ვისი ბრალია? ჩვენ შემოვიყვანეთ რუსი ოკუპანტები? - რას ჰყვება დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კირბალის ლომისის ტაძრის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე
გუშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გორში, სოფელ კირბალში არსებულ ლომისის ტაძრის თაობაზე ისაუბრა და „მთავარი არხი" ამ თემაზე ეთერში გასული სიუჟეტის გამო გააკრიტიკა.
„ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. „მთავარ არხზე" გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ თითქოს მლეთის ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობა ინტერვიუებში აცხადებს, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდეგ კადრებში აჩვენებენ მლეთის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარს, სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი", - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია ანდრია ჯაღმაიძის განცხადების იმ ნაწილმა, სადაც ის საუბრობს, რომ სოფელ კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ტაძარში შესვლა აკრძალეს...
ჩვენ დავუკავშირდით მამა ანდრია ჯაღმაიძეს და ვთხოვეთ, უფრო დეტალურად ესაუბრა ამ საკითხზე.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:
- სოფელ კირბალში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსები აკონტროლებენ ტერიტორიებს, არის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი. რუსები დროგამოშვებით ნებართვას აძლევდნენ ჩვენს სასულიერო პირებს და მომლოცველებს, რომ იქ შესულიყვნენ და ჩაეტარებინათ წირვა ლოცვა. მას შემდეგ, რაც იქ ვიღაცამ ჩამოკიდა ქართული დროშა, გაამკაცრეს წესები და ახლა იქ აღარ უშვებენ არც სასულიერო პირს და არც მრევლს. ის დროშა იქ ფრიალებდა ნახევარი საათის განმავლობაში და მივიღეთ ის, რომ ტაძარში აღარ გვიშვებენ. სწორედ ამ საკითხზე გავიდა სიუჟეტი...
ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ორი ლოკაცია - კირბალი და მლეთა. ლომისის ეს ტაძარი არის გორის რაიონის სოფელ კირბალში და სწორედ იქ მოხდა ეს ფაქტი. ტაძარი მდებარეობს ოკუპირებული ხაზის იქით, სადაც ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებენ. წლებია, მოლაპარაკების გზით ვახერხებდით იქ შესვლას. ასეთივე გზებით ვახერხებთ ახალგორში, ალევის წმინდა სამების მონასტერში შესვლას, სადაც გვყავს სასულიერო პირი - იღუმენი იოანე სამუშია, რომელიც იქ მცხოვრები ხალხის ნუგეში და იმედია. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ ეს სასულიერო პირი ახალგორიდან გამოუშვან. ძალიან სენსიტიური თემაა და მეტი დაფიქრება გვმართებს.
ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ დროგამოშვებით კირბალში შევსულიყავით, მსახურება ჩაგვეტარებინა და მრევლს დღესასწაულებზე მაინც შესძლებოდა ტაძარში შესვლა... დროშას აღმართავენ იქ, სადაც უკვე გაიმარჯვეს. დროშის აღმართვა იმას ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ ამ ტერიტორიას. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის, ისევ ოკუპირებულია ეს ტერიტორიები და რუსები აკონტროლებენ იქაურობას...
გააკეთეს სიუჟეტი კირბალის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე, ალაპარაკეს იქაური მოსახლეობა და აჩვენეს მლეთას წმინდა გიორგის ტაძარი და სიუჟეტში ისე გაჟღერდა, თითქოს მლეთის ლომისის ტაძრის კარები აჭედეს - აურიეს ერთმანეთში. ბუნებრივია, ხალხი იყო დაძაბული, ვიღაცა შეიძლება ასულიყო მლეთაში, ტაძარში და მომხდარიყო კონფლიქტი, რასაც მოჰყვებოდა ის, რაც უკვე მოხდა კირბალში - მლეთას ლომისის წმინდა გიორგის ტაძარიც რუსების მიერ გავლებულ ე.წ. წითელი ხაზებშია. უფრო ზუსტად, ტაძარს ე.წ. ადმინისტრაციული ხაზი შუაზე ჰყოფს და მხოლოდ და მხოლოდ პირადი ურთიერთობებით ხერხდება, რომ ტაძარი ღიაა და ხალხი სალოცავად ადის. იქ ნებისმიერი პროვოკაცია სახიფათოა, რადგან ერთ დღეს, ტაძართან შეიძლება დაგვხვდეს საგუშაგო.
- ანუ არის იმის საშიშროება, რომ შეიძლება მლეთის ლომისის ტაძარიც დავკარგოთ?
- დიახ, ამაზეა საუბარი. 15 წელია, ვინარჩუნებთ ამ მდგომარეობას. მე არ ვსაუბრობ ეხლა იმაზე, ეს კარგია თუ ცუდი. რა თქმა უნდა, ცუდია, ამ დღეში რომ ვართ, მაგრამ ვისი ბრალია? ჩვენ შემოვიყვანეთ რუსი სამხედროები და ჩვენ ვაქციეთ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად?
- იქ მოძღვარი მუდმივად არის?
- დიახ, ერთი ადამიანი მუდმივად მსახურობს და ცხოვრობს. მოძღვარს ძალიან მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. ზოგჯერ ზამთარში წყალიც კი არ აქვს და თოვლს ადნობს. იქ საშიშია ქარიც, დიდი თოვლიც, გარეული ცხოველიც და რუსი სამხედროებიც. ზოგადად, ასეთ ზონებში აპატიმრებენ რუსი სამხედროები ადამიანებს. ჩვენ ეს საკითხები მოგვარებული გვაქვს. ამ ბეწვზე ჩამოკიდებულ მშვიდობას დეზინფორმაციით უხეშად ვეხებით და ვუქმნით საფრთხეს... შეიძლება, ამ სიუჟეტის მერე ავიდეს ვიღაც და ერთი კონფლიქტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაიკეტოს ტაძარი
- მლეთაში სად დგანან რუსი სამხედროები?
- ქედის იქით არის მათი ბაზა, რომელიც კარგად ჩანს მონასტრის ეზოდან.
- რუსები დრონებს ხშირად იყენებენ?
- საქმე ისაა, რომ აქამდე არ მომხდარა, რომ ზემოთ ამოსულ რუს სამხედროებს იქვე გაეშვათ დრონი. ეს უცნაურობა იყო წინა პერიოდთან შედარებით...
- ტაძრამდეც მოდიან?
- ტაძრამდეც მიდიან. როგორც გითხარით, ტაძრის ნაწილიც ოკუპირებულ „წითელ ზოლში“ ექცევა, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა ერთხელაც არ ყოფილა... რომ ამოდიან, მღვდელი გრიგოლი უმასპინძლდება კიდეც, ჩაის სვამენ და ამით ვინარჩუნებთ მშვიდობას. მსგავსი სიუჟეტებით კი შეიძლება მივიღოთ ისეთი ვითარება, რაც კირბალში მივიღეთ. ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობს ბერი და რა გვინდა - იქ ასული სასულიერო პირები და მომლოცველები დააპატიმრონ?! რას მოგვიტანს ჩვენ ეს?! კიდევ ერთხელ ვიტყვით, თუ როგორი ცუდია რუსეთი, მეტი არაფერი... გორის რაიონიდან წაყვანილი ხალხი აქამდე პატიმრობაშია და რა კეთდება მათ გამოსახსნელად?
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)