"ხვიჩა პატარა მეომარია, პორტუგალიელი კი ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს" - რა ამბობს იტალიელი ჟურნალისტი
29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს. ამ მატჩის წინ იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ Punto Nuovo-ს ეთერში ერთმანეთს "მილანის" და "ნაპოლის" მარცხენა გარემარბები რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.
"თავდაპირველად "მილანისა" და "ნაპოლის" შედარებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" იდეალურ ფეხბურთს ვერ გვთავაზობს, ჩემი აზრით, "როსონერი" უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება. პიოლის გუნდი უსისტემოა და მათ ლიდერიც არ ჰყავთ. დაუჯერებელია, რომ მილანელებს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუტანიათ. გარსია განსხვავებული სპეციალისტია. იგი, პირველ რიგში, არწაგებაზე ზრუნავს. "ნაპოლი" ფრთხილი გუნდია.
არის თუ არა კვარაცხელია ლეაოზე უკეთესი? რა თქმა უნდა, 100%ით. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. ლეაო რაღაცით ბალოტელის მაგონებს, ზოგჯერ გამაღიზიანებელია, ნარცისი და ეგოისტი მოთამაშეა. ხვიჩა პატარა მეომარია, ბურთს არასდროს ემალება და მუდამ მზადაა გუნდს დაეხმაროს, პორტუგალიელი კი ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს, როდესაც ბურთი მისდის", - განაცხადა დე პაოლამ. (წყარო: sportall.ge )