"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან
28 ოქტომბერს, 91 ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს წინაშე. არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი აქვს შექმნილი. მსახიობი მაყურებელს გამორჩეულად უყვარდა.
თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი მწყარებით გამოეხმაურა. მათ შორის, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი. ბატონ დიმას მასზე წიგნი აქვს გამოცემული, მსახიობს ახლოს იცნობდა და მეგობრობდა მასთან.
დიმა ხვთისიაშვილი:- ბატონმა თენგიზმა "მგზავრის წერილებში“ ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა, რომელიც თავის დროზე თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა. უფრო სწორად, "მგზავრის წერილები“ იყო ერთ-ერთი მოქმედება ბატონი თემური გახმაურებულ სპექტაკლში "100 წლის წინათ“. როდესაც თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავის გახსნის საკითხი დადგა, მაშინ მთხოვეს, ეს სპექტაკლი აღმედგინა, რადგან ბატონი თემური მაშინ პეტერბურგში მუშაობდა. მან ასეთი დიდი პატივი დამდო და ეს საქმე მე მანდო. ასე მომიწია ბატონ თენგიზთან მუშაობა. პრაქტიკულად იქ დავმეგობრდით. მერე კი ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე გივი ბერიკაშვილის ავადმყოფობის გამო, ამავე სპექტაკლში, მის ნაცვლად, ლელთ ღუნია ვითამაშე.
- პარტნიორიც ყოფილხართ.
- დიახ, ბატონ თენგიზს ვპარტნიორობდი კიდეც - ასეთი ბედნიერებაც გვქონდა. მაშინ, როგორც გითხარით, ძალიან დავმეგობრდით და გაჩნდა იდეა, რომ მასზე წიგნი დამეწერა. იმ პერიოდში ახალი დასრულებული მქონდა კახი კავსაძის წიგნზე მუშაობა, გივი ბერიკაშვილი კი უკვე გამოსული იყო. მოკლედ, დავგეგმეთ, რომ წიგნზე გვემუშავა და 2017 წელს "სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, ჩემი მესამე დიდი წიგნი გამოიცა. ეს ბატონი თენგიზის 85 წლის იუბილეს დაემთხვა და მისი ხელის ანაბეჭდები გიორგი კალანდიას მუზეუმის ეზოში გაიხსნა. იმ დღესვე, იქ შედგა წიგნის პრეზენტაციაც.
- თენგიზ არჩვაძე იყო დიდი არტისტი და დიდი ადამიანი - მას ერთხმად ასე აფასებს ქართული საზოგადოება...
- დიახ, თენგიზ არჩვაძე არ იყო მხოლოდ მსახიობი, მისი არსებობა ცალკე, კიდევ უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ის ნამდვილად გამორჩეული მოქალაქე გახლდათ. მოქალაქე, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იშვიათად მინახავს ასე საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ მწერლობაზე, ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი, ფეხით აქვს მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ერთხელ ვკითხე და იმ წიგნშიც არის ეს ეპიზოდი, ყველაზე კარგად სად გრძნობთ თავს-თქო? მთაშიო. რაჭველი კაცისგან ეს არც გამიკვირდება-მეთქი. არა, მთაში და მარტოო. რატომ-თქო? იმიტომ, რომ მთაც კაციაო. მთასთან დიალოგი ისეთია, აი, იმას თუ დაუმუღამებ, მაგაზე კარგი არაფერია. ის სულიერია, სუნთქავსო.
მოკლედ, ის არავის არ ჰგავდა... ძალიან დიდი კაცი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კინომ და თეატრმა.
- მას საზოგადოებისთვის ესა თუ ის შეხედულება თავს არასდროს მოუხვევია... ესეც მნიშვნელოვანია...
- სამწუხაროდ, ჩვენში "ისტობამ“ ძალიან მოიკიდა ფეხი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ბატონი თენგიზის პოზიცია ასეთი იყო - მისი მაყურებელი ყველანაირი იყო. ამიტომაც ყველასთვის საყვარელი იყო, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, აღმსარებლობისა და ა.შ. საჯარო განცხადებაც კი გააკეთა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ ყოფილა, "მე ვამბობ და ეს ასეა“. იხილეთ სრულად