"რაც მიყვარს, იმას ვაგრძელებ" - რატომ აღარ საუბრობს პოლიტიკაზე ნონა გაფრინდაშვილი - კვირის პალიტრა

"რაც მიყვარს, იმას ვაგრძელებ" - რატომ აღარ საუბრობს პოლიტიკაზე ნონა გაფრინდაშვილი

თამარ მეფის ორდენი - საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, რომელსაც გადასცემენ ქალებს ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის - სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ეს ჯილდო მიიღო ქართული ჭადრაკის დედოფალმა ნონა გაფრინდაშვილმა. მას თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უამრავი ჯილდო, ორდენი, პრიზი დაუმსახურებია, დაფასებაც არ აკლდა და ხალხის სიყვარულითაც ყოველთვის განებივრებული იყო; მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროსა და ასევე, ჭადრაკის "ოსკარის" პირველი მფლობელი, თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალადაა აღიარებული. საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის 82 წლის ასაკშიც აქტიურია და ამით მისი თაობის ადამიანებს სტიმულს აძლევს - "არ გაჩერდეთ, ნებისმიერ ასაკში აკეთეთ ის, რაც გიყვართ და ეს სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ". ქალბატონ ნონას "კვირის პალიტრა" ესაუბრა:

ვეტერანთა ტურნირი

- მიუხედავად ჩემი ასაკისა, ვეტერანთა ტურნირში ყოველთვის ვმონაწილეობდი. რადგან ჯოხი გადავაგდე და სიარული შემიძლია, მინდა შეძლებისდაგვარად ჩავატარო სეანსები სხვადასხვა ქვეყანაში და ეს იქნება ერთგვარი მესიჯი ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომ სახლში კი არ დასხდნენ, ბოლომდე აკეთონ ის საქმე, რითაც მანამდე ცხოვრობდნენ და ეს მათ სტიმულს მისცემს. მინდა ამით მაგალითი მივცე ყველას, თუ ფიზიკური მდგომარეობა ხელს შეგვიწყობს, ჯობია, რაც გვიყვარს და გვსიამოვნებს, ის ვაკეთოთ. ეს იქნება მოტივაცია, რომ მათ კიდევ უფრო გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.

- ადამიანების ნაწილი გარკვეული ასაკის შემდეგ ასპარეზზე აღარ ჩანს, თქვენ შემთხვევაში რამ განაპირობა, რომ ასეთი აქტიური ხართ და დღემდე ყველგან წარმატებით გამოდიხართ?

- ეს განაპირობა იმან, რომ მე თვითონ არ მინდა და არ შემიძლია უქმად ვიჯდე. ჩემი სამყარო რაცაა და რაშიც წარმატებისთვის მიმიღწევია, რაც მიყვარს, იმას ვაგრძელებ. ამით დადებით ემოციებს ვიღებ და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებ.

- თქვენი თაობის მოჭადრაკეებს მთელი საქართველო, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იცნობდა და გულშემატკივრობდა, ახალი თაობის ქართველ მოჭადრაკეებს კი ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება. თქვენ ვის გამოარჩევთ და თუ უზიარებთ გამოცდილებას, მოსწავლეები თუ გყავთ?

- არა, მოსწავლეები არა მყავს. თუ ვინმეს რჩევა, კონსულტაცია სჭირდება, შეიძლება დავეხმარო. ჭადრაკის ნაკრები, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, ხან ოქროს მედალს იღებს, ხან ვერცხლს, ხან ბრინჯაოს, წელს მსოფლიო ჩემპიონები მეორედ გახდნენ სწრაფ ჭადრაკში; ევროპის ჩემპიონობა ჩვენმა მოჭადრაკემ - მერი არაბიძემ მოიპოვა, ის შედარებით ახალგაზრდაა გუნდის წევრებს შორის, დანარჩენები მისი წინა თაობის არიან. ახალგაზრდები კიდევ უნდა გამოჩნდნენ, რათა ქართული ჭადრაკის ტრადიციები გააგრძელონ.

წარმატება, რომელიც ამ გუნდს აქვს, ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ის, რაც ჩემსა და შემდგომ თაობას ჰქონდა, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიაა, უნიკალური რამ და ამის გამეორება შეუძლებელია.

ჩვენი მოჭადრაკეები სულ საუკეთესო შედეგებით ასპარეზობდნენ. 29 წლის განმავლობაში ჩვენი იყო მსოფლიო ჩემპიონობა, რადგან მაშინ ორი თაობის შერწყმა მოხდა. ასეთი რამ თუ განმეორდა, მივესალმები, მაგრამ ცოტა ძნელია, არ ვიცი, მაშინ როგორ მოხდა ეს. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში, დიდსა თუ პატარაში, და არც ერთ სახეობაში არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ორჯერ მოვიგეთ სუფთა ქართული შემადგენლობით, იმდენად მაგარი ჯგუფი ვიყავით. გარდა ამისა, მსოფლიო პირველობის ფინალი სამჯერ გათამაშდა ქართველ მოჭადრაკეებს შორის. იცით, ეს რა არის? სასწაული. როგორც აღვნიშნე, 29 წელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოში იყო - 16 წელი მე ვიყავი, 13 წელი - მაია ჩიბურდანიძე. ჩემს დროს სამ წელიწადში ერთხელ თამაშდებოდა, მაიას დროს კი რეგლამენტი შეიცვალა - ხან ორ წელიწადში ერთხელ იყო, სხვადასხვანაირად. მაიაც ხუთგზის ჩემპიონია და მეც. ახლა ჩვენი ნაკრების გოგონები ცოტა დაჩრდილული არიან, იმიტომ, რომ იმ შედეგების გამეორება მართლაც ძნელია, თორემ ყველა ძალიან ნიჭიერი და წარმატებულია. ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანიც ძალიან ახლოს იყვნენ მსოფლიო ჩემპიონობასთან. ბევრი ნიჭიერი მოჭადრაკე გვყავს, თავისუფლებაც აქვთ, არჩევანიც, კარგი პირობებიც, მაგრამ მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს დიდ წარმატებას.

ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავი - ხვიჩა

- საოცარია, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გადასვლიდან პირველივე თვეში გააკეთა, რა შედეგებიც აჩვენა - ფანტასტიკური თამაში, გუნდის ლიდერი გახდა; ფაქტობრივად, ოთხი პრიზი აიღო - იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მისი გოლი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს, ჩემპიონობა მოიპოვა "ნაპოლის" შემადგენლობაში და პლუს ლიგის თამაშების ახალგაზრდა ფეხბურთელებში საუკეთესოდ დაასახელეს. უცხოეთში გადასვლიდან ერთ წელიწადში ადამიანმა ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს? ეს ფანტასტიკური შედეგია, რომლის გამეორება ადვილი არავისთვის იქნება.

ასეთ მაგალითებზე ახალგაზრდები იზრდებიან, ბევრი ნიჭი მინახავს დაკარგული და ვფიქრობ, დღეს უკვე ხვიჩას, გიორგი მამარდაშვილისა და სხვა შესანიშნავი ბიჭების მიღწევები (ვინც სხვადასხვა გუნდში სათამაშოდ წავიდნენ და იქ თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს), კარგი მაგალითი და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის - ნიჭი არ გაანიავონ, იყვნენ კონცენტრირებულები, პროფესიონალები, ბევრი იშრომონ და მხოლოდ ასე თუ მიაღწევენ წარმატებას.

ომი ისრაელში...

- საშინელებაა, რაც ისრაელში ხდება. თბილისში სინაგოგაში მივედი და ყვავილებიც მივიტანე. ებრაელები და ქართველები ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდნენ. ჩვენ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით, ვინ იყო ქართველი და ვინ ებრაელი. ეს ომები საშინელებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. მთელი მსოფლიო არეულია და ამას გარდა, ეკოლოგიურადაც ძალიან რთული სიტუაციაა. ღმერთმა ქნას, მსგავს უბედურებებს გადაურჩეს მსოფლიო, თორემ დანარჩენი, ახალგაზრდებს ყველაფერი აქვთ, თავისუფლები არიან, არავინ არაფერს კარნახობს, თვითონ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, მთავარია, კონცენტრირებულები იყვნენ იმაზე, რასაც აკეთებენ, რაც მათ უყვართ, რის საშუალებასაც ნიჭი აძლევთ... თუ ასეთმა ომებმა და ტრაგიკულმა ამბებმა ხელი არ შეუშალეს.

ისრაელში დიდი ხანის წინ, ერთხელ ვიყავი, ქალბატონმა ნათელა პატარკაციშვილმა დამპატიჟა. იცოდა, რომ არ ვიყავი ნამყოფი და თან წამიყვანა. მაშინ ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, შესანიშნავი ვიზიტი იყო.

კარიერა და ოჯახი

- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა­ აქვს, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეს, რომელმაც იცის, რომ შენს საქმეში ხელი უნდა შეგიწყოს, მხარში ამოგიდგეს. თუ უნდა მის მეორე ნახევარს ხანგრძლივი წარმატება ჰქონდეს. მე რა ცხოვრებაც განვვლე, არაფერი მომკლებია, ამდენი წელი ვთამაშობდი, წარმატებული ვიყავი და ყოველი პერიოდი, ყველა ასაკი ჩემთვის წარმატებული და სასიამოვნო იყო. ჩემი მეუღლე ყველაფერში ხელს მიწყობდა.

დღეს ჩემი ასაკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ის ვაკეთო, რაც მსიამოვნებს და დადებითი ემოციებითაც მავსებს, ნეგატიურ ინფორმაციას არ ვეცნობი, მათ შორის, პოლიტიკას, სრულიად აპოლიტიკური ვარ.

სპორტის დიდი ქომაგი

- როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვალდებულიც ვიყავი, რომ სპორტის ყველანაირი სახეობით დავინტერესებულიყავი. მე მთლიანად სპორტი მიყვარს და სანამ თითოეულ მათგანში ტრადიციები გრძელდება, მანამდე ვიქნები მისი გულშემატკივარი.

ქართველებს ყოველთვის უმაღლესი შედეგები გვქონდა, ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიციები არასდროს მოიშლება, ბრწყინვალე სპორტსმენები გვყავდნენ, დღესაც გვყვანან და ყოველთვის გვეყოლებიან.

თამთა დადეშელი