პრობლემა, რომელიც საქართველოს მომავალში დიდ საფრთხეს შეუქმნის - როგორ ინიღბებიან რუსი ჯაშუშები ტაქსისტებად და კოსმეტოლოგებად - კვირის პალიტრა

პრობლემა, რომელიც საქართველოს მომავალში დიდ საფრთხეს შეუქმნის - როგორ ინიღბებიან რუსი ჯაშუშები ტაქსისტებად და კოსმეტოლოგებად

დღეს მინდა ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელისგან მომდინარე საფრთხე შეიძლება ჯერ ნაკლებადაა გააზრებული, თუმცა მომავალში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ბევრჯერ დააზიანებს. ამ პრობლემის უკეთ გააზრებისთვის სამი ფაქტი გავიხსენოთ, რომლებიც სულ ახლახან დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ლატვიაში მოხდა. სამივე ქვეყანაში გამოვლენილ იქნნენ რუსეთის სპეცსამსახურების არალეგალურად მოქმედი აგენტები, რომლებიც წლების მანძილზე IT სპეციალისტის, ფოტოგრაფის, მზარეულის, ტაქსის მძღოლის, კოსმეტოლოგის, ფიტნესტრენერის და სხვ. „მშვიდობიანი“ პროფესიის საფარქვეშ მოქმედებდნენ.

ცოტა შორიდან დავიწყებ. თუ არტილერია ოდითგან “ომის ღმერთად” ითვლებოდა, არალეგალური დაზვერვა ყოველთვის იყო და არის სპეცსამსახურების საქმიანობის “უმაღლესი პილოტაჟი”. უცხო ქვეყანაში დიპლომატის მუნდირით დაცული და თბილ კაბინეტში მოკალათებული მზვერავის რისკი, ახლოსაც კი ვერ მივა არალეგალი აგენტის ყოველდღიურ ნერვულ სტრესთან და მრავალწლიან, სხვის გვარს ამოფარებულ ფარულ ცხოვრებასთან. მას ხომ ყველაფერი (გვარ-სახელი, ასაკი, ბიოგრაფია, წარმატებები თუ პრობლემები) სხვისგან მოპარული აქვს და უცხო ქვეყანაში გამოაშკარავების მუდმივი შიშით ცხოვრობს, რადგანაც დაპატიმრების შემთხვევაში, მას ძალზე მკაცრი სასჯელი ელის. ამიტომაც არალეგალური პოზიციებიდან დაზვერვა ურთულესი პროცესია და ყველა წვრილმანის შესწავლასა და გათვალისწინებას მოითხოვს.

“არალეგალები” მრავალწლიანი ფარული აგენტურული მუშაობის დაწყების წინ სამი თვიდან - ორ წლამდე სპეციალურ მომზადებას გადიან (სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკა განსხვავებულია). მომზადება ძირითადად ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე დაწვრილებით სწავლობენ იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, არქიტექტურას, ტრადიცია– წესჩვეულებებს და ა.შ., სადაც ლეგენდით უნდა იცხოვრონ. მეორე ეტაპზე უკვე ოპერატიული ტექნიკის გამოყენებასა და საიდუმლო კავშირის დამყარების მეთოდებს ასწავლიან. პარალელურად, დაძაბულ რეჟიმში მუშაობს არალეგალური მზვერავების დოკუმენტაციითა და ლეგენდირებით უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ოპერატიული თანამშრომლები მთელ მსოფლიოში, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის სასაფლაოებზე (!!!) და საეკლესიო წიგნებში ეძებენ ბავშვობაში გარდაცვლილების გვარებს და ამის საფუძველზე ქმნიან ახალ ბიოგრაფიებსა და ლეგენდებს (რაც შემდეგ არალეგალ მზვერავმა ზეპირად უნდა იცოდეს) და ამზადებენ ყალბ დოკუმენტებს. ხედავთ ხომ, რა მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი ერთი „არალეგალის“ მოსამზადებლად? ამას ემატება საკმაოდ დიდი დანახარჯები „არალეგალის“ ლეგენდისშემდგომი ცხოვრების მოსაწყობად. ასე რომ, დღეს ერთი არალეგალურად მოქმედი მზვერავის მომზადება და ლეგენდის მიხედვით ცხოვრება, შეიძლება რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდეს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს დანახარჯები სრულიად გამართლებულია: წარმატების შემთხვევაში არალეგალი აგენტი არა მარტო სტრატეგიული ინფორმაციის წყაროა, არამედ შესაძლოა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედრო–პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური და ა.შ. გადაწყვეტილების მიმღებ პირად (ან მის მეუღლედ) იქცეს!

დიდი ბრიტანეთი კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნეა

2023 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ხუთი ბულგარეთის მოქალაქე, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ინგლისში. ესენი არიან: ორლინ ივანოვი (45 წლის ); ბისერ ჯამბაზოვი (41 წლის); კატრინ ივანოვა (31 წლის); ივან სტოიანოვი (31 წლის ) და ვანია გაბეროვა (29 წლის). მათ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. კერძოდ, სხვადასხვა ობიექტებზე და პირებზე თვალთვალში (როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე) და ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში. ამ ჯგუფის აგენტურულ საქმიანობას ორლინ რუსევი ხელმძღვანელობდა.

picture5-1698387928.jpg

ორლინ რუსევი, კატრინ ივანოვა და ბისერ ჯამბაზოვი

რუსევის, ჯამბაზოვისა და ივანოვას საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ჩეხეთის ყალბი პასპორტები და სახვადასხვა ქვეყნების მასმედიისა და გამოცემების (მათ შორის: National Geographic და Discovery) ჟურნალისტების ყალბი პირადობის მოწმობები.

picture55-1698387928.jpg

ბისერ ჯამბაზოვი და კატრინ ივანოვა

ორლინ რუსევი 2009 წელს გადავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა IT სპეციალისტად საფინანსო სფეროში. შემდეგ კი შექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევდა საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (მათ შორის იყო მობილური ტელეფონის მფლობელის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენაც). ჯამბაზოვი და ივანოვა ერთად ცხოვრობდნენ, როგორც დაქორწინებული წყვილი. ჯამბაზოვი მუშაობდა მძღოლად საავადმყოფოებში, ხოლო ივანოვა იქვე – ლაბორანტად. ისინი თითქმის ათი წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში და ძალზე აქტიურად იყვნენ ჩართული ინგლისში ჩასული ბულგარელების ადაპტაციის პროცესში. ისინი ასევე მუშაობდნენ იმ საარჩევნო კომისიებში, რომლებიც ორგანიზებას უწევდა ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის მოქალაქეების ხმის მიცემას. 29 წლის ვანია გაბეროვა კი კოსმეტოლოგად მუშაობდა და დიდი კლიენტურაც ჰყავდა. რაც ნამდვილად არაა გასაკვირი.

picture555-1698387928.jpg

კოსმეტოლოგი ვანია გაბეროვა

31 წლის ივან სტოიანოვი, ყოფილი მოჭიდავე–სამბისტი, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი იყო და ხშირად გამოდიოდა რინგზე. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის განაცხადებით ხუთივე ეჭვმიტანილი ახორციელებდა თვალთვალსა და სხვა სადაზვერვო საქმიანობას რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ირკვევა, რომ აგენტურული ჯგუფის ხელმძღვანელი ორლინ რუსევი წლების მანძილზე აქტიურად ცდილობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ ლატვიაში, ტელე–საკომუნიკაციო ბიზნესში დამკვიდრებას. მისი (ანუ რუსეთის სპეცსამსახურების) განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი იყო ბალტიის ზღვაში ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოები. ორლინ რუსევს ეკუთვნოდა პატარა სასტუმრო ზღვისპირა ქალაქ იარმუთში და პროკურატურის განცხადებით სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა ჯაშუშურ ოპერაციებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ბუტიკი "გალაციო": რუსეთის მზვერვების შეხვედრის ადგილი

2023 წლის მარტის ბოლოს საბერძნეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის არალეგალური აგენტის გამოვლენის შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში 2018 წლიდან მოქმედებდა. ირკვევა, რომ 35 წლის ირინა სმირეევა (ჩემი აზრით, ეს არ იქნება რუსი აგენტის ნამდვილი გვარი) პერუს მოქალაქის ყალბი დოკუმენტებით ადრე მოქმედებდა მექსიკასა და მონტენეგროში. საბერძნეთში კი მან იყიდა (სიმართლე გითხრათ მეეჭვება, რომ მოსკოვმა სათანადო დოკუმენტებით თავად არ უზრუნველყო აგენტი) დოკუმენტები ათენში დაბრუნებული ბერძენი ემიგრანტების ქალიშვილის, 32 წლის "მარია ცალას" (რომელიც სინამდვილეში 1991 წლის დეკემბერში, რამდენიმე დღისა გარდაცვლილა) სახელზე და მისი მშობლების მონაცემებით მიიღო 2018 წელს საბერძნეთის მოქალაქეობა.

picture5555-1698387928.jpg

ირინა სმირეევა: დამეთანხმებით, რომ სრულიად არ ჰგავს საშიშ რუს მზვერავს. თუმცა .. .

"ცენტრმა" რუს ჯაშუშს არალეგალური მზვერავისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნა: ფოტოგრაფიით გატაცება "მარია ცალას" საშუალებას აძლევდა ბერძნული პასპორტით მთელს მსოფლიოში თავისუფლად ემოგზაურა, ხოლო ათენში რუსეთის დაზვერვის მიერ მისთვის გახსნილი ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების ბუტიკი "გალაციო" შესანიშნავი ადგილი იყო ფარული შეხვედრებისთვის.

picture55555-1698387928.jpg

ირინა სმირეევა და „გალაციო“

თუმცა საბერძნეთის სპეცსამსხურებმა დააგვიანეს და რუსმა ჯაშუშმა ქალბატონმა "ირინა-მარიამ" ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში მოახერხა ათენიდან გაქცევა და ახლა ალბათ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ემზადება სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად და ჯაშუშური მისიის გასაგრძელებლად.

(პირველი ნაწილის დასასრული)