"ერთხელ ბუბა აზერბაიჯანში დიალიზს იკეთებდა, კართან ქალი იდგა და ტიროდა, რუსულად ვკითხე, მაგრამ ქართულად მიპასუხა..." - ლეგენდარული მომღერლის უცნობი ამბები ადამიანისგან, რომელმაც მის გვერდით 22 წელი გაატარა
"მინდა და ვაპირებ ბუბას შესახებ წიგნი დავწერო. ვიტყვი ბევრ ისეთს, რაც მასზე ხალხმა არ იცის... 22 წელი ამ ადამიანის გვერდით ვიმუშავე, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო" - გვეუბნება პროდიუსერი სოსო აბზიანიძე, რომელმაც ორ ათწლეულზე მეტი ბუბა კიკაბიძის გვერდით გაატარა. რა იყო ეს წლები მისთვის, როგორ გახდა მისი პროდიუსერი და როგორია ცხოვრება ბუბას გარეშე, ამ თემაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოსო აბზიანიძე:
- თავიდან „ორერას“ ვხელმძღვანელობდი. 5 წლის დაშლილი და უმოქმედო ანსამბლი გავაერთიანე და მობილური გავხადე. იყო ბევრი კონცერტი... ერთხელ მოსკოვში ჩაწერაზე ვიყავით და იქ შემთხვევით ბუბა მოვიდა. პირისპირ პირველად შევხდი... მერე ბელორუსში, პოპულარულ შლაგერზე „სლოვიანსკი ბაზარი“ „ორერა“ მყავდა ჩაყვანილი, სადაც ბუბა მოსკოვიდან თავის პროდიუსერთან ერთად ჩამოვიდა, ჩვენი შეხვედრა იქაც მოხდა... მოგვიანებით მაესტრო რობერტ ბარძიმაშვილი გარდაიცვალა. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. იმ დროს ბუბა თბილისში იმყოფებოდა, ბატონი რობერტი დააფასა და კოლეგისთვის პატივი რომ ეცა, ბევრი რამ გააკეთა. დიდუბის პანთეონში გვინდოდა, რომ დაკრძალულიყო და მაშინდელ კულტურის მინისტრთან, სესილი გოგიბერიძესთან თხოვნით ბუბა, ნუგზარ ერგემლიძე და მე მივედით. პანთეონი დახურულიაო - ქალბატონმა სესილიმ, მაგრამ მოგვიანებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი გამოიძებნაო... მერე ბუბას ოპერაში სამი კონცერტი შევთავაზე. 15 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და რისკია, გაგიჭირდებაო. ავიღებ ჩემს თავზე-მეთქი. სამივე კონცერტი ანშლაგით ჩატარდა. ხალხს ბუბა მონატრებული ჰყავდა. ერთი კვირის შემდეგ სადღაც სუფრასთან მოვხვდით და იქ მითხრა, - ბიჭო (მაშინ ბიჭი ვიყავი) მოდი, იყავი ჩემთან. წესიერი და ჭკვიანი ადამიანი ხარ... სიამოვნებით დავთანხმდი... ჰოდა, წავიდა და წავიდა კონცერტები.
- ბუბა კიკაბიძე ვარსკვლავი იყო. თითქმის ყველა თაობის საყვარელი მომღერალი. რა ვარსკვლავური მოთხოვნები ჰქონდა მას პროდიუსერთან?
- ვარსკვლავი ხარო, რომ ვეტყოდი, არ მოსწონდა - "მე, ბიჭო, ეგეთი რაღაცები არ მინდა“. არ უყვარდა დაცვით სიარული, გაცილება, გამოცილება... აეროპორტში ყვავილებით რომ ხვდებოდნენ, არც ეს სიამოვნებდა. ძალიან უბრალო ადამიანი იყო... ერთხელ კიშინიოვში კონცერტი გვქონდა, სცენა რაღაცნაირად ცარიელი იყო. მითხრა, მუშები შეიგულე, იქნებ რამე ძველი დეკორაციები ჰქონდეთ, სცენა გააწყონო. მივედი მათ ხელმძღვანელთან... როდესაც ყველაფერი გაეწყო, მზად არის-მეთქი? - ვუთხარი. ჰოო? წამო, ვნახოთო. ვნახეთ. მოეწონა. „ბიჭო, წადი მაღაზიაში, 3-4 ბოთლი არაყი იყიდე, თავის ყველაფრით და ბიჭებს მიუტანეო“. ვიყიდე, შევუტანე, გაუხარდათ. მათთან ოთახში ბუბაც შევიდა. ყველას ხელი ჩამოართვა და აბა, დაასხით და დამისხითო. დაასხეს, მადლობა გადაუხადა... ერთი პიროვნება, ტელეფონით ხელში, სამი მეტრის მოშორებით ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყურადღებას არ გვაქცევდა. ჩვენთან რატომ არ მოდიხარო, შეეხმიანა. მან ბოდიში მოიხადა და ბუბასთან დადგა. რა ხდებაო? მამაჩემს ვეუბნები, რომ აქ ვახტანგ კიკაბიძეა და არ მიჯერებსო. მოიყვანე მამაშენიო. არ შეუძლია, ლოგინიდან ვერ დგებაო. მომეცი ტელეფონიო. მერე იმ კაცს 15 წუთი ელაპარაკა... ასეთი და მსგავსი შემთხვევა ბევრი ყოფილა. მოლდაველები მეუბნებოდნენ, სხვა ვარსკვლავები რომ ჩამოდიან, დაცვა ახლავთ და ახლოს არ გვიკარებენ, ვახტანგ კონსტანტინოვიჩი როგორი უბრალოაო. (გააგრძელეთ კითხვა)