ღაზის მიწისქვეშეთი - 500 კილომეტრის სიგრძის 1300 გვირაბი, რომელიც ისრაელის არმიისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს საინტერესო სტატიას სათაურით: „რა არის ცნობილი ღაზას სექტორში მიწისქვეშ არსებული „ჰამასის“ გვირაბების შესახებ“ (ავტორი - კატრინ შერი), რომელშიც, ისრაელ-„ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე, მიმოხილულია ჩვენი დროის ერთ-ერთი „სამხედრო საკვირველება“ - პალესტინელი ინჟინრების მიერ შექმნილი გვირაბების ქსელი ღაზას სექტორში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გვირაბები, რომლებიც ღაზას სექტორში, მიწისქვეშ, ადგილობრივმა მმართველმა პალესტინურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ გათხარა, ისრაელის არმიისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ცახალი“ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ანალიტიკოსების გაფრთხილებით, „ჰამასი“, რომელიც ამერიკამ, ევროკავშირმა, გერმანიამ და სხვა რიგმა სახელმწიფოებმა ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხეს, მსოფლიოში ყველაზე დიდ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ფლობს, პალესტინელი ინჟინრების შრომის წყალობით.
„ღაზაში პრობლემის მასშტაბი უნიკალურია“
„ღაზაში არსებული პრობლემის მასშტაბი, სადაც მიწის ქვეშ ასობით კილომეტრი გვირაბია გაყვანილი და კომუნიკაციების უდიდესი ქსელია შექმნილი, სრულიად უნიკალურია“, - ამბობს ჯონ სპენსერი, რომელიც ქალაქის პირობებში ბრძოლის სამხედრო სპეციალისტია და აშშ-ის უესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში მუშაობს, - „ღაზას მიწისქვეშეთის წინააღმდეგ ისრაელის სახმელეთო არმიას ჯერ კიდევ არ აქვს სამოქმედო გეგმა მიღებული, პრობლემა მოუგვარებელია“.
სავარაუდოდ, ღაზას სექტორის (ფართობი - 330 კვ.კმ.) ქვეშ დაახლოებით 1300 გვირაბია გაყვანილი, რომელთა საერთო სიგრძე 500 კილომეტრს აღემატება. ზოგიერთი გვირაბი მიწაში 70 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. გვირაბების უმეტესობა სიმაღლითა და სიგანით დიდი არ არის (2×2), მაგრამ ბევრი გვერდითი დამხმარე ნაკვეთურია აგებული და „ჰამასი“ მათ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ექსპერტთა აზრით, დიდი ალბათობით, სწორედ იქ არიან ჩამწყვდეულები 7 ოქტომბერს ისრაელის კიბუცებიდან გატაცებული ადამიანები.
მიწისქვეშა გვირაბებში და მათთან დაკავშირებულ ნაკვეთურებში განლაგებულია იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალების საწყობები, სურსათ-სანოვაგისა და სასმელი წყლის რეზერვები, დიზელგენერატორები, საწვავი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ „ჰამასის“ შტაბიც მიწისქვეშ არის განლაგებული.
„ფაქტორი, რომელიც ისრაელის უპირატესობას ანეიტრალებს“
როგორც ჯონ სპენსერი აღნიშნავს, ღაზას გვირაბები კიდევ უფრო ართულებს ისრაელის არმიის ისედაც საკმაოდ მძიმე სამხედრო მოქმედებების სცენარს - „ჰამასის“ მებრძოლებს საშუალება აქვთ უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ საბრძოლო პოზიციებს შორის და, ამრიგად, „მნიშვნელოვნად ანეიტრალებს „ცახალის“ უპირატესობას შეიარაღებაში, ტაქტიკაში, ტექნოლოგიასა და ორგანიზებაში“.
მაიკ მარტინი - ლონდონის სამეფო კოლეჯის ომის წარმოების ფსიქოლოგიის სპეციალისტი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც ქალაქში ბრძოლების ტაქტიკას ეხება. „ძალიან რთული იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა ქალაქის ქუჩებში, მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში ბრძოლის დროს. ასეთ დროს სიტუაცია შეიძლება სამ განზომილებაში მიმდინარე ბრძოლას შევადაროთ: მოწინააღმდეგე გესვრით ზემოდან, მრავალსართულიანი შენობებიდან, აგრეთვე, მიწიქვეშეთიდან... და, რა თქმა უნდა, თუ თქვენ მრავალსართულიან შენობას დაანგრევთ, მოწინააღმდეგე იმ ნანგრევებითაც ისარგებლებს... მოკლედ, ქალაქი ყველაზე რთული ადგილი იქნება საბრძოლველად, რაც ისრაელის არმიისათვის მძიმე პრობლემად გადაიქცევა“.
გვირაბების პოვნა იოლი არ არის
თავდაპირველად „ჰამასი“ გვირაბებს ჯერ ეგვიპტიდან, შემდეგ კი ისრაელიდან ღაზას სექტორში კონტრაბანდული საქონლის გადასატანად იყენებდა. თანდათანობით, ისრაელის მიერ დრონებისა და სხვა ელექტრონული სათვალთვალო მოწყობილობებით დაკვირვების კვალობაზე, „ჰამასმა“ თავისი საქმიანობა თითქმის მთლიანად მიწისქვეშ გადაიტანა, გათხარა უამრავი გვირაბი, რისთვისაც ადგილობრივ სამუშაო ძალასა და უცხოეთიდან მიღებულ ფულს იყენებდა.
ისრაელმა, რასაკვირველია, იცოდა, რომ ღაზას ქვეშ გვირაბები იყო, მაგრამ სიტუაციის ჭეშმარიტი რეალობა მხოლოდ 2014 წელს დაინახა, როცა გვირაბების ქსელის გეგმა ნაწილობრივ გახდა ცნობილი. ამის შემდეგ ისრაელმა საზღვარზე კედლებისა და დამატებითი ნაგებობების აშენება დაიწყო, რომელთა ბალავერი (საძირკველი) მიწის ქვეშ ღრმად ჰქონდათ, გვირაბების გათხრის ხელის შესაშლელად.
გვირაბების პოვნა იოლი არ არის, მათი შესასვლელ-გამოსასვლელები სხვადასხვა შენობის ქვეშ არსებობს. და მაინც, რადარებისა და ობიექტების აღმომჩენი ხელსაწყოების დახმარებით, მაგნიტური, სითბური და აკუსტიკური მაჩვენებლების საფუძველზე, მათი მიგნება შეიძლება. ყველაზე ხშირად გვირაბებს იმ დროს პოულობენ, როცა „ჰამასის“ მებრძოლების სატელეფონო სიგნალს აკვირდებიან და ის უეცრად წყდება - ესე იგი, სადღაც ახლოს გვირაბის შესასვლელია.
შეძლებს თუ არა ისრაელი „ჰამასის“ გვირაბების განადგურებას?
„ომების ისტორიაში გვირაბების გაწმენდა ცოცხალი ძალისაგან მათში ცრემლმდენი გაზის თუ სხვა სახის ქიმიური ნივთიერებების გაშვების გზით ხდებოდა ხოლმე", - განმარტავს ამ სფეროში მსოფლიო დონის ექსპერტი დაფნე რიჩმონდ-ბარაკი, ავტორი წიგნისა „მიწისქვეშა ომები“, - "მაგრამ დღეს მსგავსი ოპერაციები უკანონოდ ითვლება“.
შეიძლება დაბომბო გვირაბი (ისრაელს აქვს შესაბამისი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომლებიც მიწის ქვეშ ღრმად მდებარე კომუნიკაციების დანგრევა შეუძლია), მაგრამ... ღაზას სექტორის სიგრძე 40 კილომეტრია, სიგანე კი - 14 კილომეტრამდე, 2,2 მილიონი მოსახლეობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონად ითვლება. ასეთი სიმჭიდროვის პირობებში, ბუნკერსაწინააღმდეგო მძლავრი ბომბების გამოყენება საყოყმანოა - მათი აფეთქება მოსახლეობაში დიდ დანაკარგებს გამოიწვევს.
ამრიგად, ისრაელის არმიამ ზუსტად რომც იცოდეს, თუ სად მდებარეობს გვირაბები, მათი დანგრევა-განადგურება პრობლემატურია და ხშირად შეუძლებელიც კი. არის ფაქტები, როცა „ცახალმა“ ზუსტი ბომბები გამოიყენა, მაგრამ სასურველ შედეგებს მაინც ვერ მიაღწია.
გარდა ამისა, გვირაბებში თუ სამხედროები შეიჭრებიან, იქ ბრძოლა ძნელი იქნება: მიწის ქვეშ ბნელა, სროლის ხმა ძლიერდება, აფეთქებების დროს სქელი მტვერი წარმოიქმნება და ორიენტირება ძნელი ხდება. გვირაბები ძალზე ხშირად დანაღმულია. სხვათა შორის, ებრაელ ჯარისკაცებს აღმოჩენილ გვირაბებში შესვლა მანამდე ეკრძალებათ, სანამ მათ სპეციალისტები არ შეამოწმებენ.
რა თქმა უნდა, ისრაელი ცდილობს „ჰამასის“ გვირაბები მეტ-ნაკლებად გააკონტროლოს და გააუვნებელჰყოს. 2014 წლიდან ისრაელის არმიაში გვირაბებში ბრძოლის სპეცქვედანაყოფები არსებობენ. სამხედროებმა მომზადება სპეციალურად აშენებულ გვირაბებში გაიარეს, მათ კარგად იციან სპეცსენსორებით სარგებლობა და აკვირდებიან რიგი მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობას, იყენებენ, აგრეთვე, რობოტებსა და გაწრთვნილ ძაღლებს, თუმცა ისრაელის არმია გვირაბების მთლიანი ქსელის გაკონტროლებას, ბუნებრივია, ვერ ახერხებს.
„ცახალის“ მიწისზედა ოპერაციის წარმატების შანსები
ჯონ სპენსერის აზრით, მსოფლიოში არც ერთი სამხედრო სტრუქტურა არ არის ისეთი დონით მომზადებული მიწის ქვეშ, გვირაბებში საბრძოლველად, როგორც ისრაელის არმია, მაგრამ მას მაინც მოუწევს ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი საჰაერო და მიწისზედა ოპერაციების განხორციელება, მიწისქვეშა კომუნიკაციების დასანგრევად.
დაფნე რიჩმონდ-ბარაკი თვლის, რომ „ისრაელის არმიას, ცხადია, შეუძლია გვირაბების დანგრევა, დატბორვა ან მათი გაუვნებელყოფა სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია და მოითხოვს ადამიანთა განუსაზღვრელ მსხვერპლს, თანაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გვირაბების მთელი ქსელი იქნება განადგურებული“.
მაიკ მარტინი ასევე მიიჩნევს, რომ გვირაბები ისრაელის არმიისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს: „რა თქმა უნდა, არსებობს რადარები და სეისმური ხელსაწყოები მათ აღმოსაჩენად, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ისრაელის არმიაში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების სამსახურში ძალიან დიდი ხარვეზები შეიმჩნევა: მათ 7 ოქტომბერს კატასტროფული მასშტაბის შეტევა გამოეპარათ“.
„ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ისრაელს აქვს „ბრმა ზონები“. და თუ ისრაელი დაზვერვაში არსებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს, არმია ვერ გაიგებს, თუ რის გაკეთება სურს „ჰამასს“, როგორ დაიცავს ის ღაზას სექტორს და როგორია „ჰამასელთა“ გეგმები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს - რა იცის და რა არ იცის ისრაელმა, რომელმაც, წესით, „ჰამასს“ უნდა დაასწროს“, - ასკვნის მაიკ მარტინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო სპეციალისტი.
მოამზადა სიმონ კილაძემ