„ისრაელი მეორედ არ დაუშვებს თავისი ერის ჰოლოკოსტს“
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ომს ორი მიზანი აქვს - "ჰამასის" განადგურება და მძევლების გათავისუფლება. 27 ოქტომბერს, ღამით, სამხედრო-სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის თქმით, ისრაელის თვითმფრინავებმა დაარტყეს საბრძოლო გვირაბებს, მიწისქვეშა საბრძოლო უბნებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას. ბათ-იამში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ბლოგერი და ჟურნალისტი ნიკო ბელიაშვილი მოვლენების ეპიცენტრიდან რეალურ სურათს წარმოგვიდგენს:
- ისრაელმა უკვე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია (ერთობლივად მიმდინარეობს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები), მაგრამ ამას ოფიციალურად ფართომასშტაბიანს არ არქმევს. ეს ტექნიკური სვლაა, რათა "ჰესბოლასა" და სხვა ორგანიზაციებს პროვოცირება არ მისცეს კონფლიქტში ჩაერთონ და მეორე ფრონტი გაიხსნას მძლავრი შემოტევით.
2014 წელს, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ, ჩვენმა ჯარმა გამოიყენა ერთი გამანადგურებელი სამხედრო ტაქტიკა - ტელევიზიებით განაცხადა, რომ იწყებდა სახმელეთო ოპერაციას და აჩვენა, როგორ კვეთს ტექნიკა და ჯარი ღაზის საზღვარს, მაგრამ რეალურად იმ დღეს არ შეიყვანა ჯარი. "ჰამასმა" ამ ინფორმაციის მიღებისთანავე გვირაბებში იარაღი გადაიტანა და მებრძოლებიც შეიყვანა, რასაც ჩვენი ჯარი კოსმოსიდან და დრონებით აფიქსირებდა. ამას მოჰყვა იმ გვირაბების დაბომბვა და ასეულობით ტერორისტის განადგურება. დღესაც ჩვენს ჯარს აქვს შემუშავებული გასაიდუმლოებული საბრძოლო ტაქტიკა და დარწმუნებული ვარ, ამ ომს "ჰამასის" განადგურებით გამარჯვებულები დავასრულებთ. უკვე გადაწყვეტილია - ტერორისტული ორგანიზაციების და მათი მომხრეების ერთხელ და სამუდამოდ განადგურება. ისრაელმა ბევრჯერ დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებრიობა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ისრაელს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. ისრაელი აღარავის უსმენს, იმიტომ, რომ ორმაგი თამაში მიდის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ლობირებას უწევენ ტერორისტებს.
- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბრძოლა შეიძლება 1 და 2 თვეც გაგრძელდეს, მაგრამ ომი აუცილებლად "ჰამასის" სრული განადგურებით დასრულდებაო..
- ასე რომ არ მოხდეს, ხვალ-ზეგ ისრაელი აღარ იარსებებს. ამ პოზიციას ემხრობა მთელი ისრაელის საზოგადოება, მსოფლიოს ბევრი ცივილიზებული ქვეყნის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა. თავად ევროპაში უკვე იწვნიეს ტერორისტების და მათი მხარდამჭერების ტერაქტები. იმასაც ხვდებიან, რა მოხდება შემდგომ, ისრაელი ამ ომში თუ დამარცხდა და რადიკალურმა ისლამმა გაიმარჯვა. ისრაელს შეეძლო ტერორისტების თავდასხმიდან 1-2 კვირაში გაეცა პასუხი "ჰამასისთვის", მაგრამ დააგვიანა, რასაც მოჰყვა მსოფლიო მასშტაბით ისლამისტური ძალების მობილიზება და საპროტესტო აქციები, გავრცელდა დეზინფორმაცია. \რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციის გაჭიანურებას, ჩემი აზრით, მისი შეფერხების ბევრი მიზეზი არსებობდა: დაგეგმარება, მძევლები, გარე საფრთხეები, საერთაშორისო ზეწოლა, შიდა საფრთხეები. ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ისრაელი და ამერიკა საფრთხის განეიტრალებით იყვნენ დაკავებული ლიბიიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან და ჩინეთიდან, რასაც მიაღწიეს კიდეც და ისრაელმა ყველას გააგებინა, რომ მან თავი უნდა დაიცვას და ტერორისტები გაანადგუროს. ღაზაში ტერორისტებს იმდენი გვირაბი და ხაფანგი აქვთ დაგებული, ამ ოპერაციას თუ კარგად არ დაგეგმავ, შეიძლება ბევრი ჯარისკაცი დაიღუპოს. ანალიტიკოსების გათვლით, სახმელეთო ოპერაციას ღაზის მხრიდან 200-250-მდე ათასი, ჩვენი ჯარისკაცების მხრიდან კი 20-25 ათასი მსხვერპლი მოჰყვება. ჩვენმა ჯარისკაცებმა გვირაბებში უნდა მოახერხონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. არის ერთი მთავარი მომენტი, რის გამოც შეფერხდა სახმელეთო ოპერაცია - ამასობაში გამოაშკარავდა პალესტინისა და "ჰამასის" სიცრუე და არაადამიანობა, რასაც ამერიკა და ისრაელი ფაქტების სახით უდებენ გარშემო მყოფ მუსლიმანურ ქვეყნებს. ამით მათ მხარდაჭერას და ჩართულობას ანეიტრალებენ, ღაზაში შესვლის შემდეგ ამ სახელმწიფოებმა თავი რომ არ წამოყონ და არ გაიხსნას მეორე და მესამე ფრონტები.
- ექსპერტების თქმით, იკვეთება ტენდენცია, რომ "ჰამასს" ცოტა თუ ემხრობა, პალესტინელებს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა... ვარაუდობენ იმასაც, რომ ღაზაში არსებობს პოტენციურად მაღალი მსხვერპლის ალბათობა, რამაც შესაძლოა დასავლეთის მხარდაჭერა შეამციროს.
- ყველა ლიდერი ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რომ "ჰამასი" უნდა განადგურდეს. ისრაელი ომის კანონების დაცვის ყველა მითითებას ასრულებს, აფრთხილებს მოსახლეობას გადაინაცვლოს სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ არ არსებობს ომი, სადაც ზედმიწევნით გაწერილად მიდის ყველაფერი, ყოველთვის რაღაც დაირღვევა, რაც შეიძლება მერე წამოსაძახებელი გახდეს. თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა გამოსვლისას არაბულ ქვეყნებს აჩვენა, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერსაც გადაუგზავნეს ფაქტები, რომ ღაზის ერთ-ერთ დიდ საავადმყოფოში შეკრებილია "ჰამასის" 150-მდე ტერორისტი და შენობის ქვეშ აქვთ იარაღი, შტაბები და გვირაბები. ისრაელმა გამოაცხადა, ან გაიყვანეთ ავადმყოფები და მედპერსონალი, თუ არადა, ამ ობიექტს დავბომბავთო. როცა ვიცით, რომ იმ ობიექტებიდან ჩვენ კიდევ დაგვბომბავენ, როცა იქ არიან ტერორისტები, რომლებმაც დაგვიხოცეს მოსახლეობა და მომავალშიც დაგეგმავენ იმავეს, რატომ უნდა ვიყოთ ჰუმანურები? ისრაელში ათასობით ამერიკელი, ინგლისელი, ავსტრალიელი, იტალიელი ჯარისკაცი ჩამოდის. სპეცრაზმის დანაყოფები სახმელეთო ოპერაციაში ებრაელებთან ერთად იბრძოლებენ ტყვეების გასათავისუფლებლად და გვირაბების გასანადგურებლად. ამ ეტაპზე 4 მძევალია გათავისუფლებული, აქედან 2 ამერიკელია - დედა-შვილი (არის ინფორმაცია, რომ ისინი ღაზასთან თანამშრომლობდნენ და ტერორისტების მხარდამჭერები იყვნენ) და 2 მოხუცი, 80 წელს გადაცილებული ისრაელის მოქალაქე ქალი. ერთი მათგანი და მისი ქმარი ექიმები არიან და მთელი ცხოვრება ღაზელ ბავშვებს მკურნალობდნენ.
- ფიქრობთ, ირანიც "დაიბანს ხელებს"?
- არა მგონია, ირანი პირდაპირ ჩაერთოს ომში. იქიდან ისრაელისკენ ერთი რაკეტაც რომ გამოფრინდეს, ნიშნავს, რომ ირანი 200 წლის წინანდელ ხანაში დაბრუნდება. ვფიქრობ, არც ჩინეთი და რუსეთი ჩაერთვებიან. ერთი მხრივ, კარგიც იქნება, ირანი თუ ჩაერთვება, ვინაიდან ტერორიზმის წამხალისებელიც და დამფინანსებელიც ისაა. "ჰესბოლას" უკან კი დგას ირანი, მისი ბრძანებით მოქმედებს, მაგრამ მეორე მომენტია, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია განთავსებულია ლიბანში. ლიბანის პრეზიდენტმა და იორდანიის მეფემ განაცხადეს, არ გვინდა კონფლიქტში ჩართვაო. მათ სახელმწიფო არხებზე დაიწყეს "ჰამასის" სადისტობებზე ვიდეორგოლების გაშვება, პარალელურად, აჩვენეს დაბომბილი ღაზის კადრებიც და მოსახლეობისთვის ასეთი მესიჯი გაუშვეს: ჩვენ მზად არ ვართ ასეთი მსხვერპლი გავიღოთო... ამასთან, ლიბანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სურს აკრძალოს "ჰესბოლა" თავის ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ ის ისრაელთან ომის დაწყებას პროვოცირებს. ასევე, განაცხადა, რომ აპირებს ირანის გავლენიდან გამოვიდეს.
- "ჰამასის" ლიდერები კატარში სხედან, გამოდის, მათი განადგურება გაჭირდება...
- წარსულში, როცა გერმანიაში ებრაელთა საფეხბურთო გუნდის თვითმფრინავი ააფეთქეს, ისრაელმა შექმნა გასაიდუმლოებული ჯგუფი, ისინი დამნაშავეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისწვდნენ და გაანადგურეს. ისრაელმა ახლაც ზუსტად იგივე ჯგუფი შექმნა, რომელსაც მიზნად დაუსახა, რომ ყველა, ვინც ამ ტერაქტში იყო ჩართული, გაანეიტრალოს.
დღესდღეობით ისრაელის 1000 მოქალაქეა დაპატიმრებული (არამარტო არაბები, ებრაელებიც), რომლებიც სოციალურ ქსელებში მხარდაჭერას უცხადებდნენ "ჰამასსა" და ტერაქტს. ქნესეთი მალე მიიღებს კანონს, რომლის თანახმადაც, ყველა ასეთ პირს (გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა) მოქალაქეობას ჩამოართმევენ და ქვეყნიდან გააძევებენ. ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მას სულ არ აინტერესებს ღაზის ტერიტორია და განიხილავს 2 ვარიანტს - არაბულ სახელმწიფოებს სთავაზობს გასუფთავების შემდეგ შემოვიდნენ ღაზაში, ჩადონ ინვესტიცია იმაში, რომ მოსახლეობის ცხოვრებისა და განათლების დონე ამაღლდეს, რათა აღარ იყოს რადიკალური დამოკიდებულება, ან შემოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მათ ააღორძინონ რეგიონი, იზრუნონ პალესტინელების ფსიქოლოგიურ, მორალურ და ყველანაირ გაკეთილშობილებაზე.
- პარალელურად მიმდინარე საინფორმაციო ომში ისრაელი რატომ ვერ ახერხებს ომს სწორი კვალიფიკაცია მისცეს, რომ საქმე გვაქვს არა პალესტინის, არამედ "ჰამასთან" კონფლიქტთან?
- ჩვენ ასეთი დაბომბვები თითქმის ყოველ წელიწად-ნახევარში გვაქვს. ისრაელს არ ჰქონდა ის პოზიცია, მსოფლიოს გასაგონად დაეწყო ყვირილი, გვხოცავენ, ტერაქტებს გვიწყობენო. ტერორისტების ყველა ნამოქმედარი მსოფლიო მასშტაბით სააშკარაოზე არ გაჰქონდა, ეს იყო ისრაელის შეცდომა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მარტო ტერაქტებით 5700-ზე მეტი კაცია დაღუპული ისრაელში და რამდენი გასაჯაროვდა? გარდა ამისა, ვრცელდება ბევრი ფეიკი, ვითომ უამრავი მიცვალებული ჰყავთ - ცოცხლებს მაკიაჟს უკეთებენ, ზეწრებს აფარებენ, ვითომ დიდია მსხვერპლი და ამით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებაზე ზემოქმედებასა და მხარდაჭერის მოპოვებას. ვიდეოები ვრცელდება, სადაც ვითომ მიცვალებულები ცელოფანებში უწყვიათ, სახეგამურულები, ვითომ დაბომბვაში მოყვნენ, ამ დროს სუფთა ფეხსაცმელები აცვიათ. თუნდაც საავადმყოფოს ამბავი ავიღოთ - თავისი რაკეტა რომ დაეცა და ვითომ 500 კაცი დაეღუპათ... "ჰამასელები" აქეთ გვაშანტაჟებენ, ჰუმანიტარული დახმარება, საწვავი და ა.შ. მოგვეცითო. ამის სანაცვლოდ 50 მძევლის გამოშვებას გვპირდებიან, მაგრამ რამდენი ჰუმანიტარული შეიტანეს, არავინ გამოუშვიათ, რაც შევუგზავნეთ, ის ხალხს კი არ მოხმარდა, ტერორისტებმა გადამალეს, ჰუმანიტარულ დახმარებასა და საწვავს ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და რატომღა მივცეთ? რომელ გენოციდსა და ოკუპაციაზეა ლაპარაკი, როცა 1948 წლიდან ისრაელში 170 ათასი არაბი დარჩა, დღეს კი მათი რიცხვი 2,5 მილიონია და ისინი ისეთივე პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორითაც ებრაელები. აქ ორი ენაა - ივრითი და არაბული, არაბები მუშაობენ ყველა სახელმწიფო უწყებაში და ჩვენი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან.
- მოსკოვში "ჰამასის" დელეგაციის ვიზიტზე რას იტყვით?
- კონფლიქტის გაღვივებაში ერთ-ერთი დიდი როლი რუსეთისაა, რომელსაც სურდა ევაჭრა, აქ წამოწყებული ომის ხარჯზე დასავლეთმა დათმოს პოზიციები უკრაინაში. არის სხვა ფაქტორებიც - უფრო გლობალური თამაში მიდის, დღეს რაც ხდება, არ არის მხოლოდ ისრაელისა და ღაზელი ტერორისტების ბრძოლის საკითხი. ეს არის დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს ბანაკის დატესტვა იმ სახელმწიფოების მეორე ბანაკისგან, რომელსაც ასევე სურს მსოფლიოს ერთი ნაწილის გაკონტროლება. მაგრამ დღესდღეობით ირანი, ჩინეთი, რუსეთი არ არიან ისეთი მომზადებული, რომ გაწერილი სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ, თუ როგორ შეებრძოლონ ამერიკა-ისრაელ-დასავლეთის გუნდს. იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ, უბრალოდ, ეს მხოლოდ დატესტვაა.
"ჰამასის" დელეგაციამ შესაძლოა პუტინს მადლობა გადაუხადა დაფინანსებისთვის, მხარდაჭერისთვის... ეს ბინძური თამაშები, მათი დელეგაციის რუსეთში ჩასვლა ცხადყოფს, რომ პუტინი ტერორისტების დამცველი, მოკავშირეა და ისრაელის ამბავშია ჩართული. ამას წინათ ქნესეთის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთი ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს, უბრალოდ, ისრაელის ხელისუფლება რუსეთზე ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს.
სახმელეთო ოპერაცია რომ არ დაგვეწყო, ხვალ-ზეგ ისრაელი განადგურდებოდა, აღარ იარსებებდა. გარშემო მყოფ ისლამისტურად განწყობილ სახელმწიფოებს უფრო მეტი ამბიცია და სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენი ერი გაანადგუროს და ამაზე უარეს გენოციდს მოგვიწყობენ. დღეს ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია - 100 ან 200 ათასი კაციც რომ დაგვეღუპოს, ისრაელმა ეს ამოცანა უნდა შეასრულოს. ისრაელს ამერიკა აძლევს ისეთ იარაღს, რაც გვირაბებში, 30 მ სიღრმეში ბრძოლისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამ ყველაფერს დიდი მსხვერპლი და განადგურება მოჰყვება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ისრაელს აქვს ატომური ბომბის 100 რაკეტა და აუცილებლად გამოიყენებს, თუ დაინახა, რომ ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელი ხალხის განადგურების საფრთხე დგას. ის არავის მოუსმენს, არავის აზრს არ გაითვალისწინებს, ისრაელი მეორედ არ დაუშვებს თავისი ერის ჰოლოკოსტს.დღეს რომ რადიკალებმა ისრაელზე გაიმარჯვონ, ხვალ-ზეგ ტერორისტები მთელ მსოფლიოს ანალოგიურად მოექცევიან, ამიტომ ეს უნდა ამოიძირკვოს.მადლობა საქართველოსა და იმ ხალხს, ვინც სიბნელის წინააღმდეგ სიმართლეს, სინათლესა და ცივილიზაციას უჭერს მხარს. მტრებზე გამარჯვება და მშვიდობა ჩემს ორ სამშობლოს!