"რომ არა ის "დეპეშა", ბაბუაჩემი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა" - რას ჰყვება ბორის პაიჭაძეზე მისი მოსახელე შვილიშვილი?
არქივი, ჟურნალი "გზა"
ერთხელ, ბორის პაიჭაძეს უთქვამს - ბედი სად წაგიყვანს, არავინ იცის, მაგრამ თუ ზუსტად იქ მიგიყვანა, სადაც საკუთარ თავს თავადაც წარმოიდგენ, შემდგარი პიროვნება ხარო. მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერაც ალბათ, გარკვეულწილად ბედმა განსაზღვრა. ბორის პაიჭაძის სახელი ყველა თაობის ადამიანისთვისაა ცნობილი, თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ მისი ერთ-ერთი შვილიშვილი სწორედ მის სახელს ატარებს, თუმცა ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს და სრულიად განსხვავებულ სფეროში საქმიანობს. 3 თებერვალს დიდი ფეხბურთელის დაბადებიდან 96 წელი გავიდა, ამიტომ უმცროს ბორისს ვესტუმრეთ და ბაბუაზე გავესაუბრეთ:
- ბატონო ბორის, სანამ უფროს ბორის პაიჭაძეზე ვისაუბრებთ, თქვენ შესახებ გვიამბეთ. რას საქმიანობთ?
- პროფესიით არქიტექტორი ვარ, "პოლიტექნიკური ინსტიტუტი" დავამთავრე და მას შემდეგ, ჩემს სფეროში ვმუშაობ - არქიტექტურა, მშენებლობა, ინტერიერის დიზაინი და ა.შ. 2009 წელს ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე და არქიტექტორების შესახებ გამოცემულ წიგნში, მეც დავფიქსირდი. მსგავს კონკურსებში სხვა დროსაც მიმიღია მონაწილეობა. ჩემი ყველაზე მასშტაბური პროექტი, მაგალითად, კუს ტბის ასახვევში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი "პარკ-პლეისი" იყო, მისი შიდა ინტერიერი მოვაწყვე.
- რატომ გადაწყვიტეთ არქიტექტორ-დიზაინერი გამხდარიყავით?
- ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა. ადამიანები ვერც კი ვხვდებით, თუ რამხელა გავლენა აქვს ჩვენზე არქიტექტურას, ის იმ გარემოს აურას ქმნის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ინტერიერიც და ექსტერიერიც თუ კარგია, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, თუ ცუდია - უარყოფითად. არქიტექტურაზე აგდებული დამოკიდებულება ყველა ეპოქაში ცუდ კვალს ტოვებს.
- ფეხბურთს თქვენც ხომ არ თამაშობდით ბავშვობაში?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ბაბუას არცერთი შთამომავალი არ ვთამაშობთ ფეხბურთს, მხოლოდ ბიძაჩემი თამაშობდა ცოტა ხანს. ბაბუაჩემის ძმა - ავთო პაიჭაძე, ასევე კარგი ფეხბურთელი იყო, ამ სპორტს მისი ვაჟი - სოსო პაიჭაძეც მისდევდა ერთხანს, მაგრამ მანაც არ მოინდომა ბოლომდე გაჰყოლოდა. ძნელია, დიდი პასუხისმგებლობაა. იშვიათად ხდება, რომ რომელიმე მაღალი დონის პროფესიონალის შთამომავალმა, იმავე სფეროში ისევე კარგად გააგრძელოს საქმიანობა. ყრმობაში ხელბურთს ვთამაშობდი.
- მამათქვენი რა პროფესიის იყო?
- მამასაც ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, ავია-მშენებლობის განხრით და 31-ე ქარხანაში მუშაობდა. მამაჩემი 1967 წელს გარდაიცვალა, 26 წლის ასაკში ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა... რაც ჩემს ბებია-ბაბუას მძიმე დაღად დაესვა... ცდილობდნენ, ბავშვებს არაფერი გვეგრძნო, მაგრამ როცა ოჯახში ამხელა ტრაგედიაა, მაინც შესამჩნევია. მე მაშინ 7 წლის ვიყავი, ჩემი და კი - ორის.
- რამდენი ხართ ბორის პაიჭაძის შვილიშვილები?
- ექვსნი ვართ. მე და ჩემი და, რომელიც ექიმი-კარდიოლოგია, ჩემი ბიძაშვილი - ირაკლი პაიჭაძე და მისი დები, რომლებიც, სხვათა შორის, მრავალშვილიანი დედები არიან, ერთს 8 შვილი ჰყავს, მეორეს - 4.
- თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ...
- მე ერთი გოგონა მყავს, ელენე. ჯერჯერობით, მოსწავლეა, ამბობს, რომ კომაროვის სახელობის სკოლაში უნდა გადასვლა და ვნახოთ, ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ მის სურვილებს. გარდა ამისა, მოდელია, "ნატალიში" დადიოდა, ახლა კი - თაკო ჩხეიძესთან. "მის თბილისისა" და "მის თინეიჯერის" კონკურსებზე გარკვეული წარმატება ჰქონდა.
- ძალიან კარგი. ფეხბურთის თემას დავუბრუნდეთ...
- სამწუხაროა, რომ ეს არაჩვეულებრივი სპორტი დღეს ცუდ დღეშია. ბაბუაჩემი ქართული ფეხბურთის მესამე თაობა იყო, იქიდან დაიწყო ამ სპორტის აღზევება, პოპულარიზაცია და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გასვლა. მაშინდელი ჩანაწერები ძალიან მწირია, სულ 2-3 კადრია შემორჩენილი, მაშინ ეს საქმე ცუდ დონეზე იყო. 60-70-იანი წლების ზოგიერთი თამაშის კადრებიც კი არაა ასახული, არამცთუ, უფრო გვიანდელი.
- გვიამბეთ, რა იცით ბაბუას ახალგაზრდობის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ის საფეხბურთო სამყაროში?
- ბაბუა სოფელ ონჭიკეთში დაიბადა, 1915 წელს, მაგრამ შემდეგ, ძალიან მალე ოჯახი ფოთში გადავიდა საცხოვრებლად და ის ადგილი, სადაც მათი სახლი იყო, ახლა ზღვას აქვს "წაღებული", დაახლოებით, 200-300 მეტრი... ბაბუაჩემის და - ჩიტო პაიჭაძე, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, ფოთში ცხოვრობდა და ადრე პლაჟთან ჩვენი ნასახლარი მანახა...
- როდის გადმოვიდნენ ფოთიდან თბილისში?
- როგორც კი ბაბუამ ინტენსიურად დაიწყო ფეხბურთის თამაში და "დინამოში" გადმოვიდა.
- როგორც ვიცი, მანამდე გემზე მუშაობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, მეზღვაური გამხდარიყო...
- დიახ, ფეხბურთელი, ასე ვთქვათ, შემთხვევით გახდა. საზღვაო სკოლა დაამთავრა და გემზე მთავარი მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. ისეთი გზით მიდიოდა, ალბათ მერე, კაპიტანიც გახდებოდა. "პირველი მერცხალი" ალბათ, ყველას აქვს ნანახი და ჩათვალეთ, რომ დოკუმენტური ფილმია, ყველაფერი მართლა ასე ხდებოდა. ბაბუაჩემმა მთელი სცენარი "ყირაზე დაუყენა", თორემ, ფილმი სულ სხვანაირი იქნებოდა. თითოეული ნიუანსი, რაც ხდება, მართლა რეალური იყო - ცოლიანები უცოლოებს ეთამაშებოდნენ, გურულები - მეგრელებს და ა.შ. ფოთელები ბათუმელებს უნდა შეხვედროდნენ და საქართველოს პირველობაზე ეთამაშათ. ფილმში, დოდო აბაშიძეს რომ სთხოვენ - წამოდი, ვაგებთ და დაგვეხმარეო, დაახლოებით, ასეთი ვარიანტი იყო. ბაბუა თავისი გემით უკვე ზღვაში იყო გასული, ინგლისში მიემგზავრებოდა. მისმა მეგობრებმა "დეპეშა" შეთხზეს და იუნგამ გემზე მიურბენინა - დედაშენი მძიმედაა და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. ბაბუაც, რა თქმა უნდა, წამოვიდა. სახლში რომ მივიდა, ოჯახის წევრებს შეეშინდათ, ასე მოულოდნელად რატომ ჩამოვიდაო... მერე კი ყველაფერში გაერკვნენ. ჩემი დიდი ბაბუა - სოლომონი, ბორისის მეგობრებს "დაემუქრა", სახლში აღარ შემოგიშვებთო (იცინის). მოკლედ, ასე მოატყუეს. ის თამაში ითამაშეს, ბათუმელებთან მოიგეს და ამის მერე დარჩა გუნდში. ის დეპეშა რომ არ ყოფილიყო, ბაბუა ინგლისში დარჩებოდა და ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. ჯერ მაშინდელი ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და მერე მოხვდა "დინამოში".
- როგორ დაახასიათებდით ბაბუას? როგორი დარჩა ის თქვენს მეხსიერებაში?
- ძალიან თავმდაბალი, უპრეტენზიო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. მისნაირი პიროვნება იშვიათად მინახავს და მგონია, რომ სწორედ ამის გამო, საზოგადოებას ის გამორჩეულად უყვარდა. ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ხალხის სიყვარული და ყურადღება არ მოჰკლებია. როცა იგებენ, რომ მისი შვილიშვილი ვარ, თანაც მოსახელე, დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ეს მომენტი ყოველ ნაბიჯზე მხვდება, ნებისმიერი თაობის ადამიანისაგან.
- თქვენთვის რა პასუხისმგებლობაა იყო ბორის პაიჭაძის მოსახელე შთამომავალი?
- იცით, ორმხრივი შეგრძნებაა, ერთის მხრივ - არაჩვეულებრივი და სასიამოვნო, მეორეს მხრივ, სერიოზული პასუხისმგებლობა. მგონია, რომ ყველა ცნობილი პიროვნების შთამომავალი ამას ფიქრობს. თითოეული ნაბიჯი აუცილებლად მის სახელთან ასოცირდება და რთულია.
- როგორი იყო შვილიშვილებთან ურთიერთობისას? ფეხბურთს თუ გათამაშებდათ ხოლმე ბავშვებს?
- თამაშს არასდროს გვასწავლიდა. თუ ნიჭი გაქვს, ეს თავისთავად ხდება. ფეხბურთი კი მიყვარს, მაგრამ თამაშის სურვილი არ მქონია. ხელბურთი უფრო მაინტერესებდა. ბავშვები ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით პატარა ფეხბურთელები. სამართლიანი კაცი იყო. კონიუნქტურის გამო, სიმართლეზე უარს არ იტყოდა. ჩემს მეხსიერებაში ასეთი დარჩა. ბაბუასთან ერთად სადმე წასვლა დიდი დღესასწაული იყო, საქართველო იქნებოდა, რუსეთი თუ უკრაინა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო.
- ბაბუასთან ერთად ცხოვრობდით?
- 7 წლამდე. სახლი აღმაშენებლის ქუჩაზე გვქონდა, სადაც ახლა ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია ცხოვრობენ. გარდა ამისა, დედას და მამას მარჯანიშვილის ქუჩაზე ჰქონდათ პატარა ბინა, მერე კი საბურთალოს ქუჩაზე გადმოვედით და ფაქტობრივად, იქ გავიზარდე.
- ბაბუას მეგობრები ალბათ ხშირად იკრიბებოდნენ მასთან სახლში, თუ გახსოვთ, როგორ ატარებდნენ დროს?
- დიახ, ხშირად მოდიოდნენ მიშა ბერძენიშვილი, რომელიც სხვათა შორის სტადიონზე გარდაიცვალა; სერგო შუდრა, მიშა გაგუა, გოგი ანთაძე და სხვები. ისეთი კარგი მთხრობელები იყვნენ, მათი ისტორიები ცალკე წიგნადაა გამოსაცემი, ფანტასტიკური იუმორის გრძნობა ჰქონდათ. სამწუხაროდ, მე არ ვარ ისეთი მჭევრმეტყველი, თუმცა ჩემს მეხსიერებაში ეს ყველაფერი კარგადაა ჩარჩენილი... მაშინდელი "დინამოელები" ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ცოლ-შვილიანად მეგობრობდნენ. ერთად რომ შეიკრიბებოდნენ, "სპექტაკლებს" დგამდნენ, მხატვრული კითხვის საღამოები ჰქონდათ. ყველაფერს იუმორით აკეთებდნენ. მაშინ რომ ამდენი ტექნიკა ყოფილიყო, აისახებოდა და დარჩებოდა.
- მაშინდელი "დინამოელების" შთამომავლები თუ მეგობრობთ ერთმანეთთან?
- სამწუხაროდ, მჭიდრო კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ. ვინაიდან, ფეხბურთი და არქიტექტურა ერთმანეთისგან შორსაა, რაღაცნაირად მოვწყდი ამ სამყაროს.
- როგორი იყო ბაბუა სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა უკვე ავად გახდა? ამან მის ხასიათზე ხომ არ იმოქმედა?
- არა, სხვათა შორის, ხასიათით არ შეცვლილა, მაგრამ "ჩაიფერფლა". სიმსივნემ ბოლო 2-3 თვე გააწვალა... ის, რომ მძიმე მდგომარეობაში გაბოროტებულიყო ან რამე მსგავსი, არ ყოფილა. მანამდე კი ჩვეულებრივად იყო. მახსოვს, როცა რომელიმე საფეხბურთო მატჩს უყურებდა, მასში მთელი ემოციით იყო შეჭრილი, თან კომენტარებს აკეთებდა, ხმამაღლა გულშემატკივრობდა და მათთან ერთად "თამაშობდა". 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეულად მახსოვს... საერთოდ, რამდენადაც მოედანზე ამკლები და ყველაფრის "ამწიოკებელი" იყო, ცხოვრებაში ძალიან მორიდებული და მოკრძალებული კაცი გახლდათ. რითაც შეეძლო, სხვებსაც ეხმარებოდა, საკუთარი თავისთვის კი არასდროს არაფერს ითხოვდა. "დინამოს" სტადიონის დირექტორობის დროს, ნახევრადფურგუნიანი "მოსკვიჩი" ემსახურებოდა და როცა დაძველდა, იმის თქმა მოერიდა, სხვა მანქანა გამოეყოთ. შემდეგ, რომელიღაც რაიკომის მდივანმა დაინახა და გადაირია, ბორია ამით როგორ უნდა დადიოდესო და ახალი ავტომობილი მისცეს.
- დედაქალაქში საკუთარი ბაბუის სახელობის სტადიონის არსებობა ალბათ, ბევრს ნიშნავს, ხომ ასეა?
- დიახ, ეს დიდი რამაა. ბაბუა ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან იმ თვალსაზრისით, რომ მთელი თავისი ერის სიყვარული შეიგრძნო. ეს ბევრს არ ღირსებია. მსოფლიოში ცოტა სტადიონია, რომელიც ფეხბურთელის სახელობისაა.
- როგორ აღნიშნავთ ხოლმე მის დაბადების დღეს, 3 თებერვალს?
- როგორც აღვნიშნე, დიდი ოჯახი გვაქვს, ყველა ვიკრიბებით და უკვე ბევრნი ვართ ხოლმე (იცინის). ალბათ როცა 100 წლის იუბილე იქნება, რამე განსაკუთრებულს მოვიფიქრებთ.
ჟურნალი გზა", თამთა დადეშელი