"ქალაქის ბერები", "მეკენჭეები" დემოკრატიული თვითმმართველობა და  საინტერესო შტრიხები ძველი ამბებიდან - კვირის პალიტრა

"ქალაქის ბერები", "მეკენჭეები" დემოკრატიული თვითმმართველობა და  საინტერესო შტრიხები ძველი ამბებიდან

ვიდრე ძველ ამბებს მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს თუ მოქალაქის თავისუფლება პასუხისმგებლობით დასტურდება და არა თვითნებობით. დღეს ამის საწინააღმდეგო ხდება პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამავდროულად სასაცილოა პოლიტიკური მიკუთვნებულობა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. და, ამ საკითხზე მალე დავწერ... მანამდე კი თვითმმართველობის განვითარების ისტორიიდან საინტერესო შტრიხებს გაგაცნობთ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თვითმმართველობის ელემენტები თბილისის მმართველობაში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ფიქსირდება. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი „ქალაქის ბერების“ ანუ „თბილისის ხალხის“ ხელში გადავიდა, რომლებიც, რიგრიგობით, თითო თვის მანძილზე მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ „ქალაქის კლიტენი“ და ემორჩილებოდნენ „ციხენი ქალაქისანი“; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას, ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში.

„ქალაქის ბერები“ საკმაოდ გავლენიანი პირები იყვნენ და არაბთა ბატონობის დროს თბილისში ამირას შემდეგ პირველ მოხელეებად ჩანდნენ. თბილისის ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა ორმოცი წლის განმავლობაში ქალაქის მთელი მმართველობა სწორედ მოქალაქეთა წარმომადგენლების „ტფილელ ბერთა“ ხელში ყოფილა. არაბი ისტორიკოსი ფარიკი წერდა: „ტფილისელების „ხელმწიფეები“ იყო ჯგუფი ხალხისა, არაბთა ბატონობა რომ მოისპო გამგებლობა თვით ხალხს ჩაუვარდა ხელში და ასე გაატარეს ორმოცი წელიწადიო...“

„თბილისის ბერების“ გამგებლობა ქალაქში დიდხანს არ გაგრძელებულა. დავით აღმაშენებელმა აიღო თუ არა ქალაქი, იგი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა და ამით, ძლიერ შეზღუდა მოქალაქეთა წარმომადგენლების ხელისუფლება.

„თბილისის ბერების ხელისუფლებამ სხვა მხრივაც განიცადა ევოლუცია. ხოლო, მე-12 საუკუნიდან თვითმმართველობის ეს სისტემა თანდათან დავიწყებას მიეცა. მმართველობის ეს ფორმა თბილისში გარკვეული სახეცვლილებით, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აღდგა.

თუმცა მანამდე, მე-12 მე-15 საუკუნეებში თბილისში ვერ განვითარდა მეფის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საქალაქო მმართველობა, ანუ თვითმმართველობა.

მართალია, ერთ ხანს თბილისში „უხუცესთა საბჭო“ ბატონობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდური მოვლენა იყო თბილისის ცხოვრებაში. თვით ქალაქი და მისი მთელი ხელისუფლება მეფესა და მის დასაყრდენ წრეს, ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ფეოდალური არისტოკრატია კი არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც ახერხებს ქალაქზე გაბატონებას. ეს იყო მიზეზი, რომ თბილისში ვერ წარმოიშვა დამოუკიდებელი საქალაქო მმართველობა, ანუ თვითმმართველობა და შუა საუკუნეების თბილისმა ვერ მიიღო „ქალაქის კომუნის“ სახე.

ძველ საქართველოში „ქალაქის მთავარი“ ეწოდებოდა, მაგრამ ეს იყო ზოგადი ტერმინი, რომლითაც ქალაქის ყველა მმართველი შეიძლებოდა მოეხსენიებინათ. საკუთრივ თბილისის გამგებელს, მაშინ, როცა „ამირა“ ეწოდებოდა და ეს სიტყვა არაბულიდან შეითვისა ქართველმა ხალხმა. ვიცით, რომ არაბები დიდხანს ბატონობდნენ თბილისში, რამაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა სამოქალაქო მმართველობასა და ცხოვრებაზე.

დავით აღმაშენებელმა, როდესაც თბილისი მაჰმადიანებისგან გაათავისუფლა, სასტიკად უსწორდებოდა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფენებს და მან მმართველობა ძლიერ ხელისუფლებას დაუმორჩილა.

„თბილისელ ბერთა“ სისტემა თბილისში გარკვეული სახეცვლილებით მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აღდგა.

პირველი სათათბირო ქალაქის თავისა და 6 ხმოსნისგან შედგებოდა. არჩევნებში მოსახლეობის მხოლოდ ეკონომიკურად შეძლებული ფენა მონაწილეობდა. 1866 წელს, როცა შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის დებულება, მის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ქონებრივი ცენზის მქონე და ქალაქის სასარგებლოდ გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს.

ისინი ირჩევდნენ 100 კაცისგან შემდგარ საქალაქო საკრებულოს, საიდანაც ირჩეოდა 8-კაციანი საქალაქო განმკარგულებელი ორგანო და ქალაქის თავი. ამას ემატებოდა მეთვალყურის რწმუნებით აღჭურვილი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი.

1870 წელს ხელი მოეწერა ახალ „სამოქალაქო დებულებას“, რომელიც თბილისში თვითმმართველობას აწესებდა. დებულების თანახმად, ამომრჩევლები ირჩევდნენ საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილ ორგანოს - გამგეობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქის თავი ანუ „ქალაქის მოთავე“

ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით. არჩევნები სამ სხვადასხვა დღეს და სამ სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა.

მოგვიანებით უკვე გამოჩნდა საარჩევნო უბნები. არჩევნები იმართებოდა ფარულად ე. წ. „საარჩევნო კენჭების“ მიხედვით. ამომრჩევლებს კი „მეკენჭეები“ ერქვათ. მოგვიანებით შემოიღეს უკვე ბარათები. ახალარჩეული სათათბიროს წევრები იღებდნენ ფიცს. 1875 წლიდან თბილისის თავად აირჩიეს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი არჩეული და ეროვნებით ქართველი ქალაქის თავი იყო.

დიმიტრი ყიფიანი სამი წელი მეთაურობდა თბილისის თვითმმართველობას და არა ერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი იყო. მან გამგეობას შეუერთა ქალაქის მშენებლობის განყოფილება, ნაწილობრივ გადაწყვიტა საკითხი — ქალაქისთვის შეემსუბუქებინა ვალდებულება სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, მოახდინა მოსახლეობის აღწერა, გააუქმა რიგი წესებისა, რომლებიც შეუსაბამობაში მოდიოდა ახალ წყობილებასთან, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.

მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა, გაიხსნა ვიწროლიანდაგიანი ელექტრო ტრამვაი...

მეოცე საუკუნის დამდეგს დაიწყო ბრძოლა თბილისის თვითმმართველობაში ქართველთა წარმომადგენლობის გაზრდისათვის. არანაკლებ საინტერესო იყო თბილისის თვითმმართველობა პირველი რესპუბლიკის დროს, რომლის თხრობასაც ახლა აღარ მოვყვები.

თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის 1824-1825 წლებში აგებული „საქალაქო სახლი“, მოგვიანებით აქ კავკასიის კორპუსის შტაბი განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. 1991-1992 წლების ე. წ. „თბილისი ომის“ დროს შენობა მთელ კვარტალთან ერთად დაზიანდა...

ისტორია გრძელდება და იმედია დემოკრატიული მმართველობის შტრიხები კვლავ ჩაიწერება.