3+3 - დილემა საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

3+3 - დილემა საქართველოსთვის

"ყველა თანხმდება, რომ 3 +3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება "ექვსეულში" გაწევრებისგან. ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შა­ნსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში,­ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში 3+ 3 ფორმატი სრულფასოვნად შედგება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.­ როგორია ლავროვის და საზოგადოდ, რუსი ჩინოვნიკების მიერ აღქმული­ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რა­ იყო 3+ 3-ის ფორმატის შექმნის რეალური მიზეზი და რისთვის ცდილობს მის გამოყენებას მოსკოვი, ანალიტიკოსი, რუსეთ­ის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე­ გვესაუბრება:

- ლავროვის განცხადების ტექსტი ძალ­იან საინტერესოა და რამდენიმე განზომილება აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ფედერაცია ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულია და დასავლეთი­ უკრაინის გვერდით დადგა, ახლა ცდილობს­ შექმნას ილუზია, რომ საერთაშორისო­ სისტემის ნეგატიური აქტორი არ არის, სამე­ზობლოში მაინც შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა და მაგალითად მოჰყავს საქართველო. ლავროვი ერთი მხრივ რუსეთის პოზიტიურ აქტორად წარმოჩენას ცდილობს და მეორე მხრივ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევას და დისტანცირებას ტრადიციული პარტნიორებისგან. რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველო რუსეთისკენ დგამს ნაბიჯებს და დასავლეთისგან ჩვენი დისტანცირების მაგალითად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ არ შევუერთდით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. არადა, ჩვენ ნამდვილად გვქონდა ამის ობიექტური ახსნა. დღეს ისეთ მდგომარეობ­აში ვართ, რომ დასავლეთს უკრაინის კი არა, ჩვენ გამოც რომ დაესანქცირებინა რუსეთი,­ მაინც ვერ შევუერთდებოდით სანქციების პოლიტიკას. რუსეთს უკრაინამდე საქართველოში ჰქონდა სამხედრო ინტერვენცია, მაგ­რამ ვერაფერი გავაკეთეთ, უფრო მეტიც, 2010 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, წესით, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო დასავლურ სანქციებს. მე კითხვის ნიშნები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ჩვენი ხელისუფლება ასეთი ხისტი ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადებების დროს. რუსეთი აქცენტირებს იმაზეც, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები უპრობლემოდ შემოდიან, მაგრამ ამ საკითხსაც სხვა კუთხით შევხედოთ - საქართველოში მოდიან ისინი, ვისაც არ სურს უკრაინაში საომრად წასვლა, ან არ რჩებიან რუსეთში­ ამა თუ იმ მიზეზით. მათ შორის ყველა ნამდვილად არ არის რუსული იმპერიალისტური ზრახვების გამო აღშფოთებული და წმინდად ეგოისტური მიზეზებით მოქმედებს, მაგრამ ასეა თუ ისე, ეს ხალხი მაინც არ არის პუტინის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ისტორიის ამ მონაკვეთზე მაინც. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს ხალხი პუტინის ხელისუფლების სიმპათიის გამო ნამდვილად არ მიუღია და ამ თემაზე სპეკულირებით რუსეთი ისევ და ისევ საქართველოს იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ჩვენ გვახსოვს, რომ მათ პირველ სხდომაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი არც ყოფილა, მაგრამ ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს დროშა დიდი ამბით გამოფინეს. გასაგებია, რომ რუსეთი ცდილობს თავისი განცხადებებით, საქართველოს შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე მცდარი წარმოდგენები შექმნას.

- გასაგებია, რას ცდილობს რუსეთი, მაგრამ ამ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია 3+3 ფორმატი სიცოცხლისუნარიანი იყოს, რა საერთო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ აქტორებს?

- სწორად დასმული აქცენტია, 3 დიდი აქტორი არის რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და თურქეთის ფედერაცია, ხოლო 3 მცირე აქტორი არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ძალიან რთულია 3 დიდი აქტორის ერთად წარმოდგენა რაიმე ტიპის თანამშრომლობის ფორმატში, იქიდან გამომდინარე, რომ მათი საგარეო პოლიტიკური ხედვები და ინტერესები კავკასიაში არის არა პარტნიორული, არამედ კონკურენტული. შესაბამისად, ეს უფრო მეტად ჰგავს ცდას, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაიყოს სამმა დიდმა აქტორმა და განამტკიცონ თავიანთი გავლენა კონკრეტულ სეგმენტებზე. ჩვენ გავლენის სფეროები არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში ხდებოდა, დღეს ტერიტორიების მოზომვა აღარ არის საჭირო, საკმარისია კონტროლი ცალკეულ ეკონომიკურ სივრცეზე და ინტერესების დაფიქსირება. კიდევ ერთი საერთო, რაც სამივე აქტორს აერთიანებს, არის დასავლელი აქტორების გაყვანა რეგიონიდან და თავად ერთპიროვნულ ჰეგემონებად დარჩენა.

თეორიულად საქართველო შეიძლებოდა­ დაინტერესებულიყო ამ ფორმატით და ეცადა სარგებლის ნახვა სამი დიდი აქტორის კონკურენციით, მაგრამ საქმეს წარმოუდგენლად ართულებს რუსეთის ფედერაცია. რუსული დიპლომატიის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოსკოვი არ ცნობს საქართველოსთან კონფლიქტის არსებობას. შეიძლება ითქვას, ჩვენ გვაქვს ერთგვარი დიპლომატიური დისოციალური აშლილობა - გაორება. რუსეთს ცალი ხელით ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი, მეორე ხელით კი პარტნიორულ თანა­მშრომლობას გვთავაზობს. თანამშრომლობის იმ ფორმატებს შორის, რომლებსაც რუსეთი გვთავაზობს, არც ერთი არ არის იმ მდგომარეობისა და ურთიერთობის შესაბამისი, რომელშიც საქართველო და რუსეთია. რუსეთი ვერ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვიდრე ჩვენი რეგიონები აქვს ოკუპირებული, არ შეიძლება, ვერ გამოვა! თუ რუსეთი ოდესმე მივა იმ დასკვნამდე, რომ დაგვიბრუნოს წართმეული ტერიტორიები და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ შეიძლება რაღაც ტიპის თანამშრომლობაზე ვიფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა კონტრპროდუქტიული იქნება.

რა შეიძლება მოგვცეს 3+3 ფორმატმა?­ არაფერი, ჩვენთვის გაცილებით საინტერესო იყო ის ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთისკენ გადავდგით. საკით­ხავი ის არის, რამდენად სწრაფად იქნება­ განვითარებული დიპლომატიის ეს ვექტორი­ და რამდენად სწრაფად შევ­ძლებთ რეგიონში განსხვავებული აქტორის შემოყ­ვანას, რომელიც შეძლებს ჩვენს რეგი­ონში 3+3 ფორმატის დიდი აქტორების დაბალანსებას.

- რჩება განცდა, რომ 3+3 ფორმატის დიდ აქტორებს, მაგალითად, რუსეთსა და თურქეთს შორის ბალანსი თურქეთის სასარგებლოდ იცვლება და რეგიონიდან რუსეთის გაძევების პროცესს ვუყურებთ.

- დიდი ალბათობით, ასეც მოხდება,­ თურქეთი გააძევებს რუსეთს. მოსკოვი 3+3 ფორმატის გააქტიურებით ზუსტად იმას ცდილობს, რომ გაძევებული არ აღმოჩნდეს, მაგრამ... ვნახეთ, რომ სომხეთი არ გამოდგა რუსული ინტერესების­ გამტარებლად, შესაბამისად, მოსკოვმა აღარ დაიცვა. უამრავი მოსაზრება გავრცე­ლდა, მათ შორის ისიც, რომ მოსკოვმა ფაშინი­ანი დასაჯა. ფაშინიანი კი არ დასაჯა, სომხეთისგან ვერ ნახა სარგებელი, ამასთან­, იმასაც ხედავს,­ რომ სომხეთს მის იქით გზა არა აქვს. აზერბაიჯანი სომხეთზე იმ იმედით მიუშვა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაეუმჯობ­ესებინა, შემდეგ მოუწია­ მთელი­ რესურსის გადართვა უკრაინაზე და აქეთ მთელი სივრცე­ დარჩა თურქეთს. ახლა რუსე­თმა გინდა 3+3 ფორმატში იმსჯელოს, გინდა სხვა ფორმატებში, მისი პოზიციები­ პოსტსაბჭოთა რეგიონებში მორყეულია და ძალ­იან უჭირს კონკურენციის გაწევა სხვა დიდ აქტორებთან. ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ვითარება უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს ბევრი სერიოზული პრობლემა აქვთ, ვითარება რუსეთის სასარგებლოდ მაინც არ იცვლება.­ ფაქტია, რუსეთს ყირიმიდან ფლოტის ევაკუაცია დასჭირდა,­ სხვა პოზიციებზეც მოუწია­ უკანდახევამ. ისიც ფაქტია, რაც დრო გადის­ და ძლიერდება­ უკრაინელების წინააღმდეგობა, რუსებს უფრო უჭირთ პოზიციების შენარჩუნება. რომც შეინარჩუნონ, უკვე იმდენად დიდი რესურსი­ დახარჯეს, რომ ვეღარ იქნებიან ისეთივე პროაქტიულები გავლენის­ ზონებში, როგორიც იყვნენ. შესაბამისად, რუსეთი ყველა მიმართულებით დასუსტდება.

- ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ ვითარებაში?

- ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, 3+3 ფორმატის დიდ აქტორებს შორის ვისთან გვაწყობს თანამშრომლობა. რუსეთს არ აწყობს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო 3+3 ფორმატში თურქეთის ნაწილში იყოს. ექვსივე აქტორი დამოუკიდებლად ვერ ითამაშებს, თორემ იმაზე უკეთესი რა იქნებოდა, რეგიონის ყველა წარმომადგენელი, დიდი იქნება თუ პატარა, ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ქმნიდნენ. ვინ უნდა შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომელიც საერთაშორისო სისტემის დესტრუქციული აქტორია, პროქსიჯგუფებს ქმნის და ახლო აღმოსავლეთში სისხლის ღვრის ექსპორტს აწყობს? თუ რუსეთი, რომელიც ასევე საერთაშორისო სისტემის დესტრუქციული აქტორია და ისიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება აქტორი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს მშვიდობას და ქმნის მდგრადი განვითარებისთვის სასურველ პირობებს. არც ჩინეთია დემოკრატიის შუქურა, უფრო პირიქით, მაგრამ დესტრუქციულ საფრთხეებს მაინც არ ქმნის.

- სამაგიეროდ, ჩინეთ-საქართველოს შორის ახალი ურთიერთობა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორ ამერიკელებს.

- ცხადია, არ მოეწონებოდათ, მაგრამ მაშინ თავად შემოეთავაზებინათ ის, რაც ჩინეთმა შემოგვთავაზა. ამერიკას შეეძლო და აქამდეც უნდა გაემარტივებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. მარტო იმის გამო, ამერიკელებს რაღაც შეაშფოთებთო, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე. თუ ევროპა და ამერიკა შფოთავენ, რომ კავკასიის რეგი­ონში მათი ინტერესები არ არის დაცული­, იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან პრობლემების იდენტიფიკაციაზე და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენი მთავრობა ორი საკითხით არის დაინტერესებული: ქვეყანაში შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ სოციალური აფეთ­ქება არ მიიღოს, და დარჩეს ხელისუფლებაში დიდხანს. ეკონომიკური გარემოს შექმნასაც იმიტომ ცდილობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ამათ არ აქვთ დიადი გეოპოლიტიკური მიზნები, ძალაუფლება სურთ - სულ ეს არის. ჩინეთი­ არის პარტნიორი, რომელიც მოითხოვს პლურალისტურ არჩევნებს, თუ მედიის თავისუფლება მოითხოვს, ეს ჩინური­ სტანდარტი იქნება, ჩინური სტანდარტი კი ყველამ ვიცით, რაც არის. ჩინეთი კომფორტული პარტნიორია ყველა იმ ხელისუფლებისათვის, რომელიც ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი. იქმნება განცდა, რომ ჩვენი რეგიონით დასავლეთი ნაკლებად ინტერესდება. თუ ასე არ არის, კეთილინებოს და დაგვანახოს.

ხათუნა ბახტურიძე