როგორ იქმნება სოფი ზარაფიშვილის "ფლანტასტიკის" ჯადოსნური მიკროსამყარო
როდესაც ბუნება გიყვარს, მასთან სიახლოვეს სხვადასხვა ფორმით ცდილობ: უვლი მცენარეებს, ზრუნავ ცხოველებზე, ფრინველებზე, სტუმრობ ბუნებას... 23 წლის სოფი ზარაფიშვილი ფლორისტ-დეკორატორია, ბუნება უზომოდ უყვარს და ამ სიყვარულის შედეგია, რომ საკუთარი ხელით ბუნებრივი მასალისგან ულამაზეს მიკროსამყაროს, ტერარიუმებსა და აკვარიუმებს ქმნის. "ძალიან მიყვარს ბუნებაში სეირნობა და დაკვირვება. რაც უფრო დიდხანს აკვირდები ბუნების სილამაზეს, მით უფრო ამჩნევ და შეიგრძნობ მის უნიკალურობასა და ენერგიას", - გვეუბნება სოფი ზარაფიშვილი.
სოფი ზარაფიშვილი:
- 17 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა მცენარეების მაღაზიაში დავიწყე. ყოველდღიურად ასობით მცენარეს ვუვლიდი. პირველი მიკროსამყაროც იქ ავაწყვე. საათობით ვიჯექი, ვუყურებდი ტერარიუმს და წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა იმ მიკროსამყაროში ცხოვრება და სეირნობა. "ფლანტასტიკის" შექმნის იდეაც სწორედ იმ პერიოდში დამებადა, ასე ვუწოდე მიკროსამყაროს გამოხატვის ჩემეულ ფორმას. მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეგრძნო საკუთარი მიკროსამყაროს ქონის ბედნიერება.
დასანანია, რომ ხშირად ვერ ვახერხებთ ბუნებაში გასვლას, ამიტომ ეს არის საშუალება გქონდეს საკუთარი ტყე სახლში, რომელთანაც დაჯდები, იოცნებებ, დაისვენებ.
- ანუ საკუთარი ტყე სახლში "გააშენეთ". ნამუშევრები უმეტესად მინის სხვადასხვა ჭურჭელშია მოთავსებული. რამდენად ადვილია შემდგომ მათი მოვლა, თითოეული რამდენ ხანს ძლებს?
- კომპოზიციის აწყობა თითქმის ყველაფერში შეიძლება. ტერარიუმის მოვლა არ არის რთული, მთავარია, კარგი განათება, შიდა დანამვა. მიკროსამყაროს ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ სწორი მოვლით დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ლამაზი და ჯანსაღი ხდება. რამდენ ხანს გაძლებს, მოვლაზეა დამოკიდებული. 3-5 წელიწადს სწორი მოვლით აუცილებლად გაძლებს, შემდეგ კი ამ მცენარის ქოთანში ან უფრო დიდ მინის ჭურჭელში გადატანა შეიძლება.
- მინის ჭურჭელში ამ კომპოზიციების შექმნას რა უპირატესობა აქვს?
- მინის ჭურჭელს, გარდა იმისა, რომ ესთეტიკური დეკორაციაა, ფუნქციური დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, მინა კარგად ატარებს სინათლეს, რომელიც მცენარის ფოტოსინთეზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტემპერატურის რეგულირება და ტენიანობის შენარჩუნებაც ბევრად მარტივია.
- რა მასალას იყენებთ მიკროსამყაროსთვის?
- წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, ღია ტერარიუმს ვაკეთებთ თუ დახურულს. შემდეგ გვჭირდება კერამზიტის ქვები, დამუშავებული ხავსი, სტერილური, მიკროელემენტებით გაჯერებული ნიადაგი და სხვადასხვა სახეობის ხის დამუშავებული ქერქი, კლდის ქვა, კრისტალები და ა.შ. მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვაგროვებთ, რაც კომპოზიციას საბოლოოდ უნიკალურ სახეს აძლევს.
- წინასწარ იცით, რას გააკეთებთ?
- კომპოზიციას დეტალური სახე აწყობის პროცესში ეძლევა, თუმცა ზოგადი ჩარჩო წინასწარ განსაზღვრულია ჭურჭლითა და შერჩეული მცენარეების მიხედვით. მიკროსამყაროს დიზაინი ყოველთვის შთაგონების ნაწილია, პროცესში იქმნება. "ფლანტასტიკის" ტერარიუმები ათობით ჩვენი მოქალაქის საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეს ამშვენებს. გარდა ტერარიუმებისა, ქოთნის მცენარეებითაც ვამწვანებ სხვადასხვა სივრცეს: სპორტდარბაზებს, კაფეებს, სახლებს...
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნამუშევარია ჟურნალების მაგიდაში ჩაშენებული ტერარიუმი. მოუთმენლად ველოდები უნიკალური საკონფერენციო მაგიდის აწყობასაც. იმედია, ამ ჩანაფიქრს მალე განვახორციელებ.
- თითოეულზე რამდენ ხანს მუშაობთ?
- ყველა ტერარიუმზე თუ აკვარიუმზე მუშაობას სხვადასხვა დრო სჭირდება, მინიმუმ 3-4 საათი უნდა თითოეულს. 2-3 დღეც მიმუშავია ერთ მიკროსამყაროზე.
- აკვარიუმებს როგორ ამზადებთ? რაც ვნახე, ზომა არც ისე პატარაა. ალბათ, თევზები იმ სილამაზეში თავს ბედნიერად გრძნობენ...
- აკვარიუმები ახალი მიმართულებაა. ამ სფეროში საზოგადოების ცოდნა ძალიან მწირია, ამიტომ ვცდილობთ სათანადო სახეობის წყალმცენარეებისა და თევზების შერჩევაში დავეხმაროთ, რათა თავიდან აიცილონ იმედგაცრუება. აკვარიუმის დიზაინი ყოველთვის თევზების საჭიროებებზეა მორგებული, სასიცოცხლო ციკლის შესაქმნელად კი უდიდეს როლს ასრულებენ წყალმცენარეები.
აკვარიუმის აწყობისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. მთავარია სასიცოცხლო ციკლი შედგეს ბაქტერიულ დონეზე, რასაც სხვადასხვა ტესტირებით ვაკონტროლებთ.
ზოგიერთ აკვარიუმში "ბედნიერ" თევზებთან ერთად კრევეტები და ლოკოკინებიც ბინადრობენ. ყველა თევზს თავისი ხასიათი აქვს. მაგალითად, ძალიან საინტერესოა, როგორ ირჩევენ დასაძინებლად ადგილებს, რამდენად აქტიური არიან ჭამის დროს, როგორ ირჩევენ პარტნიორებს და ა.შ.მიკროსამყაროების შექმნა და ნამუშევრით ტკბობა ჩემთვის ოცნებებთან ასოცირდება, წარმოვიდგენ, როგორ თანაცხოვრობს ჩემი შექმნილი ჯადოსნური სამყაროს სხვადასხვა ბინადარი და ეს სიმშვიდეს მგვრის. მიკროსამყაროები გახსენებს შენი ცხოვრების ყველაზე მშვიდ, ლაღ და ბედნიერ მომენტებს. ყველას გვაქვს წუთები, როდესაც სამყაროსგან დაღლილებს გაუჩინარება გვინდა, პირადი მიკროსამყარო სწორედ ამის საშუალებას გაძლევს, მუსიკის ფონზე შეიძლება ბუნებრივი რელიეფის, სიმწვანის ყურება და ფიქრებში ჩაკარგვა.
ჩემი ნამუშევრების შექმნაში დიდ როლს თამაშობს ხალხის ის რეაქცია, რასაც ვხედავ ტერარიუმის გადაცემის დროს, ის აღფრთოვანება, როდესაც მათ მიკროსამყაროს ხელში პირველად დაიჭერენ და გაიაზრებენ, რომ ეს შექმნილია მხოლოდ მათთვის. მათი გულწრფელი სიხარული იმდენად ძლიერია, რომ მზად ვარ შინ მისვლისთანავე ახალ ტერარიუმზე დავიწყო მუშაობა.