"გაუმარჯოს თინას! დედის მაგიერს!" - წერილები "ძმები ჭილაძეების" საფიცარ დას - თინა ჭილაძეს - კვირის პალიტრა

"გაუმარჯოს თინას! დედის მაგიერს!" - წერილები "ძმები ჭილაძეების" საფიცარ დას - თინა ჭილაძეს

"27 ოქტომბერი. თინიკოს დაბადების დღე! გაუმარჯოს თინას! დედის მაგიერს!"

2000 წ. ოთარ ჭილაძე

წერილი პირველი - ირმა ხარშილაძისგან

„დღესაც 27 ოქტომბერია, 84-ე დაბადების დღე ჩვენი ქალბატონი თინა ჭილაძის - ძვირფასი, ტკბილი, თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული ადამიანის, ჩემთვისაც რომ დედასავით იყო და თან მეგობრობასაც რომ მიწევდა, არა მარტო მე - ყველას, ვინც გამორჩეულად უყვარდა, მიუხედავად იმისა, მასზე უფროსი იყო, თანატოლი თუ უმცროსი...

ამ დილით თვალი გავახილე თუ არა, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შევიხედე და უპირველესად ჩემი მოგონებების გვერდი შემომეფეთა - ყველგან თქვენ იყავით ჩვენი ფოტოებით, ჩემი სტატუსებით და ჩვენი 11-წლიანი ფეისბუკ-მეგობრობით, არადა ეს სულ ზღვაში წვეთია. ყველაზე უკეთ მე და თქვენ ვიცით, რამდენ მოგონებას, მოფერებას და სიყვარულს იტევს ეს 11 წელიწადი და - კიდევ მეტი... ფეისბუკ-მოგონებებამდეც.

როდის გაგიცანით? ზუსტად მახსოვს - 2010 წლის გაზაფხული იყო, შინ რომ გეწვიეთ, ხილიანზე, ჩემი ძვირფასი ბატონი თამაზის წიგნის გამოსაცემად ხელშეკრულება რომ უნდა გამეფორმებინა. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთი ძვირფასები თუ გახდებოდით ჩემთვის თქვენ და ბატონი თამაზი, ასე თანასწორად, უმცროს მეგობრად და, ლამის, ოჯახის წევრად თუ მიმიღებდით ასეთი დიადები, გამორჩეულები. მერე მოვუხშირე თქვენთან, შინ სტუმრობას, მახსოვს, თქვენი ფეისბუკ-გვერდებიც ერთად გავხსენით, ისე სხარტად უღებდით ალღოს ფეისბუკ-ტექნოლოგიებს, დისტანციურადაც კი „ვმუშაობდით“. ასე გავხდით მეგობრები! მერე? მერე იყო ჩვენი „პალიტრა L“-ის გამოცემული წიგნები, ბატონ თამაზთან ჩემი ინტერვიუები... ბატონ თამაზის საიუბილეოდ ზუგდიდელი ხატია ჯანაშიას მიპატიჟება და ჩვენი ერთობლივი დაუვიწყარი მოგზაურობა-დასვენება-თავგადასავალი ზუგდიდ-ანაკლიაში. ხატიას ბატონი თამაზის ზუგდიდში სტუმრობა რომ ვურჩიე, დარწმუნებული არ ვიყავი, ბატონი თამაზი დათანხმდებოდა თუ არა. მაგრამ მასთან ორთვიანმა ერთობლივმა „თხოვნა-მოლაპარაკებებმა“ გაჭრა და - დაგვყაბულდა, თანაც ბატონი თამაზის სურვილით აუცილებლად თქვენც უნდა წამოსულიყავით.

2-1698431501. ირმა ხარშილაძესთან ერთად.jpg

არცთუ დიდი ხნის წინ თქვენი ოჯახის ერთ-ერთმა უახლოესმა ადამიანმა - ზვიად კვარაცხელიამ თქვენი მოგონებების წიგნი - „თამაზთან და ოთართან ერთად“ გამოსცა. წიგნის ფურცლების ერთ-ერთი ჩანაწერი ჩემთვის უდიდესი პატივიცაა და საამაყო-სატრაბახოც: „დღეს სტუმრად გვყავდნენ თამაზის დიდი ხნის ახალგაზრდა მეგობარი - ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე და ქ. ზუგდიდში, ორგანიზაცია „ART უნივერსალის“ დამაარსებელი, ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშია. ძალიან სასიამოვნო ქალბატონები. ხატია თამაზს ეპატიჟება ზუგდიდში, იქ აღვნიშნოთ თქვენი 85 წლის იუბილეო. თამაზი ყოყმანობს, თავს ვერ ვენდობი, სუსტად ვარო...

დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც წავედით ზუგდიდში. ჩვენთან ერთად ირმაც წამოვიდა. თამაზმა ირმას უთხრა, უფრო იმედიანად ვიქნები, შენ რომ გვერდში მეყოლებიო“...

ბატონ თამაზთან ერთად მგზავრობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მახსოვს, გეგმებს ვაწყობდი, გზაში ბევრ ამბავს მოვაყოლებ, რაც სტატიებისთვის გამომადგება-მეთქი, მაგრამ... ტკბილად მოგონების ნაცვლად მწარედ დასამახსოვრებელი გახდა ჩემი სამარცხვინო დაგვიანება თბილისი-ზუგდიდის მატარებელზე, რომლის ერთ ვაგონში ბატონი თამაზი მელოდებოდა, თქვენ კი მძღოლთან ერთად მანქანით (ფეხების ტკივილის გამო მატარებლის კიბეებზე ვერ ამოხვიდოდით და ამიტომ წამოხვედით მანქანით, ბატონ თამაზს კი შორ გზაზე მანქანით მგზავრობა უძნელდებოდა) უკვე ზუგდიდისკენ გზას ადექით. წინასწარი შეთანხმებით, ბატონი თამაზი და მე სამტრედიაში უნდა შეგხვედროდით და დანარჩენი მანძილი ერთად უნდა გაგვევლო, მანქანით. როგორ განერვიულეთ ჩემი მატარებელზე დაგვიანებით თქვენც და ბაქანზე მყოფი ბატონი ზაზაც (ოთარ ჭილაძის ვაჟი), როგორ დავეწიე თბილისიდან ტაქსით გორის სადგურზე მატარებელს, როგორი ბედნიერი იყო ბატონი თამაზი, ბაქანზე რომ დამინახა. მატარებელში კი გამომიცხადა, აქაურობა არ მომწონს, თინას დავურეკოთ, რომ სამტრედიის ნაცვლად ზესტაფონში შეგვხვდნენ ის და თენგიზიო... ინერვიულა და აშკარად გუნება გაუფუჭდა, ამიტომაც გადაწყვიტა, დათქმულზე ადრე ჩამოვსულიყავით მატარებლიდან. ასეც მოვიქეცით და კიდევ უფრო დავირცხვინე, ჩემს სასაყვედუროდ ერთი სიტყვაც რომ არ დაგცდენიათ!

თქვენთან ურთიერთობის ყველა მომენტი ახლაც თვალწინ მიდგას კადრებად; არასდროს დამავიწყდება თითოეული ჩვენი სატელეფონო საუბარი, რადგან ჩვენი გაცნობიდან 13 წელიწადი გავიდა და ახლაც იმ საუბრების არათუ შინაარსი, ინტონაციაც კი ყურში ჩამესმის; ანაკლიის სასტუმროში კარის შეღება და იქვე ერთობლივი სელფიც მახსოვს; ისიც მახსოვს, რომ მთხოვეთ, დილით, ადრიანად გაგვაღვიძე საუზმისთვის და ფოიეში დაგელოდებით, ერთად შევიდეთ სასადილოშიო. მაღვიძარით თავი კი გავიღვიძე, თქვენც გაგაღვიძეთ და რა მადლიერი იყავით, მაგრამ არ მავიწყდება თქვენი სიყვარულ-საყვედურნარევი ღიმილიანი მზერა, ფოიეში ჩამოსვლაც რომ დამაგვიანდა. სიტყვიერად არც მაშინ გისაყვედურიათ, სამაგიეროდ, მას შემდეგ არც ჩემი გაღვიძება დაგჭირვებიათ და არც ფოიეში ლოდინი, ყველაფერს თავად აგვარებდით. ყველაზე საინტერესო კი სასადილოში ხდებოდა - ყოველი საუზმე-სადილ-ვახშმის შემდეგ ამოუწურავი საუბრები და ამბების თხრობა, რისი მოსმენაც არავის გვბეზრდებოდა...

დღეს ყველაფერი მოგონებებია, დაუვიწყარი და ტკბილი, იმ სამარცხვინო დაგვიანებების ჩათვლით, რაც დიდსულოვნად მაპატიეთ!

3-1698431542. თამაზ და თინა ჭილაძეები.jpg

თქვენი გარდაცვალების ამბავი ისევ თქვენს ოჯახში გაცნობილმა და თქვენი წყალობით დამეგობრებულმა შესანიშნავმა ადამიანმა - ლადო მანაგაძემ შემატყობინა. მოგონებებში ლადოს ახალგაზრდა მეგობარს უწოდებთ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვის მეგობარზე ძვირფასი იყო. ჩემგან განსხვავებით, ხშირად მოუცლელობით ან სხვა მიზეზით რომ ვერ გნახულობდით და სულ ბოდიშებს გიხდიდით, თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი (ახლა კი ასმაგად ვბრაზობ და ვნანობ თქვენს უნახაობას), ლადო მუდამ გვერდით გყავდათ, ერთგულად, მეგობრადაც და შვილივითაც. კონკურსიც - "წერილები ჭილაძეებს" ხომ ლადომ მოიფიქრა და განახორციელა კიდეც. ჰოდა, ახლა ლადოს დავესესხე დ თქვენს რამდენიმე ახალგაზრდა მეგობარს ვთხოვე, ამჯერად წერილები უშუალოდ თქვენთვის - ძმები ჭილაძეების ერთადერთი უმცროსი დისთვის მოეწერათ!

ქალბატონო თინა, გილოცავთ დაბადების დღეს. დღეს სასაფლაოზე მე, ლადო, მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ნინო და პატარა ბარბარე გესტუმრეთ თქვენ და ბატონ თამაზს. ძალიან სევდიანი იყო ჩვენი „შეხვედრა“. ლადოს კარნახით, ნინომ და მე ზუსტად ისე დაგიწყვეთ ყვავილები, როგორც თქვენ გიყვარდათ; სანთლებიც დაგინთეთ და ამბებიც გავიხსენეთ.

ნეტავ, შემეძლოს თქვენთან მოუსვლელობით „გაცდენილი დღეების“ დაბრუნება და კვლავ შეხვედრებით გაცოცხლება! ქალბატონო თინა, ძლიერ მიყვარხართ და უსაზღვროდ მენატრებით... ისევე, როგორც ბატონი თამაზი. თქვენი დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინე და საკუთარ თავსაც გამოვუტყდი - თურმე, ორივე თანაბრად მყვარებიხართ, თანაბრად ძვირფასები იყავით - თქვენც და ბატონი თამაზიც.

დაბადების დღის საჩუქრად კი ყვავილებთან ერთად გიძღვნით თქვენი ახალგაზრდა მეგობრების მხოლოდ თქვენთვის მოწერილ წერილებსა და ფოტოებს, ერთად გატარებული ლამაზი დღეების სამახსოვროდ, როგორც ბატონი თამაზი მეტყოდა ხოლმე - გაუბზარავი მეგობრობის ნიშნად!“

წერილი მეორე - მელანო კობახიძისგან

„27 ოქტომბერი იწყებოდა ასე: ან მე დაგასწრებდით მოლოცვას, ან თქვენ. მხოლოდ მე ვიცი, როგორ მიხაროდა, ერთი და იგივე თარიღი რომ გვაკავშირებდა. წელს ერთად უნდა აღგვენიშნა ჩვენი 27 ოქტომბერი, მაგრამ ცხოვრება საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარიაო, როგორც ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გვასწავლის. ისიც მახსოვს, თქვენს ძვირფას წიგნში წერთ, დროს ვერ გააჩერებ და რაც უნდა დიდი ტკივილი მოგაყენოს ცხოვრებამ, მაინც უნდა მიჰყვე მის დინებას, სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იცოცხლოო.

,,გენაცვალე, მელანო, გენაცვალე, გკოცნი, გკოცნი“ – ეს თქვენი ჩვეული სიტყვები იყო, მზით, სიკეთითა და უსაზღვრო სიყვარულით სავსე.

melano-1698432819.jpg

მაპატიეთ ყველა მოუსვლელობა და ისიც, ხშირად მოკითხვა რომ მერიდებოდა. როცა ადამიანები გვტოვებენ, შემდეგ ვიაზრებთ, ბოლომდე ვხვდებით, რამდენად საჭიროა, ვძლიოთ მორიდებას და მივიდეთ, სადაც გველიან, დავრეკოთ იქ, სადაც ჩვენი ხმა ყოველთვის გაახარებთ.

დარწმუნებული ვარ, ,,რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი, გამხსენებელი თუ რჩება ვინმე“. მე კი სულ მემახსოვრებით და სულ მეყვარებით, სულ მემახსოვრება თქვენი ღიმილიანი შეხვედრები, საინტერესო საუბრები და ძალიან ძვირფასი რჩევები. 27 ოქტომბერს კი ყოველთვის მექნება სევდიანი განწყობა, რადგან ძალიან მომინდება დაგირეკოთ, თქვენი თბილი ხმა მოვისმინო და მოგილოცოთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ქალბატონო თინა!“

წერილი მესამე - ლაშა ასლანიშვილისგან

ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთა წასვლა დიდ სიცარიელეს ტოვებს გულში... და დავდივართ ტკივილებთან ერთად... ვფიქრობთ... ვიგონებთ... ვერთქმულ სიტყვებზე გვეფიქრება... დანაკლისის, უკმარისობის განცდა ყოველთვის გვრჩება.

და იმ დღიდან, როცა გავიგე, რომ თქვენ აღარ ხართ, ასეთი დავდივარ ქალაქში, იქ, სადაც თქვენ დაიბადეთ. ყოველთვის იხსენებდით ღიმილით, ნამდვილი ბათუმელი მე ვარ, თამაზისა და ოთარისგან განსხვავებითო - „მე ბათუმელი ვარ, ჭეშმარიტი ბათუმელი“... და როგორ გინდოდათ მშობლიურ ქალაქში გასეირნება. ვერ აგისრულეთ.

5-1698431694. ლაშა ასლანიშვილი.jpg

„ხო, გენაცვალე... ხო, გენაცვალე“ - ეს ფრაზა ახლაც ყურში ჩამესმის და ძალიან მენატრებით. მახსოვს, როგორ გულდაწყვეტით მითხარით, როცა მოვკვდები, იცოდე, არ დამივიწყო, ისევ ვიმეგობროთო. ვიმეგობრებთ... და არასოდეს დამავიწყდებით. არ დამავიწყდება თქვენი მზრუნველი ტონი, დარიგებები, სითბო.

„- ქალბატონო თინა, როგორ ხართ? - ოჰ, დაკარგული ბათუმელი! ასე უნდა დამივიწყო? ხშირად დამირეკე, გენაცვალე“. ან „- დედა როგორაა? მამა?“ და 27 აპრილს ერთ-ერთმა პირველმა მომისამძიმრეთ მამის გარდაცვალება... როგორ ტიროდით, ლამაზ და იმედის მომცემ სიტყვებს მეუბნებოდით... დიდხანს ვისაუბრეთ. ეს ყველაფერი მენატრება“...

წერილი მეოთხე - სოფო ნადირაძისგან

„მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანებს კარგავ, ფიქრს იწყებ, როგორ უნდა შეინარჩუნო მათთან სიახლოვე, რადგან იცი, სხვანაირად ძალიან გაგიჭირდება. მე ასეთი გზა მოვძებნე, წერილებს ვწერ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მყავდნენ და აღარ არიან.

„გამარჯობა“ - ხშირად ამ სიტყვით ვიწყებ წერას და მთელი გულით მჯერა, რომ ადრესატს ესმის ჩემი. იქნებ ბანალურია, სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის ასეა.

გამარჯობა, ქალბატონო თინა. მე დღეს პირველ წერილს გწერთ და უამრავი აზრი მიტრიალებს თავში. სათქმელი და მოსაყოლი, საბედნიეროდ, ძალიან ბევრია, მაგრამ მინდა, ეს წერილი მსუბუქი იყოს. მსუბუქი იყოს და მარტივად მოვიდეს გზავნილი თქვენამდე.

ჩვენი ამბავი ერთ ფურცელზე რომ იყოს დასატევი, მოყოლას იმ დღით დავიწყებდი, პირველად რომ გამოვუყევი ხილიანის აღმართს და თქვენ გაგიცანით. წერტილს იქ დავსვამდი, ბოლოს რომ მირეკავდით და ვერ გიპასუხეთ. ვიცი, რომ მაპატიებთ ამ უპასუხო ზარს. ვიცი, მაგრამ მაინც, ძალიან ბევრჯერ წარმოვიდგინე, რომ იმ დღეს დავტოვე ბავშვები საკლასო ოთახში, გამოვედი დერეფანში და დაგელაპარაკეთ. ბევრჯერ წარმოვიდგინე, მაგრამ ფანტაზია ვერ ცვლის რეალობას. ბოდიშის მოხდა რომ შემძლებოდა, ისიც ვიცი, რას მეტყოდით: ,,არაუშავს, გპატიობ. გპატიობ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ!“ თქვენი ხმაც მესმის, როგორი ინტონაციით მეტყოდით ამ სიტყვებს და მთელი გულით მინდა, არასოდეს დამავიწყდეს ეს ხმა.

6-1698431786. სოფო ნადირაძესთან ერთად.jpg

კიდევ მინდა, საჭირო სიტყვები მოვძებნო ოდესმე და მადლობის წერილიც გამოგიგზავნოთ. მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ჩემი უფროსი მეგობარი გერქვათ, გქვიათ... მადლობა იმ ისტორიებისთვის, რომელთა მოსმენაც ჩემთვის კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასი იყო ხოლმე. მადლობა ყველა საუბრისთვის, რჩევისთვის, ყველა დარიგებისთვის. მახსოვს ყველაფერი, ყველა სიტყვა. მახსოვს და გამოვიზოგავ, გამოვიყენებ გზადაგზა.

ისიც მახსოვს, როგორ გიბრწყინდებოდათ ხოლმე თვალები, როცა ყვავილები მომქონდა თქვენთან. ყვავილების დანახვაზე ჩვენი სიცილნარევი ხუმრობაც მახსენდება, რომ როგორც უნდა გვიჭირდეს ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მაინც, ყოველთვის.

დღეს თქვენი დაბადების დღეა და მე მოლოცვის ფორმა უნდა შევცვალო... თუმცა გპირდებით, ყვავილებს ისევ აუცილებლად მოგიტანთ...

,,უამრავ სიხარულს შორის, არის სიხარული, რომელიც მარტო შენ გეკუთვნის. შეიძლება, ის სხვას არც კი გაუხარდეს, ვერც გაიგონ... შენთვის კი - ყველაფერია.“ ეს სიტყვები განსაკუთრებით მაშინ შემიყვარდა, როცა თქვენ გაგიცანით. ყველაფერი იყო ჩემთვის თქვენთან სტუმრობები; ყველაფერი იყო ჩემთვის თქვენთან მეგობრობა. ამ სიხარულს ვერავის აუხსნი და გაუზიარებ. ეს სიხარული მხოლოდ მე მეკუთვნის, მხოლოდ ჩემია და რამდენადაც დიდი იყო ის, იმდენად მწყდება ახლა გული, რომ ღიმილიანი სახით ვეღარასოდეს დამხვდებით ხილიანის სახლის კარს მიღმა. გული მწყდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ:

,,რაც თვალს დააკლდა - სულს შეემატა,

სხვა არაფერი შეცვლილა თითქმის“.

,,სულს შეემატა“ ჩვენი მეგობრობა, ქალბატონო თინა. გულით დავინახავ ხოლმე როგორ მიღებთ სახლის კარს და როგორ გიბრწყინდებათ თვალები ჩემს დანახვაზე“.

წერილი მეხუთე - ლადო მანაგაძისგან

„ერთხელ, როდესაც ბატონი თამაზის საფლავიდან ვბრუნდებოდით, მანქანის სარკეში ვუყურებდი ქალბატონ თინას, ვუყურებდი და ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე, მე თითქოს სევდიან გრძნობებზე მონადირე ვიყავი ამ დროს, მინდოდა, ბოლომდე ჩავწვდომოდი მის ფიქრებს, სახლში მისულმა კი ეს ჩანაწერი გავაკეთე : „ყველაფერზე დარდობს, ფრთები დიდი ხანია მიწას მიაბარა. ძმათა ტკივილი და სიყვარული მის სულში გაერთიანდა. რისთვის ვისჯებით? ნუთუ ღვთიური მისიაა, ბოლოს მარტო დარჩენილმა ატარო ეს ტკივილები და სიყვარული? აღარაფერი მესმის, მხოლოდ ვხედავ, სიყვარულთან დამარცხებული, ყვავილივით როგორ ვუხდები საფლავს..."

7-1698431751. ლადო მანაგაძე, პატარა ბარბარე და თინა ჭილაძე.jpg

მოგვიანებით ეს ჩანაწერი თავად ქალბატონ თინას წავუკითხე, მან კი სევდიანად მითხრა: ჩემო ლადო, შენ არა, მე და შენი მოტანილი ყვავილები მოვუხდებით მალე...

სიკვდილის არ ეშინოდა, პირიქით - მასთან საუბრის მერე იფიქრებდი, რომ ჩქარობოდა კიდეც, რის გამო, ალბათ, ისედაც ყველასთვის გასაგებია.

ჯერ მხოლოდ 12 დღე გავიდა და უკვე დიდ დანაკლისს ვგრძნობ, დავესეხები ოთარ ჭილაძეს: ,,სანამ მეხსიერება დამიკარგავს", ყოველთვის მემახსოვრება“...

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)