პუტინის საიდუმლო პირადი ცხოვრება და 7 პოტენციური "ტახტის მემკვიდრე" - კვირის პალიტრა

პუტინის საიდუმლო პირადი ცხოვრება და 7 პოტენციური "ტახტის მემკვიდრე"

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გრძელდება მასალების გამოქვეყნება რუსეთის პრეზიდენტის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ ჟურნალისტ ჰოლი ევანსის სტატიას სათაურით „ტახტის მემკვიდრეობა მოსკოვში: რა მოხდება, თუ ვლადიმერ პუტინი მოკვდება? // პრეზიდენტის ადგილს პრემიერი ავტომატურად დაიკავებს, მაგრამ სხვებიც არიან, რომლებთაც პუტინის ადგილზე პრეტენზია ექნებათ“.

„ფარისებრი ჯირკვლის კიბო, პარკინსონის დაავადება, კეთრი და ინსულტი - ეს ავადმყოფობები მხოლოდ რამდენიმეა იმ დაუდასტურებელი სნეულებებიდან, რომლებიც, გავრცელებული ჭორებისა და ხმების თანახმად, რუსეთის ლიდერმა ბოლო წლებში გადაიტანა.

რამდენიმე დღის წინ კრემლი იძულებული გახდა უარეყო ხმები, რომ ვლადიმერ პუტინს საძინებელ ოთახში გულის შეტევა მოუვიდა, უფრო ადრე კი შეეცადა გაეფანტა ჭორები, რომ მას შეუკავებლობა დაემართა.

მას შემდეგ, რაც 1999 წლიდან ვლადიმერ პუტინმა ხელში პრეზიდენტის ძალაუფლება ჩაიგდო, მან ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოდ ცნობილი ლიდერის ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში, რომელიც რუსეთს დიქტატორის მეთოდებით მართავს. მას ამჟამინდელი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს ეწურება, მაგრამ 2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი რადიკალური ცვლილების თანახმად, ვლადიმერ პუტინს ქვეყნის მართვა კიდევ დიდი ხნით შეუძლია - 2036 წლამდეც კი.

და მაინც, მისმა ავანტიურამ - უკრაინაში შეჭრამ და ათეულ ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვამ - საქმე იქამდე მიიყვანა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში, პირველად ვლადიმერ პუტინის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში, ბზარები გაჩნდა. და თუ უკვე სიბერეშეპარულ რუს ტირანს რაიმე დაემართება და გარდაიცვლება, რუსეთის პერსპექტივა გაურკვეველი დარჩება.

ივნისში ვლადიმერ პუტინი თავის ხელისუფლების ყველაზე დიდი მუქარის წინაშე აღმოჩნდა, როცა მისმა ოდინდელმა მოკავშირემ ევგენი პრიგოჟინმა შეირაღებული ამბოხება მოუწყო და „ვაგნერის“ ქვედანაყოფებს მოსკოვისაკენ გაუძღვა, რუსეთის სამხედრო სარდლობის დასამხობად.

ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ოდესღაც „პუტინის შეფ-მზარეული“ იყო, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დიდი გავლენით სარგებლობდა - როგორც კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი. მისი მზარდი კრიტიკა სამხედრო სარდლობის მიმართ ვლადიმერ პუტინის რეჟიმსაც (პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსადალია) საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ დიქტატორმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო ღალატის“ გამო ნებისმიერი პიროვნება სასტიკად დაისჯებოდა. არ გასულა ორიოდე თვე და წარუმატებელი ამბოხის მთავარი გმირი ევგენი პრიგოჟინი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ავიაკატასტროფის დროს.

მართალია, ვლადიმერ პუტინმა მოახერხა აღნიშნული მკვეთრი სამხედრო-ოპოზიციური გამოსვლის ჩახშობა, მაგრამ გაჩნდა კითხვები ქვეყნის სამომავლო მმართველობისადმი - ვინ დგას ხელმძღვანელობის რიგში ავტორიტარული ლიდერის სავარაუდო შესაცვლელად?

ოჯახის წევრები: ტახტზე პრეტენზია არავის არ აქვს

მსოფლიოს დიქტატორებისაგან განსხვავებით, საუკუნეობრივი ისტორიის განმავლობაში, როცა ტირანი ლიდერის ოჯახის წევრები ტახტზე მემკვიდრეობის პრეტენზიას აცხადებენ ხოლმე, ვლადიმერ პუტინის ოჯახს, ალბათ, ქვეყნის მმართველის შემცვლელად არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ოჯახის ამბები იდუმალებით არის მოცული.

ვლადიმერ პუტინისა და ლიუდმილა შკრებნევას 30-წლიანი ცოლ-ქმრობა, რომელიც საზოგადოებისაგან დახურული იყო, 2013 წელს განქორწინებით დასრულდა იმ ხმებისა და ჭორების ფონზე, რომ პრეზიდენტი ცოლს ღალატობდა და ურთიერთობა ცნობილ ტანმოვარჯიშე სპორტსმენთან ალინა კაბაევასთან ჰქონდა.

ზუსტად დაუდგენელია, რამდენი შვილი დაებადა ვლადიმერ პუტინს განქორწინების შემდგომ, მაგრამ ოფიციალურად ლიუდმილა შკრებნევასთან მას ორი გოგონა შეეძინა: ახლა ისინი გათხოვილები არიან - მარია ვორონცოვა (36 წლის) და ეკატერინა ტიხონოვა (35 წლის). არცერთს არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან.

სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინს არც შვილიშვილებზე არ უსაუბრია ვრცლად არასოდეს: „საქმე იმაშია, რომ მე არ მსურს ისინი სამეფო პრინცებივით გაიზარდნონ. მე მინდა, რომ ისინი ნორმალური ადამიანები იყვნენ“, - ასე განუცხადა პრეზიდენტმა ცნობისმოყვარე რეპორტიორს.

2015 წელს, ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში პირად საკითხებზე, ვლადიმერ პუტინმა ასე თქვა თავისი გოგონების შესახებ: „საერთოდ, მე არავისთან არ ვმსჯელობ საკუთარ ოჯახზე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემი შვილები რუსეთში ცხოვრობენ და რუსული უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს, მე მათით ვამაყობ. ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ სამ უცხოურ ენაზე“.

მიხეილ მიშუსტინი

თუ ვლადიმერ პუტინი უეცრად გარდაიცვლება ან მოულოდნელად პოსტიდან გადადგება, მაშინ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ - ფედერაციის საბჭომ 14 დღეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. პრეზიდენტის უფლებამოსილება დროებით პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, ანუ მთავრობის დღევანდელ თავმჯდომარეს მიხეილ მიშუსტინს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მას ნაკლებადსავარაუდო კანდიდატად თვლის, რადგან პრემიერი პუტინის უახლოეს გარემოცვაში პოპულარობით არ სარგებლობს.

„ბი-ბი-სი“-ს მონაცემებით, მიხეილ მიშუსტინის ძირითადი მოვალეობა ეკონომიკის გადარჩენაა და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია უკრაინის ომთან მიმართებით. როგორც კრემლთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, მიხეილ მიშუსტინმა არც კი იცოდა პუტინის განზრახვა ე.წ. „სპეცოპერაციის“ დაწყების თაობაზე.

„ინდეფენდენტთან“ საუბრისას დოქტორი მარკ გალეოთი ამბობს: „კონსტიტუციის თანახმად, პრემიერი სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებას მხოლოდ მაშინ შეასრულებს, თუ პრეზიდენტი მოკვდება და უუნარო გახდება. [მიხეილ მიშუსტინი] ტექნოკრატის კლასიკური განსახიერებაა. მე პირადად შეიძლება ვივარაუდო, რომ მან შეიძლება პრეზიდენტის როლი შეასრულოს, მაგრამ არიან სხვა კანდიდატები, რომლებსაც სახელმწიფო მეთაურის სავარძლის (ნიშის) დაკავება შეუძლიათ“.

დიმიტრი მედვედევი

იგი ცნობილია, როგორც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და თანამოაზრე. დიმიტრი მედვედევი ერთხელ უკვე იყო რუსეთის პრეზიდენტად „არჩეული“ და როგორც აღმოჩნდა, მისი პრეზიდენტობა ვლადიმერ პუტინთან იყო წინასწარ შეთანხმებული, ანუ გარიგების სახით განხორციელდა.

ოდესღაც დიმიტრი მედვედევი დასავლეთში ზომიერ ფიგურად აღიქმებოდა, მაგრამ დღეს მან „პუტინის პოლიციელის“ რეპუტაცია შეიძინა. უკრაინელებს „ტარაკანებს“ უწოდებს და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება.

ზოგიერთი თვლის, რომ დიმიტრი მედვედევს ჰქონდა შესაძლებლობა რუსეთის ელიტა თავის ირგვლივ შემოეკრიბა, მაგრამ საბოლოოდ მან პუტინისადმი მორჩილება აირჩია.

სერგეი კირიენკო

ერთ-ერთ ისეთ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია რუსეთის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება, სერგეი კირიენკოც ითვლება. იგი 2016 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მოადგილეა და ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვაში შედის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკუპირებული ტერიტორიების მართვის საკითხში, ითვლება, რომ სერგეი კირიენკოს ყოველდღიურად აქვს პრეზიდენტთან შესვლის უფლება და კარგ ურთიერთობაშია პოლიტიკური ელიტის წევრებთან.

მაგრამ, როგორც ჩანს, იგი უარს აცხადებს თავის შანსებზე რუსეთის პოლიტიკის წინა პლანზე გამოსვლის მიზნით. დოქტორ მარკ გალეოთის თქმით, სერგეი კირიენკო „კულისებში მომუშავე ოპერატორის როლს ამჯობინებს“.

სერგეი შოიგუ

უკრაინის ომის დამამცირებელი ტრაექტორიის გათვალისწინებით, სერგეი შოიგუ, საეჭვოა, ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ ჩაითვალოს - მიუხედავად იმისა, რომ იგი თვადაცვის მინისტრია, ანუ რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი. იყო დრო, როცა მინისტრი ყველაზე პოპულარულ ფიგურად ითვლებოდა პრეზიდენტის შემდეგ. ისინი შვებულებას ერთად ატარებდნენ ხოლმე.

„უკრაინაში შეჭრამდე მე ფსონს ერთმნიშვნელოვნად შოიგუზე დავდებდი, მაგრამ ახლა მისი რეპუტაცია „დალაქავებულია“, - ამბობს პროფესორი მარკ გალეოთი, - დიახ, მას ჯერ კიდევ ენდობიან და საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს, მას კულისებში ფენომენალური ოპერატორობა შეუძლია, მაგრამ ის დღები წავიდა, როცა სერგეი შოიგუს პრეზიდენტობა შეიძლებოდა. აი, რაც შეეხება „ხელმწიფეთა შექმნას“, სერგეი შოიგუ, როგორც თავდაცვის მინისტრი, ამ შემთხვევაში შეიძლება გავლენიანი ნამდვილად იყოს“.

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როცა ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად „კაგებეს“ სისტემაში მუშაობდა. პატრუშევი 2014 და 2022 წლებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, როგორც ამბობენ, მთავარი სტრატეგოსის როლს ასრულებდა.

წყაროები იტყობინებიან, რომ 71 წლის ნიკოლაი პატრუშევი ერთ-ერთი ის პიროვნებაა, რომლის რჩევებს ვლადიმერ პუტინი ყურად იღებს. ხმები დადის, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ვაჟი დიმიტრი პრეზიდენტის პოტენციურ მემკვიდრედ ითვლება. დიმიტრი პატრუშევი ამჟამად რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობს.

არსებობს ვარაუდები მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის შესახებაც, ვლადიმერ პუტინის ყოფილი პირადი მცველის ალექსეი დიუმინზეც (იგი ამჟამად ტულის ოლქის გუბერნატორია, რუსეთის გმირის წოდებით) და დიმიტრი კოზაკზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე.

„პრეზიდენტის ტახტის მემკვიდრე ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელსაც კოალიციის შექმნა შეუძლია, ვინც მისაღები იქნება როგორც ტექნოკრატების, ასევე უსაფრთხოების სფეროს ელიტისათვის, - ამბობს დოქტორი მარკ გალეოთი, - სრულიად შესაძლებელია, რომ „ძლიერთა კოალიციის“ შექმნის ინიციატორი რომელიმე მსხვილი მოთამაშე არ იყოს“.

„ვფიქრობ, რომ რეალობაში რუსეთის მმართველობის სისტემა სავარაუდო კრიზისიდან საკმაოდ სწრაფად გამოვა. შესაძლოა სამომავლოდ ჩვენ ისეთი პოლიტიკური ელიტა ვიხილოთ, რომელიც შეეცდება უკრაინის ომის სწრაფ დასრულებას და დასავლეთთან კონფრონტაციის განეიტრალებას. სრულიად შესაძლებელია ასევე, რომ ვლადიმერ პუტინი განტევების ვაცად იქცეს ჩადენილი ბოროტების გამო“, - ასკვნის მარკ გალეოთი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო