"ჩემს ალისკას ნაყინში ფულს არავინ ახდევინებს... აქვე ვიტყვი ადინაზე, რომელიც ძალიან საყვარელია" - რა თქვა სააკაშვილმა ქალიშვილზე და ებრაელ რძალზე?
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას გრძნობს და თავის დროზე სწორედ ამიტომ მიიღო ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება.
"ქართველი ხალხის ფლუიდები მოდის ჩემთან, ჩემი ახლობლების მეშვეობით, მაგალითად, ჩემს ალისკას ნაყინში არავინ ახდევინებს ფულს და ესეც რაღაცის გამოხატულებაა" - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა პროცესიდან ვიდეოჩართვისას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს.
"ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, რაც საქართველოს თავს ხდება, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერი იმის მიმართ, რაც საქართველომ ამხელა ბრძოლით დაიმსახურა. რამდენი წელი ვიბრძვით, რომ ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს, სადღაც მივდიოდით. სამწუხაროდ, ხალიჩა გამოგვაცალეს ფეხქვეშ. უნდათ, რომ ისევ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე! აუცილებლად ვიქნებით მაგრად! მეც მაგრად ვიქნები მტრის ჯინაზე!
ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ, ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არსად ვაპირებ. სადაც არ უნდა გადამსვან, გამომკეტონ, 500 გისოსი მიმამაგრონ, ხომ იცით, რომ ეს პირობითია. საქართველო აუცილებლად გაითავისუფლებს თავს. აუცილებლად დადგება ფეხზე. შეძლებს ამ ყველაფრის გამოსწორებას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა რძალზეც ისაუბრა, რომელიც ებრაელია. ედუარდ სააკაშვილის მეუღლე საკმაოდ თბილად მოიხსენია. როგორც ირკვევა, პალატაში ალისკაც, ზელენსკის და სხვების გვერდით ექსპრეზიდენტს რძლის ფოტოც აქვს.
"ჩემი ებრაელი რძლის ადინას გამოც და ზოგადადაც დიდი სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ებრაელ ხალხს. ჩემი რძალი უსაყვარლესი ადამიანია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობის მხარეზე" - განაცხადა სააკაშვილმა. (წყარო)