ნინო ჟვანია: „მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია“ - კვირის პალიტრა

ნინო ჟვანია: „მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია“

9 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა. 2005 წლის 3 თებერვალს ის გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ზურაბ ჟვანიას გარეშე ცხოვრებისა და იმ ტრაგიკული ღამის შესახებ მის მეუღლეს, ნინო ჟვანიას ვესაუბრეთ.

- თებერვალში 19 წელი გახდება, რაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. რა იყო ყველაზე რთული, როდესაც 3 შვილთან ერთად მარტო დარჩით?

- ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში - თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე­ ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ.

- როგორი მამა იყო, ჰქონდა დრო შვილებთან დროის გასატარებლად? ბავშვები რამხელები იყვნენ, როცა ეს ამბავი მოხდა?

- მე 38 წლის ვიყავი, ლიზა - 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა - ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო.

- 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?

- ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.

- თუ შეგიძლიათ 2005 წლის 3 თებერვლის ღამე გაიხსენოთ. ბოლოს კომუნიკაცია როდის გქონდათ ზურასთან, ან თუ დაგიბარათ, რომ შეაგვიანდებოდა?

- ძალიან ძნელია ამის გახსენება, მე და ზურას ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთის გარეშე არ ვჩერდებოდით... ღამის სამ საათზე რომ არ მოვიდა, დავიწყე რეკვა, მაგრამ არც დამირეკა და არც მიპასუხა. მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, თოვლი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან...

იცით, თვითონ ზურამ ძალიან გამიადვილა ამის გადატანა. თვითონ ძალიან ძლიერი იყო და მისგან ვსწავლობდი ამას. სულ დინების საწინააღმდეგოდ იყო ხოლმე, პოლიტიკური მიზნებიც ძალიან რთული ჰქონდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება კომპრომისების ხარჯზე, მაგრამ მიზანს მაინც აღწევდა.

- როდესაც ეს ამბავი მოხდა, მიშასთან რა ურთიერთობა ჰქონდა?

- დაძაბულობა ჰქონდათ, სულ ჩხუბობდნენ. მოგვიანებით რომ ვნახე ტელეფონზე ზარები, თურმე დღეში რამდენიმე საათს ლაპარაკობდნენ.­ მოდიოდა კიდევაც ჩვენთან სახლში. იმხანად მიშას თავისი გუნდი უკვე შეკრული­ ჰყავდა - მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი... ისინი არ ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის სხდომებს. ცალკე იყვნენ, რეალურად უკვე დაპირისპირებული იყვნენ. რთული პოლიტიკური სიტუაცია იყო, დაიწყეს დაჭერები. ზურა სულ ეუბნებოდა, ამას ნუ აკეთებთო. მიხვდა, რომ მისთვისაც საფრთხე იყო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ვერ დატოვებდა ვერც საქმეს და ვერც იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იდგნენ...

jvania2-1698590501.jpg

- სააკაშვილი ზურაში დამოუკიდებელ კანდიდატსა და კონკურენტს ხედავდა?

- რა თქმა უნდა. მაშინ ზურა ძალიან და­უახლოვდა ბადრი პატა­რკაციშვილს და აშკარად ემზადებოდა ოპოზიციაში გადასასვლელად. ეს ცხადი იყო. ზურას მზარდი ავტორიტეტი ჰქონდა, იმ კრიზისულ სიტუაციაშიც კი, საგარეო სარბიელზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.

- როგორც ვიცი, თქვენ არ ეთანხმებით უბედური შემთხვევის ვერსიას.

- მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია. ხელს ვერავის დავადებ იმის ზუსტი ცოდნის გარეშე, რომ ეს ნამდვილად მისი გაკეთებულია. უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.

- თუ ამბობთ, რომ მოკლულია, რა ვერსია გაქვთ - აირი სპეციალურად გაუშვეს თუ უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს ბინაში?

- მაშინვე გამოჩნდა, რომ გაზით კი არ იყვნენ მოწამლული, არამედ რაღაც ინიექცია ჰქონდათ შეყვანილი, რაც სისხლში იმავე ცვლილებებს იწვევს. არსებობს ასეთი პრეპარატი, რომელიც რუსეთის კა-გე-ბეს შეიარაღებაშია.

- მინდა გკითხოთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც...

- მგონი, მან საკმარისი დააშავა. ის, რაც დამტკიცებული აქვს, იმისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. ვთვლი, რომ ციხეში უნდა იჯდეს. ცხადია, როგორც იქცევა, ბევრი რამ მისი პათოლოგიური ფსიქიკიდან მომდინარეობს. სურს მუდმივი ინტრიგა შექმნას მის გარშემო. მგონი, თამაშობს, მაგრამ არ გასდის.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ პოლიტიკურ ვითარებაზეც, ზურას ცნობილი სიტყვები და მისი დასავლური მისწრაფებები ყველასთვის ცნობილია. თქვენი აზრით, ხომ არ ავცდით ამ კურსს?

- ოფიციალურად თითქოს ვაღიარებთ, რომ ჩვენი კურსი ევროპაა, სინამდვილეში ბევრ რამეს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ მართლა ევროპის ნაწილი გავხდეთ. თუმცა რა ვიცი, მე ისიც მესმის, რომ ხელისუფლება შეიძლება რაღაცებს ვერ აკეთებდეს. ძნელი სათქმელია... ისიც არ მომწონს, რა თქმა უნდა, რომ ის ხალხი, ვინც პროგრესულად აზროვნებს, ჩამოაშორეს მმართველობის სადავეებს. რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა მთელ მსოფლიოში, შეიძლება ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე გონივრულიც არის. ალბათ, ყველა მოქალაქე ასე ფიქრობს, ხედავს, რომ დიდი საშიშროება არსებობს, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ.

- რას იტყოდა ზურა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე?

- ზურა ევროპის მოთხოვნებიდან გამოდიოდა. სულ ამბობდა, როცა ველაპარაკები, ვეუბნები, ესეც მოგვთხოვეთ,­ ესეცო... იმიტომ, რომ ამას იყენებდა როგორც მექანიზმს, რათა აქ ყველაფერი დაელაგებინა, რეფორმები გაეტარებინა. ამდენწლიანი ურთიერთობა გვაქვს დასავლეთთან, ამერიკასთან... როცა ეს ქვეყანა დაქცეული და შიმშილის ზღვარზე იყო, მაშინ გვეხმარებოდა დასავლეთი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობაც და პარტნიორობაც. ვფიქრობ, ზურა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს უკვე სხვაგან ვიქნებოდით. ის ძალიან კონკრეტულად და გარკვეულად მიჰყვებოდა დასავლური განვითარების გზას. ეს გულისხმობდა არა მარტო საგარეო პოლიტიკას, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანაში ინსტიტუციები.

- თებერვალში 19 წელი გადის, ბევრი დრო გავიდა, რამის თქმა ხომ არ გინდათ?

- მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, საქართველოში ჩამოვიდნენ სწავლის დასრულების შემდგომ. მინდა ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ და ააშენებენ თავიანთ ქვეყანას, არ მოუწევთ სადღაც ცხოვრება. სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა კარგად იყო, მაინც სხვაგან ხარ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთ-ერთი ინტერვიუ ზურამ ასე დაამთავრა, მე ოპტიმისტი ვარ და ჯერჯერობით მიმართლებსო. იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს.

სოფო კაჭარავა