"ღირსეული ადამიანი და ღირსეული არტისტი"... ნელიმ რომ თვალის სინათლე დაკარგა, თენგიზი საერთოდ თან ჰყვებოდა მეუღლეს" - როგორ იხსენებენ ლეგენდარულ მსახიობს
როგორ იხსენებენ ლეგენდარულ მსახიობს
„...ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებით ქართული თეატრისა და კინოს ის ოქროს ხანა დასრულდა, რომელიც ასე გვიყვარს და რომლის გამოც უმეტესობა ჩვენგანს ამ პროფესიაში ყოფნა მოგვინდა... ახლა იმ თაობიდან ყველანი სხვა საქართველოში არიან... მქონდა ბედნიერება, რამდენიმეჯერ შევხვედროდი თეატრში, თუკი ვინმე მახსენდება სიტყვაზე ღირსეული, სწორედ ბატონი თენგიზია, ღირსეული ადამიანი, ღირსეული არტისტი. მის სიახლოვეს, თუნდაც ერთი წუთით, შენც სხვანაირი ხდებოდი, სხვანაირი და უკეთესი... ამას თითქოს გაიძულებდა, თავისი ქცევით, სიტყვით, მოქმედებით... ჭეშმარიტი რაინდი იყო, სევდიანი მზერით..", -. ამბობს რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებით გამოწვეული სევდა "კვირის პალიტრას" იმ ადამიანებმა გაუზიარეს, რომლებსაც ქართული კინოს და თეატრის ლეგენდასთან შეხვედრის ხშირი პატივი ერგოთ...
იმედა კახიანი, მსახიობი:
"ყველამ ვიცით, თენგიზი რა დიდებული მსახიობი და პიროვნება იყო... უაღრესად თბილი, მეგობრული, ერთგული, ვერასდროს შეამჩნევდი ამპარტავნებას, პირიქით, მოკრძალებული კაცი გახლდათ. როგორ მიყვარდა, კაცო, ასეთი კარგი კაცი!
ჩვენ თეატრში ერთად არ გვიმუშავია, არც კინოში შევხვედრივართ ხშირად, მაგრამ „დათა თუთაშხიას“ გადაღებაზე შევხვდით და ეს დაუვიწყარი იყო... მისი როლი - მუშნი ზარანდია ხომ უარყოფითი იყო, მაგრამ თენგიზის შესრულებით მაინც შეიყვარა მაყურებელმა და ეს არის ზუსტად უდიდესი რამ! გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა მსახიობურმა ოსტატობამ და იმან, რომ საოცარი პიროვნება იყო. ეკრანზე ეს ყველაფერი ძალიან ჩანს... უარყოფითი გმირის მიმართ რომ სიმპათიით განეწყობი, არ გძულს და არ გეზიზღება, ამას ძალიან ცოტა მსახიობი თუ შეძლებს და ვიმეორებ, იქ მხოლოდ მსახიობის ოსტატობა არ კმარა! ღვთისგან ნაბოძები ისეთი ბუნება ჰქონდა, რომელიც იმ წუთას განგაწყობდა სიყვარულით და სიმპათიით...
სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება ახლოს ვყოფილიყავი დიდ მსახიობებთან და ყველა, ვინც მართლაც დიდებული გალხდათ, ასევე საოცარი პიროვნებებიც იყვნენ და ამიტომაც დაიმკვიდრეს გამორჩეული ადგილი! თენგიზიც მათ შორის არის, უდიდესი მსახიობი და უდიდესი ქართველი, რომელსაც თავისი სამშობლო უსაზღვროდ უყვარდა.
მე მჯერა, თენგიზი მუდამ ემახსოვრება ქართველ ხალხს და ღმერთი იქ ამყოფებს, სადაც კარგი კაცები განისვენებენ..."
თეატრალურ ინსტიტუტში ერთ კურსზე ექვსი მომავალი ვარსკვლავი სწავლობდა - თენგიზ არჩვაძე, ჯემალ ღაღანიძე, გივი ბერიკაშვილი, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ქუთაისელი ერემია სვანაძე და ლამარა ვაშაკიძე... ლამარა ვაშაკიძეს ბევრი მოგონება აქვს ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტიდან:
„თენგიზ არჩვაძე არაჩვეულებრივი ყმაწვილი იყო, ძალიან კარგად სწავლობდა. ასევე გამორჩეული იყო ყველა, ვინც ჩამოვთვალე... თენგიზი ლექციაზე ხშირად ხატავდა, მათ შორის - სასაცილო პორტრეტებს. ჩვენ ვმეგობრობდით. მახსოვს, როგორები იყვნენ შეყვარებული თენგიზ არჩვაძე და მისი არაჩვეულებრივი მომავალი მეუღლე - ნელი ფილიაშვილი, შემდეგ დაქორწინდნენ და კარგი შვილებიც აღზარდეს“... ამბობდა იგი...
ლამარა ვაშაკიძე, მსახიობი:
"შეძრული ვარ ამბით, გული ძალიან მტკივა თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო... არაჩვეულებრივი, იშვიათი პიროვნება იყო. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდით, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი მოგონება მაქვს. მახსოვს როლებზე გაგვანაწილეს, მაშინ ჩვენი შენობა ძალიან პატარა იყო და ძალიან მაღალი კიბეები ჰქონდა. გვითხრეს, ახლა როლისთვის მოემზადეთ, თითქოს გამოდიხართო, ჩავიდოდით კიბეზე, ამოვიდოდით, მერე ისევ ასე და ძალიან ბევრს ვიცინოდით...
თენგიზი გარეგნობითაც და ისედაც იმდენად გამორჩეული იყო, ძალიან ბევრს მოსწონდა, მაგრამ იგი სტუდენტობიდანვე შეყვარებული იყო მასზე, ვინც ცოლად შეირთო და საოცარი ოჯახი შექმნეს...
ჩვენ მუდამ ვაგრძელებდით კავშირს. დაახლოებით ხუთი წლის წინ რომ დავურეკე, თენგიზის მეუღლე მესაუბრა... სამწუხაროდ, მეგიმ თვალის სინათლე მთლიანად დაკარგა და მანამდე ხომ საუკეთესო ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, ამის მერე თენგიზი საერთოდ თან ჰყვებოდა. მეგიმ სიკვდილის წინ მითხრა, - ლამარა, თენგიზი ისე მივლის, მეტი რომ არ გაგონილაო... შემდეგ ჯემალ ღაღანიძემ გამანდო, მეგის სამჯერ ჰქონდა თავის მოკვლის მცდელობა, გადავარდნა უნდოდა, მხედველობის დაკარგვას იმდენად განიცდიდა, მაგრამ თენგიზმა სამჯერვე გადაარჩინაო... ამდენად დიდი ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ უდიდესი არტისტი იყო!
თენგიზი თავის არაჩვეულებრივ ქალიშვილთან, ნატოსთან ერთად იღებდა მონაწილეობას "იუმორინაში", სადაც - "ოჩენ ჩორნიეს“ მღეროდა. ამ სიმღერას თავისი ცოლის ულამაზეს თვალებს უმღეროდა..."

თემურ ცაგურია, მომღერალი:
- საქართველოში ადამიანი არ მოიძებნება, რომელიც არ აღტაცებულიყო თენგიზ არჩვაძის ნიჭიერებით! მათ შორის, მეც მუდამ მისი ნიჭის გულმხურვალე თაყვანისმცემელი ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ ვიცნობდი, ძმასავით მიყვარდა და აი, ერთხელ ბედმა გამიღიმა - ჩემმა მეგობარმა ვაჟა გავაშელმა სუფრაზე დამპატიჟა - ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა თენგიზ არჩვაძე დავინახე. ვაჟა შეეცადა ჩემი თავი გაეცნო მისთვის, მაგრამ თენგიზმა ხელი გადამხვია მხარზე და ვაჟას მიუგო - ამას ხომ მთელი საქართველო იცნობს და უყვარსო... მოკლედ, სუფრაზე სამნი ვიყავით - ვაჟა ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი თამადობდა... კარგა გვარიანად რომ მოვილხინეთ, ვაჟამ გიტარა მომაწოდა და მთხოვა, ,,მწყემსური" მემღერა. სიმღერის დასრულებისთანავე თენგიზი ფეხზე ადგა და გადამკოცნა - თუ ძმა ხარ, ეს სიმღერა კიდევ ერთხელ იმღერეო, მეორეჯერაც რომ დავასრულე, იგივე გამეორდა... ალბათ მაშინ მოუვიდა აზრად "მწყემსური" თავად ემღერა... იმღერა და მერე როგორ - მთელი საქართველო დამუხტა სამშობლოსადმი სიყვარულით!
„ფილმი „შეხვედრა მთაში“ გამოსვლის დღიდანვე მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა, რაც დიდი დამსახურებაა ფილმის არაჩვეულებრივი სიმღერების, ლეგენდარული მსახიობების, განსაცვიფრებელი ბუნების... მოგეხსენებათ, ფილმი ხევსურეთში, ბარისახოშია გადაღებული... „მახსოვს, ფილმისთვის "შეხვედრა მთაში" პირველი სინჯი თენგიზ არჩვაძესთან იყო და არა - ბუბა კიკაბიძესთან. იქ გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან პირველად ვხედავდი და ის სინჯი იყო გადასაღები, მამა რომ კონცერტზე უშვებს და გახარებული გოგონა გადაეხვევა. მე გადახვევის მერიდებოდა, მაგრამ მდგომარეობიდან თავად ბატონმა თენგიზმა გამომიყვანა, რა იყო, მამა, მოდი, გადამეხვიეო, გამეხუმრა... ასე დამამტკიცეს ამ როლზე", - იხსენებდა ლალი მესხი.
ლალი მესხი, მოცეკვავე, მსახიობი:
"საუბარი არ შემიძლია, იმდენად განვიცდი. ბოლოს ძალიან ავადმყოფობდა, მის შვილს - ნატოს სულ ვურეკავდი და სულ ამ დღის დადგომის მეშინოდა, რამდენჯერაც საინფორმაციოს მოვისმენდი ან სოციალურ ქსელში შემოვიდოდი, ვფიქრობდი, ცუდი არაფერი გავიგო-მეთქი... ძალიან გული მტკივა, რადგან საოცარი ადამიანი იყო, სულ რომ თავი დავანებოთ თუ რამდენად უდიდესი არტისტი იყო, მთელი ქვეყნისთვის გამორჩეული მსახიობი და პიროვნება გახლდათ! ყველას რომ გამორჩეულად უყვარდა, იმდენად თბილი. გადაღების დროს ბარისახოში რომ ჩამოდიოდა, ნამდვილი ზეიმი იყო... მისი ყოველი დანახვა ყველასთვის დიდი დღესასწაული იყო!
სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:
- ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებით, ქართული თეატრისა და კინოს ის ოქროს ხანა დასრულდა, რომელიც ასე გვიყვარს და რომლის გამოც უმეტესობა ჩვენგანს მოგვინდა ამ პროფესიაში ყოფნა... ახლა იმ თაობიდან ყველანი სხვა საქართველოში არიან... მქონდა ბედნიერება, რამდენიმეჯერ შევხვედროდი თეატრში, თუკი ვინმე მახსენდება სიტყვაზე ღირსეული, სწორედ ბატონი თენგიზია - ღირსეული ადამიანი, ღირსეული არტისტი. მის სიახლოვეს, თუნდაც ერთი წუთით, შენც სხვანაირი ხდებოდი, სხვანაირი და უკეთესი... ამას თითქოს გაიძულებდა, თავისი ქცევით, სიტყვით, მოქმედებით... ჭეშმარიტი რაინდი იყო, სევდიანი მზერით...
(სპეციალურად საიტისთვის)