ისრაელის „მერკავები“ ღაზაში შევიდნენ... და უკან გამობრუნდნენ - დაიწყო თუ არა სახმელეთო ოპერაცია?
27-28 ოქტომბრის ღამეს ლამის მთელი მსოფლიო იმაზე ბჭობდა, დაიწყო თუ არა ისრაელმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უშუალოდ ღაზის სექტორის შიგნით?
სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყებაზე მეტყველებდა ის ფაქტორებიც, რომ ამ ღამეს ისრაელმა ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური საჰაერო დაბომბვები განახორციელა ღაზის სექტორში და „ცახალის“ სარდლობის მტკიცებით, მათ ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო ბომბებით თითქოს 150-მდე მიწისქვეშა გვირაბი გაუნადგურეს „ჰამასს“, რის შემდეგაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ას ერთეულზე მეტი ისრაელის ჯავშანტექნიკა შევიდა, ძირითადი საბრძოლო ტანკების „მერკავებისა“ და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების „ნამერების“ ჩათვლით...
მეტი რაღა უნდა დაერქვას სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, თუმცა „ცახალის“ მეთაურობა დილაუთენია ამტკიცებდა, რომ ეს იყო არა სახმელეთო ოპერაციის დაწყება, არამედ მორიგი სახმელეთო რეიდი ღაზის სექტორის კონკრეტულ უბნებში „ჰამასის“, წინასწარ დაზვერილი პოზიციების გასანადგურებლად, რის შემდეგაც ჯავშანჯგუფები ისევ უკან გამოჰყავთ ღაზის სექტორიდან...
„ცახალმა“ ბოლო დღეებში ორჯერ განახორციელა ასეთი ჯავშანრეიდები და ეტყობა მესამედაც იგივე გაიმეორა, ოღონდ უფრო ფარტო მასშტაბით.
თუმცა, „ჰამასი“ აცხადებს, რომ „ცახალს“ მართლაც სურდა ფართომასშტაბიანი სახმელეთოო ოპერაციის დაწყება, მაგრამ მისი მებრძოლების მიერ მოწყობილ ჩასაფრებებში თითქოს მოყვნენ ისრაელის „მერკავები“ და „ცახალი“ იძულებული გახდა ისევ უკან დაეხია და ჯავშანტექნიკა ისევ გაეყვანა ღაზის სექტორის საზღვრის გარეთ.
ასეა თუ ისე, ჩანს ისრაელი ერთგვარ კბილის მოსინჯვის ტაქტიკას ახორციელებს და ოფიციალურად არ აცხადებს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რადგან საბრძოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო ველზეც დაიტოვოს უკან დასახევი გზა და განაცხადოს-„მერკავები“ იმიტომ გამოვაბრუნეთ ღაზის სექტორიდან, რომ ეს იყო ჯავშანრეიდი კონკრეტული სამიზნის გასანადგურებლად და არა ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყისიო...
ამ ეტაპზე ისრელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეს ტაქტიკა ეტყობა უფრო გამართლებულია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მუსლიმანურ სამყაროს დროზე ადრე არ აიმხედრებს თავის წინააღმდეგ მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებით და მეორეც - ასეთი რეიდებით განსაზღვრავს თუ რამდენად არიან მომზადებულნი „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფები „მერკავების“ მოსაგერიებლად და რა სახის ჩასაფრებებს უმზადებენ „ცახალს“ ღაზის ქალაქების დანგრეულ ქუჩებში...
ფაქტია, რომ ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს დანარჩენ მსოფლიოს, რომ „ცახალი“ მაინც შევა ღაზის სექტორში და თითოეული სახლისა თუ მისი ნანგრევების გაწმენდას დაიწყებს „ჰამასისგან“, თუნდაც ჯერ ღაზის სექტორის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში, რისთვისაც თელ-ავივი მესამე კვირაა დაჟინებით მოუწოდებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მაცხოვრებელ პალესეტინელებს თავშესაფარი სექტორის სამხრეთ ნაწილში იპოვონ.
ღაზის სექტორის სიგანე ჩრდილოეტ ნაწილში სულ რაღაც 6 კმ თუა, რაც მის გამჭოლად გაცხრილვის საშუალებას იძლევა, თუნდაც ტანკების ქვემეხებიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ „ცახალის“ მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებზე.
ამასთან, ისრაელის ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში ტანკებისა და ჯავშანმანქების გარდა, რომლებსაც საჰაერო მხარდაჭერას საბრძოლო თვითმფრინავები, დამრტმელი შვეულმფრენები და კამიკაძე-დრონები გაუწევენ, აუცილებლად ჩაერთვებიან ისრაელის საზღვაო-ძალების სარაკეტო კატარღებიც, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან განახორციელებენ ღაზის სექტორის სარაკეტო და საარტილერიო „დამუშავებას“, რასაც მოჰყვება საზღვაო დესანტის გადასხმა „ჰამასის“ პოზიციების ზურგშიც...
დასავლეთელი სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის დივერსიულ-ტერორისტულ თავდასხმამდე მოიმარაგა საბრძოლო მასალის, საწვავისა და პროდუქტების იმხელა რაოდენობა, რომ სამ-ოთხვიანი ინტენსიური ქუჩის ბრძოლებისთვის უნდა ეყოს.
საბრძოლო მასალისა და საწვავის ეს მარაგი მოწისქვეშა გვირაბებში აქვს გადამალული „ჰამასს“, ისევე როგორც 14-15 ათასამდე ის რაკეტა, რომლის მსგავსებს ისრაელის დასახლებული პუნქტების დასაბომბად სისტემატურად იყენებს.
უახლოესს დღეებში გამოჩნდება, გააგრძელებს „ცახალი“ ჯავშანრეიდების ტაქტიკას თუ ერთ-ერთ მორიგ ასეთ რეიდს უკვე მართლაც ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში გადაზრდის...