"არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების წაჯექ-უკუჯექური პოლიტიკის მიუხედავად დასავლეთმა ავანსად გვარგუნოს ევროკავშირის წევრობა"
"არასოდეს გამოვირჩეოდი წინასწარხედვის ნიჭით, მისნური უნარით, მაგრამ საქართველოს ისეთი ტრაგიკული ეპოქები გამოუვლია, ისეთ გველეშაპებს გადარჩენია, მათ შორის მეფის რუსეთსაც და ბოლშევიკურ-კომუნისტურ რუსეთსაც, დემოკრატიის ნიღაბაფარებულ რუსეთსაც უსათუოდ დააღწევს თავს. სხვა რეალური საფრთხე კი არაფერი გველოდება. და წარმატებით ჩაებმის ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ცხოვრებაში, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო - თავისი დიდი წარსულითა და დიდი კულტურული მონაპოვრით, თავისი იმ მერმისით, რაც ასე შთამბეჭდავად წარმოსახულა თუნდ ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ლევან გოთუას ისტორიულ რომანებში, უპირველესად საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების პანორამას რომ წარმოსახავდნენ", - ასეთი ოპტიმისტურია მისი ფიქრები მერმისზე, მანამდე კი მწერალი როსტომ ჩხეიძე საქართველოს წარსულსა და იმ აწმყოზე გვიამბობს, როცა, როგორც საუკუნის წინათ, "ბედისწერა კარზე გვირეკს".
"სამყარო მესამე ომის ზღვარზეა თუ... უკვე სულაც მის შუაგულში იმყოფება?"
მაინც მგონია, რომ თავს ვინუგეშებთ, როდესაც "ზღვარს" ვამბობთ და გვეიმედება, იქნებ მესამე მსოფლიო ომად არ გადაიზარდოს რუსეთის მცდელობა უკრაინის დასაჩოქებლად. არადა მსოფლიო ომიც სხვა რა არის, თუ არა უამრავი ქვეყნის ჩართვა იარაღით დაპირისპირების პროცესში. რაო, გარეგნულად ისე არ გამოიყურება ეს ყოველივე, როგორც პირველი და მეორე მსოფლიო ომები? თვითონ სამყაროა შეცვლილი და ფრონტის ხაზი გადის არა უშუალოდ შეტაკებებისას, არა იმდენად მიწაზე, არამედ უფრო ჰაერში. და ამიტომაც აღარ არის ხელშესახები, თუმც თვალნათლივია და კიდეც ათვალსაჩინოებს მესამე ომის არსებობას.
ერთიხანობა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იხსენიებდნენ 2001 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ ამერიკული ტრაგედია საამისოდ არ გადაზრდილა. ამჟამად კი სწორედ ამ მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენის შუაგულში მოექცა ქვეყნიერება - შეუპოვარი დაპირისპირება იმპერიულ და დემოკრატიულ იდეოლოგიებს შორის, რომელთა გამომხატველებადაც წარმოგვიდგებიან ერთი მხრივ რუსეთი და მეორე მხრივ უკრაინა, ევროპა-ამერიკის თანადგომით.
უვერტიურა ამ მსოფლიო ომისა გახლდათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა და 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომები, ჩვენც რომ დაგვაკარგვინებდა საგრძნობ მიწა-წყალს და უკრაინასაც. ყველაფერი კიდევ უფრო სავალალოდ დასრულდებოდა, დასავლეთის თავგამოდება რომ არა. თუმც რუსეთმა მიიჩნია, რომ ამგვარი თავგამოდება მაშინ თუ იკმარებდა მისი წინსვლის შესაჩერებლად, აღარ იქნებოდა საკმარისი 2022 წელს, ერთი დარტყმით რომ მოინდომებდა კიევის აღებასა და უკრაინის საბოლოო შემოყვანას განზრახულ მოდერნიზებულ იმპერიაში, ამხელა სახელმწიფოს დაპყრობის შემდეგ იოლად რომ გაუსწორდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს და ერთიმეორის მიყოლებით ამოაყოფინებდა თავს იმპერიის წიაღში, ჩვენ უკვე მესამედ რომ მოგვიწევდა ეს ტრაგედია.
რაკიღა რუსეთის მიერ სპეცოპერაციად მონათლულმა სამხედრო ექსპანსიამ შესაფერისი უკუდარტყმა იწვნია და დაპირისპირების მასშტაბი ასერიგად გაიზარდა, უკრაინაში წყდება არამარტო ამ ქვეყნისა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკათა ბედი, მათ შორის საქართველოსიც, არამედ მთელი მსოფლიოსი, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს იმპერიული მისწრაფებანი და რუსეთიც იძულებული გახდეს დაყაბულდეს ამ გარდუვალობას.
"ბედისწერა კარზე გვირეკს!"...
საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფა ისეთივეა, რაც საუკუნის წინათ, და პავლე ინგოროყვას იმჟამინდელი სიტყვები რომ მოვიშველიო:
ბედისწერა კარზე გვირეკს!.. ეს ჟამი შესაძლოა სავალალოდაც დასრულებულიყო ჩვენთვის რუსული ორიენტაციის ხელისუფლების პირობებში, მაგრამ - მიუხედავად ხელისუფალთა თავგადაკლული მცდელობისა - ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქენი კვლავინდებურად მტკიცედ დგანან დასავლური მისწრაფების აღსასრულებლად, რათა საბოლოოდ დავიმკვიდროთ ადგილი იმ გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეში, რომლის ნაწილიც ვიყავით ოდესღაც, მაგრამ აღმოსავლეთმა უფრო თავისკენ დაგვითრია და ჯერ მან დაგვაშორა ევროპას, ვიდრე რუსეთი მოგვწყვეტდა, უფრო ზუსტად, მიხეილ ჯავახიშვილისა არ იყოს, ალექსანდრე ორბელიანს რომ ათქმევინებდა რომანში "არსენა მარაბდელი": რუსეთი ცხენით მისდევდა ევროპას და ჩვენ საბელით მიგვათროკიალებდა.
ამ სიმტკიცის შენარჩუნება გვმართებს ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინამ დასავლეთთან ერთად უნდა გადაწყვიტოს მსოფლიო განვითარების პერსპექტივა, დაასამაროს რუსულ-იმპერიული ოცნებანი და გზა გაუხსნას ჰუმანური და დემოკრატიული ცხოვრების წესს. ამიტომაც ირჯება ქართველი ხალხი უკრაინელთა დასახმარებლად - საკვებისა თუ სამოსის მიშველება იქნება თუ სხვა სახის შეწევნა, ქართველი მებრძოლებიც საკმაოდ რომ მონაწილეობენ ამ ომში. და ვინც შეეწირა, საქართველოს თავისუფლებასაც შეეწირა, და ვინც ჯერაც შეუპოვრად უპირისპირდება იმპერიულ ძალებს, საქართველოს თავისუფლებისათვის უპირისპირდება. ეს რწმენა და იმედი ვერ უნდა გაუნელონ, არამცთუ ჩაუკლან ჩვენს ხალხს, და პერსპექტივაც სანუგეშო იქნება - ბედის სასწორი უკრაინისკენაა გადახრილი და ამ პოლიტიკურ პროცესს ბუნებრივად რომ მიჰყვება ჩვენი ხალხიც, სასიკეთო შედეგს - რუსეთის მიერ სამხედრო მარცხის აღიარებას - ქართველობაც მომზადებული დახვდება. და ბედისწერა რომ კარზე გვირეკს, საუკუნისწინანდელ ტრაგედიას მხოლოდ ასე თუ ავცდებით, რადგანაც 25 თებერვლის მარცხი გამოიწვია არამარტო რუსეთის სამხედრო აგრესიამ, არამედ იმ შინაგანმა კრიზისმაც, რაც არანაკლები გამოწვევა იყო საქართველოსათვის, და მისი მოგვარება რომ მოხერხებულიყო, გიორგი მაზნიაშვილი არამარტო ჩვენი ქვეყნიდან გარეკავდა ბოლშევიკურ არმიას, არამედ მთელ კავკასიასაც გაწმენდდა მათგან.
"რაცა ვის რა ბედმან მისცესო"...
ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა - საზღვრად რომ წარმოდგება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის - და მეორე მხრივ მცირერიცხოვნება ჩვენი მოსახლეობისა თავისთავად იწვევდა ამ მიწა-წყლის ხელში ჩაგდებისა და მისაკუთრების სურვილს. ჩვენი შეუპოვრობა თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად კი სხვა გზას აღარ გვიტოვებდა, გარდა იმისა, განუწყვეტელ ომსა და დავიდარაბაში ვყოფილიყავით.
ქართველობას ქედი რომ წაეხარა სხვადასხვა დამპყრობელთა წინაშე და "მშვიდობა, მშვიდობა" ეძახათ, ამ ძახილს მხოლოდ ის მოჰყვებოდა, რომ კარგა ხნის წინათ უკვე ამოშლილები ვიქნებოდით საკაცობრიო ცხოვრებიდან და ჩვენს მიწა-წყალზეც სხვანი დაესახლებოდნენ. სხვა მომხდურთ კიდეც რომ გადავრჩენოდით როგორღაც და ძლივას გვესულდგმულა, რუსეთს ნამდვილად ვეღარ დავაღწევდით თავს და მათ სამხრეთ პროვინციად გადავიქცეოდით გეოგრაფიულადაც და ეთნიკურადაც.
რუსთველისა არ იყოს: რაცა ვის რა ბედმან მისცესო...
ჩვენ ეს ყოფა გვერგუნა და გამუდმებულ ომს მხოლოდ მაშინ დავაღწევთ თავს, როდესაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი შევიქნებით და ავირიდებთ დამპყრობელთა შემოსევას. აი მაშინ კი სრულფასოვან სახელმწიფოდ დავდგინდებით და კვლავ გავიმეორებთ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქებს, სრული საშუალება რომ მოგვეცემა ჩვენი მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად.
"აბა, მშვიდობა?"
ხელისუფლება თავის კაპიტულანტურ პოლიტიკას რუსეთის წინაშე ასე ხსნის: მშვიდობას ვინარჩუნებთო!.. აბა იმ ადამიანებსაც ვკითხოთ, მართლა უსაფრთხოდ გრძნობენ თუ არა თავს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რომ ცხოვრობენ და ამ ხაზის გამუდმებული გადმოწევით რუსეთმა იმხელა ტერიტორია მიისაკუთრა კიდევ ამ "მშვიდობიანობის" პირობებში, სოხუმსაც რომ აღემატება. აბა იმ ადამიანებსაც ვკითხოთ, რომელთაც წამდაუწუმ იტაცებენ საოკუპაციო ხაზის დარღვევისათვის და გამოსასყიდს ითხოვენ, მანამდე კი საპყრობილეში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს დამთრგუნველი პროცესი კვლავაც გრძელდება და ამჟამადაც არაერთი ჩვენი მოქალაქე ითხოვს შველას - რუსი სამხედროების მიერ იძულებით გადაყვანილნი იმ ხაზს იქით, რათა მერე დაებრალებინათ, "საზღვარი" დაარღვიესო. ამგვარ ვითარებაში რაღა გაგვიკვირდეს ან ოჩამჩირეში ჩადგმა რუსეთის სამხედრო ბაზისა, და ან ამ კიდევ ერთი ყოვლად უსამართლო და ძალმომრეობრივი აქციის მიმართ "ქართული ოცნების" სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის დუმილი, საპროტესტოდ კრინტსაც რომ არ დაძრავდნენ და მხოლოდღა საპარლამენტო ოპოზიცია თუ ამოიღებდა ხმას და დაგმობდა რუსეთის ამ მოქმედებასაც, ისევე როგორც არც სხვა ამგვარ მოქმედებებს ტოვებს მწვავე პოლიტიკური შეფასებების გარეშე.
"არც ხელისუფლება გაქართველდება და არც ქართველი ხალხი გარუსდება"
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: "ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც - მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად დარჩება".
რაზეც ასერიგად წუხდა მიხეილ ჯავახიშვილი - სრულ დაშორებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლებისა, თითქოს დრო არც შეცვლილიყოს, იმავე ყოფაში რომ ჩავვარდნილვართ და "ჯაყოს ხიზნების" შემოქმედის სიტყვებს ვიმეორებთ არა როგორც გარკვეული ხანის გამომხატველს, არამედ როგორც შეფასებას ჩვენი ამჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფისა, პერსპექტივაც რომ იგივეა და... არც ხელისუფლება გაქართველდება და არც ქართველი ხალხი გარუსდება. ამიტომაც გარდუვალია მათი ისეთი მკვეთრი დაპირისპირება, რასაც უნდა მოჰყვეს "ქართული ოცნების" ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან. ცხადია ამ და მხოლოდ ამ ერთადერთი გზით: საყოველთაო არჩევნებით. და ეს იმისდამიუხედავად, როგორც უნდა ეცადოს მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას. როდესაც აღშფოთება სახალხოა, იმას ვერაფერი მოერევა და 1990 წლის არჩევნებში კომუნისტური პარტია რომ გაისტუმრა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან, ეს იმიტომ, ვერავითარმა მცდელობამ რომ ვეღარ უშველათ, ვერც ძალმომრეობამ და ვერც პროპაგანდამ. და ეს იმიტომ, რომ: ვერც კომუნისტური პარტია გაქართველდებოდა და ვერც ქართველი ხალხი გარუსდებოდა. ეს ხრამი, რაც კომუნისტური დიქტატურისას არსებობდა ხელისუფლებისა და ხალხის მხარეებს შორის, კვლავაც ხრამადაა დარჩენილი და მას ახალი ხელისუფლება თუ ამოავსებს, თორემ ამათგან სასიკეთოს ისევე აღარ ველით, როგორც კომუნისტებისაგან.
"პუტინიც მოჩვენებებმა აიყოლია, თორემ"...
რწმენა იმისა, რომ მოვესწრები რუსეთის ფედერაციის დაშლას, ემყარება კაცობრიობის ცხოვრების ამჟამინდელ მდინარებას, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განსჯას, რაც ყველა ჩვენგანის თვალწინაა და შეუქცევადად გამოიყურება. აღარ არის იმპერიების დრო. ეს კარგა ხნის წინათ შეიგნეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და ნებაყოფლობით აიღეს ხელი დაპყრობილ ტერიტორიებზე - ამჯობინეს ცხოვრების ბუნებრივი განვითარების გზა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვერადავერ შეიგნო ეს ჭეშმარიტება და აუცილებლობა, არის რუსეთი. და ამიტომაც ებღაუჭება საბჭოთა იმპერიის აღდგენის ოცნებას. 1992 წლის 6 იანვარი შესაძლოა ისევე ჩაწერილიყო საქართველოს ისტორიაში, როგორც 1921 წლის 25 თებერვალი, მაგრამ სამხედრო გადატრიალება და ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობა-განდევნა ვერ წარიმართა რუსეთისათვის მთლად სასურველად, რაკიღა დასავლეთის ჩარევამ ერთი მხრივ და მეორე მხრივ რუსეთის არცთუ მყარმა პოლიტიკურმა ყოფამ გვიხსნა მესამე ოკუპაციისაგან. და თვით მაშინაც ვერ მიაღწია იმპერიამ სასურველს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ, ხელისუფლების შენარჩუნების გულისათვის, საქართველო გააწევრიანა რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში, "დსთ"-დ სახელდებულში, მაგრამ ეს გაწევრიანება ფურცელზე დარჩებოდა.
რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის სასურველად რომ დაიგულა დრო და წამოიწყო მიზანმიმართული სამხედრო აგრესია წითელი იმპერიის კიდევ ერთხელ აღსადგენად, სინამდვილეში აჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაშლასაც.
და ეს ისევე სწრაფად ხდება, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლას მოვესწარით - 1989 წლის აპრილიდან ყოველდღიურად რომ იცვლებოდა პოლიტიკური ვითარება ჩვენდა სასარგებლოდ და ის, რაც ცოტა ხნის წინათ გარეგნულად საკმაოდ მტკიცედ გამოიყურებოდა, ხის ფეხებზე მდგარი გოლიათი აღმოჩნდა, რასაც 80-იანი წლების დამდეგს ირწმუნებოდა ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მაგრამ მაშინ მათი არავის სჯეროდა. ვლადიმირ პუტინიც მოჩვენებებმა აიყოლია, თორემ ამხელა ავანტიურას არ წამოიწყებდა იმის დასაშლელად, რის გაძლიერებასაც ესწრაფოდა. თავის თავს დააბრალოს, რაც დაემართება თვითონაც და რუსეთსაც - დაპყრობით ომებს ერჩივნა ფედერაცია თვითონვე დაეშალა ნებაყოფლობით, რათა რუსეთიც ბუნებრივი განვითარების გზას დადგომოდა.
"იმპიჩმენტის წამოწყებას გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს"
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წამოწყებას "ქართული ოცნების" მხრიდან გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს, მაგრამ ამჯერად სულაც არ არის აუცილებელი, შორს გავყვეთ, და რაც ზედაპირზევეა, ისიც საკმარისია. პრეზიდენტი ასრულებს საქართველოს კონსტიტუციის იმ მოთხოვნას, რაც ავალებს ჩვენი ქვეყნის თვითეულ მოქალაქეს, ყველაფერი იღონოს საქართველოს გასაწევრიანებლად ევროკავშირში, და ეს იმისდა მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი დართავს თუ არა ნებას, გაემგზავროს ევროპის ქვეყნებში და შეხვდეს და ესაუბროს სახელმწიფოს პირველ პირებს. მთავარიც ეს არის და არა ის კონსტიტუციური შეზღუდვა, სხვა მუხლით გამოხატული, რაც პრეზიდენტისაგან მოითხოვს დაემორჩილოს მთავრობის გადაწყვეტილებებს.
აშკარა წინააღმდეგობა კონსტიტუციაში უნდა გამოასწორო, შენს სასარგებლოდ კი არ უნდა დაიხვიო ხელზე... მაგრამ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება ნიშნავდა კიდევ ერთხელ დაპირისპირებას ქვეყნის დასავლურ კურსთან და მორჩილების გამომჟღავნებას რუსეთის წინაშე. წინასწარვე ვგრძნობდი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ - რაც, როგორც მორჩილ სასამართლოს შეჰფერის, "ოცნებელთა" სასიხარულო იქნებოდა - პარლამენტი არ გაიზიარებდა ამ წამოწყებას და უსათუოდ ჩააგდებდა, მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერები ერთ ამბავს ატეხდნენ: სინამდვილეში გავიმარჯვეთ, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, იგი მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტიაო. და გამეცინებოდა, როდესაც მართლაც ასე მოხდებოდა.
"შენთვის რა ხეირია, თუ სხვაც აშავებდა რაიმეს?"
მარტის პოლიტიკურმა პროცესმა გაათვალსაჩინოვა, რომ "ქართული ოცნება" ხალხის თვალში არაფრით განსხვავდება ავტორიტარული ხელისუფლებისაგან, და ამიტომაც გაემიჯნა და დაუპირისპირდა მას ასე მკვეთრად და შეუპოვრად: დარბევამაც რომ ვერ შეაკრთო, და კიდეც აიძულა მმართველი გუნდი, პარლამენტში უკან გაეთხოვა ის კანონპროექტი - გარეგნულად უწყინარსათაურიანი, მაგრამ არსით რუსული - რომელიც უმრავლესობით მიიღეს და იმედოვნებდნენ, ყველაფერი უკვე მოგვარებულიაო. ცხადია სახალხო გამოსვლა არ მოხდებოდა, საპარლამენტო ოპოზიციის შეუდრეკელი დაპირისპირება რომ არა ამ კანონპროექტთან. ისიც ცხადია, რომ ყველა ასეთი კანონპროექტის მიღებას მმართველი გუნდის მხრიდან არ მოჰყვება ისეთივე სახალხო პროტესტი, მაგრამ მარტის მოვლენებმა აჩვენა, ხალხი რომ ვეღარ შეეგუება რუსულ ყაიდაზე მართვას და არჩევნებში იტყვის თავის სიტყვას ხელისუფლების შესაცვლელად.
ეს უნდა ესწავლა იმ დღეებიდან "ქართულ ოცნებას", ეს უნდა გაეთვალისწინებინა, რათა მორიდებოდა არსით რუსული კანონპროექტების შემოტანას განსახილველად და დასამტკიცებლად. მაგრამ ვერაფერი ისწავლეს ვერც იმ დღეებიდან.
ამიტომაც მოგვახვიეს თავს - მიუხედავად ოპოზიციის მძაფრი წინააღმდეგობისა პარლამენტში - ჯერ კანონპროექტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და მერე კანონპროექტი "მაუწყებლობის შესახებ", უწყინარ სახელწოდებათა ქვეშ კვლავ რუსულ-ავტორიტარული შინაარსი რომ იფარება და სინამდვილეში კრძალავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამოხატვას ქუჩაშიც და ტელევიზიის ეკრანზეც. გიწესებენ ცენზურას და გიმტკიცებენ: ამას ხომ ჰუმანური მიზნით ვაკეთებთ, ხალხზე ზრუნვით მოგვდისო. ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა ეპოქაში ხდებოდა. და რაც იმ ხელისუფლებამ მოიმკო, იმასვე მოიმკის "ქართული ოცნებაც", მისი მმართველობაც შავბნელ ხანად რომ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ასეთ დროს "ოცნებელებს" ერთი არგუმენტი აქვთ: წინა მმართველობისასაც ხომ ხდებოდა შეცდომები და დანაშაულებიცო.
შენთვის რა ხეირია, თუ სხვაც აშავებდა რაიმეს? შენ ხომ იმ ტალღაზე მოხვედი, ყველაფერს გამოვასწორებ და ქვეყანასაც ავაყვავებო. და თუ უკან-უკან წაიყვანდი ყველა დარგს და თვით სახელმწიფო კურსსაც შეცვლიდი - განსხვავებით "ნაციონალთა" მმართველობისაგან - რა გამართლება შეიძლება გქონდეს ხალხისა და ისტორიის თვალში? საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ: მთელი ეს პროცესი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისა კიდევ ერთ დადასტურებად გამოჩნდა "ქართული ოცნების" სრული უსაყრდენობისა და უმწეობისა.
"აბსურდის თეატრი არ გვაკლია"
მმართველი გუნდი ისეთ დღეშია ჩავარდნილი, რაკიღა ხალხის ნდობა დაკარგული აქვს და რას მიაწყდეს, უკვე აღარ იცის, ამასღა ებღაუჭება, ხალხის დაშინების მცდელობას: მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, არეულობა, ტერორისტული აქტებიო. ჯერ შეაკოწიწეს უსაფრთხოების სამსახურის სახელით პროპაგანდისტებმა განცხადება: შემოდგომისა და ზამთრის გასაყარზე განზრახულია პარლამენტის წინ დადგმული კარვებიდან ტროტილის აფეთქებაო, და დაჩქარებული წესით შემოიტანეს შეკრებებისა და მანიფესტაციების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი. ჩემს საპარლამენტო გამოსვლისას მომიწევდა თქმა: ერთი რუსი აგენტი ვერ გამოგივლენიათ თქვენი მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში; ფარცხალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული უშიშროების თანამშრომლად რომ ცნო, იმის შემდეგაც ვერ დაგიდგენიათ მისი აგენტობა და... ის როგორღა ხდება, რომ რამდენიმე თვით ადრე განჭვრიტეთ, კარვისაკენ მიმავალ კაცს ხელში რა უჭირავს და გულში რა უდევს-მეთქი?! ასეთი დაშინებანი საზოგადოებისა მოსალოდნელი შეთქმულებებით წამდაუწუმ იბეჭდებოდა 30-იანი წლების პრესის ფურცლებზე და სუს-ის განცხადების წაკითხვამ იმ სტატიების არამარტო სულისკვეთება მომაგონა, არამედ სტილურადაც მეორდება, თითქოს იქიდან გადმოუწერიათო. რა ვიცი, იქნებ კიდეც გადმოწერეს. ყოველ შემთხვევაში არავითარი რევოლუცია და არეულობა არ არის მოსალოდნელი, ოღონდ ხელისუფლებას ეს ვერ უშველის, რადგანაც მისი განაჩენი უკვე გამოტანილია ხალხისაგან და გაფორმებასღა ელოდება.
კომიკური სახე რომ შეიძინა შეთქმულებების გაუთავებელმა ძახილმა ხელისუფლების მხრიდან, ეს კიდევ ცალკე. წამდაუწუმ გაისმის "რევოლუციის" მოსალოდნელობა უკვე წლებია და შეთქმული კი ვერავინ მონახეს, გარდა ზოგადი "რადიკალური ოპოზიციისა". და ხალხს ამიტომაც ეცინება ამ ისტერიულ ამოფრქვევაზე, მოვასწარით, თორემ რომ არ გვემხილებინა, ჰოი რა უბედურება დატრიალდებოდაო. აბსურდის თეატრი არ გვაკლია "ქართული ოცნებისაგან" და ეს ისტერიაც ამ რიგს უნდა მივაკუთვნოთ.
"ღმერთმა ეს იმედი ნუ გამიმტყუნოს"
მართალია მმართველმა გუნდმა თავისი მიზანდასახული ანტიდასავლური მოქმედებით ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის სტატუსის მინიჭება საქართველოსათვის, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი რომ შეასრულა და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ამაოდ უმტკიცებენ: თქვენ არ გინდათ დაინახოთ, თორემ 12-ვე შესრულებულიაო, - მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების წაჯექ-უკუჯექური პოლიტიკის მიუხედავად დასავლეთმა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ერთსულოვანი მისწრაფება და ავანსად გვარგუნოს ევროკავშირის წევრობა. ბოლოსდაბოლოს ეს მმართველობა შეიცვლება და ახალმა ხელისუფლებამ რა დააშავა? ამგვარი გადაწყვეტილების იმედი მაქვს ჩვენი დასავლელი მეგობრებისაგან და ღმერთმა ეს იმედი ნუ გამიმტყუნოს.
"საქართველო დემოკრატიის ნიღაბაფარებულ რუსეთსაც უსათუოდ დააღწევს თავს"
არსებობენ, როგორ არ არსებობენ მწერალი-წინასწარმეტყველები, და ასეთი პიროვნებანი ჩვენც გვყოლია: ილია ჭავჭავაძე იქნებოდა, მიხეილ ჯავახიშვილი თუ ოთარ ჩხეიძე... ღრმა ლოგიკური განსჯითაც და განჭვრეტის უჩვეულო უნარითაც რომ ხედავდნენ მომავალს და თანამედროვეთაც უთვალსაჩინოებდნენ, რაოდენ სამძიმოც უნდა ყოფილიყო ეს მათთვის და დრამატულად თუ სულაც ტრაგიკულადაც დასრულებული. მე არასოდეს გამოვირჩეოდი წინასწარხედვის ნიჭით, მისნური უნარით, მაგრამ საქართველოს ისეთი ტრაგიკული ეპოქები გამოუვლია, ისეთ გველეშაპებს გადარჩენია, მათ შორის მეფის რუსეთსაც და ბოლშევიკურ-კომუნისტურ რუსეთსაც, დემოკრატიის ნიღაბაფარებულ რუსეთსაც უსათუოდ დააღწევს თავს. სხვა რეალური საფრთხე კი არაფერი გველოდება.
და წარმატებით ჩაებმის ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ცხოვრებაში, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო - თავისი დიდი წარსულითა და დიდი კულტურული მონაპოვრით და თავისი იმ მერმისით, რაც ასე შთამბეჭდავად წარმოსახულა თუნდ ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ლევან გოთუას ისტორიულ რომანებში, უპირველესად საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების პანორამას რომ წარმოსახავდნენ.