"ხათუნა სამნიძემ რუსულ რეჟიმს საბაბი მისცა, ხელი ჩვენი პარტიისკენ გამოიშვიროს, მაგრამ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს" - გია ბარამიძე
სამწუხაროა, რომ ქალბატონმა ხათუნამ [სამნიძე], ვის გულისხმობდა არ დაასახელა და ამით, რუსულ რეჟიმს კიდევ ერთი საბაბი მისცა, რომ ხელი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გამოიშვიროს - ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი“.
როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „არანაირად, არანაირი მოცემულობით არ შეიძლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ რამე თქვას“. ბარამიძის თქმით, მთელი მათი საქმიანობა, მთელი მათი ბრძოლა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველო ევროკავშირს და ნატო-ს დააახლოონ“.
„სამწუხაროა, რომ ქალბატონმა ხათუნამ, ვის გულისხმობდა არ დაასახელა და ამით რუსულ რეჟიმს კიდევ ერთი საბაბი მისცა, რომ ხელი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გამოიშვიროს. მათ საფუძველი არ სჭირდებათ, მხოლოდ საბაბები. რასაც გინდა ყურს იმას მოაბამენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირონ. ამიტომ, ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვაქვს. ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და თქვა, რომ ვინც კი შეხვედრია მას და მითუმეტეს, ახლა, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება და კონსულტაციები გვაქვს, როგორც ევროკავშირის ელჩთან, ისე ჩვენს პარტნიორებთან, უშუალოდ, დედაქალაქებში. ბუნებრივია, ვამბობთ იმას, რასაც თქვენ ისმენთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არა იმიტომ, რომ ვიღაცის ხათრით ვაკეთებთ ამას ან ვიღაცის შიშით და ვიღაცამ რომ არ წამოგვაძახოს და ა.შ. ეს არის ჩვენი მრწამსი, ჩვენი რწმენა. ეს არის ჩვენი მრწამსი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა დგას, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. დღეს თუ ჩვენ რაიმე შანსები გვაქვს, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, ეს საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა მთავრობამ შექმნა. ამ ქვეყანაში ვერაფრის შანსი ვერ იქნებოდა, თუკი ის ინსტიტუციები არ შეიქმნებოდა, რომლებიც არ არსებობდა „ვარდების რევოლუციამდე“ და შეიქმნა“,- აღნიშნა ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ევროპის ქვეყნებმა „ყურები გამოიქექეს, თვალები გაახილეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაინახეს, რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედონ და უკრაინა, მოლდოვა, საქართველო რუსეთს საჯიჯგნად არ დაუტოვონ“.
„სამი ფაქტორია, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას [კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] განსაზღვრავს. პირველი, გეოპოლიტიკური ფაქტორი. მეორე, ერის ნება და მესამე, რა ჭკუაზეა მთავრობა და რა პოლიტიკას აწარმოებს. პირველი ორი ფაქტორი ახლა ჩვენთვის ხელსაყრელია. გეოპოლიტიკურად ახლა ჩვენთვის შესაძლებლობის ეს ფაქტორი გაიხსნა, როგორც ამბობენ. იმიტომ, რომ ევროპამ რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაინახა, რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს და უკრაინა, მოლდოვა, საქართველო საჯიჯგნად რუსეთს არ დაუტოვოს. რომ იტყვიან, გამოიქექეს ყურები და თვალები გაახილეს გერმანიამ, საფრანგეთმა, სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც ევროპულ პერსპექტივას არ გვაძლევდნენ. ამაზე მთელი დებატები იყო ჯერ კიდევ ჩვენს დროს, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვთხოვდით, მოლაპარაკებები როდესაც გვქონდა. ახლა მიხვდნენ, რომ ეს პროცესი დასაწყებია. ქართველი ხალხის ნებას რაც შეეხება, ყველა გამოკითხვით, მინიმუმ 80%-ია და ადის 90%ამდე. ამიტომ, აქ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ერი ერთსულოვანია. 10% და რაღაცა ნაწილი ყველა სახელმწიფოში იქნება რაღაცის წინააღმდეგი. შეუძლებელია, რომ ყველა ერთ ჭკუაზე იყოს. მესამეა მთავრობის მიერ გაკეთებული საქმე - ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამბობენ, რომ 12 რეკომენდაცია მოგეცით და აქედან 3, ისიც კოჭლობით არის შესრულებული. 12-დან 9-ს რომ არ შეასრულებ, მთავრობა თუ არ ასრულებს, მთავრობა თუ ევროკავშირს აგინებს, მთავრობა თუ რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირს აბრალებს, რომ ომის დაწყება გინდაო. მთავრობა თუ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იძახის, რომ ფარატინა ქაღალდი და ჩალის ფასიაო, პირდაპირ კონფრონტაციაში არიან შესულები, მაშინ ვინ მიგიღებს? შენ თუ ოჯახში შესვლა გინდა, იმ ოჯახის გინებით კარებს ვინ გაგიღებს. ეს ადამიანურ ენაზე და ვითარებაზე რომ გადავიტანოთ. იძახი, რომ სადღაც ოჯახში გინდა, შეგიშვან და იმ ოჯახს აგინებ, წიხლებს ურტყამ სახლს და კარებს, რომელი ნორმალური ოჯახი გაგიღებს კარებს?“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ინტერპრესნიუსი"