"მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მაგრამ გონივრულად"
"მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა. ემოციების გამოხატვაშიც ძალზე თავშეკავებულია. პარტნიორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მსახიობ ადელინა გოგუაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია მაინტერესებს, ჩემი ჰოროსკოპის შესახებ ინფორმაციას სულ ვეცნობი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რჩევები გავითვალისწინო. მთვარის ცვალებადობა ჩემზე ძალიან მოქმედებს. როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მდგომარეობაზე თავისებურად აისახება.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თევზები ყველაზე რთულად აღსაწერი ნიშანია.
- იმიტომ, რომ თევზები ბოლო მე-12 ნიშანს წარმოადგენს და როგორც ამბობენ, ყველა სხვა ნიშნის თვისება მასშია გაერთიანებული. მგონი, მართლაც ასეა, რადგან სხვა ნიშნებისთვის მკვეთრად დამახასიათებელი თვისებები, საკუთარ თავში არაერთხელ აღმომიჩენია. იმასაც ამბობენ, თევზები მელანქოლიური, მოწყენილი ადამიანები არიანო, რასაც არ ვეთანხმები.
- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".
- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურობის აღქმა არ დამიკარგავს, მაინც სხვაგან "ვცხოვრობ", სადაც ძალიან ბედნიერი ვარ. ჰუმანურობა და ადამიანურობა არის ის, რაც ძალიან მიყვარს და ეს ჩემს სამყაროში მაქვს.
- "ურჩევნია დინებას მიჰყვეს, იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".
- ასე არ არის, ჩემს ცხოვრებაში თუ რაღაც ისე არ არის, როგორც მომწონს, დინებას ვერაფრით გავყვები, არ შემიძლია. გამოწვევებს არასდროს ვუშინდები, ლიდერი ვარ.
- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".
- ეს პერიოდები ნამდვილად მაქვს, ჩემი ნიშანი ხომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზია. ერთი ზეცისკენ მიცურავს, მეორე - ქვესკნელისკენ. მე ორივე პერიოდს გავდივარ ხოლმე.
- "იმდენად ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".
- არა, ეს თვისება ჩემს ხასიათში ასე გამოკვეთილი არ არის, თუმცა ადვილად დამყოლიც არ ვარ.
- "მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".
- შეიძლება ასეც ითქვას. ცხოვრებაში რთული პერიოდები მქონია და ძალიან რთული პერიოდიც, მაგრამ ეს არ შემიმჩნევია. ყველას ჰგონია, საერთოდ არ ვტირი, ამ დროს განმარტოებული სულ სხვანაირი ადელინა ვარ. აქაც ორი თევზის პრინციპია. სულიერ ტკივილს არასდროს ვიმჩნევ.
- რთული პერიოდები როგორ გადაგაქვს, ამ დროს რა გშველის?
- საკუთარ თავთან განმარტოება, ფიქრი, საკუთარ თავში სიძლიერის მოძებნა და უახლოესი ადამიანების გვერდით დგომა.
- "მას უანგარო სიყვარული შეუძლია".
- შემიძლია როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე - ოჯახში, მეგობრობაში. თუ ადამიანი მიყვარს, ის ჩემია.
- მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ?
- წამსვლელი ვარ და წავსულვარ კიდეც. საკუთარი პიროვნება უკან დამიწევია და უპირატესობა იმ ადამიანისთვის მიმინიჭებია.
- იმ მომენტში იცოდი, რომ ეს შენთვის მტკივნეული იქნებოდა და მაინც გააკეთე?
- მაშინ ეს არ ვიცოდი, ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვიყავი.
- საკუთარ წინათგრძნობაზე რას გვეტყვი?
- აუ! საოცარი წინათგრძნობა მაქვს, ძალიან საოცარი.
- ამ უნარის წყალობით ოდესმე საკუთარი თავისთვის ხიფათი აგირიდებია?
- მქონდა შემთხვევა, ავარიაში მოვყევი. წინაღამეს ვერ დავიძინე, სულ ვბორგავდი, რაღაცნაირი განწყობა მქონდა. მეორე დღეს დიდ გზაზე ვიყავი წასასვლელი. გავიფიქრე, იქნებ არ წავიდე-მეთქი, მაგრამ მაინც წავედი და ავარია მომივიდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ის ღამის ბორგვები ნიშანი იყო სამყაროსგან, რომელიც რატომღაც სწორად ვერ აღვიქვი. ახლა უკვე ვიცი, მსგავსი განცდები და მდგომარეობა კიდევ თუ მექნება, აუცილებლად გავითვალისწინებ.
- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება ადვილია".
- ასეა, ადამიანი რომ მიღიმის, ჩემიანად ვიღებ. რაც ჩემს ხასიათში არ არის, რა ქცევაც ჩემთვის არაა დამახასიათებელი, ვერ წარმომიდგენია, ის სხვამ გააკეთოს. ძალიან მიმნდობი ვარ, ამის გამო გული არაერთხელ მტკენია.
- ამ ტკივილებმა ვერაფერი გასწავლა?
- გამოცდილება დამიგროვდა, რის ხარჯზეც ნდობის პროცენტული მაჩვენებელი ცოტათი შევამცირე, მაგრამ მაინც მიმნდობი დავრჩი.
- წყალი გიყვარს?
- ძალიან, წყლის გარეშე არ შემიძლია. არ არსებობს ზაფხული ზღვის გარეშე გავატარო. წყალი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- ძალიან მგრძნობიარე ხარ?
- უზომოდ; იმდენად, რომ საკუთარი თავი მღლის. ერთმა სიტყვამ შეიძლება მომკლას.
- "აგრესიულია. მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ გაგაკვირვებთ, შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციები დამალოს".
- აგრესიული არა, მაგრამ ფეთქებადი ვარ და ამას მხოლოდ ზოდიაქოს ნუ დავაბრალებთ, გურული გახლავართ. უსამართლობა არის ის, რაზეც თვალს ვერასდროს დავხუჭავ, ვერ გავჩუმდები, პირდაპირ შევასკდები.
- ხასიათი ხშირად გეცვლება?
- ეს ცვალებადობა ჩემში საშინელებაა. მთელი დღე ვემზადები სადღაც წასასვლელად, უეცრად დგება წუთი და წასვლა აღარ მინდა. საგანგებოდ ვარჩევ სამოსს, რომელიც იმ დღეს უნდა ჩავიცვა, მაგრამ სახლიდან გასვლისას, კარიდან უკან ვბრუნდები და კაბას ვიცვლი, შეიძლება მერე მეორედაც მივბრუნდე. სულ ასეთ ამბებში ვარ (იცინის). საკუთარ თავზე რას ვლაპარაკობ, აღარავინ მომეკარება. დღეს სიგიჟემდე შეიძლება ვიღაც მომწონდეს, ხვალინდელი დღე გათენდეს და ამის გამო საკუთარ თავზე გამეცინოს. ესეც დამღლელი და ხელის შემშლელია.
- "ემოციების გამოხატვაში ძალზე თავშეკავებულია".
- თავშეკავებული ვერ ვარ, რაღაც თუ მიხარია, უზომოა ჩემი სიხარული და ამას ყოველთვის გამოვხატავ. შეიძლება პატარა წყენის გამო ტირილით მოვკვდე.
- "ის ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. მისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო".
- "გამორჩენა" ჩემს ხასიათში რომ იყოს, დღეს ეკრანზეც და სცენაზეც უფრო თვალში საცემად ვიქნებოდი. ჩემთვის მიზანი საშუალებას არ ამართლებს.
- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".
- შეზღუდვების მეშინია, ვალდებულებების - არა. დღეს უამრავი ვალდებულება მაქვს საკუთარ თავზე აღებული და თავს კარგად ვართმევ.
- აზარტული ხარ?
- ჩემი საქმის მიმართ აზარტი მაქვს, თამაშების მიმართ - არა.
- ფინანსური ალღო გაქვს?
- ვთვლი, რომ ფულთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, შემგროვებელიც ვარ და ზედმეტად გამცემიც.
- ამას როგორ არეგულირებ, რა დროს როგორი უნდა იყო?
- მიზნიდან გამომდინარე. საშინელი შოპოჰოლიკი ვარ. რაღაც თუ დავინახე და მომინდა, რომ არ შევიძინო, შეიძლება გავგიჟდე. ასევე, რაღაც თუ ჩავიფიქრე, ეს უნდა გავაკეთო-მეთქი, იმ საქმისთვის ვიწყებ ფულის შეგროვებას.
- "პარტნიორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს".
- ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, საყვარელი ადამიანის მიმართ. ცინიზმი საერთოდ არ მომწონს.
- როგორი დედა ხარ?
- როგორც ჩემი შვილი იტყოდა. "სუპერ" (იცინის). მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მაგრამ გონივრულად.
- "მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა".
- ყურადღების ცენტრში ყოფნის სიყვარული ოჯახიდან დაიწყო. ჩემს დასა და ჩემ შორის 9 წელია სხვაობა. მამისგან განებივრებული გოგო ვიყავი. ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონს. შეიძლება ამ თვისებამ ჩემი პროფესიული არჩევანიც განსაზღვრა. არ მახსოვს, როდის მივიღე გადაწყვეტილება, მსახიობი გავმხდარიყავი. ბებიის - ადელინა თაყაიშვილის დიდი გავლენა იყო ჩემზე. ის ძალიან ლამაზი ქალი იყო. ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი და სულ ჰქონდა სურვილი, მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ აუსრულებელ ოცნებად დარჩა. ის მიკითხავდა მხატვრულად ლექსებს, მელაპარაკებოდა სპექტაკლების შესახებ. დღეს ზუსტად იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მაბედნიერებს, მაგრამ როგორც მსახიობს, მთავარი სათქმელი ჯერ არ მითქვამს. ჩემი აზრით, მსახიობი მთავარ სათქმელს მაინც სცენიდან ამბობს. ახლა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ეს არის დასი, რომელიც ჩემი დიდი ოჯახია, სადაც მისვლა და მათთან ურთიერთობა მიხარია.
- შემოქმედებით საქმიანობაში პაუზა არ მქონია, არაერთ სერიალში, ბოლოს კი "ბამბის აღმართში" ვითამაშე. ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" ადვოკატის როლს ვასრულებ. "ფორმულა კრეატივთან" მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს. შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ინსტიტუტიდან პირდაპირ "ფორმულა კრეატივში" მოვხვდი, ამ ჯგუფთან ერთად არაერთ პროექტზე ვიმუშავე: "ბიჭები და გოგონები", "ჩიფსების თაობა" და ა.შ.
- აქამდე არ გქონდა სურვილი, "ჩემი ცოლის დაქალებში" გეთამაშა?
- ადამიანების შეწუხება არ მიყვარს, ყოველთვის მათგან ველოდები დაძახებას. არაერთი სახასიათო როლი მაქვს შესრულებული. რაც შეეხება ჩემს ადვოკატს, როგორც თავად მითხრეს, ეს პერსონაჟი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ჩემს ეკრანულ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო.
თამუნა კვინიკაძე