"საქართველოში კუთხე არ არსებობს, ძმაკაცი რომ არ მყავდეს. ცოტა ღვინო კარგია, ერთ ჭიქა საფერავზე უკეთესს ადამიანი ვერაფერს დალევს" - ინდოელი არუნ ხათრის ქართული ცხოვრება
არუნ ხათრი აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტია და ქართველებს ასწავლის, როგორ არ უნდა დაბერდნენ. სოციალურ ქსელში 10-15-წუთიანი ვიდეორგოლებით ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების შესახებ რჩევებს აზიარებს, მიმდევრები ფეისბუკშიც ბევრი ჰყავს და ინსტაგრამზეც. საქართველოში პირველად შეყვარებულის სანახავად ჩამოვიდა. ქართველი გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო, მოეწონა და ინდოეთშიც წაიყვანა. დელიში მდიდრული, ტრადიციული ქორწილიც გადაიხადეს, თუმცა წყვილმა საქართველოში დაფუძნება გადაწყვიტა. ახლა არუნ ხათრი და თათია კუზანაშვილი თბილისში ცხოვრობენ და ტყუპ გოგონას ზრდიან.
არუნ ხათრი:
- თამთა ბავშვობიდან იყო გატაცებული ინდური კულტურითა და ფილმებით, სახელი არუნი ჰყვარებია. ერთ დღეს სკაიპის საძიებელში ჩაწერა ეს სახელი და მე მიპოვა... ჩვენთან მაშინ გვიანი ღამე იყო, მე პროექტზე ვმუშაობდი და გვიანობამდე შევრჩი კომპიუტერთან, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, გავეცანით... ის ძირითადად კულტურის შესახებ მისვამდა შეკითხვებს, მეც დიდი სიამოვნებით ვპასუხობდი. ბოლოს ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და საქართველოში ჩამოვედი.
- თქვენ როდის ისწავლეთ ქართული ასე კარგად?
- ვერც გავიგე, როდის ვისწავლე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ ინგლისური ძალიან ცოტამ იცოდა, არადა, ხალხთან ხომ უნდა მელაპარაკა?! დავიწყე საუბარი ისე, როგორც შემეძლო - თავიდან ცუდად ვლაპარაკობდი, მერე თანდათან ვისწავლე, ბოლოს გრამატიკულადაც გავმართე.
- იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები და ინდოელები ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციებისა და კულტურის ხალხი ვართ, ოჯახების წინააღმდეგობა არ შეგხვედრიათ?
- სხვათა შორის, წინააღმდეგობა არც თამთას ოჯახისგან ყოფილა და არც ჩემი. თავადაც არ ველოდი, თუ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა. სხვათა შორის, საქართველო ჩემს მშობლებსა და ძმასაც ძალიან მოსწონთ. ჩემმა მშობლებმა ბოლოს ერთი თვე დაჰყვეს თბილისში, სულ ახლახან დაბრუნდნენ ინდოეთში.
- საქართველოში რა მოგწონთ, რა არის აქ თქვენთვის განსაკუთრებული?
- ვიდრე აქ ჩამოვდიოდი, მეგონა, საქართველო ისეთივე კულტურის ქვეყანა იქნებოდა, როგორიც ამერიკა და ევროპა, მაგრამ შევცდი, ინდოეთს უფრო ჰგავს. თქვენც ჩვენსავით დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ნათესაურ ურთიერთობებს, ოჯახს, სტუმარს ოჯახში მასპინძლობთ და ღამის გასათევად სასტუმროში არ უშვებთ. მე იმის გამოც გამიადვილდა ქართველებთან ინტეგრირება, რომ თამთა ძალიან კარგად იცნობდა ჩვენს კულტურას, მან მეც გამიადვილა საქართველოში ცხოვრება და თავადაც იოლად შეეგუა ინდოეთს. სხვათა შორის, თამთამ ინდური ენაც კარგად იცის და სამზარეულოც, ხშირად აკეთებს ინდურ კერძებს. ერთადერთი, რასაც ვერ შეეგუა, ცხელი კლიმატია. სხვათა შორის, სიცხე მეც არ მიყვარს.
- საქართველოში ცხოვრება რატომ გადაწყვიტეთ?
- ძალიან რთულია ინდოეთში, განსაკუთრებით დელიში ცხოვრება. სახლიდან გასული, დანიშნულების ადგილამდე როდის მიაღწევ, არ იცი. შეიძლება გზაში 4-5 საათი მოგიწიოს ყოფნამ. ჩემი ოფისი სახლიდან 45 კილომეტრში მქონდა. 8 საათითაც ვყოფილვარ საცობში გაჭედილი, ბოლოს 12 საათის განმავლობაში რომ ვერ დავაღწიე თავი საცობს, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ცხოვრების ნახევარს გზაში არ გავატარებდი და საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდოდი.
- ე..ი. თბილისური საცობები ვერ შეგიქმნით დისკომფორტს.
- ბოლო დროს აქაც გართულდა სიტუაცია, მაგრამ დელისთან რა შედარებაა?! იქ ხომ 17 მილიონი კაცი ცხოვრობს.
- პროფესიით ექიმი ხართ?
- აიურვედის ექსპერტი ვარ, თუმცა ინდოეთში ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. არც საქართველოში ვაპირებდი. ისე გადავიღე რამდენიმე ვიდეო, ვიფიქრე, სასარგებლო რჩევებს მივცემ ხალხს-მეთქი, მაგრამ ისეთი დიდი ინტერესი გამოხატეს, გადავწყვიტე, დღეში 10-15 წუთი ამ საქმისთვის დამეთმო. რატომაც არა?! სიამოვნებით გავაზიარებ ჩემს ცოდნას ქვეყანაში, სადაც ჩემი შვილებიც ცხოვრობენ. ჩემი გოგონები ინდოეთში დაიბადნენ, მაგრამ 6 თვის იყვნენ, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად. მეც აქ ვაპირებ დაბერებას.
- რას საქმიანობთ?
- რამდენიმე ბიზნესი მაქვს, ძირითადად, პროექტებზე ვმუშაობ. ამერიკული კომპანიის კონსულტანტი ვიყავი ინდოეთში და ახლაც ამ სფეროში ვმუშაობ. მიხარია, რომ შესაძლებლობა მეძლევა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმე.
- ქართველ ხალხზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ძალიან კარგი ხალხი ხართ, უკვე 12 წელია საქართველოში ვცხოვრობ და არავისთან შემქმნია ურთიერთობაში პრობლემა. ქართულად რომ კარგად ვლაპარაკობ, ეს ძალიან მოსწონთ. კუთხე არ არსებობს, ძმაკაცი რომ არ მყავდეს, ინდოეთზე კარგად საქართველოს ვიცნობ.
- თქვენი შეხედულებით, ქართველები რამდენად სწორად ვიკვებებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი რამდენად გვაქვს?
- გემოს მოყვარული ხალხი ხართ, ჭამის წესებს დიდად არ იცავთ. თავიდან ძალიან მიკვირდა, თქვენს რესტორნებში ხალხს დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ ვხედავდი. ინდოეთში მხოლოდ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის განკუთვნილ საათებში ვჭამთ, აქ ჭამის დრო არ არსებობს. ჭამის დროს წყალს სვამენ, ცხელ საჭმელს ცივ წყალს აყოლებენ, არადა, ასეთი შოკებისთვის ჩვენი ორგანიზმი მზად არ არის. იხილეთ ინტერვიუ სრულად