"ღაზის დამარცხება იბერთაგან" - უცნობი სირიული და ლათინური ცნობები დავით აღმაშენებელზე - კვირის პალიტრა

"ღაზის დამარცხება იბერთაგან" - უცნობი სირიული და ლათინური ცნობები დავით აღმაშენებელზე

უცნობი სირიული და ლათინური ცნობები დავით აღმაშენებელზე, გამოქვეყნდა ჩემს წიგნში ,,საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები“.

ანონიმი სირიელი

„ღაზი, რომელზეც ვლაპარაკობთ, იქმნა დიდი და ძლევამოსილი. იგი გაამპარტავანდა, რადგანაც მისი ძალაუფლება გავრცელდა სუკმანის ძეზე, მის ძმაზე და დავიდზე, მის ბიძაშვილზე, ვიდრე ატორამდე, სომხეთამდე და იბერთა საზღვრებამდე. მისი ხალხი და მისი მოკიდებულები გაბატონდნენ მთელ სომხეთზე, ამდენად, შეტაკება მომწიფდა მათსა და იბერთა მეფეს შორის, რომელსაც ერქვა დავითი. ღაზი გათამამდა და შეკრიბა მთელი მისი ტომის კაცები, რომლებიც დაფანტული იყვნენ ურიცხვ ხალხში და შევიდა იბერთა ქვეყანაში.

ამ ამბის ცნობისას, დავითმა, იბერთა მეფემ, შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და გაემართა მის შესახვედრად.

ბრძოლა გაჩაღდა მათ შორის. ღაზი დამარცხდა მის წინაშე.

იბერები დაედევნენ თურქებს, ვიდრე მათი უმეტესი ნაწილი არ ამოწყვიტეს და მათი ქონება მოიალაფეს. ამგვარად, ღაზი შერცხვენილი გამობრუნდა იბერთა ქვეყნიდან და დაბრუნდა თავის ქვეყანაში, ცოტა ხანში დასნეულდა და მოკვდა“

ოლივერ სქოლასტიკოსი:

,,[ეგვიპტის სულთანმა] თათბირისას უბრძანა მათ (თავის სარდლებს, ბ. ჭ.) შეეწყვიტათ ყველანაირი სამხედრო მოქმედება ჩვენს (ჯვაროსნების, ბ.ჭ.) წინააღმდეგ, მისი ძმები, განსაკუთრებით კი ემესის მთავარი, განცხადებული მტერი ქრისტიანებისა, ცდილობდნენ, შემოებრუნებინათ იგი, ისინი მას ეუბნებოდნენ, რომ წყლით გარემოცულ ფრანგებს (ჯვაროსნებს, ბ.ჭ.) აღარ შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ სახიერმა და წინდახედულმა სულთანმა, მშვიდობისმოყვარემ და არა სისხლისღვრის მოსურნემ, თავის ძმებთან და სასახლის დიდებულებთან განბჭო და წარმოუსახა მათ თვალწინ მაგალითი სპარსეთის სულთნისა, რომელსაც, თავისი წარმატებებით მეტად გადიდგულებულს, ჰქონდა სურვილი, თავად დაენიშნა კაიროს მეფეც და ასევე სხვა მმართველები აზიაში, და რომელიც, ბოლოს დამარცხებულ იქნა დავით მეფისაგან, საქართველოს უფლისაგან, და რომელმაც (სულთანმა) დაკარგა თავის სამფლობელო“. (ამ მაგალითის გათვალისწინებით, ოლივერის მიხედვით, ეგვიპტელებმა ჯვაროსნებთან მოლაპარაკებები დაიწყეს).

ბარ ჰებრაიო ჩვენს ისტორიოგრაფიაში ცნობილი წყაროა, მაგრამ მის ცნობას დიდგორის ბრძოლაზე, თითქმის ყურადრება არ ექცევა:

,,[სირიული წელთაღრიცხვით] ოთხას ოცდაცამეტ წელს [1121-1122], სულთანმა მაჰმუდმა დიდი ჯარი გაგზავნა იბერთა ქვეყანაში, როცა თურქები მოახლოვდნენ, იბერთა მეფემ ჩაკეტა სიმაგრეები და გაანადგურა ბევრი მათგანი და ჟოსლინ ფრანგმა აიღო გუბოს ქვეყანა“.