ამერიკული ჭურვები თავდება?! - "კონკურენცია" ზელენსკისა და ნეთანიაჰუს შორის და ბაიდენის დილემა
აშშ-ში იარაღის ზოგიერთი სახეობის მარაგი უკვე „ფსკერამდეა“ დაყვანილი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ვაშინგტონი იძულებულია უკრაინასთან ერთად ისრაელსაც დაეხმაროს, მაშინ, სავარაუდოდ, თეთრი სახლი და პენტაგონი საკმაოდ არასასიამოვნო პრობლემის წინაშე დგანან, - ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „იარაღის სამი სახეობა, რომელთა მიღება ისრაელს და უკრაინას აშშ-საგან ჭირდება“ (ავტორები - ლარა ჯეიკსი და ერიკ შმიტი).
ამერიკელი ჟურნალისტების აზრით, კიევს და იერუსალიმს ერთმანეთთან კონკურირება მოუწევთ, რომ ამერიკისაგან სამი სახეობის იარაღი მიიღონ: 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე ჭურვები, „ჭკვიანი ბომბები“ და Stinger-ის ტიპის რაკეტები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დაპირდა რა იარაღის მიწოდებას როგორც უკრაინას, ისე ისრაელს - ერთ პაკეტის სახით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ აშშ-სათვის ორივე ომს - რუსეთ-უკრაინისა ისრაელ-„ჰამასის“ ომებს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სიტყვა ერთია, საქმე მეორე: პენტაგონმა უკვე გამოაცხადა, რომ ათობით ათას 155-მილიმეტრიან ჭურვს მისამართი შეუცვალა - ისინი უკრაინის ნაცვლად, ისრაელში გაგზავნა.
იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი მართლაც დაიწყებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში ბაზირებული „ჰამასის“ წინააღმდეგ, მას ძალიან ბევრი იმ კატეგორიის იარაღი დაჭირდება, რომლებსაც უკრაინა იყენებს, მაგრამ ამერიკაში მათი რეზერვი უკვე შეზღუდულია. პენტაგონს გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდება.
ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, ზოგადად უკრაინა და ისრაელი სხვადასხვა სახის ომს აწარმოებენ და შესაბამისად, მათ სხვადასხვა მოთხოვნები და შესაძლებლობები აქვთ: უკრაინაში ომი ურთიერთგამოფიტვის სცენარით ვითარდება, ისრაელი კი ემზადება სრულიად სხვა სახის სახმელეთო ომი დაიწყოს - ქალაქის ქუჩებში, ღაზას სექტორის მჭიდროდ დასახელებულ რაიონში.
უკრაინისათვის ამერიკული დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია 61 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის კი, რომლის არმია ბევრად უკეთესადაა აღჭურვილი - 14 მილიარდი, ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის იარაღისათვის. მაგრამ რადგანაც გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, როცა აშშ-მა უკრაინის ინტენსიურად მომარაგება დაიწყო, რიგი სახეობის იარაღის მარაგი აშშ-ში შემცირებულია, ექსპერტები გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ ორივე ქვეყნისათვის იარაღის მიწოდება „კომპრომისული იქნება“. ასე ამბობს, მაგალითად, ექსპერტი მარკ ქენსიანი, რომელიც ადრე თეთრი სახლის მთავარი სპეციალისტი იყო იარაღის საკითხში.
ისრაელს და უკრაინას ძირითადად სამი საკვანძო სისტემის შეიარაღება დაჭირდებათ:
პირველი - 155-მილიმეტრიანი კალიბრის ჭურვები, ნატოს სტანდარტით. ამერიკამ უკვე გაგზავნა უკრაინაში 2 მილიონი ასეთი ჭურვი, ევროპამაც მიაწოდა ასეულობით ათასი ერთეული, მაგრამ დასავლურმა მარაგმა „უკვე კასრის ფსკერს მიაღწია“, - ასე აცხადებს ნატოს სარდლობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. სხვათა შორის, ჭურვებთან დაკავშირებით ზოგჯერ საინტერესო მოვლენები ხდება: ასე, მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ იწყებს ისრაელიდან ჭურვების გატანას უკრაინისათვის. ამჟამად კიევს უკვე მიღებული აქვს ჭურვების ნახევარი, მაგრამ ახლა, „ჰამასთან“ ომის გამო, პენტაგონი იძულებულია ჭურვები ისრაელს დაუბრუნოს... თავისი მარაგიდან.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ისრაელს და უკრაინას შეიძლება სხვადასხვა სახის შეიარაღება მიეწოდოთ. მაგალითად, ისრაელს - მაღალი სიზუსტის მქონე ჭურვები, ქალაქის პირობებში ბრძოლისათვის, როცა ჭურვმა აფეთქებისას სამიზნის გარდა, სხვა ობიექტი რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს. უკრაინას კი - კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც უფრო ეფექტური იქნება გაშლილ ლანდშაფტზე ბრძოლის დროს. ამერიკელი და ევროპელი იარაღის მწარმოებელი კომპანიები საბრძოლო მასალების დამზადებას ინტენსიურად აგრძელებენ, მაგრამ, სავარაუდოდ, წლები უნდა გავიდეს, რომ მათ ნატოს მარაგები შეავსონ და იმავდროულად უკრაინის მოთხოვნაც დააკმაყოფილონ, ისრაელზე რომ არაფერი ვთქვათ.
მეორე - ისრაელს და უკრაინასაც, ალბათ, ე.წ. „ჭკვიანი ბომბები“ დაჭირდებათ. ეს საბრძოლო მასალა მცირე დიამეტრისაა და აღჭურვილია GPS-ის სანავიგაციო მოწყობილობით, სამიზნის ზუსტად გასანადგურებლად. ისრაელი ამერიკისაგან ისეთ ბომბებს ითხოვს, რომელთა გაშვება თვითმფრინავიდან ხდება, უკრაინას კი „ჭკვიანი ბომბების“ სახმელეთო ვერსია უფრო გამოადგება. 2010 წლიდან ისრაელმა ამერიკისაგან მცირე დიამეტრის მქონე 8500 ბომბი შეისყიდა. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, 2018 წლიდან პენტაგონმა იარაღის მწარმოებელი კომპანიებისაგან უკვე მიიღო 34 ათასი ბომბი. ასე რომ, „ჭკვიანი ბომბებისათვის“ უკრაინას და ისრაელს კონკურენცია ნაკლებად მოუწევთ.
მესამე - ორივე მხარეს აინტერესებთ Stinger-ის კომპაქტური სარაკეტო იარაღი. ჩვეულებრივად, ისრაელი და უკრაინა სხვადასხვა სისტემებს იყენებენ ავიადარტყმებისაგან დასაცავად. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საფუძველს „რკინის გუმბათის“ სისტემა შეადგენს, უკრაინა კი ძირითადად დასავლეთისგან მიღებული იარაღით სარგებლობს, მაგალითად, Patriot-ისა და Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით.
მაგრამ ახლა Stinger-ის ტიპის პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემა ისრაელსაც იდეალურად მოერგება ღაზას სექტორში საქალაქო ბრძოლის პირობებში. „ცახალმა“ პენტაგონს შეიძლება სპეციალიზებული დანადგარი Avenger-იც მოსთხოვოს, რომელიც „ჰამვის“ მარკის სატვირთო ავტომობილზეა დამონტაჟებული და რომლის მეშვეობითაც Stinger-ის რვა რაკეტის გაშვება ერთდროულად შეიძლება. კიევს 20 ასეთი ავტომობილი უკვე მიღებული აქვს.
რაც შეეხება Patriot-ებს, ეს სისტემა ისრაელსაც აქვს, მაგრამ „სტინგერი მასზე ბევრად იაფია, რაც მას რენტაბელობის მაღალ დონეს ანიჭებს, თანაც საუკეთესოა „ჰამასის“ მიერ დამზადებული დრონებისა და ნაკლები სიშორის მქონე რაკეტების გასანადგურებლად.
„მაგრამ პრობლემა ისაა, რომ Stinger-ების მარაგი ცოტაა და მათი წარმოება შეზღუდულია“, - ამბობს ექსპერტი მარკ ქენსიანი, - „შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას 2 ათასი ერთეული „სტინგერი“, უფრო ადრე კი, სავარაუდოდ, ტაივანსაც გაუგზავნა ჩინეთის სამხედრო მუქარების გამო“.
მოამზადა სიმონ კილაძემ.