"ჩვენ იმ ბავშვებს ვეხმარებით, ლამის მანქანებში რომ უვარდებიან მოქალაქეებს... მათ მშობლები აიძულებენ ქუჩაში გასვლას... ბევრი მათგან დავაყენეთ გზაზე, ერთმა 100%-იანი გრანტიც აიღო"
არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქნის" ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე უკვე წლებია, მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება და მათ ჩართვას სხვადასხვა აქტივობაში ცდილობს. ამ გუნდის დახმარებით, არა ერთი მოზარდი სწორ გზას დაადგა და ქუჩას მოწყდა. ორგანიზაციას სულ 79 ბენეფიციარი ჰყავს, ამჯერად 12 მოზარდი სხვადასხვა სპორტულ წრეზე ჩაირიცხა და ახლა მათთვის საჭირო ნივთებისთვის დახმარებას ითხოვს. აქვს იმედი, რომ სიკეთის მკეთებელი ადამიანები გამოჩნდებიან.
თიკო აბაშიძე:
- ჩვენი ბენეფიციარები მიუსაფარი ბავშვები არიან, რომლებიც მოწყალებას ქუჩაში ითხოვენ. ის ჯგუფია, ლამის მანქანებში რომ უვარდებიან მოქალაქეებს და მათ პრობლემებს უქმნიან, ნებისმიერი ხერხით ცდილობენ, თანხა იშოვონ. მათზე გადაღებული ცუდი ვიდეოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება. ჩანს, თუ რამხელა რისკზე მიდიან. მიუსაფარი ბავშვების პროგრამა ბათუმში არ არსებობს, ორი წელი იყო და დაიხურა. მათ წასასვლელი არსად აქვთ.
- ოჯახები არ ჰყავთ?
- მშობლები ჰყავთ და სწორედ ისინი აიძულებენ მათ ქუჩაში გასვლას და მოწყალების თხოვნას. ესენი არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები: ბოშები, ქურთები და აზერბაიჯანელები, რომლებსაც უნდათ სოციალიზაცია, სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია, ძალიან მოსწონთ საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვა, მაგრამ მშობლები არ უშვებენ სკოლებში. ქუჩაში ყოფნას და მოწყალების თხოვნას სამუშაოს ეძახიან. ამბობენ, სამუშაოდ უნდა წავიდეთო და თანხის შეგროვების გზა განსაკუთრებით სახიფათოა, შუქნიშანზე მდგარ მანქანებს ლამის შიგნით უვარდებიან. წარმოიდგინეთ, 3 წლის ასაკიდან გამოჰყავთ ქუჩაში. გოგონები, ძირითადად, 13 წლამდე არიან, რადგან მერე მათ თავსაბურავს ახურავენ და 14 წლის ასაკში უკვე აღარ გამოდიან მოწყალების სათხოვნელად, როგორც მათ წესებშია, მათ გასათხოვრად ამზადებენ ან ათხოვებენ. ამ ბავშვებმა ხშირად წერა-კითხვა არ იციან. ბოშები მე-4, მე-5 კლასამდე დადიან სკოლაში, ოღონდ ისინი, ვისაც საბუთების საკითხი მოგვარებული აქვს. მერე უშუალოდ ქუჩაში შემწეობას არ ითხოვენ, მაგრამ უკვე ქურდობენ, ნივთებს იპარავენ და, ასევე, ვაჭრობენ.
- როგორ ეძებთ მათ და რამდენად ადვილად შემოდიან თქვენთან ნდობაში?
- ნდობაში ადვილად არ შემოდიან. ამიტომ, გარკვეულ აქტივობებს ვთავაზობთ. ფსიქოლოგი გვყავს, რომელიც პირდაპირ ქუჩაში გადის ამ ბავშვებთან, ესაუბრება, შედის კომუნიკაციაში, ასწავლის წერას, კითხვას, სხვადასხვა გზით ცდილობს, დააინტერესოს, რადგან ქუჩიდან პირდაპირ მათი გამოყვანა ძალიან რთულია. პლანშეტში აქვს ჩამოტვირთული შემეცნებითი თამაშები, იმით აინტერესებს, ათამაშებს, ახატვინებს, აფერადებინებს ნახატებს და ასე, ნელ-ნელა ვცდილობთ, შევთავაზოთ სერვისები. უფრო მეტად საკვების გამოც შემოდიან, მიირთმევენ და მერე ჩვენთან ისეთი გარემო ხვდებათ, ისე მოსწონთ, წასვლაც აღარ უნდათ. ეს კი ხშირად იწვევს მათ მშობლებში აგრესიას, რადგან მთელი დღე ფულს აღარ აგროვებენ და სახლში ვერაფერი მიაქვთ. ამიტომ მშობლები ხშირად გვივარდებიან და ამას აპროტესტებენ. თუმცა ჩვენ ვცდილობთ მათ დარწმუნებას და ვუხსნით, რომ ეს მათი შვილების მომავლისთვის საჭიროა. ბავშვებმა წერა-კითხვა ისწავლეს, ისინი სპორტულ წრეებზე მივიყვანეთ და ახლა სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა შეუძლიათ. ახლა 12 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვი ჩავრიცხეთ ბათუმში, სპორტის სასახლეში.
წარმოიდგინეთ, ამ ბავშვებს დოკუმენტაცია არ აქვთ, დაბადების მოწმობაც კი. ის, რაც შეეძლო სახელმწიფოს უფასოდ გაეკეთებინა, როცა პირი საქართველოს მოქალაქეა, იმ საბუთებშიც კი ყველაფერში თანხის გადახდამ მოგვიწია, ჯანმრთელობის ცნობიდან დაწყებული, სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენაში. ძალიან დაგვეხმარა აჭარის განათლების სამინისტრო, სხვანაირად ვერც დავეხმარებოდით, რადგან ამ ბავშვების 80 პროცენტს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი საბუთები. არადა, ისეთი საყვარლები არიან, ისე მოსწონთ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, აქტივობები, თქვეს, რომ ჩვენ ქუჩაში აღარ გვინდა წასვლაო. მიზეზი რომ ვკითხე, რამდენიმემ მითხრა, ჩვენ რომ ახლა ჩვენი ახალი მეგობრები გავიცანით სპორტში, ისინი რომ ქუჩაში შეგხვდნენ მოწყალების თხოვნის დროს, უხერხული იქნებაო.
- სკოლის დაწყებამდე თქვენ სოციალურ ქსელში ითხოვდით ამ ბავშვებისთვის საჭირო ნივთებს, მოგროვდა?
- დიახ, შევუგროვეთ თანხები და ვუყიდეთ ჩანთები, სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელები. ძალიან გაიხარეს. დადიან სკოლაშიც, დადიან სპორტზე, აღმოჩნდა რომ 12 ბავშვი კრივზეა ჩარიცხული და ახლა მათთვის გვჭირდება ხელთათმანები, რომლის ღირებულება 75 ლარია და ეს თორმეტივეს სჭირდება, ასევე, სჭირდებათ კბილების დამცავი. იქნებ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამოჩნდეს ვინმე, თუნდაც რომელიმე სპორტული მაღაზია ან სპორტის ფედერაცია, რომ დაგვეხმაროს და ამ ბავშვებისთვის საჩუქრად გადმოგვცეს ეს ნივთები. ეს ძალიან დიდი სიკეთე იქნება და ძალიან დაგვეხმარებიან, რომ მათ თავიანთი სურვილები შეისრულონ. ფეხსაცმელები უკვე შევუძინეთ. ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები გვეხმარებიან სულ და ყველაფრის მათთვის თხოვნა უხერხულია. ჯერ სკოლა დაიწყო და მოგვიწია სკოლისთვის საჭირო ნივთებისთვის თანხების შეგროვება, ახლა სპორტისთვის გვჭირდება და იმედი გვაქვს, გამოჩნდება ვინმე და დაგვეხმარება.
- რამდენიმე დღის წინ წერდით, ბავშვმა ნაჩუქარი ფეხსაცმელი სხვა ბავშვს აჩუქაო, ამაზე გვიამბეთ.
- ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვს ვუყიდეთ ფეხსაცმელი და მეორე დღეს ისევ ჩვენთან მოვიდა, არ წავიდა სპორტის გაკვეთილზე. ვკითხე, გარიკ, გაკვეთილზე რატომ არ ხარ-მეთქი? მითხრა, ინასარიძის ქუჩაზე ვიდექი, სადაც, ძირითადად, მოწყალებას ითხოვენ, იქ გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ფეხსაცმელი და შენი ნაყიდი ფეხსაცმელი იმას ვაჩუქეო. მის ნათქვამში ეჭვი რომ არ შემპარვოდა, მითხრა, შენს თავს გეფიცები, რომ გენახა შენც შეგეცოდებოდაო. ფეხსაცმელი იმიტომ მისცა, რომ იცოდა, ჩვენ ისევ შევუძენდით, მაგრამ ის ამბავი, რომ სხვა ბავშვს დაეხმარა, ყველაფრის მთქმელია. ბავშვები ცდილობენ სოციალიზაციას და უნდათ სხვა ბავშვებთან კარგად იგრძნონ თავი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, მშობლები ძალიან აპროტესტებდნენ თავდაპირველად, მართლა გვივარდებოდნენ, ქუჩაში გადაადგილების დროს გვემუქრებოდნენ, მაგრამ მერე, რომ გამოვკვეთეთ ამ ბავშვების ინტერესები, წერა-კითხვა რომ ისწავლეს, პირველად წავიდნენ კინოში ჩვენთან ერთად, დელფინარიუმში - სხვა ბავშვებთან ერთად, უფრო ლაღები გახდნენ, მათი ბედნიერების ინდექსი გაიზარდა, შეიცვალა მშობლების დამოკიდებულება და ახლა გვენდობიან, აქტივობებში მათი მონაწილეობის უფლებას გვაძლევენ. ცოტა კი ღიზიანდებიან იმის გამო, რომ ბავშვებს აღარ უნდათ ქუჩა, სულ ჩვენთან ყოფნა და ყველაფერში მონაწილეობა უნდათ, მაგრამ მაინც გვატანენ ყველგან, სადაც მათ წაყვანას ვითხოვთ.
- კვებასაც ხომ სჭირდება საკმაო თანხა, ამის მოძიებას როგორ ახერხებთ?
- ამ ეტაპზე, რესურსი საერთოდ არ გვაქვს. ძველი მხარდამჭერების დახმარებით ვაგროვებთ თანხებს და თვიდან თვემდე უზრუნველვყოფთ მათ კვებას. ძალიან რთულია ეს პროცესი, რადგან ზუსტად არ იცი, იმ დღეს რამდენი ბავშვი მოვა და მიირთმევს საჭმელს. დღეს შეიძლება 5 მოვიდეს, ხვალ - 22. ჯგუფებად შემოდიან ეზოში. მაგალითად, დღეს, სამი ახალი ბავშვი დამხვდა ეზოში. ერთმანეთი მოჰყავთ. ერთი და იგივე რაოდენობა არასდროს არის, ამიტომ აუცილებელია, მზად ვიყოთ და კვება ყველასთვის გვქონდეს.
- ბენეფიციარები ქართველებიც გყავთ?
- ქართველები, რომლებიც ქუჩაში შემწეობას ითხოვენ, არიან, მაგრამ ისინი სხვა აქტივობებში არიან ჩართულები. სულ 79 ბავშვი გვყავს ამ ეტაპზე და ყველაზე დიდი საჭიროება ახლა იმ 12 ბავშვისთვის გვინდა, რომლებიც სპორტზე დადიან.
- სახელმწიფო არ გეხმარებათ?
- მიუსაფრებისთვის პროგრამა აქვს სახელმწიფოს, ჩვენ ვიყავით ამ პროგრამაში ჩართულები, მაგრამ გამოვედით, რადგან ვთვლით, რომ ცალკე, დამოუკიდებლად უფრო მეტს გავაკეთებთ ამ ბავშვებისთვის. იმდენად ცოტაა პროგრამით გამოყოფილი თანხა, რომ ვერაფერს გააკეთებ, შეიძლება მხოლოდ ტანსაცმელში გეყოს. შეზღუდულად მუშაობა გიწევს და გამოვედით.
ჩვენი ორგანიზაცია 2015 წლიდან მუშაობს მიუსაფარი ბავშვების საჭიროებებზე. დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ წლების განმავლობაში და გვინდა, ყოველ წელს კიდევ უკეთესი შედეგები გვქონდეს. ამ წლების განმავლობაში არა ერთი ბავშვი მოვწყვიტეთ ქუჩას. მაგალითად, შარშან 6-მა ბავშვმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო. მათ შორის ერთმა ილიას უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტი აიღო, ეს შედეგები და მათი ბედნიერი თვალების დანახვა გვახარებს. სახელმწიფო არანაირად არ გვეხმარება, თვითონ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება თავის რესურსს გვახმარს, რაც აქვს და ამას ვიყენებთ, მაგრამ ეს არ არის ფინანსური დახმარება.
ვისაც აქვს სურვილი ამ ბავშვებს დაეხმაროს, მათ შეუძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა:
GE55BG0000000588221400
GE12TB7990736080100007