„კარგი ღვინის დაყენება შეიძლება კარგი ლექსის დაწერას შევადაროთ“
"ადამიანი ღვინოს დახლზე როცა ხედავს, უნდა იცოდეს, რომ ამ პროდუქტის უკან დიდი შრომა დგას. ეს მხოლოდ რომანტიკა და ლამაზი სამყარო კი არა, მძიმე შრომაა თავისი სხვადასხვაგვარი რისკით. წარმატებული შედეგი, ალბათ, საკუთარი შეცდომებზე სწავლითაც მიიღწევა", - გვეუბნება ალეკო ცქიტიშვილი, ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი. უკვე 15 წელიწადია, ბატონი ალეკოს დიდი გატაცებაა მევენახეობა-მეღვინეობა, რომელმაც ყველა სხვა გატაცებას გადააჭარბა. ის ჩვენი სტუმარია და მოგვითხრობს იმ 15-წლიან თავგადასავალზე, რაც ვენახს, ვაზს და ღვინოს უკავშირდება.
ალეკო ცქიტიშვილი:
- ქართული ვაზის ჯიშები ამოუწურავი თემა აღმოჩნდა. ყველა ჯიში იმდენად განსაკუთრებული და განსხვავებულია, რომ თითოეულზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო. ნებისმიერი მათგანის პოტენციალის შესწავლას წლები სჭირდება. მაგალითად, მცვივანი კახურის შესწავლას ამ დარგის ავტორიტეტულმა მეცნიერმა თეიმურაზ ღლონტმა წლები მოანდომა.
- თქვენი გატაცება საიდან დაიწყო?
- ლიტერატურას ყოველთვის ვეცნობოდი... ივანე ჯავახიშვილის "საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში" არის ქართული ვაზის ჯიშებზე საუბარი, ასევე "საქართველოს ამპელოგრაფიაში", რომლის ავტორები არიან ნიკო კეცხოველი, დიმიტრი ტაბიძე და მაქსიმე რამიშვილი. სულ 525 ვაზის ჯიში იყო შესწავლილი და ამპელოგრაფიულ კოლექციებში თავმოყრილი. ეს კოლექციები საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონში არსებობდა, იქ, სადაც ვაზის ჯიშები იყო დაცული. ყველაზე დიდი თბილისის კოლექცია გახლდათ, რომელიც ამპელოგრაფებმა გააშენეს, მაგრამ 90-იან წლებში განადგურდა...
წლების წინ, ბიძინა ივანიშვილმა იმ ყველაფრის აღდგენა და კოლექციის გაშენება ჯიღაურაში დაიწყო. ვაზის ჯიშების თავმოყრა შესაძლებელი გახდა ლევან უჯმაჯურიძის დახმარებით. სამწუხაროდ, 525 ვაზის ჯიში აღარ არსებობს, შარშანდელი მონაცემით, მხოლოდ 440-ია. ბოლო წლებში დაკარგული ჯიშები ხელახლა უნდა ვეძებოთ და ახლიდან ვიპოვოთ.
წლების წინ, ასევე მალხაზ ხარბედიას ინიციატივით, მეგობრებთან ერთად, "ღვინის კლუბი" დავაარსეთ. ურთიერთობა გვქონდა ღვინისა და კულინარიის შესახებ საიტის ფორუმზე. იქ გაცნობილ ადამიანებს შევთავაზე იდეა, სადმე ნაკვეთი გვეყიდა, სადაც ძველ ქართულ ჯიშებს გავაშენებდით.
ჩემს იდეას 15-მდე კაცი გამოეხმაურა და ასე ინტერნეტით გაცნობილებმა ვენახის გაშენება გადავწყვიტეთ. სოლომონ ცაიშვილი თბილისიდან ბაკურციხეში უკვე გადასული იყო და იმ ვენახის მოვლა-პატრონობა თავის თავზე აიღო. ბაკურციხეში არის საუკეთესო ზვარი - ჭორტაული, სადაც იმ დროისთვის ნაკვეთები იყიდებოდა. სწორედ იქ გადაწყდა კახური ვაზის ჯიშების ჩაყრა. ამას 5 წელიწადი მოვანდომეთ. ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურის სანერგიდან "ღვინის კლუბს" ვაზის ჯიშები უფასოდ გადმოსცა.
შემდეგ დავაარსეთ არაკომერციული ორგანიზაცია "ქართული ვაზის ფონდი", რომლის ეგიდით 1 ჰექტარი ვენახი გაშენდა. აქ თავი მოვუყარეთ 10 ვაზის ჯიშს. იშვიათი ჯიშების გარდა, მცირე რაოდენობით გვქონდა საწარმოო ჯიშებიც - რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური. ამასთანავე, იყო ვარდისფერი რქაწითელი, ბუდეშურისებრი საფერავი, ღვინის თეთრი, ქისი, ხიხვი, მცვივანი კახური, ბუერა, სასუფრო ჯიშებიდან - ჰამბურგის მუსკატიც (უცხოური ჯიში), რომელსაც საღვინედაც ვიყენებდით. ზოგიერთი მცირე რაოდენობით იყო - 50 კილოგრამი იკრიფებოდა, მაგრამ გამოსაცდელად საკმარისი იყო...
- 2010 წელს გაშენებული ვენახიდან პირველი სრული მოსავალი როდის მიიღეთ?
- 2015 წელს და ამავე წელს დავიწყეთ ამ ვენახის ყურძნისგან დაყენებული ღვინის გაყიდვაც, მათ შორის ექსპორტზე აშშ-ში გავიტანეთ და არჩევანი შევაჩერეთ ქვევრის ღვინოზე. დიდი რაოდენობით რაც იკრიფებოდა, ქვევრში ვაყენებდით, რაც მცირე რაოდენობით იყო - სხვადასხვა ჭურჭელში. ამ ექსპერიმენტებმა სხვადასხვა ვაზის ჯიშის პოტენციალი გამოავლინა.
2018 წელს სოლომონ ცაიშვილი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. შემდეგში "ქართული ვაზის ფონდის" ვენახი გავასხვისეთ, სადაც საქმე ღირსეულად განაგრძეს.
ჩემი საოჯახო მარნის ამბავი ქართული ვაზის ფონდის ვენახის ისტორიის გარეშე არ არსებობს. 2020 წელს უკვე ჩემი ვენახი შევიძინე. დავრჩი ბაკურციხეში როგორც ინდმეწარმე, საოჯახო მარნის წარმომადგენელი. აქცენტს კვლავ ვაკეთებ იშვიათი ვაზის ჯიშებზე, რომელთა ვენახები მინდა გავაშენო, გავამრავლო და მათგან დაყენებული ღვინო მომხმარებელს გავაცნო. ამ ეტაპზე იშვიათი ჯიშები არა მაქვს. რაც მაქვს, ვცდილობ, ღვინო სხვადასხვა ჯიშისგან ცალკე დავაყენო და ერთმანეთში არ ავურიო. ვენახიდან ჯერ მწვანე კახურს ვკრეფ. როგორც წესი, კახეთის ვენახებში მწვანე კახური და რქაწითელი ერთად არის გაშენებული (მწვანე კახური უფრო ნაკლებია, ვიდრე რქაწითელი). მწვანე კახურს ცალკე ვაყენებ. ცალკე ვკრეფ ასევე ბუერასა და მცირე რაოდენობით საფერავს. მაქვს მცირე რაოდენობით ვარდისფერი რქაწითელი, ამასაც ცალკე ვაყენებ. ჩემს ახალშენ ვენახშია ქართლის იშვიათი ჯიშიც - მუხამწვანე, გორული მწვანეს ვარიაციაა, ოღონდ ცალკე ჯიშად არის აღწერილი.
- საერთო ფართობი რამდენია?
- მსხმოიარე ვენახი 4 000 კვადრატული მეტრია. ამას ემატება ახალშენი ვარდისფერი რქაწითელი და მუხამწვანეც, რომლის გაშენება 2020 წლიდან დავიწყე. სრული მოსავალი ჯერ არ ამიღია. გაისისთვის ვაპირებ ამ ყურძნებისგანაც დავაყენო ღვინოები და ღვინის მოყვარულებს გავაცნო. მევენახე, ვინც მეხმარება, ბიოორგანული წესებით უვლის ვენახებს. ყოველწლიურად ყურძენს მისგანაც ვყიდულობ, მასაც ასეთივე შემადგენლობის ჯიშები აქვს, რაც უკვე დავასახელე.
- როგორც მითხარით, "ბუნებრივი ღვინის ასოციაციის" წევრი ხართ... რა გულისხმობს ეს?
- ასოციაციაში ნატურალური ღვინის მწარმოებლები არიან. ეს ნიშნავს, რომ ვენახი ორგანული მეთოდებით უნდა იყოს მოვლილი და ღვინო - ბუნებრივად დაყენებული, ყოველგვარი ჩარევის ანუ ინდუსტრიული მეთოდებით დამუშავების გარეშე. ეს არის მიდგომა, რომ არ დავაზიანოთ ბუნება. სოლიკო ცაიშვილი იყო საქართველოში ამ მიმართულების განვითარების ერთ-ერთი ინიციატორი. ჩვენც მის გზას განვაგრძობთ.
ეტიკეტზე ვაზის ჯიშის გამოყოფას ვამჯობინებ. ასევე ხაზგასმულია, რომ ჭორტაულის ვენახების ღვინოა, თვითონ ჩემს მარანსაც ასე ჰქვია. გარდა ვაზის ჯიშებისა, მინდა ამ ზვრის პოპულარიზაციაც...
წლეულს პირველად, რაც ბაკურციხეში ვარ, ქისის შაქრიანობა 19-ზე ზემოთ ვერ ავიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მხოლოდ წვენი, ჭაჭის გარეშე დამეყენებინა, როგორც იმერეთში. ქისს მაინც კახურად დაყენება უხდება, მიუხედავად ამისა, დასაწუნი ღვინო არც მხოლოდ წვენით გამოვა. ჩემნაირად ჭორტაულში სხვა მევენახეებსაც აქვთ გეგმები და მინდა ნატურალური მეღვინეობის მოყვარულებს წარმატებული შედეგები ვაჩვენოთ.
ვეთანხმები აქსიომას, რომ ღვინო ვენახიდან იწყება. მეღვინე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისივე მოსავალზე, რომლისგანაც ღვინოს უნდა აყენებდეს... მოკლედ, ჩემი საოჯახო მარნის ამბავი მაინც ქართული ვაზის ფონდის ვენახის ისტორიის გარეშე არ არსებობს.
ამ ყველაფერთან ღვინის ჟურნალისტიკამაც დამაინტერესა და რამდენიმე წელიწადს სხვადასხვა გამოცემაში ვაზსა და ღვინოზე ვწერდი. ჩემი ინტერესის სფერო იყო იშვიათი ვაზის ჯიშები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაში, ასევე ამ სფეროში მიმდინარე პროცესები. ახლაც, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ხანდახან ვწერ ხოლმე ამა თუ იმ მარანზე, პრობლემებზე.
ვაზი და ღვინო უსასრულოდ მრავალფეროვანი სამყაროა, რომელიც ახალ-ახალი აღმოჩენებით გრძელდება და არ მთავრდება. ამავე დროს, ეს შემოქმედებითი პროცესია - კარგი ღვინის დაყენება შეიძლება კარგი ლექსის დაწერას შევადაროთ. ბუნებისგან მოცემული მოსავალი ცოცხალი სახით უნდა მიიტანო მომხმარებლამდე.