გენერალური პროკურორის პირველი კომენტარი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე - რას აცხადებს ირაკლი შოთაძე?! - კვირის პალიტრა

გენერალური პროკურორის პირველი კომენტარი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე - რას აცხადებს ირაკლი შოთაძე?!

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასაჯაროვდება მასალებიც.

„უპირველეს ყოვლისა, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც რაჭაში დატრიალდა. გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, ასეულობით მოქალაქეა უკვე დაკითხული, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის მასალებზე. ისინი ჩართული არიან გამოძიების პროცესში და თითოეული მათი შუამდგომლობა თუ წინადადება სხვადასხვა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებებთან გათვალისწინებულია. რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ აუცილებლად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ, მათ შორის მასალებსაც, რა თქმა უნდა. იქ ძალიან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შოვში დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ.

"ინტერპრესნიუსი"