"ჯაბას ისტორიაზე ლეონიდ ილიჩს ცრემლებიც კი გადმოსცვენია და "დასროჩნა ასვაბაჟდაცო" - გაუცია ბრძანება" - და-ძმა იოსელიანების დრამატული ცხოვრების გზა
არიქივი, ჟურნალი "გზა", 2010 წელი
რეჟისორი, სახალხო არტისტი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ლილი იოსელიანის ხანგრძლივ კარიერას ასახავს. სხვადასხვა დროს იგი მოზარდ-მაყურებელთა, მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრების რეჟისორი იყო და საინტერესო დადგმებს სხვა თეატრებშიც ახორციელებდა; ქართულ სახელოვნებო სამყაროს ბევრი ნიჭიერი და სახელოვანი სტუდენტიც აღუზარდა; ზოგიერთ ფილმშიც მონაწილეობდა, მათ შორისაა "ფესვები", "წყარო", "დები წყვდიადში"...
88 წლის ლილი იოსელიანი ტრაგიზმით სავსე, განვლილ წლებზე გვესაუბრა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მისი ძმის, ჯაბა იოსელიანის ცხოვრებასთან...
- ჩემს ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ლაღი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მძიმე წლები გამოვიარე. ალბათ, ასე ინება უფალმა. 1922 წელს დავიბადე, როცა ბოლშევიკები ახალი შემოსულები იყვნენ. ამ დროს, საქართველოში ინფექციური ციება - მალარია მძვინვარებდა. გადმოცემით ვიცი, რომ დედაჩემმა ჩემზე ფეხმძიმობის დროს ეს დაავადება გადაიტანა. მაშინ თურმე უცხოეთში აპირებდნენ გამგზავრებას. მამიდაჩემის ქმარი ნოე ჟორდანიას დროინდელი მთავრობის წევრი ყოფილა - ჯაფარიძე. ჩემი მშობლები და მამიდას ოჯახი როცა ბათუმში ჩავიდნენ, შავი ზღვით გემით უცხოეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ. გემზე 7 თვის ფეხმძიმე დედა ცუდად გამხდარა, ციების დიაგნოზით იგი ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში დააბრუნეს. ექიმები ბავშვის გადარჩენაზე უარს ამბობდნენ. ამ ციებ-ცხელებაში 7 თვიანი დავიბადე. მაშინ ინკუბატორი არ არსებობდა და თურმე ექიმები ირგვლივ ცხელ ბოთლებს მილაგებდნენ, ასე გადამარჩინეს. 3-4 წლის ასაკში შემატყვეს, რომ თეძოებიდან ამოვარდნილი ვიყავი, 3-ჯერ უშედეგოდ გამიკეთეს ოპერაცია. ბოლოს მამას უთქვამს, ნუ გამიწამეთ ბავშვი, იყოს როგორც არისო...
- ბავშვობა სად გაატარეთ?
- პატარაობისას ახლანდელ აბაშიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, 2 სართულიან აგურის სახლში. მაშინ გუნიბის (ჩეჩნეთის დედაქალაქი) ქუჩა ერქვა. ეზოში არაჩვეულებრივი ბაღი იყო, ლამაზი ხეებით, წყალში ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ, ულამაზესი ორნამენტებით გაფორმებული აივანი გვქონდა. ამ სახლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს და ახლაც, როცა გავივლი, გულისცემა არ მინელდება, ისე ვღელავ ხოლმე. იგი მამაჩემს პოლონელმა მეგობარმა ზიგმუნდ რიხალსკიმ აჩუქა, რომელიც ინჟინერ-მშენებელი იყო და თბილისში რამდენიმე სახლი ააშენა. იგი პოლიტიკურ ნიადაგზე კავკასიაში გახლდათ გადმოსახლებული და საცხოვრებლად თბილისი არჩია. მამაჩემი ტრანსპორტის ინჟინერი იყო, ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ. იმ პერიოდში მამაც უცოლო იყო, დედაჩემი 50 წლის ასაკში შეურთავს. როცა პოლონეთში ამნისტია გამოცხადდა, რიხალსკიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და ეს სახლიც სწორედ მაშინ გვისახსოვრა.
- სულ რამდენი დედ-მამიშვილი იყავით?
- წლინახევრის რომ ვიყავი ჩემი და, ნათელა დაიბადა, რომელიც 19 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ძალიან ლამაზი და მოხდენილი გოგონა იყო. ჯაბა რომ დაიბადა 5 წლის ვიყავი, მე და ჩემი და სულ თავს დავტრიალებდით, თოჯინასავით ვათამაშებდით. შემდეგ, კიდევ 1 ძმა შეგვეძინა, მერაბი, რომელსაც საოცარი მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, მაგრამ 6 წლის იყო ტვინის ანთება რომ დაემართა და დაიღუპა.
- თქვენი სტუდენტობის პერიოდი გავიხსენოთ...
- ჩაბარების დრო რომ დამიდგა, მოსკოვში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ამ დროს ომი დაიწყო, ამიტომ უნივერსიტეტში გერმანულის განხრით ჩავაბარე. სტიპენდია მქონდა, მაგრამ არ ვიღებდი და ვინახავდი ხოლმე. ერთ დღესაც დავწერე წერილი - არ ინერვიულოთ, მოსკოვში მივდივარ-მეთქი. მოვკიდე ამ სტიპენდიას ხელი და წავედი მატარებლით, რომელიც მხოლოდ ბაქოს გავლით დადიოდა და სადაც ისეთი საშინელი სიბინძურე იყო, ფურუნკულები გამიჩნდა.
- როგორ გარისკეთ უცხო ქალაქში მარტო წასვლა? რით ირჩენდით იქ თავს?
- სტიპენდია მქონდა და ვიზოგებდი. ისეთი დრო იყო - ომიანობა, ყველა შიმშილობდა, მათ შორის, მეც. იმდენად მინდოდა სარეჟისოროზე სწავლა, ადვილად დავძლიე ეს ბარიერი. საქართველოში სასწავლებელი ჯერ არ არსებობდა, მხოლოდ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების სტუდიები იყო, ერთგან ვერიკო იყო ხელმძღვანელი, მეორეგან - ვასაძე. მოსკოვში რომ ჩავედი, არავის ვიცნობდი. სადგურიდან ფეხით წავედი და კითხვა-კითხვით ინსტიტუტს მივადექი. 2 გრძელი ნაწნავი მქონდა, მახსოვს და დარაჯმა მკითხა, პატარა გოგონავ, აქ რა გინდაო? ვუპასუხე, რომ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ვიყავი მისული, გაკვირვებულმა მკითხა რამდენი წლის ხარო და "მნე ნე 12"-მეთქი, ვუთხარი (იღიმის). ბინა არ მქონდა. ძალიან მორცხვი ვიყავი და მერიდებოდა ვინმესთვის რაიმე მეკითხა. დამლაგებელმა, რომელიც არბატზე ცხოვრობდა, ერთ მოხუც, უქმრო ქალთან მაქირავებინა ოთახი, რომელსაც შვილი ომში ჰყავდა. ინსტიტუტი ვახტანგოვის თეატრთან იყო ახლოს. გამოცდებზე რომ მივედი, მითხრეს, გოგონა, ჩვენ აქ საბავშვო ბაღი არ გვაქვსო... შეიძლება მაღალი არ ვარ, მაგრამ უკვე დიდი ვარ-მეთქი - ვუპასუხე. მოკლედ, გამოცდები კარგად ჩავაბარე და მიმიღეს. ამასობაში ჩემს დიასახლისს წერილი მოუვიდა, რომ ერთადერთი შვილი ომში დაეღუპა. ისე შევწუხდი ამ ამბით, მეც მასთან ერთად ვტიროდი. რამდენიმე ხნის მერე მამაჩემი ჩამოვიდა და მომთხოვა თბილისში დაუყოვნებლივ დავბრუნებულიყავი, რადგან მოსკოვს გერმანელები მოსდგომოდნენ. მახსოვს, შაბათი დღე იყო და ინსტიტუტიდან საბუთების წამოღებაც ვერ მოვახერხე, ისე წამომიყვანა. ნახევარი სემესტრიც არ ვყოფილვარ...
- თბილისში ჩამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- იმედი მქონდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ, კვლავ მოსკოვში დავბრუნდებოდი. ამ დროს კი თბილისში თეატრალური ინსტიტუტი გაიხსნა და სიხარულით გავწიე... 4 გოგო ვაბარებდით ჯგუფში და 2 ჩაგვრიცხეს. ჩემი მასწავლებელი შოთა აღსაბაძე იყო, ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ შემდეგ კონსერვატორიაში წავიდა და აკაკი ხორავამ ახალგაზრდა პედაგოგი - გიორგი ტოვსტონოგოვი მოგვიყვანა, არაჩვეულებრივი პედაგოგი. პირველ კურსზე მამა გარდამეცვალა, ნერვიულობით, იმ გადატანილი უბედურებებისგან, რაც ჩვენ ოჯახს სხვადასხვა დროს დაატყდა. განსაკუთრებული დარტყმა ჯაბას დაპატიმრებები იყო... როცა ტოვსტონოგოვი პანაშვიდზე მოვიდა და მამაჩემის სურათი ნახა, გადაირია, მამამისი და მამაჩემი კოლეგები ყოფილან და თურმე ბავშვობიდან კარგად იცნობდა. ამის მერე ის კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მექცეოდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, რა რთული სტუდენტობა მქონდა, და-ძმა და მამა გარდაცვლილი, ჯაბა - დაჭერილი.
- როგორი იყო ბატონი ჯაბა, სანამ პირველად დაიჭერდნენ? "ძველბიჭური", ქუჩური მენტალიტეტის?...
- არა, კარგად სწავლობდა, მუსიკაზეც დადიოდა და გერმანული ენაც იცოდა, სახლში რეპეტიტორი მოდიოდა ჩვენთან და ის გვასწავლიდა. მიუხედავად იმ ცილისწამებებისა, ლანძღვა-გინებისა, რომელიც მის მიმართ გამუდმებით გაისმოდა, ისეთი არ იყო, რაოდენ ცუდადაც ახასიათებდნენ. პირველად მეშვიდე კლასში დააპატიმრეს. მაშინ ომი იყო, ვისაც სახლებში "პრიომნიკი" ჰქონდა, ყველას უნდა ჩაებარებინა, თორემ დაიჭერდნენ. ხალხს ინფორმაცია რომ არ მიეღო. ერთ ოჯახს არ ჩაუბარებია, მეათე კლასელებს ეს მიმღები სკოლის სარდაფში ჩაუტანიათ და რადგან ჯაბამ გერმანული კარგად იცოდა, სთხოვეს გადაგვითარგმნეო. ამ დროს უკვე პლეხანოვზე ვცხოვრობდით და ჯაბა 23-ე სკოლაში დადიოდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ისინი პოლიციასთან დააბეზღა და როცა ბავშვებს თავს წაადგნენ, ზოგი გაიქცა, ჯაბა კი დაიჭირეს. ჩვენ არაფერი ვიცოდით, როდესაც სახლში პოლიციელები შემოვიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს, გაოცებულები ვუყურებდით, სხვენიდან სარდაფამდე ყველაფერი დაიარეს. თქვენი შვილი ქურდია, სახლი გაქურდაო მამას უთხრეს, სინამდვილეში კი როგორც გიამბეთ, ისე იყო. 14 წლის ბავშვს პოლიტიკური მოტივით ვერ დაიჭერდნენ, კანონი არ იყო, ამიტომ ქურდობა დასწამეს. იქ მაგარ ქურდებში მოხვდა და რომ არ მოეკლათ, თავი მანაც ქურდად გაასაღა და ამის შემდეგ ის "ქურდი" გახდა... თავიდან არ გვანახებდნენ, მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ ციხეშიაო. ახლა ხომ რა საშინელებაა ციხე და მაშინ - უარესი. ერთ ოთახში ასობით ადამიანი ჰყავდათ, რომლებსაც რიგ-რიგობით ეძინათ ფიცრის ტახტზე, ზოგს კი ცივ იატაკზე. მამამ ჯაბას ვექილი დაუქირავა. ბიძაჩემმა ჰკითხა, ვინ დაუქირავეო და კარგი, წესიერი კაციაო, - მამამ უპასუხა. ოჰ, დაგიღუპია შვილიო! წესიერმა ვექილმა რა საქმე უნდა გააკეთოს, თაღლითი უნდა შეგერჩიაო (იცინის). ვექილს ამბები გამოჰქონდა, რომ ჯაბა ძალიან ცუდადააო. ამის გამო სასამართლო სამჯერ გადაიდო და მართლაც, მესამედ რომ გამოვიდა, როგორც ჩხირი ისე იყო, გამხდარი და დასუსტებული, ფილტვების ანთება დამართვია. შემდეგ, მამა კანდიდ ჩარკვიანთან მისულა, ის დიდი თანაგრძნობით შეხვედრია და ჯაბა გამოაშვებინა, სანამ მორჩებოდა. 2 თვე ნახევარი საავადმყოფოში იწვა, თვითონ არ ეწეოდა, მაგრამ სხვები რომ ეწეოდნენ, ფილტვები სულ გაბოლილი ჰქონდა. მერე ისევ ციხეში გადაიყვანეს. საერთო ჯამში, 2 წელი მოუწია იქ ჯდომამ. ერთ დღესაც, როცა დედა საჭმლის მისატანად მივიდა, ჯაბა იქ აღარ დახვდა - ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში გადაუყვანიათ სოხუმთან, დრანდაში, სადაც საშინელ პირობებში იყო. ამ კოლონიიდან ჯაბა გაიქცა, დაიჭირეს, მერე ისევ გაიქცა 3-ჯერ. წლებიც დაუმატეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.
- როგორ ახერხებდა გამოქცევას?
- დილის 6 საათზე პატიმრები საპირფარეშოში შეჰყავდათ რიგ-რიგობით. სიცივე ყოფილა და ერთ პატიმარს უთქვამს, ქუდი დაიხურე, ისე ნუ გახვალო, ტანზეც რაღაც მოუხურავს და ჯაბას დრო რომ მოსულა, მორიგეს ჩაკეტვა დავიწყებია. მოკლედ, გასაქცევად ხელსაყრელი პირობა შეჰქმნია. თან ისე ეცვა, ვერ მიხვდნენ, პატიმარი რომ იყო.
- ბატონი ჯაბა საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო, ამდენი დაპატიმრებების მიუხედავად, როგორ შეძლო სწავლის გაგრძელება?
- დრანდიდან ერთ-ერთი გაქცევისას, ჩემმა მეგობარმა, შოთა ქარუხნიშვილმა ჯაბას თავისი პასპორტი მისცა, ქვეყნიდან რომ გასულიყო და მაშინდელ ლენინგრადში წავიდა. იქ ჟდანოვის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა. უთქვამთ, თუ კარგ ნაშრომს დაწერ, მეორე კურსზე დაგსვამთო. აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის დეკანი კარპეზ დონდუა ყოფილა, ცნობილი გეოგრაფის დავით დონდუას ძმა. ერთხელ, დონდუას ჯაბა დაუბარებია და აკადემიკოს კრუჩევსკის ნათქვამი გადაუცია - ეს ბავშვი გენიოსიაო, ისეთი ნაშრომი წარმოადგინა, დისერტაციას რომ იცავენ, ისინი ვერ წერენო. ამგვარად, ჩაირიცხა მეორე კურსზე. მაგრამ ჯაბა ლენინგრადშიც დააპატიმრეს. მაშინ ხალხს ქუჩაში ამოწმებდნენ, პასპორტს სთხოვდნენ. ერთ პოლიციელს ჯაბა 3-ჯერ შეხვედრია, მესამედ კაფეში შეიტყუა, ჩაი დავლიოთო და დააჭერინა. ამ დროს, შოთა ქარუხნიშვილიც ლენინგრადში იყო. ჩემი ძმა მიხვდა, ალბათ, გამიგესო და აღიარა, სხვისი პასპორტით რომ ცხოვრობდა. ამისათვის კიდევ 2 წელი იჯდა. შემდეგ, კვლავ უნდოდა სწავლის გაგრძელება. ქუჩაში ბავშვობის ნაცნობები შეხვდნენ, ბინა სთხოვეს და ჯაბამ ისინი თავისთან წაიყვანა. თურმე მათ ვიღაც ებრაელის ოჯახი გაუქურდავთ, ჯაბასთან კი დასამალად მივიდნენ. პოლიციამ ეს ამბავიც ჯაბას დაჰბრალდა. ისინი დახვრიტეს, ჩემ ძმას კი 25 წელი მისცეს.
- ამჯერად როგორღა მოახერხა თავის დაღწევა?
- ამ დროს მედეა ჯაფარიძე საკავშირო დეპუტატად აირჩიეს, ის და რეზო ჩვენი მეგობრები იყვნენ და ჯაბას ბავშვობიდან იცნობდნენ. მედეამ ბრეჟნევს მთელი მისი ისტორია უამბო და ლეონიდ ილიჩს ცრემლებიც კი გადმოსცვენია - "დასროჩნა ასვაბაჟდაცო" - გასცა ბრძანება. ასე გადამირჩინა ჩემმა მედიკომ ძმა. თუმცა, ქურდის სახელი სიკვდილამდე შერჩა. გული მტკიოდა ყოველთვის ასე რომ ლანძღავდნენ, სინამდვილეში არ იცოდნენ როგორი იყო.
- შორეულ გადასახლებებში ყოფნისასაც ჩადიოდით მასთან?
- დიახ, იქ რაც გადავიტანე, იმის მოყოლა იმდენად ძნელია ჩემთვის, სულ ცრემლები მადგება. ერთხელ, ციმბირის იქით, რაღაც კოლონიაში გადაიყვანეს. სადგურზე რომ ჩამოვედი, მითხრეს კოლონიამდე 20 კილომეტრიაო, ზამთარი იყო, თოვლი და "სანკებს" თუ იშოვით, ისე მიხვალთო. მე ხომ ფეხები მტკიოდა, მენჯებიდან ვიყავი ამოვარდნილი. სანამ იქ მივედი დაბნელდა კიდეც, ძალიან გავწვალდი, კინაღამ გავიყინე, ვერც კი ვხვდები, რა ძალამ მატარა ამდენი. ღმერთმა მიშველა. თან მძიმე "ბოხჩა" მიმქონდა, მითხრეს, იქ სიცივისგან ხალხს კბილები სცვივათო და ნიორი და რაღაცები ჩავალაგე ჯაბასთვის. როცა მივედი არ მაჩვენეს, კარცერშია, დასჯილიო. თურმე სამუშაოზე არ გადიოდა და სხვა პატიმრებსაც ამისკენ მოუწოდებდა. მითხრეს, კარცერში რომ მიგვყავდა იქვე ცოცხი იყო მიყუდებულიო, ჯოხი მოატეხა, სისხლი გამოიდინა, პერანგს ნაჭერი მოახია, ზედ დაამაგრაო და "დალოი სავეტსკი საიუზო" ყვიროდაო. სულ ასე დაატარებდნენ ერთი კოლონიიდან მეორეში. ცოცხალი რომ ვარ მიკვირს, იმდენი ჭირ-ვარამი გამოვიარე, ყველა გარდამეცვალა...
- მიუხედავად ამდენი ტანჯვა-წვალებისა და ტრავმისა, ბატონ ჯაბას ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა, როგორ ახერხებდა ასეთი ყოფილიყო?
- მამას ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა და ჯაბაც და ჩემი დაც მას ჰგავდნენ. მეგონა, არასდროს დამავიწყდებოდა მათი ხუმრობები, მაგრამ... მალე 90 წლის გავხდები და ცოტა პაუზები მაქვს ხოლმე მეხსიერებაში.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ, ახალგაზრდობაში არავინ გყვარებიათ? თაყვანისმცემლები თუ გყავდათ?
- ერთი ბიჭი მიყვარდა, ძალიან მოხდენილი და სიმპათიური იყო, ვმეგობრობდით. მე ვერც გავბედავდი რაიმე მეგრძნობინებინა მისთვის, ისეთ ლამაზ გოგონებს მოსწონდათ... არ მქონია იმის საშუალება, ჩემი შვილები მყოლოდა, სულ უბედურებაში ვიყავი... ჩემი "თაყვანისმცემლები" ჩემი მოწაფეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად მთვლიდნენ, მათ მაინც ვუყვარდი. უბრალოდ მომთხოვნი ვარ. სტუდენტი, რომელსაც თავისი საქმე არ უყვარს და არ აინტერესებს, ვურჩევ ხოლმე, საერთოდ მოეშვას. ბოლოს რომ კურსი მყავდა, საშინელება იყო, ასეთი უვიცი ბავშვები ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, შექსპირი გაგონილიც კი არ ჰქონდა ზოგიერთს, მიკვირს როგორ მოხვდნენ სარეჟისოროზე და სამსახიობოზე. ნამდვილად აღარ მინდოდა ინსტიტუტში მუშაობა. ამასწინათ, ძველი სტუდენტები მოვიდნენ, სპექტაკლი დაგვიდგითო, აბა რაღა დროსია, ვკვდები-მეთქი, ვუთხარი. აღარ შემწევს მაგის ძალა.
- მარტო ცხოვრება არ გიჭირთ?
- მიჭირს, მაგრამ იმდენი ცუდი რამ მაქვს ცხოვრებაში გავლილი, ეს იმასთან ვერ მივა. ზემოთ სართულზე ჩემი ძმის შვილი კოწია და მისი ვაჟი, ჯაბა ცხოვრობენ, ნათესავი ქალი გვივლის. რა კარგი ოთახი მოვუწყვე ჩემ ძმას, მაგრამ აბა, ის ცოცხალი აღარაა. იქ ყველას სურათია, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, მათიც კი ვისთანაც კარგ დამოკიდებულებაში არ იყო. ამ სახლში ჩემი ძმის დასახმარებლად გადმოვედი, ამბობდა, კონცენტრაციის საშუალება არ მაქვსო... უნდოდა, მშვიდად დამჯდარიყო და წიგნზე ემუშავა. ახალი ნაწარმოებს "ფარსს" წერდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ფანქრით დაწერილი მხოლოდ ერთი გვერდი დარჩა... უკანასკნელ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება ჯაბას, ყველაზე დიდი სიმწარე რა იყო, რაც გადაგიტანიათო და უმცროსი ძმის სიკვდილიო, - პასუხობს. წარმოგიდგენიათ, რაც მან სირთულეები და უბედურება ნახა ცხოვრებაში და მაინც, მერაბის გარდაცვალებაზე იყო გულდაწყვეტილი.
- ახლანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით ბატონი ჯაბას ქმედებებს გასული საუკუნის 90-იან წლებში? მხედრიონის ჩამოყალიბებას, შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანას და ა.შ. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა მაშინ?
- სავსებით. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ქვეყანა გამსახურდიას სიგიჟისაგან გადაერჩინა. აბა რა უნდოდა ქალს ქვეყნის საქმეებში ჩასარევად?!... ციხიდან გამოსულს გამსახურდიამ რამდენჯერმე შესთავაზა თანამშრომლობა, ლექსების და მოთხრობების დაბეჭდვა, მაგრამ ჯაბამ უარი შეუთვალა - არა, გმადლობთ, ნაციხარი ვარ და არ მინდა ჩემთან ურთიერთობით დაზარალდეთ ან ჩირქი მოგცხოთო. მათ ქვეყანა დაღუპეს... ციხიდან ახალგამოსული 60 წლის ჯაბა გამსახურდიამ ისევ ციხეში ჩასვა. 40 დღე იშიმშილა, ჩამომხმარი იყო. რომ არაფერი გაგვივიდა, პატრიარქს მივმართე, ისედაც ბევრი ცოდვა აქვს ჩემს ძმას და თვითმკვლელობით რომ არ გავუმრავლოთ, იქნებ სთხოვოთ, შიმშილობა შეწყვიტოს-მეთქი. მან არაფერი მიპასუხა, გამოვემშვიდობე და წამოვედი. ჯაბასთან რომ შესულა, ჩემი ძმა მუხლებში ჩავარდნია, რატომ მობრძანდით? ახლა თქვენ ხომ უარს ვერ გეტყვითო... ასე გადამირჩინა პატრიარქმა ძმა შიმშილობით სიკვდილისგან. სხვათა შორის, პატრიარქი ერთ-ერთ გაზეთში, ჩემ ძმაზე ისეთი სითბოთი წერდა, გეგონებოდათ, მისი შვილიაო. როგორც ჩანს, ძალიან კარგად გაუცნია იგი. ასე ახასიათებდა: ეს არის გულუბრყვილო ბავშვი, ამავე დროს ბრძენი, ნიჭიერი, მხიარული, კაცთმოყვარე, მამაცი, უშიშარი და თანაც მგრძნობიარე... რომ ვკითხულობდი, სულ ჟრუანტელმა დამიარა...
- ხშირად დადიხართ მის საფლავზე?
- ყოველ შაბათს დავდივარ, ჩემი მშობლები და და-ძმა ვერის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი, ორივეგან მივდივარ ხოლმე, ვწვალობ, მაგრამ რა ვქნა?...
ჟურნალი "გზა", 2010 წელი.
თამთა დადეშელი