სახვეწარია - კვირის პალიტრა

ქალაქის გზა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკოსის სახლის კარამდე არ მიდის - თანამედროვე სოფლები, სადაც ხიდები სახვეწარია

ჩემი ხევსური მეგობარი ნიკო არდოტელი ბარში აპირებს წამოსვლას. არა, სამუდამოდ არა! მაგ ჭკუაზე მისი შთამომავალი თუ დადგება ოდესმე. ნიკოს და მის მსგავსებს საკუთარ მიწა-წყალს ვერას დიდებით მიატოვებინებ. უბრალოდ, ზამთარში სამყოფად არდოტი უკვე გაუსაძლისია და ნიკოც მოდის ოჯახთან ერთად, „ვიდრე გაძლებს გაზაფხულამდე...“

ჯერ კიდევ როდის დარდობდა ნიკო, მიხა პაპა და სხვები არდოტს, არხოტსა და სხვა მომიჯნავე სოფლებში ხიდების უქონლობას. არადა, რა სწრაფია არღუნი, დიდი რისკია საცალფეხოდ გადებული ხის ხიდები. ამ დარდმა გამახსენა, თანაც ვიკვლევდი მეგობრებთან ერთად და დღეს თავგადაკლულ პოლიტიკოსობას, რომ იჩემებთ, ხანდახან ისტორიასაც გადახედეთ - კეთილმოწყობილი გზა და ხიდი ყოველთვის ქვეყნის მაღალი კულტურული და ეკონომიკური დონის მაჩვენებელი იყო. დღესაც ასეა და რა სავალალოა, რომ ძველი ქართველების გასაკვირ ტექნოლოგიების დაკარგვასთან ერთად, საზრისი და გულიც დავკარგეთ, თუ რით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

სწორედ, კულტურული დონის მაჩვენებელია, როდესაც პირადული ამბებით არ შემოიფარგლები და ქალაქისა თუ სოფლის გზა მხოლოდ შენი სახლის კარამდე არ მიდის. ჩვენს დრომდე მთლიანი თუ ნანგრევების სახით შემორჩენილი ხიდებიც სწორედ ქართველი ხალხის ეკონომიკურ სიძლიერესა და მაღალ ტექნიკურ დონეზე მეტყველებს...

დღეს, თქვენთან ერთად გადავხედავ უნიკალურ მასალას, უშუალოდ ხიდებთან დაკავშირებით.

საქართველოში, ძველი ხიდები გვხვდება ნახევარწრიული (ბესლეთი), შეისრული (დანდალო), და ბრტყელი (ცხემლარი) კამარებით. ქართული ხიდების გაცნობის საფუძველზე ძველი ხიდების მკვლევარი ბ. ნადეჟნი აღნიშნავდა: „ქართველებმა ძალიან ადრე იპოვეს პრაქტიკულად ის ყველაზე ნაციონალური ფორმა კამარებისა, რომლებმაც საშუალება მისცა ხიდების მშენებლობისას, ძვირადღირებული სოლისებრი ქვების გამოყენების გარეშე აეგოთ მეტად თხელი თაღი თითქმის დაუმუშავებელი ფილებისგან, და აეგოთ ისე მკვიდრად, რომ ეს ხიდები დღესაც გვაოცებენ თავისი დამრეცი კამარის გამოსახულების გამძლეობით...“

ამ სახის თაღების მშენებლობა დაიწყო მეტად ადრეულ ხანაში, რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე დადგენილი იქნებოდა სტატიკის კანონები და გაანგარიშების გზით ნაპოვნი იქნებოდა ის ფორმა, რომელსაც იყენებენ თანამედროვე ხიდის მაშენებლები.

ძველი ქართული ხიდების მკვლევარი ნ. კვეზერელი-კოპაძე ქვის ხიდების ორ სახეს არჩევს და ამბობს, რომ: „ ძველ ქართველებს ხიდების მშენებლობის საქმეში ჰქონდათ დიდი გამოცდილება, ცოდნა და დაკვირვება. მათ მთლიანად შეთვისებული ჰქონდათ სიმეტრიის პრინციპები, ცოდნა ჰარმონიული პროპორციებისა, ქვის მასალისა და შემაკავშირებელი დუღაბის შერჩევის მაღალი ტექნოლოგია. დაუმუშავებელ ქვის ფილებს და ლოდებს ერთმანეთთან დიდი ოსტატობის აკავშირებდნენ და ქმნიდნენ მეტად თხელ, დამრეც, მტკიცე და ლამაზ თაღებს მდინარეებზე...“

ანტიკურ ხანაში ხიდები ყოფილა მტკვარზე მცხეთასთან, უფლისციხესთან, აგრეთვე არაგვზე. სტრაბონის ცნობით, ახ. წ აღ 1 საუკუნეში რიონზე 120 ხიდი ყოფილა...ძველთაგანვე ხიდები გზასთან ერთად ქვეყნის ის მთავარი არტერია იყო, რომელიც ჭირსა თუ ლხინში აერთებდა ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს და რომლის გარეშე არსებობა არ შეეძლო ერთიან საქართველოს.

საკვირველია, რა გული უძლებს თანამედროვე პოლიტიკოსს, რომ მთელ რიგ რაიონებში მდინარეებზე სახელდახელოდ გადებულ ხეებს იყენებს სოფლის მოსახლეობა?...

მაგალითად მცხეთაში, საქართველოს პირველ დედაქალაქში, გზაჯვარედინზე მდებარეობდა ხიდი, რომელიც ყველა მხარეს აკავშირებდა, ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ისტორიკოსების ცნობით მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს ჩაუტარებია ამ ხიდის რეკონსტრუქცია, რომელსაც მოგვთა ხიდს ეძახდნენ... ამ სახით ხიდმა იარსება 1839-41 წლებამდე, ვიდრე ის არ დაანგრიეს და მის ადგილას ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი არ ააშენეს, ამანაც 1926 წლამდე იარსება, ვიდრე ზაჰესის სადგურმა წყლით არ დაფარა. ძველი ხიდი ახალი, რკინის ხიდით ჩანაცვლდა.

უძველეს ხიდებს მიეკუთვნება ხიდის ნაშთი შორაპნის ციხესთან, ძველი კოლხეთის და იბერიის მაგისტრალურ გზაზე. მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირთან დარჩენილია ხიდის ბურჯის ნაშთი...

ასევე უძველეს ხიდებს მიეკუთვნება ხიდი სოხუმის ახლოს, მდინარე ბესლეთზე. ხიდის თაღი აგებულია კირქვის მსხვილი ფილებისგან. თაღის თითოეულ ქვაზე ორივე მხარეს გამოკვეთილია ქართული ასო. ვარაუდობენ, რომ ეს წარწერა ბაგრატ მესამის მეფობის ხანას მიეკუთვნება...

შუა საუკუნეების ქვის ხიდები ცნობილია მდინარე აჭარის წყალზე: მახუნცეთის, დანდალოს, ფურტიოს, ცხმორისის და სხვა. ფურტიოს ხიდზე მე-19 საუკუნის დასასრულს მწერალი თედო სახოკია წერდა: „ადამიანს ძალზე აცვიფრებს ის სითამამე, რა სითამამითაც ძველი დროის ოსტატს ეს ქვის რკალი ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადაუტყორცნია! მისი მშენებელი საფლავიდან, რომ წამოდგეს, ბევრ ახლანდელ ინჟინერს აწურვინებს ოფლს...“ იგივე შეიძლება გავიმეოროთ მახუნცეთის ხიდზე...

ე. წ „ქვახიდა“ ძლიერი ფეოდალის ლევან აბაშიძის მიერ აგებული ჩოლაბურის ხიდი ზესტაფონის რაიონში; მდინარე ჭიშურაზე კი დღემდეა შემორჩენილი ორმალიანი ქვის ხიდი, სადაც წარწერაა, რომ ის აგებულია 1667 წელს გელათის ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ.

ცნობილ ქართველ გეოგრაფს ვახუშტის ოცდაორამდე ხიდი აქვს მოხსენიებული მესხეთში აწყურთან და ქუთაისთან...

ყოველი ნაგებობა ეპოქის სულს გამოხატავს. ხიდებზეც იგივე შეიძლება ითქვას. ძველი საქართველოს ქვის ხიდები შუა და ადრეული საუკუნეების ქართული საინჟინრო ხელოვნების მაღალი დონის მაჩვენებელია. გარდა ამისა, ხიდი იქნებოდა ქვაფენილი თუ სხვა, ყველა ეს ნაგებობა ადამიანის კეთილდღეობისთვის იყო შექმნილი და რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ დღეს 21-ე საუკუნეში მთელ რიგ მთიან რაიონებში, გზიდან გზამდე, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე გადასასვლელ, უბრალო ხიდსაც კი არავინ უგებს ადამიანებს.