ზელენსკის "ქართული ფრონტი" - რა მოხდება, თუ უკრაინული კამიკაძე "თახვები" ოკუპირებულ ოჩამჩირეს შეუტევენ?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის "ქართული ფრონტი" - რა მოხდება, თუ უკრაინული კამიკაძე "თახვები" ოკუპირებულ ოჩამჩირეს შეუტევენ?!

„რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა, მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ.

თუმცა რა არის ეს - ოფიციალური კიევის უბრალო დაქადნება რუსი ოკუპანტების ადმირალების დასაშინელებლად თუ უკრაინის სამხედრო დაზვერვას მართლაც შეუძლია განახორციელოს ისეთივე წარმატებული თავდასხმები ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში, როგორის ორგანიზებაც მან რამდენჯერმე შეძლო სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე?

1-ocha-1698219908.png
ოკუპირებული ოჩამჩირის პორტი თავისი მოკრძალებული სივრცის გამო, ნაკლებად გამოდგება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ხომალდების ბაზირებისთვის...

იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვაო ომი შავ ზღვაში ნელ-ნელა აღმოსავლეთით ინაცვლებს, უკვე არა ერთხელ დავწერე, მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო დრონები ჩრდილო-კავკასიის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაესხნენ თავს, ხოლო უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-კატარღებმა უშუალოდ საქართველოს 200-მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიახლოვეს იერიშები მიიტანეს რუსულ სამხედრო ხომალდებზე...

უკრაინულ ფრთოსან რაკეტებს სევასტოპოლიდან გამოქცეულმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი ხომალდები კი „გადაუმალა“, ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში, მაგრამ ისინიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან (ზაპოროჟიესა და დონეცკის ფრონტის ხაზის მონაკვეთებიდან) მხოლოდ 280-325 კმ-ით თუ არიან დაშორებულნი და უკრაინელებს დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლიათ იქამდე 300 კმ-მდე მფრენი თავისი ფრთოსანი რაკეტებით დარტყმა, მაგრამ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტამდე უკრაინის ფრონტიდან პირდაპირი ხაზით არანაკლებ 620 კმ-ია, რაც გამორიცხავს უკრაინული ფრთოსანი (ბრიტანულ-ფრანგული „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსანი რაკეტები - Storm Shadow/SCALP-EG-ები, ასევე, უკრაინული წარმოების „ხმელეთი-ხომალდის“ კლასის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები - Р-360 Нептун-ები) და თვით ბალისტიკური (თუკი ამერიკელებმა ბოლოსდაბოლოს მაინც გადასცეს კიევს 300 კმ-ზე მფრენი ATACMS -ის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკური რაკეტები) რაკეტების მიღწევას, თუმცა...

თუმცა ის, რომ უკრაინელების განკარგულებაშია საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონები, რომელთა მოქმედების რადიუსი 800-1 000 კმ-ს აღემატება.

2-ocha-1698220024.png

უკრაინული კამიკაძე-დრონი „თახვი“, რომელიც მოსკოვამდე წვდება და შეიძლება ოკუპირებული ოჩამჩირის პორტსაც „ესტუმროს“...

უკრაინამ აგრესორი რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა კამიკაძე-დრონი „თახვი“, რომელიც ათას კმ-ზე შორს მიფრინავს (უმოკლესი მანძილი უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის კრემლამდე 456 კმ-ს შეადგენს).

ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იმ ხომალდების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის სანაპიროდან არანაკლებ 800 კმ-ის დაშორებით, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასთან დრეიფობდნენ (საქართველოს სანაპიროდან დაახლოებით 400-იოდე კმ-ში) უკრაინამ გამოიყენა რამდენიმე საზღვაო კამიკაძე-კატარღა MAGURA V5-ი, რომელსაც მაქსიმალურ 833 კმ-ზე შეუძლია გაცურვა.

უშუალოდ უკრაინის სანაპიროდან (ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილიდან, რომელიც მდინარე დუნაიზე რუმინეთს ესაზღვრება) ოკუპირებული ოჩამჩირის პორტამდე უმოკლესი პირდაპირო ხაზით 974 კმ-ია, მაგრამ ეს ხაზი მცირედით კვეთავს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, ხოლო შემოვლითი მარშრუტი ამ გზას ათას კმ-ზე მეტად დააგრძელებს, თუმცა არ ეს არის დიდი პრობლემა, რადგან...

3-ocha-1698219971.png
უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღა MAGURA V5-ი, რომელსაც მაქსიმალურ 833 კმ-ზე შეუძლია გაცურვა…

საქმე ის არის, რომ საზღვაო კამიკაძე-კატარღის გაშვება არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სანაპიროდან, ამისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სავაჭრო გემიც, რომელიც მის ტრიუმში გადამალულ ამ, 5,5 მ სიგრძის კატარღებს ჯალამბარით უპრობლემოდ ჩაუშვებს ზღვის ტალღებზე, როდესაც ეს გემი შავი ზღვის აკვატორიის ნებისმიერ ადგილში იცურებს, მათ შორის - საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიახლოვესაც, საიდანაც ოკუპირებული ოჩამჩირის პორტამდე სულ „რაღაც“ 400-500 კმ-ი თუ იქნება დარჩენილი...

ეს მართლაც რომ მოხდეს და ოჩამჩირის ნაპირთან ან უშუალოდ მის ნავმისადგომთან რუსი ოკუპანტების ხომალდი ააფეთქოს უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა, საინტერესოა, რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას?

P.S. ისე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების შესაძლო განთავსების თემა საკმაოდ გაბუქებულია, რადგან ეს პორტი არ იძლევა იმის ტექნიკურ შესაძლებლობას, რომ რუსეთმა იქ დიდი წყალწყვის ბევრი სამხედრო ხომალდი „გადამალოს“ - ოჩამჩირის პორტის მთავარი ნავმისადგომის სიგრძე 175 მ-ია, რაც მხოლოდ ათიოდე მცირე სასაზღვრო კატარღის ბაზირებას თუ ყოფნის ეხლა, ხოლო მათ ნაცვლად შეიძლება მაქსიმუმ... ერთი-ორი სარაკეტო ფრეგატი ან ასევე ერთი-ორი დიდი სადესანტო ხომალდი თუ „ჩაეტიოს“, ისიც - თუკი ბორტებით ერთმანეთს გვერდით მიუდგებიან...