როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამო - კვირის პალიტრა

როგორ გვწეწავენ ქართული ბანკები ჩვენივე უყურადღებობის გამო

მორიგი ბუზღუნის თემა ჩემმა ბანკმა მომაწოდა.

ბანკის სახელს არ დავასახელებ, არ მინდა "შავ პიარში" ჩამეთვალოს. მით უფრო, რომ ჩემი მიზანი სულაც არ არის ვინმესთვის ანტირეკლამის გაკეთება. თან მგონია, რომ ყველა ბანკში მსგავსი სიტუაციაა და ამიტომ მინდა ჩემსავით "დოყლაპია" მკითხველს გამოცდილება გავუზიარო და რჩევა მივცე.

"ჩემ ბანკს" იმიტომ ვუწოდებ, რომ უკვე თითქმის 10 წელია მისი კლიენტი ვარ. სხვა ბანკებთანაც ძალიან აქტიურად "ვთანამშრომლობ", მაგრამ ეს ბანკი სხვადასხვა რამის გამო მომწონს და მეგონა, რომ მასაც "მოვწონდი". ყოველ შემთხვევაში, აქამდე მიზეზს არ მაძლევდა, რომ საპირისპირო მეფიქრა... ბოლო დღეებამდე. არადა ფული იმ მომსახურებაში გადამახდევინა, რომელსაც უკვე 1 წელიწადზე მეტია აღარ მიწევს...

მოკლედ აგიხსნით საქმის ვითარებას: ამ ბანკში ანგარიში წლების წინ გავხსენი და პლასტიკური ბარათიც ავიღე. დრო გადიოდა და "ვიზა ელექტრონს" ძალიან აქტიურად ვიყენებდი. ბარათებს ვადა გასდიოდა და ვცვლიდი. მოკლედ, მეც კმაყოფილი ვიყავი და ბანკსაც "არ დაუჩივლია". მერე ისე მოხდა, რომ იმავე ბანკში საკრედიტო ბარათი ავიღე (შესაბამისი ანგარიშით). დროთა განმავლობაში ჩემ ძველ პლასტიკურ ბარათს ვადა გაუვიდა და აღარ გავაგრძელე ამ ბანკის სხვა ბარათი ხომ მქონდა, ჩემ მიზნებს ისიც ჰყოფნიდა...

ჩემი ძველი ანგარიშიც მიმავიწყდა და არც გამახსენდებოდა, რომ არა ერთი სიმპათიური გოგონა, რომელმაც საკრედიტო დავალიანების შევსებისას მითხრა, რომ რომელიღაც სხვა ანგარიშზე საკომისიო დამგროვებოდა და 50 ლარამდე აღწევდა. როცა გავერკვიე, აღმოჩნდა, რომ ის ძველი ანგარიში, რომელსაც წელიწადზე მეტია აღარ ვიყენებ - თვეში 1 ლარი მიჯდება... ამ ხარჯს ბანკს რამენაირად "მივუტევებდი", ბოლო-ბოლო ჩემზე ჩანაწერებს ინახავენ და ნებისმიერ დროს მზად არიან მიიღონ ფული, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მექნება წვდომა. მაგრამ ადვილად დათვლიდით, რომ თვეში 1 ლარით წელიწადში 50 არ მოგროვდებოდა. დანარჩენი, თურმე, ინტერნეტბანკისა და სმს-ბანკინგის გადასახადმა შეადგინა.

მახსოვდა, რომ ინტერნეტბანკი მართლაც ჩავართვევინე, მაგრამ სმს-ი ნამდვილად არ დამჭირვებია, მხოლოდ საკრედიტო ბარათისთვის მოვითხოვე...

როდესაც ოპერატორს ახსნა ვთხოვე, მითხრა, რომ სმს-ბანკინგი, შესაძლოა, საკრედიტო ბარათზე მიბმისას ჩემ ძველ ანგარიშსაც მიება...

არ ვიცი, ან ეს გოგონა იყო ახალბედა და გაუთვითცნობიერბელი, ან ბანკს ვერ აქვს კარგად აწყობილი სერვისები. შეიძლება საკრედიტო ბარათის აღების დროს მომუშავე ოპერატორმა "მიჯიგრა" და ბარემ ძველი ანგარიშიც "გამიესემესიანა".

ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველა სერვისი გავთიშე და იმედია ამ ბანკის ვალი აღარ დამედება.

უბრალოდ მინდა ვკითხო ამ, და სხვა ბანკების მესვეურებს: სმს-ბანკინგის არსი თუ სწორად მესმის, ინფორმაცია ჩემს ანგარიშზე მომხდარი ყველა ოპერაციის შესახებ ტელეფონზე უნდა მომდიოდეს. ძალიან მაინტერესებს, თუ ჩართული მქონდა სმს-ი, რატომ არ მომსვლია არც ერთი შეტყობინება ზემოხსენებული საკომისიოს დარიცხვაზე იმ მომენტამდე, როდესაც ეს დაგროვებული საკომისიოები დავფარე? თუ სმს-ი მხოლოდ თანხის მიღება-გაცემაზე უნდა მომდიოდეს და არა დავალიანების დაკისრების დროს? ან როგორ მოხდა, რომ ჩვეულებრივი სადეპოზიტო საბარათო ანგარიშზე 50 ლარიანი "ოვერდრაფტი" ანუ კრედიტი მივიღე? მე რომ ბარათი მქონოდა და განულებული ანგარიშის პირობებში რაიმეს გადახდა მომდომებოდა, კაპიკსაც არავინ მაღირსებდა.

ამ შემთხვევაში კი ბანკმა "კეთილი ნება" გამოავლინა და ერთი წელი თვეში 3-4 ლარს "მაკისრებდა ნისიად", შედეგად 50 ლარიან მინუსში გავედი და ის ახალბედა ოპერატორი რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის სადამდე გაიზრდებოდა ჩემი დავალიანება.

თუმცა არც თანხა იყო დიდი და საბედნიეროდ, არც ბევრი ხანი გასულა, ჩემი ხელფასიც იძლევა იმის საშუალებას რომ 50 ლარი "ჰაერში გავისროლო", მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ჩემივე ფულით ანაზღაურებადი სერვისით, ბანკი არ მაწვდის სრულ ინფორმაციას ჩემივე ანგარიშის შესახებ? ან ხომ შეიძლება, რომ 50 ლარი ჩემთვისაც მნიშვნელოვანი თანხა იყოს? თუ ცოტაა დღეს საქართველოში ხალხი, ვისთვისაც 50 ლარი დიდი ფულია?

სხვათა შორის, მახსოვს, როდესაც მორიგი ბარათის აღებისას ხელს ვაწერდი საბუთებს, თვალში მომხვდა პუნქტი, რომელშიც ბანკი უფლებას იტოვებდა, კლიენტის ერთ ანგარიშზე წარმოქმნილი დავალიანებისას ეს ვალი ამავე კლიენტის სხვა ანგარიშიდან დაეფარა. მე ამ ბანკში ორი ანგარიში მქონდა მაგრამ ერთზე წარმოქმნილი დავალიანება ერთი წლის განმავლობაში მიგროვდებოდა. რატომ? ვფიქრობ იმიტომ, რომ მოქმედი ანგარიშიდან თანხების მეორეზე გადატანის შემჩნევისას მივხვდებოდი, რაშიც იყო საქმე და გასაუქმებელს თავიდანვე გავაუქმებდი... ეს კი ბანკს არანაირად არ აძლევდა ხელს... იყო ის საკომისიო თავისთვის და როდესაც კარგა მოზრდილი თანხა შეგროვდებოდა, შეიძლება სასამართლო უწყებაც მომსვლოდა...

მოკლედ, ჩვენი პრობლემა ბანკებში კი არა ჩვენივე დაბალ ფინანსურ და ეკონომიკურ კულტურაშია. მე მშვენიერი გაკვეთილი მივიღე. რომელიც არცთუ ძვირი დამიჯდა.

პატივცემულო მკითხველებო. შეამოწმეთ ძველი ანგარიშები, იქნებ ვინმეს ვალი გაქვთ და თქვენ კი ეს არ იცით...