„ადამიანი საკუთარ თავს გაუუცხოვდა, საკუთარ სხეულს, სქესს, ვიზუალს ვეღარ იღებს“
ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ჩვენგანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ხშირად ამას ჩვენ ირგვლივ მიმდინარე ყოველდღიური მოვლენები - არასტაბილური გარემო, დამთრგუნველი სიახლეები განაპირობებენ. WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. თუმცა ამ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, რთულია მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის სრულად აღრიცხვა, ამიტომ ეს ციფრი რეალურად უფრო მაღალია.
მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებზე ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ვესაუბრეთ:
- მენტალურ ჯანმრთელობას მრავალი მიმართულება აქვს, მაგრამ ძირითადად სამი უნდა გამოვყოთ და მათ შორის პირველია, თუ რამდენად ახასიათებს ჩვენს ფსიქიკას მდგრადობა, მედეგობა, ანუ რამდენად შეგვიძლია ჩვენი თვითობა შევინარჩუნოთ, როცა გარემო პირობები იცვლება. ცხოვრებისეული მაგალითია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ეს კარგად გამოჩნდა აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან მოსახლეობის გადაადგილებისას - ხალხმა საცხოვრებელი დაკარგა, მთელი ცხოვრების მიმართულება შეეცვალა. ძალიან რთული გზა გაიარეს. ნაწილმა შეძლო ცხოვრების აწყობა და ამით საკუთარი თავის სიმყარე განამტკიცა... ეს კარგად ჩანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც - ვიღებთ კონკრეტულ რეალობას და ვითვალისწინებთ კონტექსტს, რა არის ჩემზე დამოკიდებული, რა არ არის და ამ პირობებში მე რა მინდა... მაგალითად, როდესაც პოლიტიკურ კონტექსტში გჭირდება მოქნილობის გამოჩენა, გავიხსენოთ სალადინისა და თამარ მეფის დამოკიდებულება - რა უნდა მოემოქმედა მეფეს, ჯვაროსნებისთვის დაეჭირა მხარი თუ სალადინისათვის, ეგვიპტის მაჰმადიანი სულთანისტვის, რომელიც ჯვაროსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა. თამარ მეფეს შეიძლებოდა ეფიქრა, ქრისტიანებს უნდა დავუჭირო მხარიო, მაგრამ მან პოლიტიკური მოქნილობა გამოიჩინა. სიმყარე და მდგრადობა კი რაზეა დამყარებული? - იმაზე, რაზეც დგას შენი პიროვნული ღერძი. თუ ეს უმაღლესი რიგის ფასეულობებია, ანუ საკრალური, მარადიული და არა ყოველდღიური და ყოფითი, მე მაქვს სიმყარე - "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს". აი, ესაა, მდგრადობა. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი პირველი მიმართულება.
- მეორე რას მოიცავს?
- მეორე სოციალურ კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული. სოციალური კეთილდღეობა არ არის ფუფუნებაში ცხოვრება, ეს არის ურთიერთობებით მიღებული თვითდადასტურება. მე აქა ვარ - ეს მიკუთვნებულობის განცდაა. მე ვეკუთვნი ამას, ის მეკუთვნის მე. "მეკუთვნის" და არა ვფლობ. რას ნიშნავს ურთიერთობა? - ნიშნავს იმას, რომ მე, რასაც შენ მეუბნები, მესმის, ვიგებ და შენც გესმის, რომ მე შენსას ვიგებ. ესაა ურთიერთობა. სოციალური კეთილდღეობის სივრცეა ოჯახი, საზოგადოება, ხელოვნება. ეს არის ის, რისი წყალობითაც ადამიანი ამყარებს კავშირს...
მენტალური ჯანმრთელობა ნიშნავს, თუ როგორ აღვიქვამ იმას, რაშიც ვარ. რამდენად ადეკვატურად აღვიქვამ ფაქტს. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ეს აზრი არის კი შესაბამისობაში სინამდვილესთან? ვიღაც ზის ფსიქიატრიულში და ამბობს, თამარ მეფე ვარო. ვცემთ იმ აზრს პატივს და ვმკურნალობთ, მაგრამ ის აზრი არ არის ჭეშმარიტი. მენტალური ჯანმრთელობაა, როდესაც მე რეალობას ობიექტურად აღვიქვამ. რეალობა მხოლოდ ვიზუალურად არ მეძლევა, ის არსებულის მიღმაც იკითხება. მაგალითად, ABCD განლაგება არის ერთი ტექსტი, მაგრამ BADC უკვე სხვა ტექსტია. როგორც სიტყვებში ბგერები ლაგდება, შეიძლება ერთი და იმავე ბგერებით ჩვენ სხვა სიტყვები მივიღოთ. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის კოგნიტიური მიმართულება. ჩემი აზროვნება ის კი არაა, რომ დავინახო, სკამი დგას თუ წაქცეულია. ჩემი აზროვნებაა ის, თუ წაქცეული სკამი რას გადმოსცემს. იმას რომ არეულია? როგორც პოლიტიკაშია, ერთ კონკრეტულ საგანს, მოვლენას უყურებ და რა მიმდევრობით და როგორ დალაგდა, ვერ ვხედავთ.
- მაგალითად, პარლამენტში ერთ კონკრეტულ ფაქტს ზოგიერთი ტელევიზია განსხვავებული აქცენტით გადმოსცემს.
- მხოლოდ ტელევიზიას არ გამოაქვს ეგ აზრი. ესაა დალაგებული, ინსტრუქცია მიცემულია, რომ ასე უნდა იყოს გადმოცემული. როცა მე, მაყურებელი ამას ვექვემდებარები, დამოუკიდებლად აზროვნების უნარს ვკარგავ და აქ მენტალურ ჯანმრთელობაზე აღარ არის ლაპარაკი. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემასაც ქმნის. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. ეს არის იმ ინფორმაციათა ვიზუალური მოწოდებისა და მერე ინტერპრეტირების შედეგი და ამაში დიდ როლს თამაშობენ თანამედროვე მედიასაშუალებები. ვიზუალურად მოცემულით სიღრმეში შესვლა ვერ ხდება, პირდაპირ გაწვდიან გამზადებულ აზრს. არის ასეთი მიმართულება ფსიქოლოგიაში - დამუშავებულია ტექნოლოგია, თუ როგორ არ უნდა იაზროვნო. მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან აფერხებს მობილურში არსებული, უამრავი მოკლე-მოკლე ვიდეორგოლის ყურება. იგივე ითქმის სწრაფ-სწრაფ ინფორმაციაზე... მოკლედ, ტელევიზიები მენტალური ჯანმრთელობის მაბლოკირებელია.
- დავზომბდებით?
- ვექტორი აქეთაა და რომ ავიცილოთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ღირებულებების საცავში აღარ შევდივართ, აღარ ვეზიარებით ჭეშმარიტ ხელოვნებას, მხატვრულ ლიტერატურას... ჩვენ მოკლე-მოკლე ინფორმაციის სამყაროში გადავსახლდით. აზროვნება უკვე გვეზარება. ღირებულებათა საცავია ხელოვნება, კულტურა, ლიტერატურა. აქაა ის ღირებულებები, რომელთაც შენ განცდისეულად მიიღებ, ჩვენ კი განცდების დრო აღარ გვაქვს. ინფორმაციიდან ინფორმაციამდე ვცხოვრობთ. პლუს ამას ტელევიზიებით სულ ნეგატიური ინფორმაცია შუქდება. მომატებულია დემენციის შემთხვევები. როცა უარყოფითი ინფორმაცია ჭარბობს და ადამიანს არ მიეწოდება დადებითი, დიდი რისკია, რომ სწორედ თავის ტვინს ჰქონდეს ფიზიოლოგიური შეფერხებები. ადამიანი საკუთარ თავს გაუუცხოვდა, საკუთარ სხეულს, სქესს, ვიზუალს ვეღარ იღებს. რომ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, საჭიროა განვიცადოთ, გავაანალიზოთ რაშიც ვართ, და ვიმოქმედოთ.