„ბოროტების ბლოკის“ მიზანია პოლიტიკური წესრიგის რღვევა - კვირის პალიტრა

„ბოროტების ბლოკის“ მიზანია პოლიტიკური წესრიგის რღვევა

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ვითარება სულ უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, აშშ პერმანენტულად გზავნის სამხედრო დახმარებას და უკვე ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთში 900 სამხედროც გადაჰყავს. ამის პარალელურად ცალკე ჯგუფდებიან ის ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო წესრიგის შეცვლას ცდილობენ და უპირველესად საუბარია რუსეთ-ირან-ჩრდილოეთ კორეაზე. თუმცა არ არის გამორიცხული, თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე ამ ბანაკში აღმოჩნდეს ჩინეთიც და ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტის მიერ ტერორისტული "ჰამასის" მხარდაჭერა. ხაზგასასმელია ისიც, რომ "ჰამასის" დელეგაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით 26 ოქტომბერს მოსკოვში შეხვედრები გამართა. ისრაელმა რუსეთის გადაწყვეტილებას უწოდა "გასაკიცხი ნაბიჯი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და ახდენს "ჰამასის" ტერორისტების შემზარავი აქტების ლეგიტიმაციას". რუსეთის დაჯგუფებას, სადაც ანტიდასავლური ძალები ერთიანდებიან, დასავლურმა მედიამ "ბოროტების ბლოკი" უწოდა და გამოდის, დასავლურ ბლოკს ახლა ამ "ბოროტების ბლოკთან" უწევს ცხელ ომში დაპირისპირება, სადაც განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ჩვენს რეგიონშიც იკვეთება, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელ ხაზზე. როგორ ზრდის ეს მწვავე დაპირისპირება მსოფლიოსთვის საფრთხეებს და ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომელიც რეალურად დაცვის გარეშეა დარჩენილი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ:

giorgi-koberidze-w-h-1674461414.jpeg

- დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ეს გაყოფა "ცივი ომის" შემდეგ სულ მოსალოდნელი იყო. როცა "ცივი ომი" დამთავრდა,­ კი იყო მოლოდინი, რომ დასრულდა მსოფლიოში გაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, მაგრამ ისეთი პიროვნება, როგორიც, მაგალითად, ბჟეზინსკი იყო, სულ იმას ამბობდა, რომ დაყოფა დროებით შეჩერდა, თორემ სინამდვილეში ფასეულობებით სამყარო ჯერ კიდევ არ არის გაერთგვაროვნებული და დაპირისპირება და დაყოფა კვლავაც მოსალოდნელიაო. ჩვენ ვხედავთ,­ რომ დასავლეთში ადამიანის უფლებები წინ არის წამოწეული, მაგრამ სხვა ქვეყნ­ებში ყველაფერი ამის საწინააღმდეგოა, დროის ამბავი იყო ბანაკებად ასე დაყოფა. საქართველომ ვერ მოასწრო დასავლურ სამყაროში შესვლა და ამიტომაც ჩვენი საფრთხე უფრო მეტად არის გაზრდილი. რაც შეეხება ორად გაყოფილ სამყაროს, როგორც გითხარით, მოსალოდნელი იყო, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, მაგრამ პრობლემა ის არის, მეორე ღერძს, რასაც უკვე უწოდეს "ბოროტების ბლოკი", ლიდერი არა ჰყავს, ბლოკში ლიდერობას ურთიერთდაპირისპირებული ძალები ცდილობენ. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცით, რუსეთი გახდება მისი ლიდერი, ჩინეთი, თუ ირანი შეეცდება პოზიციის გამყარებას, რაზეც, ცხადია, ლაპარაკი ზედმეტია. ვიმეორებ, ამ ბანაკის ჩამოყალიბება მოსალოდნელი იყო და ეს ძალიან აშკარა გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით.

მსოფლიოსთვის ამ ბანაკის არსებობა სახიფათოა. მისი მიზანია არსებული საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკური წესრიგის რღვევა. 1945 წლის შემდეგ დაპყრობითი ომი არალეგიტიმური გახდა და ამ "ბოროტების ბლოკის" მიზანი ამის შეცვლაა. სურთ ძველი წესრიგი დააბრუნონ, დაიპყრონ სხვა ქვეყნის ტერიტორიები, ქვეყნები რუკიდან გააქრონ, იყოს პერმანენტული ომები და ეს ყველაფერი გახდეს ნორმალური პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის საშიშია, განსაკუთრებით კი ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც ჯერ რომელიმე ბანაკში ადგილი არა აქვთ დაკავებული.

- ჩვენ რეალურად სწორედ ამ, ასე ვთქვათ, გაუგებარი ადგილის მქონე ქვეყანათა რიგში­ ვართ და ის, რომ ვერ მოვასწარით ადგილის დამკვიდრება სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან დღეს უკვე ეს მოცემულობაა. ახლა მთავარია, რა პერსპექტივა გვაქვს, რომ დასავლურ ბანაკში მოვხვდეთ და "ბოროტების ბანაკში" აღმოჩენის საშიშროება ხომ არ სჭარბობს ამ პერსპექტივას?

- ობიექტური რომ ვიყოთ, ბევრი არჩევანი არც გვაქვს იმ გაგებითაც, რომ თუკი ავირჩევთ სხვა ბანაკს, გარდა დასავლეთის ბანაკისა, ეს საქართველოსთვის დიდი საფრთხის შემცველი იქნება. ბანაკი, რომელიც ანტიდასავლურია, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსთანა სახელმწიფოები არასუვერენული ფორმით შეიძლება არსებობდნენ. მაგალითად, იყვნენ რომელიმე ქვეყნის პირდაპირ მორჩილებასა და ზეგავლენაში - ანუ რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო, მარტივად რომ ვთქვათ. უკანა ეზოდ ყოფნა კი ნიშნავს, რომ როგორც მოუნდება ამ ბანაკის ლიდერს, ისე მოექცევა ქვეყანასა და მის მოსახლეობას. ეს გამორიცხავს როგორც საშინაო, ასევე საგარეო დამოუკიდებელ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, საქართველოს დღეს ბევრი არჩევანი არა აქვს. საქართველო არ არის ძლიერი გლობალური მოთამაშე, რომ დამოუკიდებელი ღერძი შექმნას ან თუნდაც ამ ცუდ, ავტოკრატიულ ღერძში იპოვოს თავისი ნიშა. ამასთან, გარდა სახელმწიფოებრიობის საფრთხისა, უდიდესი პრობლემა ისიც იქნება, რომ ამ ბანაკის ქვეყნებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდ წნეხში მოექცევა. ამიტომაც "ბოროტების ბანაკის" არჩევა საქართველოსთვის შეუსაბამოა ცივილიზაციურად და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ ბანაკის ქვეყნების დიდი უმრავლესობა განუვითარებელი ქვეყანაა, მოსახლეობა სიდუხჭირეში ცხოვრობს. ხელისუფლება ორიენტირებულია, რომ ერთი მხრივ, საკუთარი მოსახლეობა დაჩაგროს და მეორე მხრივ, პერმანენტულად ასიამოვნოს მეტროპოლიას, რომელიც ამ ახალ ალიანსში შეიძლება ზესახელმწიფო იყოს. ამიტომაც ამ ბლოკში ყოფნა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის სახიფათოა. საქართველომ ამ არჩევანზე არც უნდა იფიქროს, რადგან ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს არსებობას.

- დღეს რა პოლიტიკასაც ატარებს ჩვენი­ ხელისუფლება, რომ ცდილობს რამენაირად გაძვრეს, ანუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს შეტანილი, ვცდილობთ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ჩინეთთან, რომელიც შესაძლოა ანტიდასავლური ბანაკის ღერძი გახდეს, სტრატეგიული ხელშეკრულება დავდეთ... შევძლებთ ამით თავის გადარჩენას? ან რადგან დასავლეთის ბლოკის გარდა სხვა არჩევანი არა გვაქვს, ამ პოლიტიკით დასავლურ ბლოკში მოვხვდებით?

- ჩინეთთან ურთიერთობა ცუდი იდეა არ არის, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ჩინეთით საქართველო იქნება ან ძლიერი, ან ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს, ან იქნება ეკონომიკურად განვითარებული, ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა. მაგალითად, ჩინეთს ბაზები აქვს ჯიბუტიში, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო პაკისტანში და არცერთი ეს ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ჩინური კაპიტალი ან სამხედრო ინვესტიცია შევიდა, ფეხზე კი არ დადგა, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩინეთმა ეს ყველაფერი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკის გასაძლიერებლად. ცნობილი ტერმინი "ვალის მახე" გულისხმობს, რომ სახელმწიფოს აძლევს ძალიან დიდ თანხას და დაბრუნებას ძალიან მალე და ძალიან დიდი პროცენტით ითხოვს. სახელმწიფოები, რომლებიც ვალს ვერ აბრუნებენ, ჩინეთს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილს უთმობენ - ეს შეიძლება იყოს რკინიგზის, პორტების, გზებისა და სამხედრო ბაზების კონტროლიც კი და ა.შ. ამიტომაც ჩინეთთან ურთიერთობა სტრატეგიული ნამდვილად ვერ იქნება. პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩინეთის აღქმა სტრატეგიულ პარტნიორად, ცოტა არ იყოს, სახიფათოა და მეორე მხრივ, სასაცილოც კია, თუკი ისეთი კურსი გვაქვს გაცხადებული, რომელიც აზიისკენ ვერ მიემართება. თუ გვინდა საქართველოს რეალური პერსპექტივა ჰქონდეს, ეს არის უპირველესად თვითგანვითარებაზე ორიენტირება. თუ მიზნად დასახული გვაქვს, რომ განვვითარდეთ, ამის ერთადერთი შანსია სწორი როლური მოდელის არჩევა, როგორი გვინდა, რომ ვიყოთ. ყველაზე ლოგიკურია, მივბაძოთ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ჩვენი სასტარტო წერტილები ჰქონდათ, ბევრი რთული გზა გამოიარეს. გავიხსენოთ ბალტიის ქვეყნების მაგალითი. ან თუ მაინცდამაინც ბალკანეთი გვინდა და კონფლიქტებს მივაქციოთ ყურადღება, არის კარგი მაგალითი - ხორვატია, რომელსაც ტერიტორიული პრობლემებიც ჰქონდა, რთული სამეზობლო პოლიტიკაც, შიდა დაპირისპირებებიც, მაგრამ დღეს ევროკავშირშია.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში ფაშინიანმა ილაპარაკა "მშვიდობის გზაჯვარედინის" იდეაზე, რომელიც რეგიონულ გაძლიერებას და თანამშრომლობას გულისხმობს. მართალია, სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც საფრთხე გვემუქრება ანტიდასავლური ბანაკისგან, შესაძლებელია აქცენტი რეგიონულ გაძლიერებაზე გავაკეთოთ, მითუმეტეს, რომ რეგიონში გვყავს ნატოს წევრი თურქეთი?

- სომხეთს მე საქართველოს არც კი შევადარებდი. მას ახლა უფრო მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე ჩვენ. ის გაცხადებული ევროპული მოთამაშე არ არის და თანაც, ყარაბაღის შედეგი უკვე დამდგარია და სომხეთი ცდილობს აქედან გამოვიდეს მშრალად. თუკი თურქეთსა და აზერბაიჯანთან აღადგინა ურთიერთობა, ამან შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს. მალე გამოჩნდება, ეს გზა წარმატებული იქნება თუ არა. სომხეთს ახლა სხვა პრობლემა აქვს - მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილები, რომლებიც იქ სულაც არ დგანან ქვეყნის სასიკეთოდ. ამიტომაც სამეზობლო პოლიტიკაში სომხეთს ბევრი არჩევანი აღარც აქვს. ნურც იმით მოვიტყუებთ თავს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოება საქართველოსთვის იდეალური სცენარი იქნება, რადგან ტვირთების გადაზიდვისთვის ყველაზე მოკლე გზა და რიგი პროექტების რეალიზებისთვის, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკისთვის შეიძლება საუკეთესო მაგალითი გახდეს, შესაძლოა ჩვენთვის ძალიან არასასურველი გამოდგეს, რადგან დიდი ხანია, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე აქვს პრეტენზია. თუმცა თავისთავად ცხადია, წმინდა სამშვიდობო პოლიტიკური თვალსაზრისით რეგიონული მშვიდობა საქართველოს ინტერესის ნაწილია.

- თურქეთმა რა როლი შეიძლება­ ითამაშოს?­ გასაგებია, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ამავე დროს გამოდის "ჰამასის" დამცველად, რაც დასავლური ბლოკის­ პოლიტიკის საწინააღმდეგოა. თურქეთის ეს პოზიცია დასავლურ ბანაკს რას მოუტანს და რაც მთავარია, თუკი მას ჩავთვლით ჩვენი უსაფრთხოების გარკვეულ გარანტორად, რადგან დღეს ნატოს წევრები არა ვართ და ცალსახად გვჭირდება დაცვა, რა პერსპექტივა ექნება ჩვენს დასავლურ ბლოკში ყოფნას?

- თურქეთი საკუთარი თავისთვის მოთამაშეა - სურს მთელ ახლო აღმოსავ­ლეთში იქცეს წამყვან ძალად, გავიხსენოთ ერდოღანის პანთურქული პოლიტიკა. ახლა თურქეთისთვის უპირველესი ამოცანაა ნატოსგან მიიღოს უსაფრთხოების სარგებელი და ინვესტიციები, მაგრამ, მეორე მხრივ, ცდილობს თავისი შორს მიმავალი სტრატეგიული ინტერესები გაატაროს. ამიტომაც შესაძლებელია თურქეთი ვიხილოთ როგორც გრძელვადიანი მოთამაშე, რომელიც ჩამოშორებული იქნება დასავლეთს. ეს არ ნიშნავს, რომ პრორუსული მოთამაშე იქნება. ის შეეცდება თავისი დასავლურ-აღმოსავლური და ამასთანავე, ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშის ნიშა შეინარჩუნოს და მყარად დაეუფლოს. ნდობას რაც შეეხება, ფაქტია, თურქეთს ბოლო ათწლეულებია ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ თურქეთი საქართველოს მტერი არ არის. ეს დამტკიცდა ამ ბოლო 30-35 წლის განმავლობაში.

- ნდობაში უპირველესად უსაფრთხოების­ საკითხს ვგულისხმობ. თუ ანტიდასავლური ბლოკისგან საფრთხე დაგვემუქრება, თურქეთი რამდენად შეიძლება გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი? თუკი ეს შესაძლებელია, მაშინ ჩვენს დასავლურ ბანაკში ყოფნას საფრთხე ხომ არ შეექმნება, თუნდაც "ჰამასთან" დაკავშირებული ერდოღანის ბოლო განცხადებების გამო?

- თურქეთი არასდროს ყოფილა პრო­ებრაული პოლიტიკის გამტარებელი და განსაკუთრებით ერდოღანის პერიოდში.

- დავაზუსტოთ, თურქეთი უბრალოდ რჩება არაპროებრაული პოლიტიკის გამტარებლად თუ ამ განცხადებით ცალსახად ისრაელის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა? მაშინ­ ეს როგორ ცვლის დასავლური ბანაკის კონფიგურაციას, მისი ნატოს წევრობის გათვალისწინებით?

- თურქეთი, უფრო სწორად, ერდოღანი, თავისი თავის წინ წამოწევას ცდილობს, და სურს ყველას აჩვენოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ის არის წამყვანი ძალა ყველა საკითხში, იქნება სირიის სამოქალაქო ომი, ერაყის სამოქალაქო ომი თუ ისრაელი. მე არ ვიტყოდი, რომ ის ან ანტიებრაულია ან პროჰამასური, ის საკუთარი თავის მხარდამჭერია და ახლა, როდესაც რეგიონში ტენდენციები მაინცდამაინც ისრაელის მხარეს არ არის, მითუმეტეს, ერდოღანი პანისლამური პოლიტიკის გამტარებელია, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს როლი და ნიშა შეინარჩუნოს დიდი ხნის განმავლობაში.

ამ გადასახედიდან თურქეთი ჩვენი ფასეულობითი მოკავშირე არ არის და ამიტომ სამაგალითო მოკავშირე ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. თურქეთთან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ალიანსსაც, რადგან საქართველო არ არის აზერბაიჯანი, რომელთანაც თურქეთს აქვს ძალიან დიდი ეთნოკულტურული და ენობრივი კავშირები. ჯერ კიდევ ელჩიბეის პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს კავშირები ძალიან ღრმაა. საქართველოს აქვს წმინდად პრაგმატული პოლიტიკა თურქეთთან, რომელიც არაევროპული, უფრო აღმოსავლური მოთამაშეა, თუმცა ევროპაშიც არის, ხოლო მისი ნატოში ყოფნა ამ მხრივ არაფერს ნიშნავს, რადგან ნატოში მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარების გამო მიიღეს. თურქეთი შეიძლება იყოს ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე, მაგრამ მასზე დაყრდნობა იმ გაგებით, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსა მაჩაიძე