"მაშინ რობერტ სტურუამ ჩემზე თქვა, - სილას გავაწნავ, სადაც შემხვდებაო" - გოგა ჩართოლანის მოგონებები - კვირის პალიტრა

"მაშინ რობერტ სტურუამ ჩემზე თქვა, - სილას გავაწნავ, სადაც შემხვდებაო" - გოგა ჩართოლანის მოგონებები

თეატრისა და ტელევიზიის სამყაროს ბავშვობიდან ეზიარა ტელეოპერატორი მამისა და მსახიობი დედის წყალობით. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბედი ტელევიზიას დაუკავშირა. მისი მომზადებული ტელეფილმები - "გოგი გეგეჭკორი", "ოთარ მეღვინეთუხუცესი", "გურამ საღარაძე", "უშანგი ჩხეიძე" - მარჯანიშვილის სახელობის პრემიით აღინიშნა. არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი, თეატრმცოდნე, რეჟისორი, პროდიუსერი, ჟურნალისტი გოგა (გიორგი) ჩართოლანი თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრების ეპიზოდებს გაიხსენებს. დღეს იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

televiziashi-kolegebtan-ertad-1698301844.jpg

"პრაქტიკულად, თეატრსა და თეატრალურ გარემოში გავიზარდე, დედა იზოლდა ჩართოლანი სანკულტურის თეატრში მუშაობდა, მერე მთელი ცხოვრება პედაგოგი იყო. ჩემი მეზობლები იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები. ეს იყო თეატრალური საზოგადოების სახლი და იქ ცხოვრობდნენ: გივი ბერიკაშვილი, გიზო სიხარულიძე, ეთერ გუგუშვილი, ვასო კიკნაძე... პირველად როდის აღმოვჩნდი თეატრში, აღარც მახსოვს, ალბათ ძალიან პატარა ვიყავი. გააზრებული შთაბეჭდილებები უკავშირდება შალვა გაწერელიას სპექტაკლებს "მოზარდში", შემდგომ უკვე - რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების წარმოდგენებს. მთელი ბავშვობა ყოველ საღამოს აუცილებლად რომელიმე თეატრში ვიყავი, კლასელებიც დამყავდა. მიყვარდა საგრიმიოროებში შესვლა და კულისებში ყოფნა. მახსოვს, გივი ბერიკაშვილთან საგრიმიოროში კომფორტულად ვგრძნობდი თავს..."

"ძალიან საინტერესო და რაღაც მისტიკური გარემო გვქონდა შექმნილი. მახსოვს, ლიანა ასათიანი ჩაწერაზე შილიფად ჩაცმული და ღია ფეხსაცმლით მოვიდა (იანვარი იყო), როგორ გამეთბო, აღარ ვიცოდი. მერე განათების აპარატი მივუშვირეთ, რადგან ლამის გალურჯდა. გადაცემა მაინც ჩავწერეთ. რთული იყო მონტაჟიც, რადგან საუბრისას მონაწილეები ხან აზრს, ხან წინადადებას არ ამთავრებდნენ, ერთი ისტორიიდან მეორეზე "ხტებოდნენ" და ცალკეული სიტყვების ამოჭრა და სხვაგან მიწებება გვიწევდა. ერთადერთი არ დამიმონტაჟებია და არც ერთი სიტყვა არ შემიცვლია ირაკლი ჩარკვიანის გადაცემაში. ქრონომეტრაჟშიც ზუსტად ჩავეტიეთ..."

"ძირითადად კრიტიკულ წერილებს ვწერდი, მათ შორის რობერტ სტურუაზე მაქვს დაწერილი, მაგრამ ჩემი ყველა რეცენზია განმსჭვალულია დიდი სიყვარულით. თავიდან ძალიან გაბრაზდა ბატონი რობერტი. ეს ბუნებრივი რეაქციაა იმათგან, ვინც არ არის მიჩვეული ამ ტიპის რეცენზიებს. როცა გურამ ბათიაშვილს ინტერვიუ მისცა, იქ სხვა სიტყვებთან ერთად, ჩემზე თქვა, - სილას გავაწნავ, სადაც შემხვდებაო. თუმცა გადავრჩი და ჩვენ შევრიგდით. მან იცის, რომ მიყვარს და ვაფასებ მის უნიკალურ შემოქმედებას, უბრალოდ ეს ეხებოდა სპექტაკლ "დარისპანის გასაჭირს", როცა საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი მოსაზრება დამეწერა. მე არ ვარ სტურუას მტერი და მას შემდეგ ბევრი კარგი რამ დავწერე და ვთქვი მასზე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი