„ახლა მთავარია, რას იზამს „ჰესბოლა“ - კვირის პალიტრა

„ახლა მთავარია, რას იზამს „ჰესბოლა“

სპეციალისტების თქმით, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გადატანას გეგმავს, რომლებიც განთავსდება ამერიკულ სამხედრო ბაზებში ერაყში, ყატარში, ქუვეითში, იორდანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში. რა შეიძლება მოხდეს სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, შეასრულებს თუ არა "ჰესბოლა" მუქარას ან ხომ არ არის მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის გაუქმება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- ისრაელის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი რამდენიმეა: პირველი - აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასატანად დრო სჭირდება, მან უნდა გაამყაროს ამერიკული ბაზების თავდაცვა. მოგეხსენებათ, ბოლო ერთ კვირაში სირიასა და ერაყში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებს ათჯერ დაესხნენ თავს. გარდა ამისა,­ მოჰყავს გემები და ცოცხალი ძალა იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელს დასჭირდება. დამატებითი სამხედრო ძალის გადასროლით შტატები სრულყოფილად დაიცავს როგორც თავის სამხედრო ბაზებს, ისე ისრაელს პოტენციური საფრთხისგან. ვაშინგტონს ასევე ესაჭიროება დრო ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკური და სამხედრო მობილიზებისთვის. რეგიონში გემები უკვე გაგზავნილი ჰყავს დიდ ბრიტანეთს, გერმანიამ და ნიდერლანდებმა კი სპეცდანიშნულების რაზმები განათავსეს კუნძულ კვიპროსზე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაში. საფრანგეთიც აპირებს გემების გაგზავნას. კიდევ ერთი მიზეზი მძევლების საკითხია. კვლავ ბეწვზე ჰკიდია "ჰამასის" 200-ზე მეტი მძევლის ბედი. მათ გამოხ­სნაზე მოლაპარაკება კატარის შუამა­ვლობით მიმდინარეობს. ამ პროცესსაც დრო სჭირდება.­ აშშ-ისა და ისრაელის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მძევლის გამოხსნა ოპერაციის დაწყებამდე, მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან... აშშ-ის წინადადებას ისრაელი დათანხმდა, რადგან მისი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა. ისრაელი უსაფრთხოების საკითხებში ბევრად დამოკიდებულია აშშ-ზე და ამიტომ ითვალისწინებს ვაშინგტონის სურვილებს. პარალელურად ისრაელი ხვეწს ღაზის სექტორის გვირაბების ქსელში გამაგრებული "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას.­ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ისტორიაში პირველად მიწისქვეშ უნდა გაიმართოს ბრძოლა, იქ უნდა გაანადგურონ მოწინააღმდეგე. ისრაელმა იქ უნდა მიიყვანოს ლოჯისტიკური დანაყოფები, რათა სამედიცინო-საველე ჰოსპიტლები გახსნას. უნდა მოემზადოს იმისთვისაც, რომ შესაძლოა პარალელურად გაიხსნას მეორე და მესამე ფრონტი ჩრდილოეთში. "ჰესბოლა" და მისი მსგავსი ორგანიზაციები კვლავ იმუქრებიან, მათ შემოტევასაც მომზადებული უნდა დახვდეს... ისრაელის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ "ჰამასის" გასანადგურებ­ლად­ ღაზაში ჩაატარებს სახმელეთო ოპერა­ციას. ის ვერ გადავა პირობას, ისრაელელი­ ხალხი ელოდება ამ ოპერაციას, რათა საბოლოოდ ტერორიზმის საფრთხე მოისპოს­. ამისთვის საფასურის გაღებისთვისაც მზად არიან. ეს არ იქნება ადვილი,­ შეიძლება ოპერაცია თვეებიც გაგრძელდეს, ამიტომ ემზადებიან საფუძვლიანად. გარდა ამისა, სახმელეთო ოპერაციაზე უარის თქმა ტერორისტ ორგანიზაციებს გაუჩენს დაუსჯელობის განცდასაც, რაც გაზრდის მომავალში­ ისრაელში ტერაქტების ჩატარების ალბათობას; ისრაელს დღეს ორი მიზანი აქვს: მძევლების განთავისუფლება და "ჰამასის" განადგურება.

- მიწისქვეშა ბრძოლებს უთუოდ მოჰყვება­ დიდი მსხვერპლი...

- დიახ, ასეა. "ჰამასს" ჰყავს 25 000-დან 40 000 მებრძოლამდე, რომელთა ნაწილი ქალაქებში იმალება. "ჰამასს" მიწისქვეშ მთელი ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი, იარაღის ქარხნებით, საცხოვრებლით და ასე შემდეგ. გარდა მიწისქვეშა შეტაკებებისა, იქნება ქუჩებში ბრძოლაც.

გადამწყვეტი ის კი არ არის, ისრ­ა­ელი­ ჩაატარებს თუ არა სახმელ­ეთო ოპერაციას, ეს ისედაც გადა­წყვეტილია, ახლა მთავარია,­ რას იზამს "ჰესბოლა". მას გაცხადებული აქვს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების­ შემთხვევაში ისრაელზე მიიტანს იერ­იშს. თუ "ჰესბოლამ" ეს მართლაც გააკეთა, მაშინ ეს იქნება დიდი კონფლიქტის დასაწყისი­ და ის გემები, რომლებიც შტატებმა მი­იყვანა ისრაელთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში, ჩაერთვებიან "ჰესბ­ო­ლას" წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გე­მებზე განთავსებულია როგორც ამერიკული თვითმფრინავები, ისე სარეკეტო სისტემები. შეიძლება ეს კონფლიქტი მხოლოდ ლიბანით არ შემოიფარგლოს და გადასწვდეს სი­რ­იას, თუკი "ჰესბოლას" მებრძოლები სირიიდანაც შეუტევენ ისრაელს.

- ერაყსა და სირი­აში­ ამერიკულ სამხედრო ბაზებს არაერთი საჰა­ერო დარტყმა მიაყენეს კამიკაძე-დრონებით, დაჭრილი­ არიან ამერიკელი სამხედროები, რის შემდეგაც ბაიდენმა გააფ­რთხილა ირანის უმაღლესი ლიდერი­, აიათოლა­ ალი ჰამენეი, თუკი გააგ­რძელებთ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას, ჩვენ პასუხს გაგცემთო... რას ნიშნავს ეს?

- ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა­ აიღეს ტერორისტულმა დაჯგუფებებმა,­ რომელთა უკან "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდლობა დგას. ირანთან­ ახლო კავშირი აქვს "ჰესბოლას", ის ირანთან ერთად კოორდინირებს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზი­ციას­­ დაიჭერს "ჰესბოლა" სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ერთეული შეტაკებები და დაბომბვები ახლაც არის, მსხვერპლია როგორც ლიბანის, ასევე ისრაელის მხარეს. "ჰესბოლა" არასახელმწიფო აქტორია, მაგრამ ბევრ ქვეყანაზე მეტი შეიარაღება აქვს. ის ლიბანში ოპერირებს. ლიბანის არმია 95 000 კაცისგან შედგება, "ჰესბოლა" კი 10 000-კაციანი დაჯგუფებაა, დიდი საბრძოლო გამოცდილებით, მათ შორის სირიაში. ის "ჰამასზე" 10-12-ჯერ ძლიერია. სპეციალისტების ვარაუდით, მათ აქვს 150 000-200 000 რაკეტა, რომლებსაც, ბუნებრივია, დიდი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ისრაელს დაუმიზნებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო აშშ-ის დახმარება ისრაელისთვის. შტატების ინტერესში დიდი ომი არ შედის, თავისი ძალები რეგიონში შეიყვანა იმიტომ, რომ შეაკავოს ის ძალები, რომლებიც აპირებენ ისრაელზე თავდასხმას.

- ექსპერტების აზრით, თეირანი შეეცდება მისკენ არ წავიდეს ისრები. შეიძლება ამერიკამ ირანი მაინც დაადანაშაულოს?

- თუკი დიდი ბრძოლები გაიმართება "ჰესბოლასა" და ისრაელს შორის, შეიძლება­ ყველაფერი მოხდეს. ეს იქნება დიდი აფეთქება­ და რამდენ ქვეყანას მოიცავს, ვინ იცის. როცა ისრაელი ღაზაში შევა, როგორც მოგახსენეთ, რას იზამს "ჰესბოლა", ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც "ჰესბოლაზე" გავლენის მოხდენა შეუძლია, ისინი გადაწყვეტენ, იქნება ლოკალური ომი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის, თუ დიდი რეგიონული კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ბევრ ქვეყანას გადაედოს.

- ასეთ დროს როგორ გადანაწილდება­ ძალები? ერთ ბანაკში იქნებიან რუსეთი,­ ირანი და ჩინეთი?

- ჩინეთი აშკარად არსად არ ჩაერთვება­, რადგან ჯერ არ წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ასეთი ტიპის დიდი მასშტაბის ამბები აიღ­ოს საკუთარ თავზე. რეგიონშიც ამერიკული ბაზებია და არა ჩინური, შესაბამისად, ის შეზღუდულია. რუსეთი, რა თქმა უნდა, "ჰამასის" ბანაკშია.­ ამას მოწმობს ისიც, რომ მოსკოვში გაიმ­ართა "ჰამასის" დელეგაციის შეხვედრა და არა საუდის არაბეთში ან თურქეთში... ომი რომ დასრულდება, ისრაელი დაადგენს, ვინ დაგეგმა 7 ოქტომბრის თავდასხმა. არ გაუჭირდება გარკვევა, თუ სად დაიგეგმა ეს ყველაფერი. ეს არ ჰგავს­ "ჰამასის" დაგეგმილს, იმდენად კარგად დაგეგმილი თავდასხმა იყო, უთუოდ სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. ეს გაირკვევა და შესაბამისად ისრაელის პოზიციაც ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, თუ აქამდე ისრაელი თავს იკავებდა რუსეთ-უკრაინის ომში რაღაც ფორმით პოზიციონირებისგან და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისგან, თუკი რუსეთის კვალი უფრო გამოიკვეთება ამ საქმეში, უკრაინა ისრაელის თანამედროვე შეიარაღებას უფრო მეტი რაოდენობით მიიღებს. რუსეთი შეეცდება კულუარებში დარჩეს, მაგრამ მისი კვალი არ დაიმალება, თუკი ისრაელის არმია ღაზაში შევა. ცხადია, "ჰამასის" ყველა მებრძოლს ვერ გაანადგურებენ, ნაწილს, ალბათ, ტყვედ აიყვანენ, მათ შორის ხელმძღვანელებსაც, რომლებსაც ექნებათ უტყუარი ინფორმაცია, თუ ვინ გეგმავდა ამ ყველაფერს, ვისი ორგანიზებულია.

- თურქეთი ამბობს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაცია არ არის. რომელ ბანაკში მოიაზრება ეს ქვეყანა?

- თურქეთში ტარდება ადგილობრივი­ არჩევნები­ და ერდოღანს სურს დაიბრუნოს­ სტამბოლისა და ანკარის მუნიციპალიტე­ტები, რომელსაც ახლა ოპოზიცია აკონტ­როლებს­. ერდოღანის პალესტინისა და "ჰამასის" მხარდამჭერი განცხადებებიც დიდწილად არჩევნებს უკავშირდება. ვფიქრობ, ეს არ გასცდება­ განცხადებებს, ქმედებებში არ გადაიზრდება. თურქეთი სუნიტური ქვეყანაა, მას სურს სუნიტური სამყაროს ლიდერი იყოს და პალესტინელები სწორედ­ სუნიტები არიან, განსხვავებით შიიტი ირანელებისა და "ჰესბოლასგან". ამიტომ ჭირს მათი ჩართვა საერთო პალესტინურ ამბავში, ვთქვათ, შიიტური წინააღმდეგობის მუხტის შეტანა.­ ასე რომ, ერდოღანის ეს განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან თურქი საზოგადოების უმრავლესობა პალესტინას უჭერს მხარს.

- ასეთ დაძაბულ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?­

- მომზადებული უნდა ჰქონდეს საფრთხეების დოკუმენტი. 2015-2018 წლების საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ყავლი გაუვიდა, ახალი კი არ ჩანს, რადგან მასში­ საფრთხედ რუსეთის ჩაწერა მოუწევთ.­ უნდა გაიწეროს ამა თუ იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ­ მოიქცევა ქვეყანა, მაგალითად, თუ წამოვიდა ლტოლვილთა ნაკადი... საქართველოს მომავალი არის დასავლურ სამყაროსთან, ევროკავშირსა და ნატოში. სხვა გადარჩენის საშუალება საქართველოს არა აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ისრაელი შეძლებს­ ტერორისტების დამარცხებას?

- ისრაელმა თუ არ გაიმარჯვა, არსებობას შეწყვეტს. მათი ყველა ომი იყო და არის ბრძოლა გადარჩენისთვის. იმდენად­ პატარაა ტერიტორიულად, არა აქვს იმის ფუფუნება, უკან დაიხიოს და მერე შეუტიოს, უნდა იბრძოლოს ბოლომდე...