"ბუმერანგის პრინციპი" - საქართველოსთან თანამშრომლობის გაწყვეტის ხარჯზე რუსეთისთვის მიყიდული დრონები ისევ ისრაელს დაემუქრება?!
საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო - DRM-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის, რომ დონის როსტოვიდან სირიის რუსულ სამხედრო ბაზაზე, ჰმეიმიში, აპირებენ „ფორპოსტის“ ტიპის 9 დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატის გადასროლას, რისთვისაც Ан-124 ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს გამოიყენებენ...
რუსეთი სირიაში, თავის სამხედრო ბაზაზე, ჰმეიმიში სისტემატურად აგზავნის ტვირთს საჰაერო გზით, რომელიც შავ ზღვაზე, ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეზე და ხმელთაშუა ზღვაზე გადის, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში საკმაოდ პიკანტური სიტუაცია იქმნება...
საქმე ის არის, რომ დასახელება Форпост-ი იმ რუსულ სადაზვერვო დრონს აქვს მინიჭებული, რომელსაც რუსი ოკუპანტები აქტიურად იყენებენ უკრაინასთან ომში და ლოგიკურია, რომ სირიაშიც აფრინონ სადაზვერვო ინფორმაციების შესაგროვებლად, მათ შორის - ისრაელის წინაღმდეგ მოიპოვონ სადაზვერვო მასალები სირიის საჰაერო სივრციდან და ეს მონაცემები „ჰესბოლასა“ და „ჰამასს“ ოპერატიულად მიაწოდონ.
მაგრამ ამ სიტუაციას პიკანტურობას ის ანიჭებს, რომ ეს დრონები და მათი ლიცენზიით წარმოების უფლება რუსეთს თავის დროზე თავად... ისრაელმა გადასცა!
ისტორია მოკლედ ასეთია - აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე საქართველომ ისრაელისგან იყიდა იმ დროისთვის თანამედროვე „ჰერმეს-450“ ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები და „სპაიდერის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, პარალელურად, განხორციელდა ქართული ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზაცია ისრაელის ფირმების თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი საბრძოლო შესაძლებლობები.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს საზენიტო „სპაიდერებმა“ კარგად „იმუშავეს“, მოდერნიზებული ქართული ტანკებიც მიზანს არ აცილებდნენ და... ისრაელმა უცბად შეწყვიტა ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან. რატომ?
იმიტომ, რომ კრემლის თხოვნა-მოთხოვნის გათვალისწინებით დაიდო რუსეთ-ისრაელის ფარული გარიგება: ისრაელი აღარ აწვდის სამხედრო ტექნიკას ქართულ არმიას, სამაგიეროდ, რუსეთი ირანს არ მიჰყიდის С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს...
გარდა ამისა, რუსი სამხედროები აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ ისრაელის წარმოების დრონებით და 2009 წლის აპრილში 12 მლნ დოლარად Searcher II-ის ტიპის ორი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შეიძინეს გამოსაცდელად, რომელსაც სწორედ ისრაელის ცნობილი ავიაკოსმოსური კონცერნი - Israel Aerospace Industries აწარმოებდა.
რუსეთის გენერალიტეტს მოეწონა ისრაელის სადაზვერვო დრონები და მალევე, 2010 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა 300 მლნ-დოლარიან კონტრაქტს, რომელიც რუსეთის ყაზანის შვეულმფრენების ქარხანაში ისრაელიდან ჩატანილი დეტალების საშუალებით Searcher II-ის ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ლიცენზირებული სერიული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა.
2012 წლიდან კი უკვე „სამოქალაქო ავიაციის ურალის ქარხანამ“ დაიწყო ისრაელის დრონების სერიული აწყობა, „ფორპოსტის“ სახელწოდებით.
2017 წლისთვის რუსეთის არმიის შეიარაღებაში „ფორპოსტის“ 30-მდე კომპლექსი იყო - თითოეულ კომპლექსში მართვის ცენტრი და სამი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი შედიოდა და ყველა მათგანი ისრაელიდან მიწოდებული მაკოპლექტებელი დეტალებისაგან იყო აწყობილი, რუსეთის ტერიტორიაზე.
ის, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა აქტიურად იყენებდა, ფაქტობრივად, ისრაელში დაპროექტებულ და ისრაელში წარმოებული დეტალებისგან აწყობილ, მაგრამ რუსულად გადანათლულ „ფორპოსტებს“, ჯერ კიდევ 2015 წლის 20 მაისს გამოჩნდა, როდესაც უკრაინელებმა პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონეცკთან რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს და ხელში, ფაქტობრივად, ისრაელის წარმოების დეტალების გროვა შერჩათ...
ამის შემდეგ ისევ დონბასში უკრაინელ მეზენიტეებს კიდევ ოთხჯერ გაუღიმათ ბედმა და ისრაელ-რუსეთის ოთხი „ფორპოსტი“ „დაამიწეს“, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას ღიად დაესხა თავს, უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს კიდევ 6 „ფორპოსტი“ ჩამოუგდეს, მათ შორის ერთი - Форпост-РУ-ც იყო, რომელსაც სადაზვერვოს გარდა დარტყმითი საბრძოლო ფუნქციების შესრულებაც შეეძლო.

მაგრამ ბედის ირონია, იცით, რაშია?
2018 წლის 11 ივლისს ისრაელის „ცახალმა“ ამაყად განაცხადა, რომ სირიის მხრიდან მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, მაგრამ მისი ფრაგმენტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის... რუსების „ფორპოსტი“ გახლდათ, თავად ისრაელიდან რუსეთში გაგზავნილი დეტალებით აწყობილი...
ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბუმერანგის პრინციპმა“ იმუშავა, თანაც რუსეთმა ირანს მაინც მიჰყიდა С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები...
აღსანიშნავია, რომ ეხლა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მოდერნიზებულ „ფორპოსტებსაც“ იყენებს, რომლებსაც სადაზვერვოს გარდა, დამრტყმელი ფუნქციებიც აქვს და ლაზერული დამიზნების კორექტირებადი, 20 კგ-იანი „ჭკვიანი“ მინიბომბებით შეუძლია მიზნის ზუსტი დაზიანება.
სირიაში რუსული „ფორპოსტების“ ახალი პარტიის ჩატანის შემდეგ ისრაელს დამატებითი პრობლემები გაუჩნდება, რადგან გოლანის სიმაღლეების სიახლოვეს ფრენისას, მათ ისრაელის ტერიტორიის საკმაო სიღრმეში „შეჭვრეტაც“ შეეძლებათ...
რომ არა ისრაელის სერიოზული სამხედრო-ტექნიკური დახმარება აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატების ტექნიკური განვითარების დონე ბევრად დაბალ საფეხურზე იქნებოდა და ის ნაკლებად დაემუქრებოდა დღეს უკრაინას და უკვე - თავად ისრაელსაც...