"როცა ნიუ-იორკში წამოვედი, 5 თვის შვილი დაძინებული დავტოვე და იმ ტკივილსა და ემოციას ვერასოდეს ამოვშლი ჩემი გონებიდან" - ქართველი ბარიტონის ემოციური ინტერვიუ აშშ-დან
"ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთულ მომენტში გამოვნახე ძალა და ჩემი სიმღერით სხვების გვერდში დგომა შევძელი"
"რთულ პერიოდში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი კარნეგი ჰოლის სოლო კონცერტი, რომელიც საქველმოქმედო გახლდათ და უკრაინელ დედებს, ბავშვებს ეძღვნებოდა. დაუვიწყარი იყო ის დღე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ არა, რომ იქ ვმღეროდი, იმ ლეგენდარულ დარბაზში, უფრო იმიტომ, რომ ამ დიდ პრობლემებში და ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთულ მომენტში გამოვნახე ძალა და შევძელი ჩემი სიმღერით სხვების გვერდში დგომა...", - ამბობს ბევრისათვის საყვარელი ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის ცხოვრებაში ბოლო წლებში ძალიან დიდი აღმასვლაც იყო და უდიდესი სირთულეებიც, რაზეც მომღერალი ვრცლად და გულწრფელად ნიუ-იორკიდან "კვირის პალიტრას" ესაუბრა...
- გოჩა, სად იმყოფებით ბოლო წლების განმავლობაში, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
- მალე ორი წელი გახდება, რაც ნიუ-იორკში წამოვედი. მოვდიოდი დიდი შემართებით, იმედებით და პანდემიის შემდეგ სიმღერაზე სიგიჟემდე მონატრებული, ვიცოდი, რომ მარტივად არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ასეთი რთულიც თუ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდი. ყველაფერი გაართულა ჯანმრთელობის სრულიად მოულოდნელმა პრობლემებმა, გამიმართლა, რომ აქ ვიყავი, ძალიან რთული პერიოდი უკვე წარსულს ჩავაბარე და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ძალების მოკრების და კიდევ უფრო დიდი წარმატებების ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში. სწორედ იმ პერიოდში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი კარნეგი ჰოლის სოლო კონცერტი, რომელიც საქველმოქმედო გახლდათ და უკრაინელ დედებს, ბავშვებს ეძღვნებოდა. ის დღე დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ არა, რომ იქ ვმღეროდი, იმ ლეგენდარულ დარბაზში, უფრო იმიტომ, რომ ამ დიდ პრობლემებში და ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთულ მომენტში გამოვნახე ძალა და ჩემი სიმღერით სხვების გვერდში დგომა შევძელი.
- შვილის შეძენამ თქვენი ცხოვრება შეცვალა...
- ნიკო აბულაძემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში... ხუთი თვის იყო, როცა აქეთ წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო, ძალიან ვუყვარდი, სულ ვუმღეროდი და მოკლედ, დიდი ჟღურტული გვქონდა გამართული. იმ დღეს, როცა წამოვედი დაძინებული დავტოვე და იმ ტკივილს და ემოციას ვერასოდეს ამოვშლი ჩემი გონებიდან. უკვე ორი წელია, ყოველდღიურად ვესაუბრები ტელეფონით, ისეთი დიდი ბიჭია, მიმღერის (ძალიან კარგად, სხვათა შორის) და მესაუბრება. ყველაზე დიდი ძალაა ჩემთვის და მინდა, მალე რომ დავბრუნდები, ყველაზე მეტად ნიკო გავახარო ჩემი სიმღერით.
- რატომ აღარ აზიარებთ თქვენი ნამღერის ვიდეოებს, რომლებსაც 100-ათასობით ნახვა ჰქონდა?
- ვიდეოებს ვდებდი ჩემს ძველ "ფეისბუქზე", სადაც 50-ათასი ერთგული მეგობარი მყავდა. უკრაინისადმი ჩემი აქტიური მხარდაჭერის გამო დამიჰაკეს და მერე საერთოდ გამიუქმეს. როგორც შემდგომში გავიგე, ბევრს დაუბლოკეს, ვინც გამორჩეულად აქტიურობდა, რომ რაღაცნაირად ეს ომი შეჩერებულიყო. ერთი წლის წინ შევქმენი ახალი "ფეისბუქგვერდი", სადაც ძველებურად აქტიური აღარ ვარ, მაგრამ სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო როგორც არტისტმა, რომ არ იყოს ომი და ბავშვები არ იხოცებოდნენ.
- საქართველოში უფრო ხშირად რატომ არ თუ ვერ მღერით?
- საქართველოში ორი წელი ვიყავი და ალბათ სულ სამი პატარა კონცერტი მქონდა. სამწუხაროდ, არავის გავახსენდი და ჩემი ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზიც ეგ იყო. თბილისის ოპერაში უნდა მემღერა "ჯამბაზები", რეპეტიციებიც გავიარე, მერე ვიღაცის "ფეისბუქის" კომენტარში გავიგე, რომ გუნდში კოვიდი აღმოაჩნდა მომღერალს და სპექტაკლი გადაიდო... სპექტაკლის გაუქმება არაფერია, მერე რომ გადადეს და ისიც არ ჩატარდა, ეგეც არაფერია, მაგრამ თეატრის მხრიდან დამოკიდებულება გულსატკენია... როცა სამზადისში ხარ და მოუთმენლად ელი შენს ყველაზე ძვირფას აუდიტორიასთან შეხვედრას, "ფეისბუქის" კომენტარში არ უნდა კითხულობდე, რომ სპექტაკლი გაუქმდა. "ჯამბაზები" განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ სწორედ ტონიოს დებიუტის დროს ვიმუშავე ფრანკო ძეფირელისთან ერთად ვერონაში. სწორედ ლეგენდარულ ფრანკო ძეფირელისთან შევქმენი ჩემი პირველი ტონიო და თბილისში მისი სიმღერა უზომოდ დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის. არ მინდა, ეს კრიტიკად მიიღოს ვინმემ. უბრალოდ, მინდა უფრო მეტად დავაფასოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი, თანადგომის და სიყვარულის მეტი ვერაფერი გადაგვარჩენს ამ რთულ პერიოდში!
- ზოგადად როგორი ვითარებაა ხელოვნების სფეროში პანდემიის, ამდენი ომების შემდეგ?
- მეტროპოლიტენ ოპერაში ხშირად დავდივარ და რასაც ვხედავ, ამ დიდმა პაუზამ ხელოვნება გააცივა... არადა, მეგონა, რომ მონატრებულზე ნამდვილ სიმღერას და "სულის ტკაცა-ტკუცს" ვნახავდი სცენაზე. ორი-სამი მომღერალი შეიძლება გავიხსენო მხოლოდ, ვინც ცრემლი მომგვარა თავისი სიმღერით, ამდენი ნანახი სპექტაკლის შემდეგ.
ზოგადად, მგონია, რომ კარგად შეფუთული და მერე კარგი სააგენტოს მიერ გაყიდული არტისტების ეპოქაა. შეფუთვა კი სჭირდება სიყალბეს, არაპროფესიონალიზმს და უსულგულობას... ნამდვილი მარგალიტები და სულით და გულით არტისტები კი შეფუთვას არ საჭიროებენ, ისინი ძალიან ცოტანი არიან და უბრალოდ და გენიალურად კაშკაშებენ, ან უბრალოდ, ბევრნი არიან და მათი უმრავლესობა სიყალბესთან ბრძოლაში დაიღალა.
მაგრამ ვიმედოვნებ, რაც უფრო ხმაური, ქაოსი და სიყალბე ასე პროგრესირებს დედამიწაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ნამდვილი არტისტების არსებობა, რათა შეგვახსენონ, რომ ხელოვნება ფული და ბაზარი არ არის და ადამიანები ცოტათი მაინც განვსხვავდებით ცხოველებისგან.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სამომავლო გეგმები უკავშირდება სიმღერას და დაბრუნებას. სანამ პირში სული მიდგას, ასე იქნება სულ. არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი, აქაურები, სადაც ხშირად ვმღერი და მათი ბედნიერება ჩემი სიმღერით გამოწვეული დიდი ძალაა ჩემთვის. ვმღერი სახლში, ეკლესიაში, მეგობარ ქუჩის მუსიკოსთან, რომ გავახარო, ყველგან ვმღერი, რომ დავიბრუნო ძალა, რაც ღმერთმა მაჩუქა და რამაც სამი წლის ასაკში ამაღიღინა. ვისაც ჩემი სჯერა, ყველას გავახარებ, ვისაც არ სჯერა და ხელი ჩაიქნია ჩემზე, მათ ბევრი სიურპრიზი ელით წინ. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ყოველდღე უფალს მადლობა ვუთხრა მისგან ნაჩუქარი ნიჭით ადამიანების გახარების უფლება რომ მომცა.
ამერიკულმა ორმა წელმა საათის ისრის ცივი ხმა გამიმძაფრა ყურში. დრო ცოტაა, მოსასწრები კი ბევრი …
(სპეციალურად საიტისთვის)