"როგორც ჩანს, პრეზიდენტი ელოდა, რომ მისი იმპიჩმენტი გამოვიდოდა და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა. სინამდვილეში არ არის თავიდან მოსაშორებელი საქმე..."
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი ახლა სწორ გზაზე დგას და დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სწორად წარმოაჩენს.
- აბსურდის თეატრი ვნახე. რას ემსახურებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ვერაფერი გავიგე. ერთი კი ცხადია, კობახიძემ ზურაბიშვილთან დაწყებული ომი 10:0-ით წააგო. იცით, ეს როგორი ამბავია? ტაილანდის ნაკრები რომ თავის გულშემატკივრებსა და ტაილანდელებს ეუბნებოდეს, კი გაგვიტანეს გოლები, მაგრამ მოვიგეთო. იმპიჩმენტის პროცედურა მე ხომ არ დავიწყე, ან ზურაბიშვილმა? დაიწყო "ოცნებამ". საკონსტიტუციოში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ თავიანთი ხალხი ჰყავდათ და კობახიძის მითითება პირდაპირ გადმოიტანეს პარლამენტში. ე.ი. კობახიძემ ზურაბიშვილს შარი მოსდო, სინამდვილეში პრეზიდენტს დიდი არაფერი დაუშავებია. მე რომ ვხედავდე, "ქართული ოცნება" მართლა კონსტიტუციასა და კანონზე დარდობს, იცოცხლე, ავდგებოდი და დავუჭერდი მხარს. პროფესიით იურისტი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ზურაბიშვილს რეალურად არაფერიც არ დაურღვევია. რაზე წავიდა? საყიდლებზე, დისკოთეკაზე თუ ბაზრობაზე მანქანის საყიდლად გერმანიაში? წავიდა მაკრონთან შესახვედრად და რაზე შეხვდა? იმაზე, საქართველოს სტატუსი მიეცითო. იცით, ჩემთვის ყველაზე შემზარავი რა იყო? დარბაზში შემოვიდა პრეზიდენტი, მთავარსარდალი და რაც მთავარია, ქალი, "ქართული ოცნების" მამაკაცი დეპუტატები კი ფეხზე არ ადგნენ. პოლიტიკაში ვიქნებით, მედიცინაში თუ აეროკოსმოსურ სფეროში, პირველ რიგში ადამიანები ვართ. რადგან პარლამენტის წევრი ხარ, ადამიანურ რაღაცებზე უარს რომ ამბობ, ძალიან გულდასაწყვეტია.
- რატომ ვერ გამოუვიდათ იმპიჩმენტი?
- იმიტომ, რომ ხმები არ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ძალიან ეცადა ზოგის დაშანტაჟებას, ზოგის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. "ქართული ოცნება" ჩაფლავდა, ოპოზიციასთან პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად წააგო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობდა. ე.ი. წარმოიდგინეთ, რას ვუზამთ "ქართულ ოცნებას", "ნაციონალები" ერთი წელი მაინც რომ გაჩერდნენ და მათი მედიები რეალურ დღის წესრიგზე გადმოერთონ, საქმესაც გავაკეთებინებთ და ხელისუფლებიდანაც გავუშვებთ.
- ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა, პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ "ოცნების" წარმომადგენლებთან მარტო დაგეტოვებინათ. თქვენ რატომ დარჩით?
- რატომ არ უნდა დავრჩენილიყავი? სხდომათა დარბაზი იმ ოპოზიციონერებმა დატოვეს, ვისაც საკუთარი თავისი იმედი არ ჰქონდა და შეიძლება ხელი გაჰქცეოდა მწვანე ღილაკისკენ. კი, გავიგე ზურაბიშვილის მოწოდება, მაგრამ არა ვარ პატარა ბიჭი და თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს.
- თქვენ პრეზიდენტს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ფარცხალაძესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვით, თუმცა მან არც ერთი დეპუტატის შეკითხვას არ უპასუხა.
- დიახ და ეს კითხვა ისევ მაქვს. ჯერ თქვა, რომ დაუყოვნებლივ მოუხსნიდა მოქალაქეობას, შემდეგ უარი თქვა, ახლა ისევ შეცვალა გადაწყვეტილება. მართლა მქონდა იმედი, რომ პრეზიდენტისგან არგუმენტებს მოვისმენდი. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი ელოდა, რომ მისი იმპიჩმენტი გამოვიდოდა და იმიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა. სინამდვილეში არ არის თავიდან მოსაშორებელი საქმე. ძალიან უხერხულია ის, რასაც სუს-ი ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბობს. ჯერ ამდენი ხანი ამერიკელებს ეხვეწებოდნენ, თქვენ გვითხარით, მართლა აგენტია თუ არაო, ახლა მისი დანაშაულის ფაქტები არ არისო. მართლა ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დახურული? ძალიანაც არ მიხარია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ჩამოშლილია, ისევე როგორც თავდაცვა. რა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც რუსებს როგორც მოეპრიანებათ, ისე წაავლებენ შუაგულ საქართველოში ხალხს ხელს, ცხინვალში წაიყვანენ, მერე ფულს წაგვართმევენ და გამოუშვებენ. ზოგს შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგს კლავენ. "ქართული ოცნებისთვის" თავდაცვა, ჯარი არის ნაბოლარა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევს. ის მხოლოდ სოციალური პროექტია, მარტო ხელფასები უნდა მისცენ და მორჩა. დაინგრა მსოფლიო ჩვენ გარშემო, ყველამ ერთმანეთს გაუხსნა ცეცხლი და ახლა ძლივს ამოღერღა თავდაცვის სამინისტრომ, რომ თანხას გამოყოფს შეიარაღების შესყიდვისთვის. შეიარაღება არ უყიდიათ არც ერთი ცალი, რაც ხელისუფლებაში არიან. არც სჯერათ ამ ჯარის. არ სჯერათ, რომ ვინმეს წინააღმდეგობას გაუწევენ...