"ანომალია" გლდანში - " სიგიჟე არ არის?! ბიზნესმენი აცხადებს, რომ ტბის წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა, ფსკერი კი თავისი" - კვირის პალიტრა

"ანომალია" გლდანში - " სიგიჟე არ არის?! ბიზნესმენი აცხადებს, რომ ტბის წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა, ფსკერი კი თავისი"

დიდი გლდანის ტბა (იგივე თეთრი ტბა, რომლის სიგრძე 900, ხოლო სიგანე 300 მეტრია) სოფელ გლდანის მახლობლად მდებარეობს და მისი არსებობა საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც ადგილობრივები მეუბნებიან, ტბას, რომელიც წვიმისა და თოვლის წყლებითა და მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, დღეს გაქრობის საფრთხე ემუქრება. ტბის დიდი ნაწილი წლების წინ კერძო მფლობელობაში გადავიდა და მესაკუთრემ რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყო, თუმცა 2010 წლის შემდეგ მისთვის ხელი აღარ უხლია. დღეს ტბა თანდათანობით შრება, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ტბას ოთხიდან ერთი სანიაღვრე არხიღა ამარაგებს წყლით, რაც მისი არსებობისთვის საკმარისი არაა. ტბაში წყალმცენარეები ლპება, თევზი იხოცება და ეს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის.

რევაზ ფიცხელაური, გლდანის მკვიდრი: - თეთრი ტბის დაშრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011-2012 წლებში შემოვლითი რკინიგზის გაყვანა დაიწყეს - გაკეთდა დიდი ტრანშე, სანიაღვრეები გადაიჭრა, რითაც ტბა ივსებოდა, მათი კალაპოტი შეიცვალა და წყალი გვირაბისკენ წავიდა (გვირაბი გადის გლდანულისკენ და 3-4 გზაარეული ნიაღვარი იქ ჩადის). ერთი სანიაღვრე ტბის მეპატრონის დახმარებით ხალხმა გავწმინდეთ და მხოლოდ ამ ერთი სანიაღვრით სულდგმულობს ტბა და ბოლომდე არ შრება. დღეს ტბა დაჭაობებულია, წყალმცენარეები ლპება, თევზი იხოცება და ირგვლივ საშინელი სუნია, ხალხი იწამლება... გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, ტბა მომწამვლელია და იქ ცხოველმა რომ გაიაროს, შესაძლოა სახლში დაავადება მიიტანოს.

პრობლემა ის არის, რომ ტბა 2006 წელს გასხვისდა ისე, რომ საბუთებში ტბა არაა ნახსენები, არამედ როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. დღევანდელი კანონით ტბა სახელმწიფო რესურსია. რამდენჯერმე შევხვდით მესაკუთრეს, რომელიც გვეუბნება, რომ ტერიტორიას მიხედავს. ხელოვნურ ტბებს აკეთებენ და ამას რატომ აშრობენ, სხვა რამ ხომ არაა ჩაფიქრებული? მეპატრონემ ტბის ფსკერის ნაწილი სამშენებლო კომპანია "ჯანოს" გადაუფორმა, რომლის დირექტორიც ისევ თვითონაა. ვეჭვობთ, რომ ამ ადგილას კორპუსების აშენება სურთ (ასევე, სტადიონისაც). მის მფლობელობაში დაახლოებით 30 ჰექტარია. დღეს ტბა ეკლიანი მავთულითაა შემოღობილი და ტბასთან მიახლოება შეუძლებელია. ვითხოვთ ტბის დაბრუნებას, მთავრობამ ან გამოისყიდოს, ან ჩამოართვას და თვითონ მიხედოს. სამი სანიაღვრე უნდა გაიწმინდოს და შეუერთდეს მეოთხეს, რომელიც ჩვენ გავწმინდეთ. იმ სანიაღვრეების გაკეთებას დიდი დრო თუ სჭირდება, ტბის გადარჩენის მეორე გზა ჭაბურღილებია, თუნდაც მისი საშუალებით მიეწოდოს ტბას წყალი, რათა მისი დაჭაობება აღარ გაგრძელდეს. ტბაში უამრავი სახეობის თევზი იყო, ახლა დახოცილი ყრიან. თვეებია, ვაპროტესტებთ და პასუხს არავინ გვცემს, გამგეობა მერიას, მერია კი გამგეობას უგზავნის განცხადებებს და ვართ ასე.

გიორგი მულაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - 1981 წელს მეცნიერმა აფხაზავამ საფუძვლიანი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ამ ტბის 40% ივსებოდა ატმოსფერული ნალექით, დანარჩენს უზრუნველყოფდა მიწისქვეშა წყლები. 2010 წელს მიმდებარედ სარკინიგზო გვირაბის გაჭრა დაიწყეს (მაგრამ დახარვეზდა­ და 2015 წელს გაუქმდა, აღარ გაგრძელდა მუშაობა და უზარმაზარი თხრილი დარჩა), რომელიც აზიანებს ატმოსფერული ნალექების შემკრები არხებიდან გადმომავალი წყლის მიმართულებას, დიდი ნაკადი ტბამდე ვეღარ აღწევს და შესაბამისად ვეღარ ავსებს. გარდა ამისა, იმ ტერიტორიაზე იყო წყლის რეზერვუარი და იქიდანაც ზედმეტ წყალს უშვებდნენ, რაც მუდმივ შენაკადად ჰქონდა ტბას. რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, ამ ტბის ფსკერი გაყიდულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად, 2004 წელს მცხეთის გამგეობას აქვს გადაცემული ვინმე გია აბუაშვილზე, რომელმაც დღევანდელ მფლობელს მიჰყიდა. მყიდველმა ტბის წინ ტერიტორიას პარკის სახე მისცა და მართლაც ლამაზი სანახავი იყო. თეთრი ტბის ფსკერის უდიდესი ნაწილი ამ ქალის ხელშია მოქცეული და დაახლოებით 15-20% სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ტბის გარშემო ტერიტორიას, წინა ნაწილი ეკუთვნის მფლობელს, ხოლო დანარჩენი, მთელი წრე, სახელმწიფოს საკუთრებაა. ფაქტობრივად, უნიკალური შემთხვევაა, როცა ბუნებრივი, საუკუნეზე მეტი ხნის ტბა (1920 წლიდან მოიხსენიებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, გაცილებით ადრინდელი პერიოდისაა) საძოვრად არის დარეგისტრირებული. ძველად აქ მარილის საბადო იყო და მის სიღრმეებში რომ ჩადიოდნენ, ერთ-ერთი გათხრის დროს წყალი იმდენად სწრაფად ამოსულა, ძლივს გამოუსწრიათ და მთელი ინფრასტრუქტურა ტბაშია ჩარჩენილი...

კოტე ზარნაძე, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი:

- მერია ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტს, რომელსაც ამ დღეებში გავასაჯაროებთ და თეთრ ტბასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები ჩატარდება.

მესაკუთრემ ეს ტერიტორია 2008 წელს იყიდა 5.400 ლარად და მას ოფიციალურად ტბის სტატუსი არა აქვს. ტბა როგორ გაიყიდა, დოკუმენტები როგორ გაფორმდა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. იმის გამო, რომ ჩვენამდე იურიდიულად არასწორი ინფორმაცია მოვიდა, ყველაფრის გამოსწორება რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ. წყალი ჩემი არაა და ფსკერი ჩემიაო, ცოტა სიგიჟეა. მესაკუთრეს არანაირი ვალდებულება არა აქვს ჩაწერილი ხელშეკრულებაში და რა უნდა მოსთხოვო?

განაგრძე კითხვა