„თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით!“
"ჩვენ ვიბრძვით და ვკვდებით უკრაინის მიწაზე საქართველოსთვის", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი 31 წლის რამაზ ჯანგიძე. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც რუსულმა სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თანამებრძოლები მეტსახელად შრამას ეძახიან. 2010-2015 წლებში ქართულ არმიაში მსახურობდა, ნამყოფია ავღანეთის მისიაში. უკრაინაში ომის დაწყებამდე პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც ტომას შელბის სახელით და გვარით იცნობდნენ. ის ახლა უკრაინაში სპეცდანაყოფ "ალგეთს" ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ მძიმედ დაიჭრა და ახლა რეაბილიტაციას გადის, მაგრამ შემართება ძველებური აქვს და ახალი ოპერაციებისთვის ემზადება. უფრო ვრცლად საკუთარი თავის, თანამებრძოლებისა და რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დღეს არსებული ვითარების შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" რამაზ ჯანგიძე საუბრობს:
- ყველა ქართველის აქ ყოფნის მოტივი რუსეთის დამარცხებაა უკრაინის მიწაზე. პირველი 4 თვის განმავლობაში ისე ვიყავით საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, რომ კაპიკი არავისგან მიგვიღია. ზოგს ოჯახები უგზავნიდნენ საქართველოდან, ზოგსაც ევროპაში მუშაობის დროს დანაზოგით გაგვქონდა თავი. მეტსაც გეტყვით - ყოფილა შემთხვევები, დაჭრილები საავადმყოფოდან რომ გამოვსულვართ, რეაბილიტაციისთვის წასასვლელი ადგილი არ გვქონია. ალბათ, მეც ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა ბატონი მამუკა ბარქაია. ქართველი მებრძოლები მას ჯარისკაცების მამას ვეძახით. ჩვენი დიდი იმედია. თავდაცვის მინისტრის მრჩეველია და ძალიან დიდი გავლენა აქვს უკრაინაში. თავად აფხაზეთის ომის ვეტერანია, მისი ექვსივე ვაჟი კი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. შინ მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა და მასაც ბრძოლის ველისკენ მიუწევს გული. ნამდვილი მეომრების და მეომრებზე გულშემატკივარი ოჯახი. თუ მის ყურამდე მივა, რომელიმე ქართველს რაღაც უჭირს, მოძებნის, უპატრონებს, თან გადაჰყვება... ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე კოტეჯები მოაწყო ჩვენთვის - გვაჭმევს, გვასმევს, გვივლის... ქართველი მებრძოლების 80-90% მასთან მოდის რჩევის საკითხავად.
ომის დაწყებამდე პოლონეთში მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებე და 27 თებერვალს უკვე უკრაინაში ვიყავი. ლვოვში ჩამოვედი და "ქართულ ლეგიონში" მივედი. ლეგიონში ქართველებთან ერთად ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორებიც გვამზადებდნენ. ამ ყველაფერს მამუკა მამულაშვილი და ლევან ფიფია უძღვებოდნენ. მე ორკვირიანი გადამზადების შემდეგ უკრაინულ არმიასთან გავაფორმე კონტრაქტი. ცოტა ხანში მე და ჩემმა მეგობრებმა ქვედანაყოფი "შერეკილები" ჩამოვაყალიბეთ. არაერთი წარმატებული სპეციალური ოპერაცია ჩავატარეთ, მაგრამ ხალხიც ბევრი დაგვეჭრა და დროებით მთელმა დანაყოფმა შესვენება გადაწყვიტა - ზოგს მკურნალობა სჭირდებოდა, ზოგს რეაბილიტაცია და ა.შ. რაღაც დროის შემდეგ "შერეკილებმა" ისევ გააგრძელა ფუნქციონირება, მაგრამ ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის გამო ვეღარ გავყევი სხვა მიმართულებაზე და დავრჩი. ცოტა მოგვიანებით ბატონი მამუკას დახმარებით გენშტაბისა და უშიშროების, ასევე ქართული სათვისტომოს ჩართულობით ახალი საბრძოლო ქვედანაყოფი ჩამოვაყალიბე. ჩვენი ფუნქციაა როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ასევე მებრძოლების მომზადება, ქალაქის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება და ა.შ.
- მეუღლე თქვენთან ერთად იბრძვის?
- ჩემი მეუღლე ხშირად არის ჩემ გვერდით, თუმცა ბრძოლის ველზე არ მიმყავს. უკრაინელი სომეხია, მაგრამ ძალიან უყვარს საქართველო. შესანიშნავი ადამიანია, გათავისებული აქვს, რომ შეიძლება ერთ დღეს დაურეკონ და უთხრან, რომ ცოცხალი აღარ ვარ. უკრაინაში რომ ვიბრძოდი, ჩემმა მშობლებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, რომ დამჭრეს. არ მინდოდა ჩემს გამო ენერვიულათ და ყველაფერს ვუმალავდი, ამ დროს ჩემ გვერდით ჟანა იყო.
- ესე იგი თქვენი გეგმები საქართველოს აღარ უკავშირდება?
- რას ამბობთ?! საქართველოს გარეშე ჩემი, უფრო სწორად, ჩვენი გეგმები არ არსებობს! საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით. ღმერთმა ქნას, ცუდი არაფერი მოხდეს.
- რას გულისხმობთ?
- ძალიან ცუდი ამბები ხდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოში არეულობას გეგმავს, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა დასავლეთს კი არა, სინამდვილეში რუსეთს უნდა. სამხედრო ბაზებიც ამიტომ განათავსეს ოჩამჩირეში. იმედია, აფხაზეთი და ცხინვალი მალე გათავისუფლდება რუსული მარწუხებისგან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პრობლემა პოლიტიკოსებმა დიპლომატიური გზით მოაგვარონ, მაგრამ თუ ვერ მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ ამ მიზნისთვის ვიბრძოლოთ.
- საქართველოდან ისევ ჩამოდიან მებრძოლები?
- მხოლოდ საქართველოდან კი არა, ევროპიდანაც ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. ყველა ხვდება, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე ვერაგი მტერია. ბევრი ჩვენგანი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა. უფრო ახალგაზრდების მასა შემოდის, რომლებსაც საჭირო მომენტში იარაღის გამოყენებაც შეუძლიათ. არ არის გამორიცხული, ამ ხალხის გამოგზავნა გარკვეულ მიზანს ემსახურებოდეს, მაგრამ რუსებმაც და რუსეთუმეებმაც იცოდნენ, რომ ჩვენც ვემზადებით ასეთი შემთხვევისთვის. თუ რუსი საქართველოში იარაღს გაისვრის, ჩვენ მანდ ვიქნებით. აქ ბევრი ქართული ქვედანაყოფი იქმნება და კიდევ ბევრი შეიქმნება. რაც მეტ ფრონტზე ვიქნებით ქართველები, მით უკეთესია საერთო საქმისთვის. ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც ასე ჯობს, ყველა ერთდროულად არ დავიხოცებით. ყველა ბატალიონის მეთაურს უნდა ჯგუფში ქართველი ჰყავდეს. უკრაინელები ძალიან გვემადლიერებიან, ამბობენ, რომ მათ დიდ მოტივაციას ვაძლევთ. ქართველები ყველაზე რთულ დავალებებს ვასრულებთ, ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში ვმონაწილეობთ.
- როგორც ვიცი, ერთხელ ისე მძიმედ დაგჭრეს, რომ სიკვდილს ჩახედეთ თვალებში.
- ჯერ კიდევ "შერეკილებში" ვიყავი, ქვედანაყოფს ავთო ქაჯაია ხელმძღვანელობდა, მე მოადგილე ვიყავი. მოწინააღმდეგის პოზიციებზე შევედით. რუსებთან ერთად აფხაზები და სირიელები დაგვხვდნენ. მე სნაიპერული შაშხანით მძიმედ დამჭრეს, მართლა სიკვდილს ჩავხედე თვალებში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ოპერაცია იყო - 28 კაცი 140-ის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ბიჭებმა რომ დაინახეს, დამჭრეს, სულ გაგიჟდნენ და ის დანაყოფი მთლიანად გაანადგურეს. ამ შეტაკებაში ლადო გამსახურდია და მიხეილ თევდორაძეც დაიჭრნენ...
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრათ - გახსოვთ დავით ქუჩუკიანი, ბახმუტთან რომ დაიღუპა? მისი მამა ახლა ჩვენ გვერდითაა და შვილის მაგივრად იბრძვის.
- ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე უპირატესობა რუსებს ჰქონდათ, ახლა რა ვითარებაა?
- რაც ისრაელსა და ღაზას შორის ომი განახლდა, უკრაინის ფრონტის ამბები ძველებურად აღარ იყო ყურადღების ცენტრში, არადა, ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული ბრძოლები იყო, რუსები ერთხანს მართლაც დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინულმა არმიამ ისევ უკან დაახევინა, ახლა ისევ ჩვენ გვაქვს უპირატესობა. სამწუხაროდ, დანაკარგი მხოლოდ რუსებს არ აქვთ, ჩვენს შორისაც დიდი მსხვერპლია.
ხათუნა ბახტურიძე