"შემოვა რუსული შავი ფული, დაიწყებენ ქართველი ახალგაზრდების გადაბირებას, გააქტიურდებიან რუსეთის აგენტები - რა საფრთხეს უქმნის "ბოროტების ბანაკისა" და დასავლეთის დაპირისპირება საქართველოს?!
საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რომელშიც იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს გლობალური დაპირისპირების გამო ემუქრება.
„ ესე იგი მსოფლიო ნელნელა კი არა სულ უფრო სწრაფი ტემპით მიდის გლობალური დაპირისპირებისკენ სადაც ერთ მხარეს ბოროტების ბანაკია წარმოდგენილი რუსეთ-ირან-ჩრდ.კორეა-და შესაძლოა არაბული/ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის და ჩინეთის სახით, და მეორე მხარეს უხეშად რომ ვთქვათ დასავლეთი.
ასეთი დაპირისპირება რუსეთს აწყობს, რადგან დასავლეთის ყურადღება და რესურსები მხოლოდ რუსეთზე არ იქნება მიმართული, რაც კრემლს იმედს აძლევს რომ ცოტა ამოისუნთქებს და არა მხოლოდ წელში გაიმართება უკრაინასთან ომში, არამედ საშუალება მიეცემა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გააქტიურდეს.
ამ გააქტიურების ფონზე და მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მოსკოვს წარმატება ფრონტის ხაზზე უკრაინაში და მით უფრო, წარუმატებლობის შემთხვევაში, ფიზიკის კანონების მსგავსად, ის სულ უფრო შემოვა საქართველოში, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ რუსული კაპიტალის შემოსვლა, მათ შორის, არალეგალურის გაგრძლედება, უფრო ინტენსიური გახდება ბორდერიზაცია-მიწების მიტაცება და ხალხი გატაცება, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ინტენსიფიკაცია აფხაზეთში და ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს, და რა თქმაუნდა, პოლიტიკური შემოღწევა. მოდი ეს სამი პროცესი შეძლებისდაგვარად თან მოკლედ და გასაგებად გადავთარგმნოთ.
რუსული კაპიტალის შემოსვლა იქნება ძირითადად შავი ფულის და კრიპტოვალუტის სახით, რადგან საბანკო სექტორში მისი ღიად გამოჩენა დასავლური სანქციების ამოქმედებას გამოიწვევს. რუსეთს სჭირდება ფინანსური მშვიდი ნავსაყუდელები მის პერიფერიაზე ამიტომ არ გადადგამს რაიმე ნაბიჯს იმ ფინანსური და ეკონომიკური სისტემის საზიანოდ, რომლის გამოყენება თავად სურს. თუმცა შავი ფულის შემოსევა ნიშნავს, რომ ეკონომიკა იქნება დაავადებული და ეს ფულის მასა არათუ არ მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას ,არამედ მისგან მიღებული დოვლათის სწორი განაწილება საერთოდ არ მოხდება და მოსახლეობის კეთილდღეობას ის არაფერს შემატებს (გარდა რუსულ კაპიტალთან ჩახუტებული ადგილობრივი ქართველებისა და მათი მაფიოზური კლანებისა). სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად შეარყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ვალუტის კურსს და გამოიწვევს ინფლაციას...ისევე როგორც ჯანსაღი (დასავლური) ინვესტიციების შემცირებას. დასავლურ ინვესტიციებში სავალუტო ფონდის და განვითარების ბანკების ინვესტიციებს არ ვგულისხმობ, არმედ კერძო კომპანიებისას, რაც მთავარი მაჩვენებლია ეკონომიკის სიჯანსაღის. ანუ იდეაში ეკონომიკური პრობლემები აუცილებლად გვექნება...აღარ ვსაუბრობ ისევ რუსული მიგრაციის და საქართველოში რუსების დასახლების მიმდინარე ტენდენციაზე და ქართველების აბარგებაზე და ამ ქვეყნიდან წასვლის შეუჩერებელ პროცესზე, რასაც ოცნება ირიბად თუ პირდაპირ ხელს უწყობს. გავიმეორებ ევროპაში 100% ით თითქმის არის გაზრდილი ბოლო წლებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა...და ეს მხოლოდ ის ოფიციალური ციფრებია, რაც ჩანს... და რამდენია წასული არალეგალურად.
რაც შეეხება სამხედრო ვითარებას და უსაფრთხოებას. რუსეთი იძულებულია შავი ზღის ფლოტის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა ყირიმიდან გადმოიტანოს თავისთან. ამისთვის, ბუნებრივია ნოვოროსიისკის თუ ტუაპსეს ინფრასტრუქტურა არაა საკმარისი. შესაბამისად, მოხდება მასობრივად აფხაზეთის ტერიტორიის ათვისება. ამავე დროს, კრემლს კარგად აქვს გათავისებული, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს სამხედრო ინფრასტრუქტურით ოკუპირებულ ტერიტორიებს, მით უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს და პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმებს, როგორც სატრანზიტო ჰაბი (დერეფანი) - რომ აღარ ვისაუბრო სხვა სახის პროექტებზე. გარდა ამისა, მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო მისცემს "ქართულ ოცნებას", რომ დამატებით დააშინოს საქართველოს მოსახლეობა ომის პერსპექტივით და გააჩაღოს ამ კუთხით პროპაგანდა. ბუნებრივია, რომ რუსეთის ამ ნაბიჯების თანმდევი ნიშანი იქნება კიდევ უფრო გახშირებული გატაცებები საქართველოს მოსახლეობის და უფრო მეტად აგრესიული ბორდერიზაცია,უფრო მეტის ტერიტორიების მიტაცებით.
და ბოლოს, ყველა ამ ნიბიჯის დაგვირგვინება იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე და ადგილობრივი რუსული აგენტებით ("ხალხის ძალა", პოსტ-ტვ, ალტინფო, სოციალისტები თუ სასარგებლო იდიოტები) მეშვეობით გაორმაგებული საინფორმაციო შეტევა და პროპაგანდა ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ. გაცილებით ღია გახდება პრორუსული ორგანიზაციების აქტივობები , მცდელობები ახალგაზრდების გადმობირების, რუსულ-ქართული ერთობის და კავშირების ღია პროპაგანდის და ბუნებრივია, კიდევ უფრო გამკაცრდება სამართლებრივად ხელისუფლების კრიტიკაზე რეაგირება, ისევე, როგორც გამორჩეულად ცნობილი აქტივისტების დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ 2024 წელს "ოცნებამ" მოიგოს არჩევნები. სულ სხვა საქმეა ელეტრონული არჩევნების სანდოობა, მე რატომღაც სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ მანდ გაყალბება შეუძლებელია. თუ ადრე საარჩევნო ოქმზე მაინც დაინახავდი ხელით გადაჯღაბნილ ციფრებს ან ხელმოწერებს, ეხლა რანაირად გამოვლინდება რაიმე დარღვევა თუ ელეტრონული სისტემის კონტროლი ისევ "ქართული ოცნების" ხელშია (თუ ვცდები ამიხსენით მაშინ და ვაღიარებ შეცდომას).
საბოლოო ჯამში, კრემლი ცდილობს თავის პერიფერიაზე ერთგვარი მორჩილი ვასალი რეჟიმების შექმნას, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს თუმცა დასავლეთთან კავშირები შენარჩუნებული აქვს, რაც ამ ქვეყნებს თითქოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნაცრისფერ ზონებად აქცევს და ეხმარება კიდევაც ტირანული რეჟიმის გადარჩენაში.
წინ ცხელი წელიწადი გველოდება", - წერს ძებისაშვილი.