ტანკის მაგივრად ტორტი და დრონის მაგივრად ვისკი - უკრაინელთა სპეცოპერაცია, რომელსაც შესაძლოა 77 რუსი პილოტი მოეკლა?!
ომში ყველა ბრძოლის ყველა ხერხი მიღებულია, მათ შორის ისეთიც, როდესაც არც ჭურვების გასროლაა საჭირო და არც ტანკების იერიშზე გაგზავნა...უბრალოდ, მოწინააღმდეგის საველე სასადილოს სამზარეულოში დიდ ქვაბში მოხარშულ სადილს რამდენიმე გრამი „რაღაც“ ჩაუმატე და მისი მთელი პირადი შემადგენლობა ავტომატის ნაცვლად ტუალეტის ქაღალდით ხელში ირბენს რამდენიმე დღე...
თუმცა, შეიძლება უფრო საშიში მოქმედებაც, მაგალითად ისეთი, როდესაც უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ერთ-ერთ ქვედანაყოფს ადგილობრივმა მოხუცმა სამლიტრიანით თაფლი მიართვა და... ის ქვედანაყოფი აღარ არსებობს ან კიდევ ერთ უკრაინულ ხუტორში დაბანაკებულ რუს სამხედროებს ბებომ ღვეზელები გამოუცხო, იგივე შედეგით...
შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელებად ქცეულიყო ის, რაც კინაღამ მოხდა უშუალოდ რუსეთში, მაგრამ რომელსაც ასევე უკრაინის ომს უკავშირებენ...
რუსი სამხედრო ბლოგერი Fighterbomber-ი ყოფილი სამხედრო მფრინავია, ანტიუკრაინულად არის განწყობილი, თუმცა არ მალავს კონკრეტულ შემთხვევებს რუსეთის სამხედრო ავიაციასთან დაკავშირებით, რაზეც შოიგუს უწყება დუმილს ამჯობინებს.

ამ რუსმა სამხედრო ბლოგერმა გაავრცელა ძალზე საინტერესო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 21 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ არმავირში, სადაც განთავსებულია АВВАКУЛ-ი-არმავირის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებელი, რომელიც საჰაერო თავდაცვის ავიაციის პილოტებს ამზადებს, მცდელობა იყო...ტორტით მოეწმლათ 77 რუსი სამხედრო მფრინავი!
ბანკეტი ეძღვნებოდა ამ სამხედრო სასაწლებლის 20 წლის წინანდელ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ორი ათეული წლის სამხედრო სამსახურის პერიოდში მაღალ თანამდებობებს მიაღწიეს რუსეთის შეირაღებულ ძალებში და მათი წოდებები პოლკოვნიკებსა და გენერლებზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
ბანკეტზე კურიერმა უკვე შეზარხოშებულ რუს მაღალჩინოსან სამხედროებს 20 კგ-იანი ტორტი და რამდენიმე ყუთი „ჯეიმსონის“ ვისკი მიუტანა.
გაოცებულმა სტუმრებმა ლამაზი ტორტის გვერდით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ტორტი გაჭრეს, ვისკის ბოთლები გახნეს და ახალი ძალით აპირებდნენ ქეიფს გაგრძელებას, როდესაც ერთმა დაეჭვებულმა, ყველაზე მაღალჩინოსანმა ბრძანება გასცა ხელი არ ეხლოთ ინკოგნიტოს მიერ გამოგზავნილი ამ მეფური ძღვენისთვის...

მან კურიერის ფოტო(რომელიც საბანკეტო დარბაზის შესასვლელში დაყენებული სათვალთვალო კამერიდან ამოიღეს)სასწრაფოდ გადაუგზავნა რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურს, რომელმაც ამ ფოტოს საფუძველზე მალევე დააკავა პიროვნება, რომელსაც უკვე თვითმფრინავის რეისზე ჰქონდა ბილეთი შეძენილი და სტავროპოლის აეროპორტში იმყოფებოდა...
რუსი სამხედრო ბლოგერი აცხადებს, რომ კურიერის „მძიმე“ დაკითხვის შემდეგ, მან თითქოს აღიარა, რომ ტორტში ძლიერმომწამვლელი შხამი იყო შერეული, ისევე, როგორც ვისკის ბოთლებში გარეული...
იქიდან გამომდინარე, რომ კურიერი, 32 წლის მამაკაცი წარმოშობით უკრაინის მელიტოპოლიდან გახლდათ, სამხედრო ბლოგერი რუსი მაღალჩინოსანი სამხედო მფრინავების მასიური მოწამვლის მცდელობის ორგანიზებაში უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს სდებს ბრალს...
სხვა წყაროები, რომლებიც დაადასტურებდნენ ან უარყოფდნენ ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის Fighterbomber-ის მიერ მოყოლილ ამ სენსაციურ ისტორიას, ჯერ არ არსებობს, თუმცა მოიპოვება ფოტო უკვე გაჭრილი იმ ტორტისა, რომელშიც თითქოს ძლიერმოქმედი შხამი იყო გარეული და რომლის საშუალებითაც არანაკლებ 77 რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო მფრინავის მოწამვლას აპირებდნენ...

P.S. მოწამლული ტორტის თემა ერთხელ უკვე ფიგურირებდა რუსი სამხედრო პილოტების საქმეში, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა...9 აპრილსა და 1989 წლის 20 მაისს სენაკიდან(მაშინდელი მიხა ცხაკაიდან) საიდუმლო საბჭოთა МиГ-29 გამანადგურებლის თურქეთში გატაცებას.
ცხაკაიაში დისლოცირებული 176-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის კაპიტანმა ალექსანდრე ზუევმა, რომელსაც სხვათაშორის არმავირის სწორედ ეს სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული 1982 წელს, სამეგრელოს სოფლების აფთიაქებში ჩამოიარა, შეისყიდა დიდი რაოდენობის დამაძინებელი ტაბლეტები, შემდეგ თავად გამოაცხო ტორტი, რომლებშიც დაფხვნილი ტაბლეტები გაურია და ღამის მორიგეობის დროს გაუმანსპინძლდა თანაპოლკელებს...
როდესაც მორიგე ეკიპაჟი ძილმა მოიცვა, კაპიტანმა ზუევმა ერთი გამანადგურებელი აამუშავა, თუმცა მანამდე პისტოლეტიდან სროლა მოუხდა ყარაულის იმ შუააზიელ ჯარისკაცთან, რომელმაც ტორტი არ შეჭამა და „კალაშნიკოვიდან“ გასროლით მსუბუქად დაჭრა თვითმფრინავის გამტაცებელი კაპიტანი...
თურქეთის ტრაბზონის აეროპორტში საბჭოთა „მიგის“ დასმის შემდეგ ზუევმა განაცხადა, რომ საბჭოთა წყობაზე მას გული საბოლოოდ მას შემდეგ აუცრუვდა, რაც მოსკოვმა საბჭოთა ჯარი 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად და დასახოცად გამოიყენა...