აშშ ირანთან საომრად ემზადება?! - ბაიდენის ბოლო გაფრთხილება აიათოლას და ერთი ნაბიჯი დიდ ომამდე - კვირის პალიტრა

აშშ ირანთან საომრად ემზადება?! - ბაიდენის ბოლო გაფრთხილება აიათოლას და ერთი ნაბიჯი დიდ ომამდე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ აშშ-მა ორი კვირით გადაადებინა ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, გარდა მძევლების გამოხსნის საკითხისა, თურმე, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების სასწრაფოდ გადასროლაც ყოფილა...

აშშ-ს მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის 12 სისტემის გადატანას ახორციელებენ ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან ათი ათას კმ-ზე მეტად დაცილებულ ახლო აღმოსავლეთში.

Patriot РАС-3 ტიპის საჰაერო თავდაცვისა და THAAD-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემები დამატებით განთავსდება ქუვეითში, იორდანიაში, ერაყში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

საუდის არაბეთის ქალაქ ელ-ხარჯთან მდებარე პრინს-სულთანის ამერიკული საჰაერო ბაზა უმსხვილესია მთელ ახლო აღმოსავლეთში (ამ აეროდრომს ორი, თითოეული 4 კმ სიგრძის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს და ნებისმიერი თვითმფრინავის მიღება შეუძლია) და ეტყობა, იქ მიუჩენენ ადგილს THAAD-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მძლავრ რადიოლოკატორებსა და სარაკეტო დანადგარებს, რადგან ეს ამერიკული სამხედრო ბაზა ირანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმის პირველი სამიზნე შეიძლება, გახდეს...

თუმცა გაბედავს კი ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ღიად დაარტყას?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერაყსა და სირიაში დისლოცირებულ, შედარებით მცირე ზომის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე არანაკლებ 16 საჰაერო დარტყმა განხორციელდა კამიკაძე-დრონების გამოყენებით, რის შედეგადაც ოცზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, განადგურდა ტექნიკა...

ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს იმ ნახევრად ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, რომლების უკანაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობა დგას, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა შემდეგი სპეციალური გაფრთხილება გააჟღერა ირანის უმაღლესი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამენეის მიმართ -„ჩემი გაფრთხილება აიათოლას, თუკი გააგრძელებენ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას, ჩვენ პასუხს გავცემთ და ის მზად იყოს ამისთვის...“

სავარაუდოდ, ამერიკულ სადაზვერვო სტრუქტურებს აქვთ უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთანავე პროირანული სამხედრო დაჯგუფებები განახორციელებენ საპასუხო სარაკეტო თავდასხმებს იმ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც სირიისა და ერაყის, ასევე, შეიძლება საუდის არაბეთისა თუ იორდანიის ტერიტორიებზეა და სადამდეც მიწვდება მცირე სიშორის მქონე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე, კამიკაძე-დრონები.

თუმცა, უფრო შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაც არ არის გამორიცხული თავად ისრაელის ტერიტორიის წინააღმდეგაც, პირველ რიგში კი, პროირანული „ჰესბოლას“ მიერ, ლიბანის მხრიდან.

ყველა შემთხვევაში, თეირანი ეცდება, რომ მას ბრალი ვერავინ დასდოს რაკეტების უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან გაშვებაში, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აშშ-ის ხელმძღვანელობა მაინც ოფიციალურ თეირანს დაადანაშაულებს, თუ რომელიმე ნახევრად ტერორისტული ჯგუფი ერთი-ორ რაკეტას მაინც ესვრის რომელიმე ამერიკულ სამხედრო ბაზას ახლო აღმოსავლეთში, პასუხს სწორედ ირანს მოსთხოვს...

2-rak-1698307516.png
ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ნაწილი წვდება ათას კმ-მდე დაშორებულ ისრაელის ტერიტორიას, მაგრამ გაბედავს კი თეირანი ასე ღიად სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ისრაელზე თუ ისევ „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ ხელით გააგრძელებს ამას?

ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მიმართულებას, სარაკეტო თავდასხმების სახით, იემენი წარმოადგენს, სადაც მებრძოლ ჰუსიტებს ირანი აიარაღებს, მათ შორის - კამიკაძე-დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით.

მართალია, იემენიდან ისრაელამდე არანაკლებ 1 700 კმ-ია, მაგრამ ჰუსიტებმა უკვე გაუშვეს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონი, რომლებიც სრულიად შემთხვევით ჩამოაგდო წითელი ზღვის თავზე ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა, რადგან მისმა ეკიპაჟმა მათზე თავდასხმად აღიქვა, თუმცა ჰუსიტების გაშვებულ რაკეტებს გეზი უფრო შორს, ისრაელისკენ ეჭირათ...

3-rak-1698307516.png
THAAD-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემას 200 კმ-ის რადიუსში შეუძლია დააზიანოს და ჩამოაგდოს ბალისტიკური რაკეტა...

დიდად გაპიარებული ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“, შესაძლებლობების ფარგლებში, მეტ-ნაკლები წარმატებით აგდებს 4-70 კმ მოქმედების რადიუსის მქონე იმ ნახევრად კუსტარულ რაკეტებს, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან „უხვად“ უშვებს ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

მაგრამ,„რკინის გუმბათი“ უძლური იქნება, თუკი ისრაელს 300 კმ-იდან ან უფრო შორი მანძილიდან გაშვებული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები დაემუქრებიან.

ისრაელის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას, „რკინის გუმბათის“ გარდა, რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებიც(David's Sling და Arrow) იცავენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ამერიკული საზენიტო საშუალებების გადასროლა ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ასაწყობად, ისრაელს ნადვილად არ აწყენდა, რადგან ჰორიზონტზე დიდი ომის დაწყების ავისმომსწავლებელი „ღრუბლები“ გროვდებიან...

ამიტომაც, ისრაელის ხელისუფლება ითვალისწინებს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორის - აშშ-ის რჩევებს და დროებით თოკავს დიდი შურისძიების დაწყებას ღაზაში, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის სახით, თუმცა ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება...