ისრაელმა აღიარა სახმელეთო და... მიწისქვეშა ოპერაციის დაწყება - ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადადის...
ისრაელის „ცახალის“ მესამე ჯავშანსატანკო რეიდი ღაზის სექტორში, წინა ორისგან განსხვავებით, გადაიზარდა სახმელეთო ოპერაციაში, რომლის დაწყებას თითქმის მთელი მსოფლიო ასე დიდი შიშით ელოდა...
ისრაელმა არ მოახდინა ამის პომპეზურად გამოცხადება, სანამ მისმა ჯავშანსატანკო ჯგუფებმა არ დაიკავეს ღაზის სექტორის ჩრდილოთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რის შემდეგაც, 28 ოქტომბრის საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი პრესკონფერენცია გამართა ჟურნალისტებთან, რომელზეც განაცხადა ომის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ. ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი კიდევ უფრო კონკრეტული იყო: "ჩვენ დავიწყეთ სახმელეთო ოპერაცია მიწაზე და მიწის ქვემოთაც, ეს ომი მოკლე არ იქნება..."
„ცახალის“ მოქმედების ტაქტიკა ღაზის სექტორის კიდევ უფრო პატარ-პატარა სექტორებად დაყოფა და მათი თანმიმდევრულად „გაცხრილვა“ გახდება,რათა ყოველ ამ პატარა სეტორში გამოირიცხოს „ჰამასისა“ თუ „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლების ყოფნა, როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწისქვეშა ბუნკერებში.
სახმელეთო ოპერაციის დროს „ცახალი“ სავარაუდოდ გამოიყენებს თანამედროვე რადიოლოკაციურ და აკუსტიკურ აპარატურას მიწისქვეშა გვირაბების აღმოსაჩენად და მათ გასანადგურებლად დიდი სიმძლავრის მიმართული მოქმედების ინჟინერულ ნაღმებს გამოიყენებს, ასევე არ არის გამორიცხული ნერვულ-პალატიკური აირის შეშვება, ასეთი გვირაბებიდან „ჰამასის“ წევრების მიწისზედ გამოსადევნად...
თავის მხრივ, „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ეცდებიან მოაწყონ ჩასაფრებები შენობების ნანგრევებში, იქ სადაც უნდა გაიაროს „ცახალის“ ჯავშანპატრულმა და მათ წინააღმდეგ ჯერ დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენონ, ხოლო შემდეგ გაუხსნან ცეცხლი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან, რომელთა ნაკლებობას პალესტინელები ნამდვილად არ განიცდიან...
ისრაელის სამხედრო დაზვერვას მოუწევს დიდი რაოდენობის დრონების გამოყენება ასეთი სავარაუდო ჩასაფრებების ჰაერიდან დროულად აღმოსაჩენად და ვიდეოკადრების დროის რეალურ რეჟიმში გადაცემა თავისი ჯავშანსატანკო ჯგუფებისთვის, თუ საიდან უნდა ელოდნენ თავდასხმას.
ამასთან, ისრაელის „აპაჩის“ დამრტყმელი შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე ფრენისას შეეცდებიან საქვემეხო და სარაკეტო ცეცხლით შენობების ნანგრევებში გზა „გაუსუფთავონ“ „მერკავების“, „ახზარიტებისა“ და „ნამერების“ ეკიპაჟებს, მათ სადესანტო დანაყოფებთან ერთად...
ყველაზე საინტერესო სანახავი კი ის იქნება, როდესაც „ცახალის“ ჯავშანსატანკო მოირიშე ჯგუფებს ღაზის სექტორის ქალაქების დანგრეულ უბნებში წინ არა 70 ტონიანი „მერკავა 4“-ები, არამედ... შეჯავშნული ბულდოზერები წარუძღვებიან გზის სამშენებლო ნაგავისაგნ გასაწმენდად, რომელთა ქვეშ „ჰამასის“ მიერ წინასწარ დამალული თვითნაკეთი ფუგასები შეიძლება აღმოჩნდეს...
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა როდესაც ხაზზი გაუსვა, რომ „ეს ომი მოკლე არ იქნება...“, სავარაუდოდ ამით მიანიშნა ღაზის სექტორში „ცახალის“ მოქმედების სიჩქარეზეც ანუ პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შენარჩუნების მიზნით, ისრაელი არ აჩქარდება ამ საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას, განსხვავებით უკრაინული ავდეევკისგან, რომლის დასაპყრობად,10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე შეაკლეს 4 ათასამდე მებრძოლი და დაკარგეს 500 ერთეულამდე საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა...
სხვათაშორის, საოცარი დამთხვევაა, როდესაც ეს ორივე ბრძოლა, ღაზაშიც და ავდეევკაშიც, დედამიწის,ზუსტად ერთი და იმავე გრძედზე მიმდინარეობს, ოღონდ ერთმანეთისგან 1 864 კმ-ის დაშორებით...