ზელენსკის სკანდალები - ბოდიში კადიროვს, პორნომსახიობთან შედარებული უკრაინა, "გათიშვამდე" სმა იანუკოვიჩთან და თაღლითად მოხსენიებული "მიხო" სააკაშვილი - კვირის პალიტრა

ზელენსკის სკანდალები - ბოდიში კადიროვს, პორნომსახიობთან შედარებული უკრაინა, "გათიშვამდე" სმა იანუკოვიჩთან და თაღლითად მოხსენიებული "მიხო" სააკაშვილი

დღეს უკრაინა ბარბაროსულ რუსეთს უპირისპირდება და მისი გამარჯვება ყველა იმ ადამიანის თუ ქვეყნის გამარჯვებაა, რომელსაც არ სურს უკან, საბჭოთა და რუსულ ჭაობში დაბრუნება. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელმაც გამოიჩინა დიდი სიმამაცე და გამბედაობა მისი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში. რა თქმა უნდა, უკრაინას და ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას ვუსურვებთ.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე ზელენსკი "კვარტალ 95"-ის დამფუძნებელი იყო. ამ ჯგუფის მსახიობები და თავად ზელენსკი, ძირითადად, პოლიტიკაზე ხუმრობდნენ და, შესაბამისად, სკანდალებიც არცთუ იშვიათად ხდებოდა.

ერთხელ, "კვარტალ 95"-ის ერთ-ერთ გადაცემაში ჩეჩნეთის ლიდერის - რამზან კადიროვის პაროდია გააკეთეს. პაროდიის შემადგენელი ნაწილი იყო ვიდეო, რომელშიც კადიროვი ლოცულობდა. მოგვიანებით, ზელენსკიმ ბოდიში მოუხადა რამზან კადიროვს და მუსლიმანებს. მან განმარტა, რომ მისმა ვიდეომ, როგორც ჩანს, მუსლიმანთა ნაწილის რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

„ჩვენს ბიჭებს ბოდიში მინდა მოვუხადო“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

2019 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟზე იხუმრა, რომელიც გარდაცვლილი იყო. თუმცა ხუმრობის გამო ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მაშინ, როცა იანუკოვიჩის ვაჟზე იხუმრა, ის გარდაცვლილი არ იყო.

„არ ვფიქრობ, რომ იუმორის გამო ბოდიში უნდა მოვიხადო“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

თუმცა მანამდე ზელენსკის კიდევ ერთხელ მოუწია ბოდიშის მოხდა. კერძოდ, "კვარტალ 95"-ის ერთ-ერთ კონცერტზე მან და მსახიობებმა უკრაინა, ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, პორნომსახიობს შეადარეს, რომელსაც "შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რაოდენობით და ყველა მხრიდან". მოგვიანებით ზელენსკი ამტკიცებდა, რომ არასოდეს მოუვიდოდა თავში აზრად უკრაინისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

პრეზიდენტობამდე, ზელენსკი ყველასათვის საყვარელი კომიკოსი იყო, მან და "კვარტალმა 95"-მა იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს დიმიტრი მედვედევისთვისაც გამართა "კერძო კორპორატივი", რომელიც იმ პერიოდში უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა.

იანუკოვიჩისა და ზელენსკის ურთიერთობა კიდევ ერთ ისტორიას უკავშირდება. კერძოდ, თავად ზელენსკი ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა (უკრაინის პრეზიდენტი 2009-2014 წლებში, რომელიც მაიდნის გამო რუსეთში გაიქცა და დღემდე იქ იმყოფება) მას 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, რათა "კვარტალ 95"-ის შემოქმედება მისი ხელისუფლების მიმართ ლოიალური ყოფილიყო (ეს გადაცემა მაშინ ტელეარხ "ინტერზე" გადიოდა, რომელიც იანუკოვიჩის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა). მეტიც, ზელენსკი აცხადებდა, რომ იანუკოვიჩმა მისი არყით დათრობა სცადა, რათა თანხმობა მიეღო. თუმცა იანუკოვიჩმა "კვარტალ 95"-ის ხელმძღვანელისგან უარი მიიღო.

screenshot-2023-10-26-122746-1698309301.png

ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია ზელენსკის პაროდიები მიხეილ სააკაშვილზე. უკრაინის მომავალი პრეზიდენტი თავად ასახიერებდა ხოლმე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ერთ-ერთი პირველი პაროდია იყო აგვისტოს ომზე, რომლის დროსაც, სააკაშვილი და იუშჩენკო (უკრაინის პრეზიდენტი 2004-2009 წლებში, სააკაშვილის მეგობარი) ჭკუასუსტ ხელოსნებად არიან გამოყვანილები, რომლებიც "ხაზეინს" ანუ ამერიკას ანგარიშს აბარებენ.

ასევე, პოპულარული იყო მიხეილ სააკაშვილის 2017 წლის პაროდიაც.

„თაღლითი, პოპულისტი და შეუდარებელი კორუფციონერი მიხო სააკაშვილი“, - ასე მოიხსენიეს 2017 წელს მიხელ სააკაშვილი „კვარტალ 95-ის“ შოუში.