"სახლი იწვის-მეთქი, თურმე ისტერიკულად ვკიოდი, ეზოში ვეგდე სიმწრით" - 3 თვის პატარასთან ერთად ქუჩაში დარჩენილ 7-სულიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მცხოვრებ ჭიჭაღუების სახლს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და მათი ორსართულიანი სახლი ისე უცებ ჩაიფერფლა, სახანძროს ბრიგადამაც ვერ მიუსწრო. ამ ოჯახში 7 ადამიანი ცხოვრობს და საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, თუმცა სახლიდან ვერაფრის გამოიტანა ვეღარ შეძლეს. ისინი 3 თვის პატარასთან ერთად, ღამის პერანგით ქუჩაში აღმოჩნდნენ. სხვა არანაირი თავშესაფარი ოჯახს არ გააჩნია და დროებით ნათესავებთან არიან შეკედლებულები.
ზამთარი ახლოვდება და მწარე რეალობის წინაშე მყოფი ოჯახი ახლა გამოსავლის ძიებაშია. იმედი აქვთ, რომ საზოგადოება გულთან მიიტანს მათ გასაჭირს და ხალხის გვერდში დგომით შეძლებენ დამწვარი სახლის შეკეთებას, სახლის, რომელსაც მხოლოდ ბერკეტის კედლები აქვს შემორჩენილი. გადახურვიდან დაწყებული, ყველაფერი გასაკეთებელი აქვთ.
მარიამ ნაჭყებია ამ ოჯახის რძალია. დღემდე შოკშია და მომხდარზე საუბარი ძალიან უჭირს. მის სამი თვის პატარასაც იქ ეძინა, როცა სახლი ცეცხლის ალში გაეხვა. მარიამის მეუღლემ ბავშვის გამოყვანა შეძლო, მაგრამ გოგონა ვერ ივიწყებს იმ მძიმე წუთებს. ტირილით მიამბო მათ თავს გადამხდარი ამბავი და ისე განიცდიდა, ბოლომდე საუბარი ვეღარ შეძლო.
მარიამ ნაჭყებია:
- დილით რომ გავიღვიძე, ბავშვი წუწუნებდა და ქვედა სართულზე ჩამოვედი, ვიფიქრე, საჭმელს გავუმზადებ-მეთქი. ოთახში რომ შევედი, კვამლი იყო, არაფერი ჩანდა. ამ სართულზე ბებია იწვა და მასთან მივირბინე, - ჩქარა, ბებო, სახლი იწვის-მეთქი და გარეთ გავიყვანე. თურმე ისტერიკულად ვკიოდი და მერე რა მოხდა, არაფერი მახსოვს, არც ის, ბავშვი როგორ გამოიყვანეს გარეთ ზედა სართულიდან. ისე ვკიოდი, ჩემი ქმარი თავიდან ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და ბავშვის გარეშე ჩამოვიდა ქვემოთ, მერე ისევ ავიდა და ჩამოიყვანა ჩვენი პატარა. თურმე მეძახდა მარი, ბავშვი აგერ არის, ნუ გეშინიაო, მაგრამ მე არაფერი მახსოვს.
წვიმდა და ეზოში ვეგდე სიმწრით, ეს იყო საშინელება, რომლის დავიწყება ალბათ შეუძლებელია, ეს დღეები სულ ეს მძიმე წუთები მახსენდება და თავისით მომდის ცრემლები. სულ ვტირი. თმაზე ცეცხლ მქონდა წაკიდებული და ისიც არ ვიცი, როგორ ჩაქრა, დამწვარი მაქვს. ბებოს სადაც ეძინა, გაერთიანებული ოთახი იყო და მე რომ არ დავხმარებოდი, ვერ გამოაღწევდა იქიდან, ისეთი კვამლი იყო. ჩემი მაზლიც ქვემოთ იყო, ისიც კივილზე გამოვიდა. ჩემი მამამთილი ზედა სართულზე იწვა, დაბნეულობისგან გარეთ გამოსული ისევ იმ ცეცხლში შებრუნდა უკან. ვინ რას აკეთებდა ამ დროს, ნორმალურად არც კი მახსოვს.
საშინელი, ენითაღუწერელი სიტუაცია იყო.
ახლოს მეზობლები არ ცხოვრობენ, ისინი მერე მოვიდნენ, სასწრაფო და სახანძროც მოვიდა გვიან, მაგრამ უკვე დამწვარი იყო ყველაფერი.
მთავარია, ცოცხლები გადავრჩით, მაგრამ აღარაფერი დაგვრჩა.
პიჟამებით ვიყავით გამოსულები და ასე დავრჩით. არც ბავშვის ნივთები და არც სხვა არანაირი ნივთი, არც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მთლიანად დამწვარია ყველაფერი, სახურავიც კი არ აქვს სახლს და არ ვიცი, ახლა რა უნდა გავაკეთოთ. აქაურობა მჭიდროდ დასახლებული არ არის, მეზობლები რამდენ ხანში მოვიდნენ, არც კი მახსოვს.
ჩვენი მანქანა იდგა კართან, გასაღები კი სახლში იყო ჩარჩენილი და რომ არ აფეთქებულიყო, მეზობლების დახმარებით, ხელით გააგორეს ეზოდან. მე რომ ცუდად ვიყავი, ვიღაცამ სასწრაფოც გამოიძახა. ჩვენ თვალწინ ყველაფერი ჩაიფერფლა, ამდენი წლის ნაწვალები და ნაშრომი ცეცხლში ჩაიწვა და საშინელ მდგომარეობაში ვართ, აღარაფერი გვაბადია. მე სამი თვის შვილთან ერთად ახლა ჩემს მშობლებთან წამოვედი. ჩემი ოჯახის სხვა წევრები ნათესავებთან არიან გადანაწილებულები, გაფანტულები ვართ და რა იქნება ხვალ, არ ვიცი. არადა, ზამთარი მოდის, არ ვიცი, გამოსავალი როგორ უნდა ვიპოვოთ. სახლს სახურავიც კი არ აქვს, ფერფლად იქცა ყველაფერი. ხის მასალით იყო შიგნით ყველაფერი და უცებ დაიწვა.
ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვარ, არ ვიცი, რა გავაკეთო. გამოსავალს ვერ ვპოულობ. ჩემი მამამთილიც ავადმყოფია, ისე განიცდის და ისე ნერვიულობს, აქეთ იმის დარდი მაქვს, მას რამე არ დაემართოს. აქეთ - მოხუცი ბებო, საშინელი მდგომარეობა გვაქვს.
იქნებ ხალხის დახმარებით შევძლოთ ფეხზე წამოდგომა. ძალიან მერიდება და ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე ხალხისთვის თხოვნა რომ მომიწევდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში სხვა გამოსავალი არ მაქვს. კეთილი ადამიანების იმედად ვართ დღეს დარჩენილები და ვიმედოვნებ, ამ მძიმე გასაჭირში ხალხი გვერდით დაგვიდგება.
არც ბავშვის ნივთები გვაქვს. ბავშვის ეტლი იდგა ქვევით და კივილზე ჩემი მაზლი რომ წამოდგა და ნახა ეს ეტლი იწვოდა, მას ეგონა თურმე, რომ ბავშვი ეტლში იწვა, რადგან სულ იქ გვეწვინა და ამის დანახვაზე გამწარებული ყვიროდა, ლუკა, ლუკაო, დაინახა მე ძირს ვეგდე წვიმაში და ჩემ მაზლსაც შოკისგან გული წაუვიდა, ისიც ცალკე მოსასულიერებელი გახდა. ჩემი ქმარი ამბობს, რომ გარეთ გამოვედი და ვნახე ყველაფერი ჩაშავებული იყო, ვერაფერი დავინახე, მხოლოდ შენი ყვირილი მესმოდა, ბავშვი ჩამოიყვანე დროზეო და წინა კიბით ჩამოუყვანია. უკანა მხარე ამ დროს უკვე იწვოდა.
ეს ამბავი 19 ოქტომბერს მოხდა და მას მერე, მდგომარეობიდან ვერ გამოვედი. თუ ვინმე შეძლებს ჩვენს დახმარებას, მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნებით, იქნებ გამოსავალი გვაპოვნინოთ.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ამ ანგარიშებზე:
თიბისი GE82TB7777145068100036
საქართველოს ბანკი GE74BG0000000528139937
პირადი ნომერი 29001036948
მიმღები მარიამ ნაჭყებია
(სპეციალურად საიტისთვის)