"ვისურვებდი, რომ ჩემი წერილი წაიკითხოს ყველა დედამ, ვინც შვილი დაკარგა..." - ქმრის მიერ მოკლული 14 წლის აითაჯის დედა წერილს ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, რომ ჩემი წერილი წაიკითხოს ყველა დედამ, ვინც შვილი დაკარგა..." - ქმრის მიერ მოკლული 14 წლის აითაჯის დედა წერილს ავრცელებს

ქმრის მიერ მოკლული 14 წლის გოგონას დედამ ციხიდანწერია გაავრცელა, რომელიც "მთვარმა არხმა" გაასაჯაროვა:

"მე ეგანა მაგარამოვა ვისურვებდი, რომ ჩემი ეს წერილი წაიკითხოს ყველა იმ დედამ, ვინც კი შვილი დაკარგა, ვინაიდან ასეთი ტკივილის გადამტანი დედები ჩემს უდანაშაულობას გაიგებენ - ასე ემოციურად იწყება წერილი რომელიც "მთავარმა არხმა" ქალთა მე-5 დაწესებულებიდან მიიღო. გზავნილის ავტორი მოკლული არასრულწლოვანის - აითაჯ შახმაროვას დედაა. ქალი, რომელიც პროკურატურამ 14 წლის შვილის იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა.

"მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ჩემს შვილს ჩემსავით მალე ექორწინა. ალაჰი არის მოწმე იმისა, რომ მე ყველანაირად ვცდილობდი გამეწია წინააღმდეგობა ჩემი ძმის - ნატიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის აითაჯის დაოჯახებასთან დაკავშირებით. ნატიკის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ამ შიშის მიუხედავად, აითაჯის მთხოვნელ ალიმის ოჯახთან დავაყენე პირობა, რომ აითაჯი ალიმზე მხოლოდ 18 წლის გახდომის შემდეგ გათხოვდებოდა. სამწუხაროდ, მათ სიტყვა და ფიცი გატეხეს და ჩემი გოგო მოიტაცეს...

ჩემმა ფსიქოლოგიურად მოძალადე ძმამ ნატიკმა დამირეკა და ალიმის მსგავსად მოკვლით დამემუქრა. მე შემეშინდა და დავბრუნდით ლამბალოში. იქ ნატიკმა აითაჯს გადააფიქრებინა და აითაჯმაც ალიმთან დარჩენა გადაწყვიტა. იმის გამო, რომ ნატიკი არის ჩემი ძმა და თან მე მისი მეშინია, პოლიციას ვერ შევატყობინე. ამ წერილის დაწერის დროსაც მეშინია ნატიკის."

შვილმოკლული დედა ამტკიცებს რომ აიტაჯი პრობლემებზე არ საუბრობდა. შესაბამისად მისთვის უცნობია რა მოხდა საბედისწერო დღეს. ის ასევე უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აითაჯი ქმრის ოჯახიდან გაქცევას რამდენჯერმე ცდილობდა, რაში დახმარებასაც დედას სთხოვდა.