„მსოფლიო წესრიგმა თავი ამოწურა, გაერო სრულიად კასტრირებული ორგანიზაციაა...“ - კვირის პალიტრა

„მსოფლიო წესრიგმა თავი ამოწურა, გაერო სრულიად კასტრირებული ორგანიზაციაა...“

ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ხდება. 27 ოქტომბერს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გაფართოების თაობაზე განაცხადა, ანკლავში, საიდანაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებს "ჰამასის" ტერორისტები დაესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკლეს, 220-ზე მეტი კი გაიტაცეს, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, როგორც ისრაელი აცხადებს, ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია. 27 ოქტომბერსვე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს "დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს". დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. ისრაელმა რეზოლუცია უარყო და პირობა დადო, რომ თავის დაცვას გააგრძელებს. ისრაელელთა აღშფოთებას იწვევს ის, რომ რეზოლუციაში "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არ არის მოხსენიებული და ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე. "ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის", - ასე დაახასიათა რეზოლუცია გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს "ყველა საშუალებას" "ჰამასთან" საბრძოლველად. სწორედ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

lagazidze-770x514.jpg

- რასაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ვუყურებთ, შეუძლებელია განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან დამოუკიდებლად. ამ ორი ომით შექმნილი ვითარება ცხადად აჩვენებს, რომ არსებულმა მსოფლიო წესრიგმა საკუთარი თავი ამოწურა, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების მოქმედი არქიტექტურით დადგენილი ბერკეტებისა და წესების ჩათვლით. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო დგას დიდი საშიშროების წინაშე, რადგან ის მექანიზმები, რაც სახელმწიფოების საზღვრებს და განსაკუთრებით, დასავლეთში მშვიდობას იცავდა, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, უმოქმედო ხდება. აღარაფერს ვამბობ გაეროზე, ამ კონფლიქტებმა, ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია სრულიად კასტრირებულია...

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გვინდა თუ არა, სამყარო დგას ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობის წინაშე, რომელსაც დასჭირდება ახალი სამართლებრივი მექანიზმები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ ომს - გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რამაც ომი ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ამ ტექნოლოგიების რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ასე მასშტაბურად აქამდე არც გამოუყენებიათ. აქ ლაპარაკია, მაგალითად, როგორც კოსმოსურ დაზვერვასა ან დრონებზე, ასევე საინფორმაციო-დივერსიულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სამხედრო შეიარაღების მიღწევები. საინფორმაციო ომის მეთოდები, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ისე სწრაფად იხვეწება და ვითარდება, რომ რეგულირების და შეკავების მექანიზმები, აღარაფერს ვამბობ პრევენციაზე, მას ვეღარ ეწევა. ამიტომაც ეს პროცესები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიგვიყვანდა ამ დაპირისპირებებამდე. გლობალური წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე რომ დგას, ეს აჩვენა კავკასიაში განვითარებულმა პროცესებმაც. თუმცა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიები დაიბრუნა და საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის რეალური ნიშნები გაჩნდა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით რომ არ გაგრძელდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ომების დამთავრება, სამართლიანობის აღდგენა და გლობალური წესრიგისა და სამართლის ახალი პრინციპების დადგენა. მე არა მგონია, რომ გაერო შეძლებს რეფორმირებას. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან მექანიზმს უკვე აღარ ფლობს. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ იმ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც დიდწილად არიან არსებული გლობალური დაპირისპირებების ავტორები და ინსპირატორები. აქედან გამომდინარე, გაეროს რეფორმირება ნაკლებად რეალისტური მგონია. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს დადგა დღის წესრიგში ახალი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისა და მათი რეალური ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობა, იგივე პროცესი დაიწყება რამდენიმე წელიწადში და ჩვენ ვიხილავთ გაეროს ალტერნატივად უფრო რეალურ და ქმედით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსხვილ რეგიონული აქტორებს.

- შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ცივილიზაციათა ომს, როდესაც ორი სხვადასხვა ღირებულებითი სისტემის სამყარო უპირისპირდება ერთმანეთს, ეს ჩანს რუსეთ-უკრაინის ომშიც და ახლო აღმოსავლეთშიც...

- გეთანხმებით, ეს არის ნამდვილად ღირებულებითი ომები და ვერაფრით ვილაპარაკებთ ამ შემთხვევებში რელიგიათა დაპირისპირებებზე, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთს ერთი აღმსარებლობის სახელმწიფოები ეომებიან. როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის შემთხვევაში აშკარად იკვეთება ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემის ცივილიზაციური შეჯახება. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული ირანისა და "ჰამასის" წარმომადგენლების შეხვედრა. ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩართვისას პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს იმ ხოცვა-ჟლეტის მხარდაჭერაში, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელში გამართა. ეს გამოსვლაც რომ არა, ირან-"ჰამასის" წარმომადგენლების მასპინძლობით რუსეთმა პირდაპირ აღიარა, რომ ის ირანისა და ტერორისტების მხარდამჭერად გვევლინება. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ მივიღოთ მყარი და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს? ამისთვის არსებობს ერთი გზა - ამ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის კბილების მომტვრევა, მაგრამ ამას როგორ, რა დროსა და ვადაში მოახერხებს დასავლეთი, ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს.

2008 წლის აგვისტოში დასავლეთმა თვალი დახუჭა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და არ გასცა სათანადო პასუხი მოსკოვის ქმედებებს, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია, რაზეც ასევე არასრულფასოვანი სიმკაცრით რეაგირების შემდეგ მიიღო 2022 წლის 24 თებერვალი და ომი ევროპაში... ეს გაკვეთილიც აჩვენებს დასავლეთს, რომ დღეს თუ რეალური მექანიზმები არ ამოქმედდა ამ ავტორიტარულ სარტყელში შემავალი სახელმწიფოების წინააღმდეგ, არათუ მათი შეკავებისთვის, არამედ განეიტრალებისთვის, თუ გადავადდა ამ პრობლემის მოგვარება, ეს მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე. ამასთან, დასავლეთის მერყეობა რუსეთს და ავტორიტარული სარტყელის სხვა ქვეყნებს ცდუნებას უჩენს, ისევე ან უარესად შეარყიოს დასავლეთისა და ნატოს ერთიანობა, როგორადაც ის უკრაინის ომამდე იყო: ეს ამ ეტაპზე ვლინდება უნგრეთისა და სლოვაკეთის უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებით, ისევე როგორც პრეზიდენტ ერდოღანის ღიად დეკლარირებული ანტიისრაელური და პროპალესტინური პოზიციით. ახლა დასავლეთი ცდილობს კვლავ დროში გაწელოს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც და თავი აარიდოს მასშტაბურ კონფლიქტს, მაგრამ რბილი და მცოცავი მექანიზმებით რადიკალური ტერორის ამოშანთვა შეუძლებელია და მხოლოდ და მხოლოდ დროში თუ გადაიწევს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტი. თუმცა შეიძლება დროის გადაწევით დასავლეთმა მეტად მოახერხოს მომზადება, მაგრამ მეშინია, რომ პროცესების დროში გაწელვამ არ შეუქმნას ავტორიტარულ რეჟიმებს შთაბეჭდილება და განცდა, რომ დასავლეთი სუსტია, მერყეობს და მასირებული, გადამწყვეტი შეტევის დრო დადგაო. ისრაელს სხვა გზა არა აქვს, მან უნდა აჩვენოს ახლა რა შეუძლია, სხვა შემთხვევაში შეიძლება მის წინააღმდეგ მთელი სუნიტური და შიიტური სამყარო გაერთიანდეს. თუ ირანის განეიტრალება იქნება ისრაელისა და აშშ-ის მიზანი, ასეთ შემთხვევაში არაბული სამყარო ირანის მხარდასაჭერად ხელს არ გაისვრის და დაელოდება პროცესების განვითარებას, რადგან ოფიციალური თეირანი მათთვისაც სერიოზული თავსატეხი და პრობლემაა. მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ძალები ანეიტრალებენ ისრაელისკენ ნასროლ რაკეტებს. მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ომები იმართებოდა რესურსებისთვის, მათ შორის სავაჭრო გზებზე კონტროლისთვის. ახლაც ამის მოწმენი ვარ. მაქსიმალურად შემცირდა რუსეთზე გამავალი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო გზის გამოყენება და დაიწყო ალტერნატიული სავაჭრო გზების გააქტიურება, გაფართოება, გაიზარდა მათი მნიშვნელობა, მათ შორის არის შუა დერეფანი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. ვიდრე ამაზე ვილაპარაკებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუდის არაბეთისა და ისრაელის დაახლოება, რომელიც ასევე ეწერებოდა ახალი სავაჭრო გზის გაჭრის ინტერესში, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ დააანონსა აშშ-მ: საუბარია ინდოეთიდან ევროპამდე ახალი სავაჭრო გზის გაჭრაზე, რომელსაც "აბრეშუმის გზის" საპირწონედ დაერქვა პირობითად "სანელებლების გზა", რომელსაც სწორედ არაბულ ქვეყნებზე და ისრაელის გავლით უნდა მიეღწია ევროპულ პორტებამდე. ეს ინიციატივა პროექტის "ერთი გზა, ერთი სარტყელი" ალტერნატივად აღიქმება აშშ-ში. საინტერესოა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, რომლის ქვეყანასაც ამოეწურა "ერთი გზა, ერთი სარტყელის" პროექტთან თანამშრომლობის ვადა, უარი თქვა მის განახლებაზე ამ ინდურ-ამერიკულ პროექტში ჩართვის სასარგებლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სტატუს-კვო ვეღარ შენარჩუნდება. იმდენად ირყევა მსოფლიო წესრიგი, რომ მისი შენარჩუნება აღარავის ინტერესში აღარ არის - დასავლეთი მას ვეღარ ინარჩუნებს, აღმოსავლეთს კი ის აღარ აწყობს. ამიტომაც ეს გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას, რაც მალე და ნაკლები მსხვერპლით, მით უკეთესი.

კიდევ ერთი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობა. ეს უზარმაზარი თემაა, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის პოზიციაზე, როდესაც მან რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ის შეხვდებოდა ჩინელ კოლეგას და შესთავაზებდა აქტიურ მონაწილეობას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში. უნდა ითქვას, რომ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, აშშ-ის წინა რამდენიმე ადმინისტრაციის შეცდომების გამოძახილიც არის. ობამას ადმინისტრაციის დროს ამერიკამ გადაწყვიტა, რომ მთელი ყურადღება წყნარი ოკეანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონისკენ უნდა მიექცია, სადაც ეკონომიკური ბუმი იყო პროგნოზირებული და მოადუნა ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ, რამაც გამოიწვია დიდი ვაკუუმი. ამით ისარგებლა ჩინეთმა და მაგალითად, ირანის ერთ-ერთ უდიდეს პორტს აკონტროლებს, იქ ბაზირებულ 5 000-იან სამხედრო კონტინგენტს კი ამ პორტის დაცვა ევალება... მოკლედ, დიდი ტურბულენტობის ზონაშია მსოფლიო და ახლა თუ არ მოხდა ამ ავტორიტარული ქვეყნების სარტყლის ჩამოშლა, ძალიან დაგვიანდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება.

- გასულ კვირას თბილისმა "აბრეშუმის გზის" რიგით მეოთხე ფორუმს უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ფორუმის მონაწილეებმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე საუბარს დიდი დრო დაუთმეს.

- შუა დერეფანს რაც შეეხება, მისი მნიშვნელობა რეალურად იზრდება, ისევე როგორც საქართველოსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის დღის წესრიგში ირანის შეკავების პოლიტიკა ისევ ახალი ძალით დადგა. ამასთანავე, ძალიან საინტერესოა, რომ ჩინეთში განიხილება ახალი ეკონომიკური პლატფორმა G3-ის შექმნის ინიციატივა ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მონაწილეობით. რამდენიმე თვის წინ კისინჯერი ეწვია ისევ ჩინეთს, სავარაუდოდ, 1970-იანი წლების მსგავსი ინიციატივით, რათა ჩინეთი როგორმე გამოჰგლიჯონ ავტორიტარული ქვეყნების სარტყელს და მეტად ჩართონ დასავლეთთან ურთიერთობაში. ამ პროცესების შედეგად, ბუნებრივია, შუა დერეფანს უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანასაც. არ შეიძლება გულწრფელად არ გიხაროდეს, როცა "აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ერთ მაგიდასთან ყოფნას და რეგიონის პერსპექტივებზე საუბარს ადევნებ თვალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - "მშვიდობის გზაჯვარედინი", რომელიც რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებში სომხეთის ჩართვას ითვალისწინებს, მან განაცხადა, იმედია, ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს და თურქეთთანაც მოვაგვარებთ ურთიერთობებსო... ფაშინიანი ცდილობს იმ ტვირთს დააღწიოს თავი, რაც სომხეთს ჰქონდა ყარაბაღის სახით. უმნიშვნელოვანესია, რომ სამხრეთ კავკასიას მშვიდობიანი განვითარების უნიკალური შანსი უჩნდება, რაც ამ რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამავე ფორუმზე სომხეთის ძალიან სერიოზული განაცხადი იყო ისიც, რომ მზად არიან იყიდონ აზერბაიჯანული გაზი. ესეც ნამდვილად გარღვევაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული აირის სატრანზიტო შემოსავალი შეიძლება საქართველოს შეუმცირდეს. ჩვენი სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი სამხრეთი კავკასია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს კონკრეტული ტრანზიტი. ეს ინიციატივები არა მარტო სომხეთისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონისთვის და სრულიად ახალ რაკურსში წარმოადგენს საერთო ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პერსპექტივებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები საქართველოში გახმაურდა, რაც ჩვენს ქვეყანას დაკარგული რეგიონული როლის აღდგენაში დაეხმარება. საქართველოს ყველაზე მეტად ეკუთვნის, შეუძლია და უნდა იტვირთოს კიდეც რეგიონული ლიდერის ფუნქცია. ამას ამ ფორუმზეც არაერთხელ გაესვა ხაზი.შუა დერეფნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების რანგში გადის, ასევეა ის ინიციატივაც, რაც ითვალისწინებს ინდოეთიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ახალი გზის გაჭრას ევროპაში. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო შორეული პერსპექტივის თემაა. აქვე უნდა აღინიშნოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაც კონგრესში იყო განხილული და ძალიან მწვავე შეფასებები გაკეთდა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით. კარგია, რომ დასავლეთი დღეს უკვე გრძნობს, შავ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. თავის დროზე, 2007 წელს, პუტინის განცხადებებს, ნატოს შავ ზღვაში არაფერი ესაქმებაო და ლამის შიდა ტბად უნდა ექცია შავი ზღვა, დასავლეთმა არ დაუთმო სათანადო ყურადღება, რასაც მოკლე ხანში საქართველოში რუსეთის შემოჭრა მოჰყვა. მერყეობა ისეთ მტერთან ურთიერთობისას, როგორიც არის ავტორიტარულ-დიქტატორული ფანატიკოსების რეჟიმი, მეტი აგრესიისთვის მათთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასია. ამიტომაც კარგია, რომ აშშ დღეს ხედავს, ევროპის უსაფრთხოება დიდწილად სწორედ შავ ზღვაში წყდება.

ცხადია, საქართველო ამ გამოწვევებს მარტო ვერ გაუმკლავდება და რუსეთიც მარტო შეშფოთება-აღშფოთების გამო ოჩამჩირის ბაზის გახსნაზე ხელს არ აიღებს. ეს საფრთხეს უქმნის ანაკლიის აშენებასაც. მოკლედ, იმ ვითარებაში ვართ, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანას უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნება, მეორე მხრივ, სამყარო ისეთ ტურბულენტურ ფაზაში შედის, საფრთხეებიც იზრდება. დღეს მთავარია საქართველომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს და სრულად არ მოიშიშვლოს ფლანგები მტრის წინააღმდეგ. უსაფრთხოების ის ფარი და გარანტიები, რაც დასავლეთისგან გვაქვს, თუნდაც არასრულყოფილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე უარის თქმა იქნება ყველაზე დიდი სიბრიყვე და დანაშაული, რაც შეიძლება ხელისუფლებამ ჩაიდინოს, ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მაქსიმალურ სიფრთხილეს, პრაგმატიზმს, რაციონალიზმს... მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ დასავლურმა მხარდაჭერამ და უსაფრთხოების ფარმა მოიტანა დღევანდელობამდე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.